მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის გ-20-9 / 559 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2021 17:26
მიღების თარიღი მაისი 27, 2021
მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის გ-20-9 / 559 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდეგში „კომისია“) შემოვიდა შპს „მაგთიკომის“, სს „სილქნეტის“ და შპს „ვიონი საქართველოს“ წერილები (2021 წლის 14 მაისს შპს „მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის #შ-21-6/2124); 2021 წლის 17 მაისსა და 24 მაისს სს „სილქნეტის“ წერილები (კომისიაში რეგისტრაციის #შ-21-6/2152 და #შ-21-6/2285); 2021 წლის 24 მაისს შპს „ვიონი საქართველოს“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის #შ-21-6/2284)), სადაც კომპანიები აფიქსირებენ პოზიციას კომისიის 2020 წლის 25 ივნისის გ-20-9/559 „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ითხოვენ მობილური ქსელით მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განსაზღვრულ მნიშვნალოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებისთვის სატარიფო კონტროლის კუთხით დაკისრებული ვალდებულებების გაუქმებას. კომპანიები აღნიშნული ცვლილების სამოტივაციოდ მიუთითებენ იმ გარემოებებზე, რომლებიც მნიშვნელოვან დამაბრკოლებელ გავლენას ახდენენ სატელეკომუნიკაციო სფეროს და კომპანიების განვითარებაზე, მათ სტაბილურობაზე და საინვესტიციო მიმზიდველობაზე, კერძოდ, ასახელებენ შექმნილ მძიმე ეკონომიკურ გარემოს, ინფლაციას - ეროვნული ვალუტის არსებით გაუფასურებას და Covid-19 პანდემიით გამოწვეულ არსებით ზიანს.
სს „სილქნეტი“ და შპს „ვიონი საქართველო“ დამატებით განმარტავენ, რომ სატელეკომუნიკაციო ოპერატორისათვის საოპერაციო ხარჯების გარკვეული ნაწილი, ხოლო კაპიტალური დანახარჯების დიდი წილი არის უცხოურ ვალუტაში, შესაბამისად, ლარის კურსის ზრდასთან ერთად იზრდება ოპერატორების ხარჯებიც. ასევე, ისინი მიუთითებენ, რომ შექმნილი ეკონომიკური ფაქტორები ნეგატიურ გავლენას ახდენენ კომპანიების ინვესტიციების მოზიდვის და მე-5 თაობის ქსელების განვითარებაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაზე. ასევე აღნიშნვენ, რომ Covid-19 პანდემიის შედეგად კერძო კომპანიების დიდი ნაწილის ვირტუალურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლამ გამოიწვია მათი ქსელის დატვირთვის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელთან გამკლავებაც დამატებით საოპერაციო და კაპიტალურ ინვესტიციებს საჭიროებს. აღნიშნული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის პარალელურად სატელეკომუნიკაციო საცალო ბაზრის სატარიფო კონტროლი არ აძლევს საშუალებას კომპანიებს ოპერატიულად განახორციელონ ტარიფების კორექტირება, რაც მათი აზრით საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება საქართველოში საკომუნიკაციო მომსახურებების მომხმარებლებზე და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
ამასთანავე, აღნიშნულ წერილებში სს „სილქნეტი“ და შპს „ვიონი საქართველო“ ადასტურებენ მზადყოფნას მობილურ ქსელზე დაშვების მსურველი ავტორიზებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ურთიერთხელსაყრელი პირობებით უზრუნველყონ პირის დაშვებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნის დაკმაყოფილება.
აღსანიშნავია, რომ კომისიის #გ-20-9 / 559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ითვალისწინებს მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი და ინტერნეტი) საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, ამ გადაწყვეტილებით და კომისიის 2019 წლის 30 აპრილის 267/9 და 268/9 გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის, ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროთ სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:
ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირი ვალდებულია მის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას დაწესებულმა ტარიფმა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გრძელვადიანი და ქმედუნარიანი კონკურენცია, ბოლო მომხმარებლების ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება, არ დაუშვას მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.
ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დროისთვის მოქმედი ნებისმიერი ტარიფის, პაკეტის ან/და შეთავაზების ცვლილება ან /და გაუქმება (გარდა აქციის ფარგლებში 3 თვეზე ნაკლები ვადით გაკეთებული შეთავაზებებისა) წინასწარ შეათანხმოს კომისიასთან, შესაბამისი დასაბუთებით. ამასთანავე, საჭიროების შემთვევაში, კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს დასაბუთების ნაწილში შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა და ცვლილებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. კომისია ვალდებულია მნიშვნიელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
შესაბამისად, კომისიამ განიხილა კომპანიების მიერ ზემოთაღნიშნულ წერილებში წარმოდგენილი არგუმენტაცია კომისიის 2020 წლის 25 ივნისისს #გ-20-9/559 გადაწყვეტილებაში არსებული სატარიფო კონტროლის ვალდებულებების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნევს დეტალურად შეისწავლოს ის მოცემულობა, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს დარგის განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორებს და შეაფასოს ამ სფეროს გამოწვევების დასაძლევად რამდენად ეფექტურ ქმედებად შეიძლება იყოს მიჩნეული სატარიფო მოქნილობის უზრუნველყოფა.
ასევე, მნიშვნელოვანია შეფასდეს კომისიის ხელთ არსებული ის ბერკეტები და ალტერნატიული მარეგულირებელი მექანიზმები, რომლითაც კომისია 2020 წლის 25 ივნისის #გ-20-9 / 559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ცვლილების შემთხვევაში შეძლებს უზრუნველყოს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე სატარიფო ცვლილებები განხორციელდეს იმგვარად, რომ შეინარჩუნოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გრძელვადიანი და ქმედუნარიანი კონკურენცია, უზრუნველყოს ბოლო მომხმარებლების ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება და არ დაუშვას მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.
კომისია, კომპანიების მიერ ზემოთ აღნიშნულ (2021 წლის 14 მაისს შპს „მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის #შ-21-6/2124); 2021 წლის 17 მაისსა და 24 მაისს სს „სილქნეტის“ წერილები (კომისიაში რეგისტრაციის #შ-21-6/2152 და #შ-21-6/2285); 2021 წლის 24 მაისს შპს „ვიონი საქართველოს“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის #შ-21-6/2284)) წერილებში კომისიის #გ-20-9/559 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნობრიობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებსა და არგუმენტაციას, მიიჩნევს საფუძვლად, რომ დაიწყოს კომისიის „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის გ-20-9/559 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საკითხის შესწავლა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად „ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.“ ვინაიდან, 2020 წლის 25 ივნისის #გ-20-9/559 გადაწყვეტილების მიღება მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ადმინისტრაციული წესით, შესაბამისად საჭიროა რომ ამ გადაწყვეტილებაში ცვლილებაც შევიდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის, VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის გ-20-9/559 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2020 წლის 1 ივლისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა) შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.შოვნაძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის, წინამდებარე გადაწყვეტილებისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ მომზადებული მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის გ-20-9/559 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
