შპს „დატანეტის“ წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 05, 2022 15:45
მიღების თარიღი სექტემბერი 29, 2022
შპს „დატანეტის“ წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2022 წლის 9 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს „დატანეტმა“ (ს/კ 405473376) (კომისიაში რეგისტრაციის N შ-22-6/3399, 09.09.2022), კომპანიის წილის 100%-ის ფიზიკური პირის ცაი ია-სიუს მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დატანეტი“ 2021 წლის 29 ივლისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „დატანეტი“ 2022 წლის თებერვლის თვიდან ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ოპტოკურ- ბოჭკოვანი ტექნოლოგიით ქ. ბათუმში. აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2022 წლის თებერვლიდან ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 205,932 ლარი (დღგ-ს გარეშე) (ქ. ბათუმის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 1.69%), ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2022 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით 1 იურიდიული პირი აბონენტი, თუმცა ამჟამად, კერძოდ 2022 წლის აგვისტოს თვიდან კომპანიას შემოსავლები და აბონენტები აღარ უფიქსირდება.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B21125093,12/12/2021 21:41:34) შპს „დატანეტის“ წილის 100%-ის მფლობელი არის ფიზიკური პირი ტეჰ ვოი ჩინგ (პ/ნ 760127016061), კომპანიის დირექტორები არიან ტეჰ ვოი ჩინგ და ფანგ ჩენგ.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „დატანეტი“, მისი პარტნიორი და დირექტორი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად თავის მხრივ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებულნი (აფილირებულნი) არ არიან.
შპს „დატანეტის“ 2022 წლის 9 სექტემბრის განცხადებისა და 22 სექტემბერს წარმოდგენილი დაზუსტების (წერილის კომისიაში რეგისტრაციის N შ-22-6/3520, 22.09.2022) თანახმად, კომპანიის100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს ტეჰ ვოი ჩინგს განზრახული აქვს თავისი კუთვნილი შპს „დატანეტის“ წილის სრულად გაყიდვა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე ფიზიკურ პირ ცაი ია- სიუზე (პ/ნ E124092612), რომელიც თავის მხრივ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს და შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არის.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „დატანეტის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის ცაი ია-სიუს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „დატანეტს“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის ცაი ია-სიუს მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „დატანეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „დატანეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „დატანეტი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „დატანეტისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „დატანეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „დატანეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
