შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ფორმულას“, შპს ,,მთავარი არხის“, შპს,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების არჩილ შატბერაშვილის, გიორგი გოცირიძის, ბესარიონ წულაიას და გიგა გუდაძის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2021 14:24
მიღების თარიღი თებერვალი 04, 2021
შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ფორმულას“, შპს ,,მთავარი არხის“, შპს,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების არჩილ შატბერაშვილის, გიორგი გოცირიძის, ბესარიონ წულაიას და გიგა გუდაძის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის შესახებ
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ (კომისიაში რეგისტრაციის N21-10-45, 22.01.2021). აღნიშნული წერილობითი მიმართვიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს (შემდგომში - საზოგადოებრივი დამცველი) საჩივრით (Nშ-21-9/207, 22.01.2021) მიმართეს ფიზიკურმა პირებმა ა. შატბერაშვილმა, გ. გოცირიძემ, ბ. წულაიამ და გ. გუდაძემ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ის, შპს ,,ფორმულის“, შპს ,,მთავარი არხის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ„არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამების სამაუწყებლო ბადეში კანონდარღვევით განთავსების გამო. კერძოდ, საჩივარში აღნიშნულია:
1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა, ა/წ 4 იანვარს, 12:30 საათზე, აჩვენა მხატვრული ფილმი ,,მიდიოდა მატარებელი“ შეურაცხმყოფელი ლექსიკისა და სექსუალური სცენებით, 9 იანვარს 16:55 საათზე და 11 იანვარს 11:56 საათზე, საათში ერთხელ აჩვენებდა სერიალის „შავი ქვრივის“ ანონს მვლელობის სცენით, თანმხლები ტექსტით: ,,ქალი, რომელიც კლავდა მათ, ვინც უყვარდა“, ,,კოკაინის დედოფლის საბედისწერო სიყვარულის ამბავი“, ასევე, სერიალის „თავქარიანი ქალის“ ანონს მკვლელობის სცენით. 2020 წლის 27 დეკემბერს, დილის 10 საათზე, შპს ,სამაუწყებლო რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო არხის „მარაოს“ სამაუწყებლო ბადეში, განთავსდა მხატვრული ფილმი ,,გასროლა სიცარიელეში“ ძალადობის სცენებით.
2. ტელეკომპანია „ფორმულამ“ ა/წ 6 იანვარს აჩვენა მხატვრული ფილმი „მატყუარა იაკობი“ მკვლელობის და თვითმკვლელობის სცენებით.
3. ტელეკომპანია ,,მთავარმა არხმა“ ა/წ 1 იანვარს, 19:30 საათზე, აჩვენა მხატვრული ფილმი „ვისი სული გსურს“ შეურაცხმყოფელი ლექსიკით, ხოლო 8 იანვარს, 18:30 საათზე, მხატვრული ფილმი „ოცნების ქალაქი“ სექსის სცენით.
4. ,,ტელეკომპანია პირველი“ აჩვენებს მხატვრულ ფილმებს ასაკობრივი კატეგორიის მითითებით დღის საათებში, ამასთან, ასაკობრივი კატეგორია არ შეესაბამება ფილმის სცენებს. კერძოდ: 1 იანვარს, 18:35 საათზე, აჩვენა მხატვრული ფილმი ,,გასეირნება ყარაბაღში“ შეურაცხმყოფელი ლექსიკით, კატეგორიით 15; 10 იანვარს, დილის 9 საათზე, ფილმი „საქმრო ორისთვის“ შეუფერებელი სცენებით, კატეგორიით 12; 10 იანვარს, 13:30 საათზე, ფილმი ,,მიდიოდა მატარებელი“, კატეგორიით 12, სიშიშვლით სექსუალურ კონტექსტში, სექსის სცენით და შეურაცხმყოფელი ლექსიკით.
5. ტელეკომპანია „ობიექტივმა“ 13 იანვარს, 13:15 საათზე აჩვენა ფილმი „მოირა“ შეურაცხმყოფელი ლექსიკით.
საჩივარში აღნიშნულია, რომ დარღვევებს ყოველდღიური ხასიათი აქვს და ტელეარხები არ ითვალისწინებენ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამიტომ მოითხოვენ შპს ,,მთავარი არხის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ დაჯარიმებას, ხოლო შპს,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ფორმულას“ ლიცენზიების შეჩერებას, რადგან არხები უკვე დაჯარიმდნენ, მაგრამ ყოველდღიური დარღვევები მათ მიერ ისევ გრძელდება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ის, შპს ,,ფორმულას“, შპს,,მთავარი არხის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების ა. შატბერაშვილის, გ. გოცირიძის, ბ. წულაიას და გ. გუდაძის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2021 წლის 28 იანვარს, რის თაობაზეც შეტყობინებებით ეცნობათ მხარეებს. ფიზიკურ პირებს ა. შატბერაშვილს და გ. გუდაძეს ეთხოვათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობების ასლების კომისიაში წარმოდგენა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 2021 წლის 27 იანვარს, შპს ,,ფორმულამ“, შპს ,,მთავარმა არხმა“ და შპს ,,ტელეკომპანია პირველმა“ კომისიას წერილობით მიმართეს კომისიის სხდომის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სჭირდებოდათ დრო პოზიციის მოსამზადებლად. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა კომისიის მიერ და საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2021 წლის 4 თებერვალს.
2021 წლის 4 თებერვალს, შპს ,,ტელეკომპანია პირველმა“, შპს ,,ფორმულამ“ და შპს,,მთავარმა არხმა“ წარმოადგინეს წერილობითი პოზიცია (შ-21-6/533, 4.02.2021), სადაც აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირების ა.შატბერაშვილის, გ. გოცირიძის, ბ. წულაიას და გ. გუდაძის საჩივარი (Nშ-21-9/207, 22.01.2021) არ უნდა იქნეს მიღებული განსახილველად, ვინაიდან, საჩივარში მითითებული ფილმების ჩვენების შესაძლო დარღვევად განხილვა და ამ საკითხზე მარეგულირებელი კომისიის მსჯელობა გამომდინარეობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამოქმედებული ბუნდოვანი ნორმებიდან. აღნიშნულით გამოწვეულ რისკებზე მაუწყებლებისგან ყურადღება გამახვილდა ჯერ კიდევ ცვლილებების ამოქმედებამდე და 2020 წლის 19 აგვისტოს წერილით კომისიას ეთხოვა პასუხი გაეცა ბუნდოვანი კანონიდან გამომდინარე გაჩენილ შეკითხვებზე. ამას გარდა, მაუწყებლებმა კომისიას სთხოვეს შეემუშავებინა რაიმე სახის გზამკვლევი, რეკომენდაცია ან დადგენილება და უზრუნველეყოთ მათი ჩართულობა აღნიშნულ პროცესში. გამომდინარე იქედან, რომ კომისიის საპასუხო წერილი არ შეიცავდა ტელევიზიების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხს, მაუწყებლებმა 2020 წლის 1 სექტემბერს კვლავ მიმართეს კომისიას და დამატებით განმარტეს, რომ ბუნდოვანი კანონის პირობებში, აუცილებელი იყო სცოდნოდათ კომისიის ხედვები ან/და ჰქონოდათ გზამკვლევი, რეკომენდაცია, სადაც წარმოჩენილი იქნებოდა კომისიის ხედვა მოცემული ბუნდოვანი ნორმების განმარტებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, კომისიამ უგულებელყო მაუწყებლების თხოვნა, არ დაეხმარა მათ კანონის განმარტებისა და ბუნდოვანების აღმოფხვრაში და მაუწყებლები დააყენა მნიშვნელოვანი ზიანის რისკის წინაშე. ამდენად, დღეის მდგომარეობით, მაშინ როცა კანონის ბუნდოვან ჩანაწერებსა და მისი აღსრულების მექანიზმებზე, კომისიას ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია რაიმე სახის განმარტება და არც პასუხები გაუცია ტელეკომპანიების მიერ დასმულ შეკითხვებზე, საჩივრების განსახილველად მიღებით გამოაშკარავდება მისი ერთადერთი მიზანი - მედიის შევიწროება და ბავშვთა უფლებების დაცვის სახელით მიღებული კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენება. ცხადია, ამგვარი მიდგომა სრულიად აცდენილია მაუწყებლის მიერ დარღვევაზე სანქციის გამოყენების მიზანს - დარღვევის აღმოფხვრა და პრევენცია და იმ პირობებში, როცა მაუწყებლისთვის გაურკვეველია, თუ რა შეიძლება „ჩაუთვალონ“ დარღვევად, ერთმნიშვნელოვანია, რომ სანქციის კანონისმიერი მიზნის მიღწევა ვერ მოხდება. აღნიშნულში იგულისხმება კომისიის მიერ სანქციის გამოყენება გარკვეულ საკითხზე, რომელიც კანონის ბუნდოვანებიდან გამომდინარე კომისიას აძლევს ფართო განმარტების შესაძლებლობას, ხოლო მაუწყებლისთვის შეუძლებელს ხდის გაითვალისწინოს და აღმოფხვრას დარღვევა. მაგალითად, დღეს შეურცხმყოფელად მიიჩნევა ერთი ფრაზა, ხვალ სხვა და საბოლოოდ, ტელევიზიები იქნებიან მუდმივი განუსაზღვრელობისა და გაურკვევლობის რეჟიმში, რაც მათთვის არათუ საზიანო, არამედ გამანადგურებელი იქნება. საჩივარში მითითებული ფილმების ჩვენების შესაძლო დარღვევად განხილვა და ამ საკითხზე მარეგულირებელი კომისიის მსჯელობა გამომდინარეობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმებიდან, რომლის კონსტიტუციურობასაც ამოწმებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. კერძოდ, N1537 კონსტიტუციური სარჩელით (შპს მთავარი არხი", "შპს ტელეკომპანია პირველი", "შპს ტელეკომპანია კავკასია", "შპს ფორმულა", ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) მოთხოვნილია განსახილველი საკითხის მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოხატვის, ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების, ცენზურის აკრძალვის შესახებ ძირითად უფლებებთან მიმართებაში. ამა წლის 03 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოს წერილობით ეცნობა, რომ ეროვნულმა კომისიამ აქტიურად დაიწყო სადავოდ გამხდარი ნორმების პრაქტიკაში გამოყენება და ასევე სანქციები დააკისრა მოსარჩელეთა ნაწილს. აღნიშნულის საფუძველზე, მოსალოდნელი მძიმე და შეუქცევადი ზიანის თავიდან არიდების მიზნით, სასამართლოს ეთხოვა პრიორიტეტი მიანიჭოს N1537 კონსტიტუციურ სარჩელს და ასევე იმსჯელოს სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერების თაობაზე წარდგენილ შუამდგომლობაზე. შესაბამისად, ეროვნული კომისიის მიერ საჩივრების განსახილველად მიღება, ხოლო შემდეგ ამ საკითხებზე მსჯელობა დაფუძნებული იქნება იმ ნორმათა შინაარსზე, რომელთა კონსტიტუციურობას ამოწმებს სასამართლო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, კომისიის გადაწყვეტილება შელახავს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებსა და განხილული იქნება უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრების განსახილველად მიღებით, მაუწყებლების წინააღმდეგ განხილული იქნება საკითხები, რომლებიც დაფუძნებულია ბუნდოვან და განუჭვრეტად ნორმებზე, რაც შეუძლებელს გახდის „სანქცია“ გამოყენებული იქნეს „დარღვევის“ პრევენციის მიზნით, ხოლო კომისია იქნება კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის განმახორციელებელი სუბიექტი.
კომისიის 2021 წლის 4 თებერვლის სხდომაზე, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა ნ. აბურჯანიძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან კანონი არის ბუნდოვანი, 2020 წლის 19 აგვისტოს, კომისიას მიმართეს კონკრეტული კითხვებით და კანონის შესრულების მიზნით ითხოვეს შესაბამისი ინსტრუქციები, რაზედაც მიიღეს ზოგადი პასუხი, რის გამოც ხელმეორედ მიმართეს კომისიას. მისი განმარტებით, კანონი იმდენად ბუნდოვანია, რომ კომისიას ეძლევა ფართო შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრებით გადაწყვიტოს რა ჩათვალოს და რა არა არასრულწლოვნის განვითარების შემაფერხებელ პროდუქციად. მან აღნიშნა, რომ კანონზე, რომელიც მაუწყებლების ჩართულობის გარეშე იყო მიღებული, უფრო მეტი მუშაობა იყო საჭირო, რათა კანონს მეტი მკაფიოობა შეეძინა და კანონი დაჩქარებულად არ უნდა მიეღოთ. შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტი თანამედროვე ქართველ რეჟისორებთან, ვინაიდან, ნებისმიერი თანამედროვე ქართული ფილმი შეიცავს ან გინებას, ან ძალადობას ან სხვა მსგავს სცენებს. ამით თანამედროვე ქართული ფილმი გაქრება ქართული არხების ეთერიდან. მან აღნიშნა, რომ უცხოური ფილმების განხილვაზე არც კი გადადის, ვინაიდან, ვიდრე თურქული და ინდური სერიალები შემოვიდოდა, ყიდულობდნენ მხოლოდ ევროპულ სერიალებს და არ არსებობდა ფრანგული თუ იტალიური დეტექტიური სერიალი, რომელიც არ შეიცავდა ძალადობის სცენას, მკვლელობას, გვამს და ა.შ. შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ
3 თებერვალს, მაუწყებლებმა შუამდგომლობით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს გასაჩივრებული ნორმების მოქმედების შეჩერების და საჩივრის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე და მიაჩნია, რომ უნდა დაელოდონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და კომისიამ არ უნდა მიიღოს საჩივარი განსახილველად.
შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა ქ. ზანდუკელმა აღნიშნა, რომ ვინაიდან კანონი ბუნდოვანია განმარტების თხოვნით მიმართეს კომისიას. მაუწყებლებმა უნდა იცოდნენ ამ კანონის ფარგლებში როგორი უნდა იყოს მათი ყოველდღიურობა, ეხება ეს ფილმს, ტელეგადაცემას თუ საინფორმაციო გამოშვებას. მაუწყებლები შეიძლება რაღაც კონკრეტულზე შეჯერდნენ, გარკვეული შინაარსობრივი შეფასება მისცენ და გაიგონ კანონის შინაარსობრივი აღქმა, სპეციალისტიც დაიქირაონ კონტენტის ჩამოყალიბების მიზნით, რათა არ დაირღვეს ბავშვთა უფლებები და ამ კანონის საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები, მაგრამ კომისიამ, კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ რომ განუჭვრეტელი კანონის მოქმედების პირობებში, კანონი განსხვავებულად განმარტოს და მაუწყებელი მაინც აღმოჩნდეს სანქცირების წინაშე. შესაბამისად, მაუწყებლებს სჭირდებათ კომისიისგან გაიდლაინი, ქცევის წესი, სამოქმედო ჩარჩო, რომელიც მისცემს გარანტიას, რომ ყოველდღიურობაში დაიცავენ ამ წესებს და არ აღმოჩნდებიან სანქცირების წინაშე. შპს,,ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათთვის ცნობილია თუ ნორმა არ შეჩერდა, მისი აღუსრულებლობის პირდაპირი შესაძლებლობა კომისიას არ აქვს. ნორმა შეჩერებული რომ იყოს, ამდენი განხილვა საჭირო არ იქნებოდა, გამოაგზავნიდნენ ნორმის შეჩერების დამადასტურებელ დოკუმენტს და საერთოდ არ ჩაერთვებოდნენ საკითხის განხილვაში. მან ასევე აღნიშნა, რომ მაუწყებლები არიან მნიშვნელოვანი რისკების წინაშე, ვინაიდან ეს პროცესი არასდროს დასრულდება და ამისგან თავის დასაცავად თხოვნით მიმართავენ კომისიას, რომ ერთობლივად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე და მხარდაჭერის რეჟიმში იმუშაონ და არა საჩივრების.
შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა ს. ჭელიძემ აღნიშნა, რომ ბავშვთა უფლებები უნდა იყოს დაცული, თუმცა მეორე მხარეს არიან ტელევიზიები. მისი აზრით, ერთი სამართლებრივი სიკეთის დაცვით მეორე სამართლებრივი სიკეთე არ უნდა დაირღვეს. ბავშვთა უფლებები, ცალსახად, დაცული უნდა იყოს, მაგრამ, ამავე დროს, მაუწყებლის უფლება, განათავსოს შეძენილი სერიალი, ფილმი, იქნება ეს ქართული თუ უცხოური, ირღვევა. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენელმა ბ. ფერაძემ აღნიშნა, რომ როდესაც პარლამენტში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, როგორც სპეციალლისტს, პირადად ჰქონდა არაერთი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით. კანონის პროექტის განხილვაში არ იყვნენ ჩართული მაუწყებლები და არც კომუნიკაციების კომისიის ყველა პოზიცია ყოფილა გათვალისწინებული. მან აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართული ფილმების უმეტესობაში გადმოტანილია ყოველდღიური ლექსიკა. ააიპ„არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ გამოხატვის თავისუფლება იყო ფილმში და არა არასრულწლოვანის ფსიქიკის დაზიანება. უცხოურ ფილმებს აქვთ კლასიფიკატორი, რასაც არ ეთანხმებიან, რადგან ერთი ქვეყნისთვის შეიძლება ერთი კლასიფიკაცია იყოს მისაღები და მეორე ქვეყნისთვის - სხვა. შესაბამისად, კლასიფიკაცია ინდივიდუალურად უნდა ხდებოდეს. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისია ხელფეხშეკრულია, როდესაც მოქმედი კანონით გაწერილი აქვს პროცედურა. კანონპროექტის განხილვისას მათი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ის, რომ კომისიას მისცემოდა ლავირების საშუალება და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ემსჯელა პრაქტიკულად გამოვლენილ ხარვეზებზე. პირდაპირ კოპირებულმა კანონმდებლობამ მაუწყებლები მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ფაქტობრივად ქართულ ფილმებს ვერ უშვებენ დღის განმავლობაში, რადგან თითქმის ყველა ფილმშია გარკვეული არასათანადო ლექსიკა. დგება ის მოცემულობა, რომ ნებისმიერი ადამიანი, თუ რომელიმე სიტყვა არ მოეწონება, ამას განხილვის საგნად გახდის. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ როდესაც წარმოებაში მიღებაზე და დასაშვებობაზეა საუბარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს დასაშვებობის ეტაპს. მოპასუხე მხარე საერთოდ არ არის დავაში ჩართული, ვიდრე კონკრეტული საქმე დასაშვებობის ეტაპს არ გაივლის. საჩივარმა რაღაც ეტაპი უნდა გაიაროს, ვიდრე მეორე მხარე იქნება მოწვეული. ამ კუთხით სამართლებრივ ხარვეზებს ნამდვილად ხედავს. ამ ფორმატში შესაძლებელია არ მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ შესაძლებელია კომისიაში სამუშაო რეჟიმში ამაზე მსჯელობა იმ პირებთან, ვისაც ეს საკითხები ეხება. პარლამენტის მიზანიცაა, რომ დაიხვეწოს კანონმდებლობა, მათაც ვერ ეცოდინებოდათ, რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამა თუ იმ კანონს. კანონი უნდა დაიხვეწოს იმგვარად, რომ არასრულწლოვანთა ინტერესებიც დაცული იყოს ამ ქვეყანაში, რასაც მიესალმებიან. მას აქვს ინიციატივა, რომ ამ ხარვეზებთან დაკავშირებით შეიკრიბოს სამუშაო ჯგუფის ფორმატი, რომელიც კანონმდებლებს ამ ინიციატივას მიაწოდებენ და შესთავაზებენ მუშაობას პრაქტიკულად აღმოჩენილ ხარვეზებზე. თუმცა, ეს ყველაფერი თავიდანვე, კანონის მიღების პროცესში უნდა ყოფილიყო და მოეწვიათ შესაბამისი მოწყვლადი პირები. მისთვის გაუგებარია დღეს განსახილველ საკითხთან მიმართებით, რატომ უნდა იყოს მსჯელობა ფილმზე, რომელიც ერთ-ერთი თვალსაჩინოა, ოსკარზეც იყო წარდგენილი და ჯილდო აქვს მიღებული. ამ ფილმს დღესაც არ აქვს კლასიფიკაცია, რადგანაც ქართული ფილმების კლასიფიცირების პრობლემაა. ცუდი არ იქნებოდა შექმნილიყო რაიმე სამსახური, ან კანონით რომელიმე ორგანოს დავალებოდა ამ კლასიფიკაციის მინიჭება ფილმის გაშვებამდე. ყველა ტელევიზიამ შეიძლება სუბიექტურად მიანიჭოს კლასიფიკაცია ამა თუ იმ პროდუქციას. მისი აზრით, მხოლოდ ის, რომ კომისიას დაევალოს მაუწყებლების დაჯარიმება, ხოლო ტელევიზიებს დაევალოთ კანონის შესრულება, აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით, ხოლო მე-11 ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
2. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია არის ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი.
3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; კ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს, ხოლო 21 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: ა)18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე.
6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი.
კომისია აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირები ა. შატბერაშვილი, გ. გოცირიძე, ბ. წულაია და გ. გუდაძე ასაჩივრებენ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ის, შპს ,,ფორმულის“, შპს,,მთავარი არხის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების სამაუწყებლო ბადეში კანონდარღვევით განთავსებას და მოითხოვენ შპს ,,მთავარი არხის“, შპს,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ დაჯარიმებას, ხოლო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ფორმულას“ ლიცენზიების შეჩერებას, რადგან არხები ერთხელ უკვე დაჯარიმდნენ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების სამაუწყებლო ბადეში კანონდარღვევით განთავსების გამო.
საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიამ უნდა განსაზღვროს წარმოადგენს თუ არა საჩივარში აღნიშნული საკითხები კომისიის რეგულირების სფეროს და წარმოადგენენ თუ არა საჩივრის ავტორები დაინტერესებულ პირებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს არასრულწლოვანი პირის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.
ფიზიკურ პირ არჩილ შატბერაშვილს კომისიაში არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ ის წარმოადგენს არასრულწლოვანი შვილის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს. ფიზიკური პირების: გ. გოცირიძის, ბ. წულაიას და გ. გუდაძის მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და შვილების დაბადების მოწმობების ასლების საფუძველზე დგინდება, რომ ისინი წარმოადგენენ არასრულწლოვანი შვილების მშობლებს. შესაბამისად, მათ, როგორც დაინტერესებულ პირებს, აქვთ უფლება საჩივრით მიმართონ კომისიას არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამების სამაუწყებლო ბადეში კანონდარღვევით განთავსებისთვის და მოითხოვონ მაუწყებელთა მიმართ შესაბამისი ზომების მიღება.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელით მიმართვა არ წარმოადგენს კომისიის მიერ საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თქმის საფუძველს. კომისია აღნიშნავს, რომ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელით მიმართვა არ აჩერებს სადავო ნორმების მოქმედებას. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, შეუძლია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, აგრეთვე ამ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ძალაში შედის შესაბამისი საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნების მომენტიდან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, კომისია არ არის უფლებამოსილი მოქმედი ნორმებით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე უარი თქვას იმ საფუძვლით, რომ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელია შეტანილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ის, შპს ,,ფორმულის“, შპს ,,მთავარი არხის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, ბესარიონ წულაიას და გიგა გუდაძის საჩივარი მიღებულ იქნას განსახილველად და უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება საჩივრის განხილვის მიზნით, ხოლო საჩივარს არჩილ შატბერაშვილის მოთხოვნის ნაწილში ეთქვას უარი.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 561 და 562 მუხლების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ 66-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმა
გადაწყვიტა:
1. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ის, შპს ,,ფორმულას“, შპს ,,მთავარი არხის“, შპს,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, ბესარიონ წულაიას და გიგა გუდაძის საჩივარი მიღებულ იქნას განსახილველად.
2. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ის, შპს ,,ფორმულის“, შპს ,,მთავარი არხის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, ბესარიონ წულაიას და გიგა გუდაძის საჩივრის განხილვის მიზნით.
3. გიორგი გოცირიძის, ბესარიონ წულაიას და გიგა გუდაძის საჩივრის განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2021 წლის 18 თებერვალს, 15:00 საათზე.
4. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ის, შპს ,,ფორმულას“, შპს ,,მთავარი არხის“, შპს,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ არჩილ შატბერაშვილის საჩივარს განსახილველად მიღებაზე ეთქვას უარი.
5. დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტს საჩივარში აღნიშნული მხატვრული ფილმების (ანონსების) მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა (ი. მახარაძე).
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge);
ბ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- სთვის, შპს ,,ფორმულასთვის“, შპს ,,მთავარი არხისთვის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველისთვის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“, გიორგი გოცირიძისთვის, ბესარიონ წულაიასთვის, გაგა გუდაძისთვის და არჩილ შატბერაშვილისთვის დაუყონებლივ გაგზავნა.
7. გადაწყვეტილება (გარდა მე-4 პუნქტისა) ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებიდან.
8. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის არჩილ შატბერაშვილისთვის ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება (გარდა მე-4 პუნქტისა) ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება სზაკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
10. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის არჩილ შატბერაშვილისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-5 და მე-6 პუნქტებისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
