სს ,,სილქნეტის“ მიმართ შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2021 20:33
მიღების თარიღი ივნისი 24, 2021
სს ,,სილქნეტის“ მიმართ შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2644; 17.06.2021) სს ,,სილქნეტის“ მიმართ. საჩივარში აღნიშნულია, რომ მაუწყებლობის დაწყების შემდეგ, შპს ,,ალტ ინფომ“ თხოვნით მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ კომპანიებს განეთავსებინათ სამაუწყებლო არხი მათ სამომხმარებლო პაკეტში. შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,მაგთიკომის“ მიერ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო სს ,,სილქნეტმა“ უარი განაცხადა შპს ,,ალტ ინფოს“ სამაუწყებლო არხის მომხმარებლებისათვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტში განთავსებაზე.
შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2644; 17.06.2021) თანახმად, სს ,,სილქნეტმა“ 2021 წლის 20 აპრილის წერილით დაუდასტურა შპს ,,ალტ ინფოს“ მისი სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში განთავსებაზე მზადყოფნა ტექნიკური პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. შპს ,,ალტ ინფოს“ განმარტებით, მან სს ,,სილქნეტს“ გაუგზავნა ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც გამოხატა მზადყოფნა დაეკმაყოფილებინა სს ,,სილქნეტის 2021 წლის 20 აპრილის წერილში მითითებული ტექნიკური პირობები. აღნიშნულის დასადასტურებლად მომჩივანი უთითებს საჩივარზე თანდართულ სს ,,სილქნეტის“ ინტერნეტმომსახურების პირობების ამსახველ დოკუმენტზე, რომელსაც ხელს აწერს შპს ,,ალტ ინფოს“ დირექტორი. შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივარში ასევე, აღნიშნულია, რომ სს ,,სილქნეტმა“ საკუთარ აბონენტებს შეატყობინა, რომ 2021 წლის 4 ივნისიდან პაკეტში დაემატებოდა სამაუწყებლო არხი ,,ალტ ინფო“, რის დასადასტურებლად მომჩივანი უთითებს საჩივარზე თანდართულ ამონარიდს (ე.წ. ,,სქრინშოთს“) სს ,,სილქნეტის“ ვებგვერდიდან. შპს ,,ალტ ინფოს“ განცხადებით, სს ,,სილქნეტის“ 2021 წლის 8 ივნისის წერილით, შპს ,,ალტ ინფოს“ ეცნობა, რომ გარკვეული ტექნიკური სირთულეების გამო, სს ,,სილქნეტი“ ვერ დააკმაყოფილებდა შპს ,,ალტ ინფოს“ მოთხოვნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ალტ ინფოს“ მიაჩნია, რომ სს ,,სილქნეტის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ავალდებულებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სავალდებული ტრანზიტი - მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება.
შპს ,,ალტ ინფოს“ განმარტებით, ავტორიზებული მაუწყებელი ვალდებულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, თავისი ხარჯით ერთჯერადად მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალისთვის ქსელში გავრცელებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის მიტანა. შპს ,,ალტ ინფოს“ განმარტებით, მის მიერ შესრულებულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები (მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისთვის მიმართვა და ტექნიკური პირობების დაკმაყოფილება. შესაბამისად, სს ,,სილქნეტს“ წარმოეშვა ვალდებულება განეხორციელებინა შპს ,,ალტ ინფოს“ სამაუწყებლო არხის სავალდებულო ტრანზიტი.
შპს ,,ალტ ინფო“ თავის საჩივარში აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტის“ 2021 წლის 8 ივნისის წერილით წარმოდგენილი არგუმენტაცია ,,IT ტრანსფორმაცია - სატელეკომუნიკაციო ქსელის სრული გადაირაღება“ ყოვლად დაუსაბუთებელია, რადგან ასეთი სახის და მაშტაბის სამუშაოების დაგეგმვა ხორციელდება მის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე და ამდენად, შეუძლებელია, რომ ასეთი მაშტაბური სამუშაოების თაობაზე სს ,,სილქნეტს“ არ სცოდნოდა 4 ივნისს, მაშინ, როდესაც საკუთარ აბონენტებს აცნობა შპს ,,ალტ ინფოს“ სამაუწყებლო არხის განთავსების თაობაზე. შპს ,,ალტ ინფოს“ განცხადებით, სს ,,სილქნეტის“ მიერ წერილში მითითებული სამუშაოების დაგეგმგვის შემთხვევაშიც კი, ასეთი გარემოება არ ათავისუფლებს სს ,,სილქნეტს“ კანონისმიერი ვალდებულების შესრულებისგან, მით უფრო, როდესაც სს ,,სილქნეტი“ თავის წერილში არ უთითებს სამუშაოების დასრულების თარიღს.
შპს ,,ალტ ინფოს“ განცხადებით, რეალურად ტექნიკური სახის შეფერხების არსებობის შემთხვევაში, ის დაელოდებოდა ასეთი ტექნიკური პრობლემის მოგვარებას, მაგრამ, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სს ,,სილქნეტის“ წერილი წარმოადგენს დაუსაბუთებელ უარს მის მიერ კანონისმიერი ვალდებულების შესრულებაზე. სს ,,სილქნეტის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მის ქსელში ჩართულია სამოცდაათამდე ქართული არხი და მხოლოდ შპს ,,ალტ-ინფოს“ ეთქვა უარი სიგნალის ქსელში განთავსებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ალტ ინფო“ ითხოვს კომისიამ დაავალდებულოს სს ,,სილქნეტი“ განახორციელოს სამაუწყებლო არხის ,,ალტ ინფოს“ სავალდებულო ტრანზიტი (განათავსოს სამაუწყებლო არხი ,,ალტ ინფო“ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში) და კომისიამ გამოიყენოს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ 2021 წლის 24 ივნისს დანიშნა მოსამზადებელი სხდომა სს ,,სილქნეტის“ მიმართ შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით, რის თაობაზეც კომისიის შეტყობინებებით (Nგ-21-03/1821; 21.06.2021; Nგ-21-03/1822; 21.06.2021) ეცნობათ სს ,,სილქნეტს“ და შპს ,,ალტ ინფოს“.
2021 წლის 24 ივნისს, კომისიის დისტანციურად გამართულ მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,ალტ ინფოს“ დირექტორი შ. მარტინენკო და სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელი კ. ყურაშვილი.
კომისიის სხდომაზე სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა კ. ყურაშვილმა აღნიშნა, რომ შპს ,,ალტ ინფომ“ კომისიას მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო ადმინისტრაციულ საჩივარს კერძო კომპანიის მიმართ მარეგულირებელი არ განიხილავს. მარეგულირებელი თავისი სტატუსით არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. მას არც ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ჰყავს და არც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ჰყავს. განცხადება იქნებოდა, საჩივარი თუ ადმინისტრაციული საჩივარი, ყველა ფორმა არის მოთხოვნაზე, უფლების მოპოვებაზე. ყველა ამ დოკუმენტს ერთიდაიგივე შინაარსი აქვს. ვინაიდან მხარემ ჩათვალა, რომ ეს არის ადმინისტრაციული საჩივარი, კომისიამ უნდა იმსჯელოს, ადმინისტრაციული საჩივარი ექვემდებარება თუ არა წარმოებაში მიღებას. თავად მხარე არ განსაზღვრავს რა ფორმას აირჩევს თავისი უფლებების დაკმაყოფილების ან თავისი მოთხოვნის წარდგენისათვის? ამ შემთხვევაში არჩეულია ადმინისტრაციული საჩივრის ფორმა. კომისია ადმინისტრაციულ საჩივარს არ განიხილავს. თუ კომისია შპს ,,ალტ ინფოს“ დაუდგენს ხარვეზს, მას შეუძლია ის გაასწოროს. შესაბამისად, სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ უფრო სწორი იქნებოდა კომისიას უარი ეთქვა შპს ,,ალტ ინფოსთვის“ საჩივრის განსახილველად მიღებაზე და შემდგომ, თუ შპს ,,ალტ ინფო“ შემოიტანდა სათანადო ფორმით განაცხადს თუ საჩივარს, ბუნებრივია, მაშინ კომისია მიიღემდა მას წარმოებაში. მან ასევე, აღნიშნა, რომ განსხვავებით განცხადებისა და საჩივრისაგან, ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს სხვა შინაარსი და იურიდიული კონტექსტი.
სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა, ასევე, განაცხადა, რომ მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო შპს ,,ალტ ინფოს“ გარდა, სს ,,სილქნეტი“ სხვა სამაუწყებლო არხებსაც ვერ რთავს ამ ეტაპზე. მან დაადასტურა, რომ ტექნიკური სამუშაოების დაწყებამდე ჩართული სამაუწყებლო არხების ტრანზიტი არ შეწყვეტილა. მისი განცხადებით, IT ტრანსფორმაციის ფარგლებში ტექნიკური სამუშაოების განმახორციელებელმა უცხოურმა კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები. მაისის თვიდან დაიწყო პროცესი, რომელიც ქსელის გადაიარაღებასთან არის დაკავშირებული.
კომისიის სხდომაზე შპს ,,ალტ ინფოს“ დირექტორმა შ. მარტინენკომ განაცხადა, რომ კომისიაში წარდგენილ საჩივარში არ უგულისხმიათ ადმინისტრაციული საჩივარი, შეცდომა დაუშვეს და როგორც სწორი იქნებოდა, ისე უნდა განეხილა კომისიას.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ–ერთი ფუნქციაა, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობა საეთერო მაუწყებლობის განხორციელების შედეგად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, რომელიმე მხარის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ან/და მე-8 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას;
7. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, აგრეთვე დაკავშირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებთან, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;
8. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
9. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა;
10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
კომისია ვერ გაიზიარებს სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შპს ,,ალტ ინფოს“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს ადმინისტრაციული საჩივარი, რის გამოც მას უნდა უარი ეთქვას საჩივრის განხილვაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ალტ ინფოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია დოკუმენტი, რომლის სათაურია ,,ადმინისტრაციული საჩივარი“. ამასთანავე, აღნიშნული დოკუმენტის ადრესატად მითითებულია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია“. დოკუმენტის ავტორად მითითებულია შპს ,,ალტ ინფო“, მოწინააღმდეგე მხარედ - სს ,,სილქნეტი“. დოკუმენტში მითითებულია ორივე კომპანიის მისამართი. დოკუმენტში აღწრილია ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზეც შპს ,,ალტ ინფო“ ამყარებს თავის მოთხოვას და ასევე, თავად მოთხოვნა. შპს ,,ალტ ინფო“ ითხოვს კომისიამ დაავალდებულოს სს ,,სილქნეტი“ განახორციელოს სამაუწყებლო არხის ,,ალტ ინფოს“ სავალდებულო ტრანზიტი (განათავსოს სამაუწყებლო არხი ,,ალტ ინფო“ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში) და გამოიყენოს სს ,,სილქნეტის“ მიმართ სანქცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თ) ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება და ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლი განსაზღვრავს განცხადების შინაარსს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; გ) მოთხოვნას; დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.
შპს ,,ალტ ინფოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შპს ,,ალტ ინფოს“ მიერ დასათაურებულია როგორც ,,ადმინისტრაციული საჩივარი“ აკმაყოფილებს ყველა იმ სავალდებულო მოთხოვნას, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილია განცხადებისთვის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ი) ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი; გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება; დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება; ე) მოთხოვნა; ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა; ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადების/საჩივრის და ადმინისტრაციული საჩივრის განმსაზღვრელი და ამავდროულად განმასხვავებელი ნიშანი არის სწორედ მოთხოვნა და არა დოკუმენტის სათაური. ადმინისტრაციული საჩივარი სახეზეა, როცა მისი ავტორი ასაჩივრებს იმავე (საჩივრის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანო) ან ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან მოქმედებას, კერძოდ, ითხოვს იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ალტ ინფო“ სადაოდ ხდის სს ,,სილქნეტის“ მიერ შპს ,,ალტ ინფოს“ სამაუწყებლო არხის მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ყველა პაკეტში განთავსებაზე უარის თქმის ფაქტს, ითხოვს კომისიამ დაავალდებულოს სს ,,სილქნეტი“ განახორციელოს სამაუწყებლო არხის ,,ალტ ინფოს“ სავალდებულო ტრანზიტი (განათავსოს სამაუწყებლო არხი ,,ალტ ინფო“ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში) და სს ,,სილქნეტის“ მიმართ გამოიყენოს სანქცია.
ამდენად, შპს ,,ალტო ინფოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ საჩივარს, რასაც ასევე, ადასტურებს შპს ,,ალტ ინფოს“ დირექტორი კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, არამედ წარმოადგენს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად კომისიაში წარმოდგენილ საჩივარს.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლი (ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტი) სავალდებულო ტრანზიტისთვის განსაზღვრავს როგორც მაუწყებლების, ასევე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ვალდებულებების შინაარსსა და ფარგლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ სუბიექტების წრეს, ვისაც წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსების (სავალდებულო ტრანზიტის) მოთხოვნის უფლება. კერძოდ, აღნიშნული უფლება წარმოეშობათ: საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობა საეთერო მაუწყებლობის განხორციელების შედეგად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის.
კომისიის უწყებრივი რეესტრის მიხედვით, შპს ,,ალტ ინფო“ არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის ნომერი: BR-5104; ავტორიზაციის თარიღი: 26/11/2020 09:21; გავრცელების ტექნოლოგია, არეალი და მაუწყებლობის დაწყების ვადა: ინტერნეტი (საქართველო - 26.02.21); სხვა ტექნოლოგია (საქართველო - 26.02.21); ციფრული (სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ (რუსთავის) მულტიპლექსი - 01.04.21; შპს ,,ტელეკომპანია ეგრისის“ (სენაკის) მულტიპლექსი - 01.04.21.
2021 წლის მაისის თვის პერიოდზე ავტორიზებული პირების მიერ შევსებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მიხედვით, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ პირებს სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას“ (რუსთავის მულტიპლექსი) და ასევე, შპს ,,ტელეკომპანია ეგრისს“ მიღებული აქვთ შემოსავალი შპს ,,ალტ ინფოსთვის“ სამაუწყებლო ზონებში: სენაკი-GEO253 და რუსთავი GEO259 გაწეული ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელით უზრუნველყოფის მომსახურებისთვის (კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი N21-10-1149; 23.06.2021). ამასთანავე, კომისიაში წარმოდგენილია ხელშეკრულებები ამავე ავტორიზებული პირების მიერ შპს ,,ალტ ინფოსთვის“ ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელით უზრუნველყოფის მომსახურების მიწოდების თაობაზე (შპს ,,ალტ ინფოს“ წერილი Nშ-21-6/1628; 07.04.2021; სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ წერილი Nშ-21-6/913; 26.02.2021).
კომისიის უწყებრივი რეესტრის მიხედვით, სს ,,სილქნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, მათ შორის, მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.03.2010).
2021 წლის მაისის თვის პერიოდზე ავტორიზებული პირების მიერ შევსებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მიხედვით, სს ,,სილქნეტს“ ქ. რუსთავსა და ქ. სენაკში ჰყავს აბონენტები, რომლებსაც აწვდის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას და ღებულობს შემოსავალს გაწეული მომსახურებისთვის (კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი N21-10-1149; 23.06.2021).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ალტ ინფო“ ახორციელებს საერთო საეთერო მაუწყებლობას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის - სს ,,სილქნეტის“ მომსახურების მიწოდების ზონაში. შესაბამისად, შპს ,,ალტ ინფო“ განეკუთვნება იმ სუბიექტთა წრეს, რომლებსაც ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება („სავალდებულო ტრანზიტი“) ამავე მუხლით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო სს ,,სილქნეტი“ წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება („სავალდებულო ტრანზიტი“) ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივრის განხილვა შედის კომისიის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების სფეროში. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ალტ ინფოს“ საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს მიღებული, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2021 წლის 15 ივლისს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ალტ ინფოს“ სს ,,სილქნეტის“ მიერ უარი ეთქვა მისი სამაუწყებლო არხის მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებში განთავსებაზე, IT ტრანსფორმაციის ფარგლებში სს ,,სილქნეტის“ მობილური და ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელების სრულ გადაიარაღებაზე, კერძოდ, ამ მიზნით დაწყებულ ტექნიკურ სამუშაოებზე მითითებით, კომისიას მიაჩნია, რომ საკითხის სათანადოდ შესწავლის მიზნით, კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მოამზადოს დასკვნა, წარმოადგენს თუ არა სს ,,სილნეტის“ 2021 წლის 8 ივნისის წერილში მითითებული ტექნიკური სამუშაოები შპს ,,ალტ ინფოსთვის“ სავალდებულო ტრანზიტზე უარის თქმის ობიექტურ გარემოებას.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის, 38-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 401 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის, 76-ე, 78-ე და 181-ე მუხლების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სს ,,სილქნეტის“ მიმართ შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივარი (Nშ-21-6/2644; 17.06.2021) მიღებულ იქნეს განსახილველად;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2021 წლის 15 ივლისს, 15:00 საათზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) 2021 წლის 13 ივლისამდე მოამზადოს დასკვნა, წარმოადგენს თუ არა სს
,,სილნეტის“ 2021 წლის 8 ივნისის წერილში მითითებული ტექნიკური სამუშაოები შპს ,,ალტ ინფოსთვის“ სავალდებულო ტრანზიტზე უარის თქმის ობიექტურ გარემოებას;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge);
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
