შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ მერი მელქაძის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2021 14:09
მიღების თარიღი ივლისი 22, 2021
შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ მერი მელქაძის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (Nშ-21-9/2956; 12.07.2021) მიმართა ფიზიკურმა პირმა მერი მელქაძემ შპს ,,ტელეიმედის“ მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების ჩვენების გამო. მ. მელქაძე საჩივრით ითხოვს კომისიამ შეისწავლოს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის სავარაუდო ფაქტი და ამავე კანონით, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისიამ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
მ.მელქაძის საჩივარში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 15 ივნისს, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “იმედის ფაქტორი” მოწვეული სტუმარი, მოცეკვავე და ქორეოგრაფი თეა დარჩია ფერიის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა (ჩანაწერი ხელმისაწვდომია: https://www.youtube.com/watch?v=tYA3NFbF_yA&ab_channel=GANATLEBATV). საკითხზე საუბრისას, თეა დარჩიამ აღნიშნა: - “კონფლიქტები სისხლსა და ხორცს შორის ხდება, მითუმეტეს ამხელა დაწესებულებაში ამდენი ბავშვები, რომლებიც დედის მუცელშივე უარყოფილები არიან, ისინი უკვე ტრავმირებულები ჩნდებიან. ზოგი სუროგატი დედის ბავშვია, რომელიც გაჩნდა სხვადასხვა დეფექტებით…” - “მე არ უარვყოფ, რომ შეიძლება, რომელიმე ძიძა ან აღმზრდელი ამეტებს თავის უფლებებს… ადამიანები ვართ. ის კი არა, დედა ვარ და ჩემი შვილი ხანდახან ისე მამწარებს, რითი გავეკიდო ხოლმე, არ ვიცი… “ - “მედრესეები რომ მრავლდება სოკოებივით, კათოლიკური ბავშვთა სახლები, მუსლიმანური ბავშვთა სახლები, ქართველ ბავშვებს რომ აბარებენ დედები შიმშილის გამო გურიაში, ზემო აჭარაში და ა.შ, ბავშვები ჩადრებით რომ დადიან, ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და აღარაფერი ქართული რომ მათში აღარ არის, ვინმეს კითხვა დაუსვია რატომ? რატომ იმათ არ ერჩიან და რატომ ერჩიან მაინც და მაინც ამ სახლებს.” გადაცემის წამყვანს, მაგდა ანიკაშვილს, თეა დარჩიას სადავო ციტატებზე კომენტარი/შესწორება არ გაუკეთებია (შენიშვნა: გადაცემის სადავო ნაწილთან მიმართებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დისკრიმინაციის წახალისების პრინციპი (მე-7 პრინციპი) დარღვევა დაადგინა, ხელმისაწვდომია: https://tabula.ge/ge/news/669060- kartia-imedis-camqvanma-magda- anikashvilma ).
საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის. ამავე კანონის 561 მუხლის პირველი ნაწილი მაუწყებელს ავალდებულებს უზრუნველყოს ბავშვის დაცვა საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან. ასევე, 561 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებით, მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, აგრეთვე, ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას.
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილით მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისაგან დაცვა. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, „მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია“.
საჩივრის თანახმად, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული გადაცემის სადავო ეპიზოდი წარმოადგენს ბავშვთა მიმართ ძალადობის, ფიზიკური დასჯის პრაქტიკის გამართლებას და წახალისებას, აგრეთვე, ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციას, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სადავო ციტატებში მოხსენიებულ სოციალურ ჯგუფებს (კათელიკე ბავშვები, მუსლიმი ბავშვები, სპეციალურ დაწესებულებებში მყოფი ბავშვები, სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების ან სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები) მიკუთვნებული არასრულწლოვნების სოციალიზაციას.
არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას მედიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. საკითხის არასწორი, სენსაციური გაშუქების შედეგად, მედიას შეუძლია ხელი შეუწყოს ბავშვების მიმართ ძალადობას, ჩაგვრას. ამასთან, სხვადასხვა სოციალურ და მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებული ბავშვების მიმართ გაზარდოს სტიგმა და დისკრიმინაცია. სპეციალურ დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების „დედის მუცელშივე უარყოფილებად“, ხოლო სუროგაციის შედეგად დაბადებული არასრულწლოვნების „დეფექტიანებად“ მოხსენიება, საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებებსა და ცრურწმენებს ზრდის.
საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მასობრივ მედიასაშუალებებს საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. მათ შორის, მედიამ შესაძლოა განამტკიცოს მოსახლეობის ნაწილში ბავშვის აღზრდის საკითხთან დაკავშირებული მცდარი შეხედულებები. მაგალითად, 2013 წელს UNICEF–ის მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ბავშვებზე ძალადობა ფართოდაა გავრცელებული. ძალადობის უპირველესი კერა ოჯახია. კვლევის შედეგების მიხედვით, ბავშვის აღზრდის პროცესში ფიზიკური დასჯა მშობელთა 45%-ს დასაშვებად მიაჩნია, ყოველი მეორე ქართველი მიიჩნევს, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდი არაძალადობრივზე ბევრად ეფექტიანია (ხელმისაწვდომია: https://openscience.ge/bitstream/1/1337/1/MA%20THESIS- MARIAM%20SKHIRTLADZEsocmuS2019.pdf).
საქართველოში 2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა (ხელმისაწვდომია: shorturl.at/pyIST). ბავშვთა მიმართ ძალადობა არასრულწლოვნების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციის დაბრკოლებების გამო, როგორც წესი, უხილავი რჩება. შესაბამისად, ძალადობის მაჩვენებელი გამოვლენილზე გაცილებით მაღალია. ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენა ყველაზე პრობლემური კი დახურული ტიპის დაწესებულებებშია, სადაც აღმზრდელებს არასრულწლოვნების ქცევაზე ფაქტობრივად შეუზღუდავი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა აქვთ.
საქართველოში განსაკუთრებით აშკარაა ბავშვებს შორის არსებული სოციალური უთანასწორობა, რასაც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ის სტერეოტიპები, რომლებიც სუროგაციის, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული თუ სპეციალურ დაწესებულებებში მცხოვრები ადამიანების მიმართ არსებობს. ასეთი მიდგომა არა მხოლოდ ამ ჯგუფებს მიკუთვნებული ბავშვების სტიგმატიზებას იწვევს, არამედ მნიშვნელოვნად უზღუდავს სოციალიზაციის, საზოგადოებაში ინტეგრირებისა და ადამიანის უფლებებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობას. განსაკუთრებით პრობლემურია არასრულწლოვნების დისკრიმინაცია მათი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ნიშნით („ბავშვები ჩადრებით რომ დადიან, ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და აღარაფერი ქართული რომ მათში აღარ არის, ვინმეს კითხვა დაუსვია რატომ?“).
გარდა ამისა, საჩივროს თანახმად, სადავო გადაცემა ამართლებს ბავშვების მიმართ ფიზიკური დასჯის/ძალადობის მეთოდების გამოყენებას მეურვის თუ აღმზრდელის მხრიდან („მე არ უარვყოფ, რომ შეიძლება, რომელიმე ძიძა ან აღმზრდელი ამეტებს თავის უფლებებს… ადამიანები ვართ“). ფიზიკური დასჯა ან ბავშვის მიმართ ძალადობა არ შეიძლება წარმოადგენდეს აღმზრდელობით მეთოდს. ამგვარმა მოპყრობა, ბავშვის ასაკის თუ სხვა ობიექტური ფაქტორების გამო, შეიძლება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას გაუტოლდეს, რაც არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციურ განვითარებას მნიშვნელოვან ზიანს ახდენს. საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ბავშვის მიმართ ფიზიკური დასჯის ნებისმიერი მეთოდის გამოყენება. შესაბამისად, მედია ვალდებულია ხელი არ შეუწყოს ამგვარი პრაქტიკების დასაშვებობასა და გამართლებას.
როგორც საჩივარშია აღნიშნული, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, „კომისიას, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ მარეგულირებელ ორგანოს აკისრია პასუხისმგებლობა, რომ კანონმდებლობის ფარგლებში პოზიტიური ქმედებებით, დარღვევებზე ეფექტური რეაგირების გზით უზრუნველყოს მაუწყებლების მიერ ადამიანების და მოქალაქეების ძირითადი უფლებების დარღვევის აღკვეთა და პრევენცია“ (კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 15 აპრილის Nგ-21-18/236 გადაწყვეტილება). შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს, აღნიშნულ საქმეზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე, 561 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დარღვევის დაადგენას.
მერი მელქაძის საჩივარში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კომისიას საჩივრით მიმართოს. კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო ზეგავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა. კომისიის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, არასრულწლოვნისთვის მავნე ზეგავლენის შემცველი პროგრამის განთავსება უარყოფითად ზემოქმედებს არამხოლოდ არასრულწლოვნებზე, არამედ იმ სრულწლოვან პირებზეც, რომლებიც არასრულწლოვან პირებთან ერთად ცხოვრობენ და პროგრამას უყურებენ (კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 იანვრის N გ-21-18/22 გადაწყვეტილება).
საჩივარში მითითებულია, რომ მერი მელქაძე ცხოვრობს შვილთან, 6 წლის ანდრია მელქაძესთან ერთად. მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი საჩივარი აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და კომისიის მიერ დადგენილ სტანდარტებს. ამდენად, საჩივარი დასაშვებია.
კომისიამ წერილობით (N გ-21-03/2081, 15/07/2021) გამოითხოვა მოქალაქე მერი მელქაძისგან დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ, თავისი პირადობის მოწმობისა და არასრულწლოვანი შვილის დაბადების მოწმობის ასლი/დოკუმენტის ფოტო, რომლის წარმოსადგენად განესაზღვრა ვადა 2021 წლის 23 ივლისამდე. გამოთხოვილი დოკუმენტაცია კომისიაში მოქალაქე მერი მელქაძის მიერ წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 19 ივლისს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-9/3070).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ მერი მელქაძის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2021 წლის 22 ივლისს, რის თაობაზეც შეტყობინებებით (N გ-21-03/2102, 19/07/2021; N გ-21-03/2103, 19/07/2021) ეცნობათ ფიზიკურ პირ მერი მელქაძეს და შპს ,,ტელეიმედს“.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში 2021 წლის 22 ივლისს შემოვიდა შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის ანდრო ლაშხის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3125, 22.07.2021), რომელშიც აღნიშნულია, რომ 2021 წლის 15 ივნისს კომპანიის სამაუწყებლო ეთერში განთავსებული გადაცემის „იმედის ფაქტორი" ფარგლებში ერთ - ერთი სტუმრის, თეა დარჩიას მიერ განცხადებული მოსაზრებები არ მიეკუთვნება ტელეკომპანია "იმედის" სარედაქციო პოლიტიკის ნაწილს, მეტიც - აღნიშნული განცხადებები კომპანიისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და მიაჩნიათ, რომ მათი ტირაჟირება არის დაუშვებელი, როგორც რელიგიური უმცირესობების, ასევე ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. წერილში აღნიშნულია, რომ განცხადებები გაკეთდა გადაცემის სტუმრის მიერ, ცოცხალი ეთერის ფარგლებში, რა დროსაც სარედაქციო გუნდი მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს რაიმე ზომა, ხოლო გადაცემის წამყვანის მიერ შესაბამისი რეაგირების განუხორციელებლობის მიზეზი მხოლოდ ტექნიკური ხასიათის არის და ეს არ შეიძლება აღქმულ იქნას წამყვანის მიერ თანხმობად ან/და გაცხადებული მოსაზრებების გაზიარებად. აღნიშნულის დასტურად წარმოდგენილია ტელეკომპანიის თვითრეგულირების საბჭოს 2021 წლის 21 ივნისის რეკომენდაციის საფუძველზე ამავე გადაცემაში გადაცემის წამყვანის მიერ გაკეთებული განმარტების ამსახველი ვიდეო მასალა - https://www.imedi.ge/ge/video/77602/imedis-paqtori-
22-ivnisi-2021-tseli#!?type=1&page=1 (74-ეწუთიდან). ასევე, წერილის თანახმად, საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე სადავო მასალა სრულად იქნა წაშლილი სამაუწყებლო ჰოლდინგის ყველა პლათფორმიდან.
შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის 2021 წლის 22 ივლისის წერილში ასევე აღნიშნულია, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე - 14 მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად, "მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54- ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს" - შესაბამისად, საჩივრის განხილვა კანონის 56 - ე მუხლის ნაწილში არ უნდა მოხდეს, აღნიშნული დარღვევა განეკუთვნება მაუწყებლის მიერ თვითრეგულირების ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილების კატეგორიას. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულ საკითხზე საბჭოს მიმართა განმცხადებელთა რამოდენიმე ჯგუფმა (სულ 3 საჩივარი), საიდანაც მოხდა 2 მათგანის განხილვა, კერძოდ 1 შემთხვევაში განხილულ იქნა საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ხოლო მეორე შემთხვევაში კი მოხდა საჩივრის არსებითი განხილვა, მე 3 საჩივრის განხილვა კი ამ დრომდე ვერ მოხერხდა საჩივრის ავტორის თხოვნის გამო.
ამასთან, საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ სხვა საკანონმდებლო ნორმებთან მიმართებით წერილში აღნიშნულია, რომ კომისიამ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ სადავო განცხადებები პირდაპირ ეთერში გადაიცა და მაუწყებელს მისი აღკვეთის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ამასთან მაუწყებელმა მიიღო ზემოხსენებული ზომები, კერძოდ გააკეთა განმარტება და გაემიჯნა სტუმრის განცხადებას და სადავო ვიდეო მასალა მოხსნა მისი ყველა პლატფორმიდან.
შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის წერილს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3125, 22.07.2021) თან ერთვის შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების საბჭოს 2021 წლის 21 ივნისის რეკომენდაცია.
კომისიის 2021 წლის 22 ივლისის სხდომას დაესწრნენ ფიზიკური პირი მერი მელქაძე და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ანდრო ლაშხი.
შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა ანდრო ლაშხმა აღნიშნა, რომ როგორც წერილობით განმარტებაში მიუთითა, საჩივრის ის ნაწილი, რაც თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განხილვას ექვემდებარება, რა თქმა უნდა, დასაშვებად არ უნდა იქნეს ცნობილი კომისიის მიერ. თუმცა, ამასთან დაკავშირებით არსებობს დადგენილი პრაქტიკა და კომისია თავად მიიღებს კანონთან შესაბამის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მუსლიმურ თემთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, ტელეკომპანიის თვითრეგულირების მექანიზმშიც განიხილეს ეს საკითხი და მათაც პირადად მოუხადა ბოდიში. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გადაცემა პირდაპირ ეთერში იყო, რა დროსაც მოკლებულნი არიან მონტაჟის შესაძლებლობას. მან დაამატა, რომ ცალსახად ეთანხმება მომჩივანს და მასაც პირადად უხდის ბოდიშს, რადგანაც ბავშვთან ერთად მოუწია ეროვნული მაუწყებლის ეთერიდან იმის მოსმენა, რომ ბავშვს რაღაც საგნებით უნდა გამოეკიდოს მშობელი, რომ ყველა ქართველი ქართველი არ არის და ა.შ. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა დასძინა, რომ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განხილული იყო ეს საკითხი და დაუყოვნებლივი რეაგირებაც მოჰყვა ამას გადაცემის გასვლიდან რამდენიმე დღეში. თვითრეგულირების საბჭომ წინასწარ მიმართა რეკომენდაციით სარედაქციო გუნდს, რომელმაც თავის მხრივ განახორციელა რეაგირება.
კომისიის 2021 წლის 22 ივლისის სხდომაზე მერი მელქაზემ აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლი ემსახურება სწორედ იმას, რომ ბავშვთა ინტერესები უკეთ იყოს დაცული და ასევე, ემსახურება იმას, რომ ამგვარი ცვლილება აფართოებს სუბიექტის, ანუ დაინტერესებული პირის ცნებას და მხოლოდ ვიწროდ არ უნდა განიხილებოდეს. 2019 წელს, ბავშვთა უფლებათა კოდექსის მიღების შემდეგ ამ ცვლილების მიზეზი სწორედ ეს იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მისი საჩივარი კომისიამ დასაშვებად უნდა სცნოს.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით, ხოლო მე-11 ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
2. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია არის ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი;
3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ამავე მუხლის კ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54- ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს, ხოლო 21 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა; ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას; ასევე, მავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას;
6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი;
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
კომისია აღნიშნავს, რომ მერი მელქაძე ასაჩივრებს შპს „ტელეიმედის“ მიერ არასრულწლოვანისთვის შეუფრებელი პროგრამის ეთერში განთავსებას. ამასთან მომჩვანი ითხოვს კომისიამ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი, აღნიშნულ საქმეზე დაადგინოს„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე, 561 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დარღვევა და დარღვევის დადასტურების შემთვევაში განახორციელოს შესაბამისი რეაგირება.
კომისიამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა განსაზღვროს წარმოადგენს თუ არა საჩივარში აღნიშნული საკითხები კომისიის რეგულირების სფეროს და წარმოადგენს თუ არა საჩივრის ავტორი დაინტერესებულ პირებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ზოგად წესებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი "ბავშვის უფლებების კოდექსი“, რომლის მიხედვით ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვას ზედამხედველობს კომისია (იხ. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლი). ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ადგენს ბავშვისათვის ზიანის მომტანი პროგრამების მაუწყებლის მიერ განთავსების აკრძალვებს.
2019 წლის 20 სექტემბრის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონზე (5021-Iს) საქართველოს პარლამენტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ი1“ ქვეპუნქტის პროექტი ადგენს მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამებზე კონტროლის უფლებამოსილებას.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე კანონის მე-
2 მუხლის ე) ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს არასრულწლოვანი პირის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.
ფიზიკურ პირ მერი მელქაძის მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ბავშვის დაბადების მოწმობის საფუძველზე დგინდება, რომ ის წარმოადგენს დაინტერესებულ პირს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მას აქვს უფლება საჩივრით მიმართონ კომისიას და მოითხოვონ მაუწყებელთა მიმართ შესაბამისი ზომების მიღება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ მერი მელქაძეს საჩივრის განხილვის მიზნით მაუწყებლის მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსების სავარაუდო დარღვევის ნაწილში.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი.
რაც შეეხება 56-ე მუხლის მე-2 პუნქტს, კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მულის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მე-2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52- ე, 54-ე, 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56- ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“). ხოლო. ამავე მუხლის პირველი პუქნტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. ამასთან,
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუქნტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი პირველი და მე-2 პუნქტების სიტყვები „ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56- ე ...მუხლებით გათვალისწინებული ნორმების“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“) - საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით კომისია ვერ განიხილავს საკითხს და ვერ განახორციელებს შესაბამის რეაგირებას, ვინაიდან რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ 66-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 561 მუხლის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ტელეიმედის“ მიმართ ფიზიკური პირის მერი მელქაძის საჩივარი (Nშ-21-9/2956; 12.07.2021) მიღებულ იქნეს განსახილველად იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის შესაძლო დარღვევას;
2. შპს ,,ტელეიმედის“ მიმართ ფიზიკური პირის მერი მელქაძის საჩივარი (Nშ-21-9/2956; 12.07.2021) დაუშვებლად იქნეს ცნობილი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56 მუხლის მე-2 პუნქტის შესაძლო დარღვევას,
3. მერი მელქაძის საჩივრის განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2021 წლის 5 აგვისტოს, 15:00 საათზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს ზეპირი მოსმენის გამართვამდე დასკვნის წარმოდგენა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge);
ბ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეიმედისთვის“ და საჩივრის ავტორისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება (გარდა მე-2 პუნქტისა) ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებიდან;
7. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მერი მელქაძესთის ჩაბარების დღიდან.
8. გადაწყვეტილება (გარდა მე-2 პუნქტისა) ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
9. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მერი მელქაძესთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
