წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-21-23 / 585

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 29, 2021 14:56

მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2021

 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის  №1  დადგენილებაში  ცვლილების    შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში: „კომისია“) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის ანალიზის პროცედურების ჩატარებისას, კონცენტრაციების გამოკვლევისას, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამართვისას, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებისას და სფეროსთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე ატარებს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს საჯარო განხილვებთან დაკავშირებულ რიგ პროცედურულ მოთხოვნებს. მაგალითად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ქვეყნდება ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელზეც არანაკლებ 20 სამუშაო დღის განმავლობაში დაინტერესებულ მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ საკუთარი მოსაზრებები, აქტის მიღებამდე იმართება ზეპირი მოსმენა და ა.შ. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არ არის განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საჯარო კონსულტაციების გამართვის,     მხარეთა მოსაზრებების გამოქვეყნების, მათზე ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი პასუხის გაცემის, ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე ისეთი ერთიანი საინფორმაციო სივრცის არსებობის ვალდებულება, რომელშიც თავმოყრილი იქნება საჯარო კონსულტაციების მასალები.

კომისია  მიიჩნევს, რომ მის  კომპეტენციას     მიკუთვნებულ განსაკუთრებული მნიშვნელობისა და პირთა ფართო წრისათვის აქტუალურ საკითხებზე მიზანშეწონილია გაიმართოს  საჯარო კონსულტაციები, რომლის  ფარგლებშიც    მოხდება    კომისიის საქმიანობის  შესახებ  საზოგადოების მეტად ინფორმირება    და    დაინტერესებული მხარეებისთვის საკუთარი მოსაზრებების კიდევ  უფრო  ეფექტიანად გამოხატვის

შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ცხადია, საჯარო კონსულტაციები არ ემსახურება გადაწყვეტილების მიღების პროცესის ჩანაცვლებას. თუმცა, იგი კარგი მმართველობის პრინციპის გამოვლინებაა და ეხმიანება სულისკვეთებას, რომ გადასაწყვეტი საკითხის შესახებ დაინტერესებული მხარეების წარმოდგენილი მოსაზრებებისა და ინფორმაციის სრულყოფილად განხილვით გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო ეფექტიანად მიმდინარეობს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია ცალკეულ შემთხვევებში საკუთარი ინიციატივით მართავს საჯარო კონსულტაციებს, იღებს დაინტერესებული მხარეების შენიშვნებს, მოსაზრებებსა და წერილობით პასუხობს მათ. ამასთანავე, კომისიის ხედვით, მიზანშეწონილია არსებობდეს შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში მკაფიოდ მოაწესრიგებს საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებულ საკითხებს.

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კომისია უფლებამოსილია მიიღოს მისი საქმიანობის მომწესრიგებელი წესები, მათ შორის, რეგულირების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვების ჩატარების პროცედურების შესახებ. კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები განსაზღვრულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით.

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,   ნორმატიულ  აქტში  ცვლილების  (ცვლილების  (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების) ) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.

ამრიგად, კომისია მიიჩნევს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში უნდა შევიდეს ცვლილება და ახლებურად მოწესრიგდეს კომისიის მიერ საჯარო კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, მე-100, 103-ე,  1061  და 1065   მუხლების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ამავე კოდექსის VII და IX თავების და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

  1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების  დამტკიცების  თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2003   წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.

3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2021 წლის 2 დეკემბერს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას  (ო.ვოტი)  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა  და  მომზადებული დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე    (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5.  ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება დადგენილების პროექტის შესახებ პროექტის გამოქვეყნებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში.

6.  გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს კომისიის ოფიციალურ  ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

8. გადაწყვეტილების  შესრულებაზე  კონტროლი  (გარდა  გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები