წვდომის მენიუ

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-21-23 / 639

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2021 17:21

მიღების თარიღი დეკემბერი 09, 2021

 “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2005 წლის 12 დეკემბრის  N13 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისია   (შემდგომში   „კომისია“) აღნიშნავს,რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის ნაწილია ქვეყანაში ახალი თაობის (5G) ქსელის განვითარება. ასევე, კომუნიკაციების კომისიამ, გაითვალისწინა რა მთავრობის სტრატეგია გამოაქვეყნა 5G განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს როგორც სიხშირული რესურსის ხელმისაწვდომობის ასევე, საწყისი საფასურისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაციას.

ამასთან,   2020   წლის   სექტემბერში,   ევროკომისიამ   გამოსცა   რეკომენდაცია   (2020/1307 Commission Recommendation (EU) 2020/1307 of 18 September 2020 on a common Union toolbox for reducing the cost of deploying very high capacity networks and ensuring timely and investment-friendly access to 5G radio spectrum, to foster connectivity in support of economic recovery from the COVID-19 crisis in the Union), რომელიც ეხება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ქსელის დანახარჯების შემცირებას და 5G ქსელის (ე.წ. მეხუთე თაობის ქსელი) დროული ხელმისაწვდომობის, საინვესტიციო დანახარჯების შემცირებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის უზრუნველყოფას, რათა ხელი შეუწყონ   covid-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას. მიჩნეულია, რომ 5G მობილური ქსელების განვითარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნების ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებასა და ისეთი სექტორების განვითარებაში როგორიცაა  ტრანსპორტი, ენერგეტიკა, წარმოება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და მედია.

ევროკომისიის მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო დოკუმენტი საუბრობს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განვითარება. ევროკომისიის აზრით ე.წ. გიგაბიტიან კავშირს საფუძვლად უდევს მაღალი გამტარუნარიანობის საჭიროების მქონე მომსახურებების გამოყენება, როგორიც არის ჯანმრთელობის, განათლების, ტრანსპორტის,

ლოჯისტიკისა და მედიის სფეროები, რომლებსაც შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ ევროპის ეკონომიკის აღდგენაში. ფიქსირებული და უსადენო კავშირი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ხელმისაწვდომი (როგორც გეოგრაფიული ასევე, ფასის კუთხით) სერვისების მიწოდებას და ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრას.

 კომუნიკაციების კომისიის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ  ფართოზოლოვანი მომსახურებებისა და 5G ტექნოლოგიის განვითარებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ქვეყნისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაში, ხოლო ახალი თაობის (5G) ქსელისა და მომსახურებების დროული და სწორი მოდელით    ამუშავება,    კომერციული გაშვება მნიშვნელოვან სტრატეგიულ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას და სატელეკომუნიკაციო სექტორის განვითარებას, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია  ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებზე და ზოგადად ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე. კომისია თავის მხრივ იზიარებს რეკომენდაციაში წარმოდგენილ ხედვებსა და მიდგომებს.

 ევროკომისიის რეკომენდაციაში წარმოდგენილი საკითხები ეხება 3 ძირითად მიმართულებას:

 ა) მაღალი სიმძლავრის ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის დანერგვასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას იმ ქმედებების გათვალისწინებით, რომელიც უკავშირდება 2014/61 (BDB cost reduction) დირექტივით განსაზღვრულ საკითხებს, კერძოდ: ნებართვების გაცემას, ერთიანი საინფორმაციო სააგენტოს შექმნას, ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მეტ გამჭვირვალობას და ა.შ.;

ბ) 5G-სთვის განკუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ინვესტიციების სტიმულირების გზით, ასევე რადიოსიხშირული სპექტრის ლიცენზიების დროული გაცემა 5G ძირითადი ბენდისთვის;

გ)  რადიოსიხშირული  სპექტრის    კოორდინაციის  პროცესის  გაძლიერება,  რაც ასევე ხელს უწყობს ე.წ. cross-border მომსახურების მიწოდებას.

 სწორედ „ბ“ პუნქტიდან გამომდინარე, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს წევრ სახელმწიფოებს, რომ ერთმანეთს გაუზიარონ და ევროკომისიას მიაწოდონ ინფორმაცია ისეთი ქმედითი მექანიზმების და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ, რომელთა მიზანია:

ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისთვის ადეკვატური საწყისი საფასურის განსაზღვრა, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული სიხშირული რესურსით სარგებლობის მინიმალურ საფასურს;

ბ) თავიდან იქნას აცილებული სიხშირული რესურსის სიმწირე და უზრუნველყოს ევროკავშირის დონეზე ჰარმონიზებული სიხშირეების სრულად გაცემა;

გ) სიხშირული რესურსის საფასურის გადასახადის განწილვადება;

დ) ფინანსური შეღავათების ვალდებულებებთან კომბინაციის შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის უსადენო დაფარვას.

 აღსანიშნავია, რომ როდესაც კომუნიკაციების კომისიამ შეიმუშავა 5G განვითარების სტრატეგია და განახორციელა შესაბამისი სიხშირული რესურსის საწყისი საფასურის დათვლა,  მისი მიზანი იყო, რომ შესაბამისი ლიცენზიით სარგებლობის საწყისი საფასური ყოფილიყო მაქსიმალურად ადეკვატური, შესაბამისად არსებულ გარემოებებთან ერთად მან გაითვალისწინა ევროპული ხედვა საფასურის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

 მიუხედავად იმისა, რომ საკონსულტაციო კომპანიის მიერ წარმოდგენილი საწყისის საფასურის გაანგარიშება ერთ-ერთი ყველაზე დაბალია გასულ პერიოდში, ევროპის ქვეყნებში ჩატარებულ აუქციონებზე წარმოდგენილ საფასურებს შორის, გამომდინარე ახალი (5G) ტექნოლოგიისთვის საჭირო დიდი ინვესტიციებიდან, წარმოდგენილი საფასური შეიძლება სრულად ვერ პასუხობდეს პანდემიით გამოწვეულ რეალობასა და შესაბამის მოთხოვნებს. ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის  №13 დადგენილებით დამტკიცებულ “რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულებით“ (შემდგომში - დებულება) გათვალისწინებული 5%-დან 20%-მდე ფასდაკლების შესაძლებლობა, არ იძლევა საშუალებას სრულად იქნეს გაზიარებული და პრაქტიკაში გატარებული ევროკომისიის ზემოაღნიშნული რეკომენდაციები, ასევე, იგი კომისიას არ აძლევს სათანადო შესაძლებლობას, რომ საფასურის და ვალდებულებების ნაწილში სრულად ასახოს აუქციონის მომენტისთვის ქვეყნის სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებული გამოწვევები და შესაბამისად წაახალისოს ინვესტიციები ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში და დააჩქაროს ახალი თაობის ქსელების განვითარება ქვეყანაში, რაც თავის მხრივ ეკონომიკის ციფრული სექტორების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სწორედ კომისიის ძირითად ფუნქციად  არის  განსაზღვრული  ელექტრონული საკომუნიკაციო     ქსელებისა  და საშუალებების მფლობელი ავტორიზებული პირების მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში ეფექტიანი ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა. ამასთანავე, ამავე კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა განისაზღვრება და გადახდის წესი დგინდება დებულებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს დებულებაში და დებულების მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ახალი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კომისიას ექნება შესაძლებლობა ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაანგარიშებულ სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის სავარაუდო ღირებულებაზე   დაადგინოს დამატებითი ფასდაკლება, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფასდაკლების ჩათვლით ჯამში არ უნდა აღემატებოდეს სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის სავარაუდო ღირებულების  80%-ს, რაც შესაძლებელს გახდის უფრო ეფექტურად მოხდეს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა. ამასთან, კომისიის მიერ ფასდაკლების ოდენობის დადგენისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეღავათი (5% - დან 20% - მდე). აღნიშნული ცვლილება კომისიას მისცემს საშუალებას   ეფექტიანი ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით დაადგინოს დამატებით ფასდაკლება, რაც თავის მხრივ, ასევე ხელს შეუწყობს ახალ ტექნოლოგიებში შემდგომი ინვესტიციების წახალისებასაც.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  103-ე მუხლის 11  ნაწილის თანახმად „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.“ ამავე კოდექსის 1061 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.“

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში   ცვლილების  შეტანის  თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა    და ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.  დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005   წლის   12   დეკემბრის   N13   დადგენილებაში   ცვლილების   შეტანის   თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.

2.   ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2022 წლის 13 იანვარს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3.   საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.

4.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტი) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და მომზადებული დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.comcom.ge) გამოქვეყნება, ხოლო დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების კომისიაში წარმოდგენა მოხდეს დადგენილების პროექტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში.

5.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

6.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

7.   კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია)

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი 

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები