წვდომის მენიუ

შპს „მეტეხი 2014“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-22-11 / 573

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 22, 2022 14:15

მიღების თარიღი დეკემბერი 08, 2022

შპს „მეტეხი 2014“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „მალტისოფტმა“ (ს/კ 405059289) და შპს „მეტეხი 2014“-მა (ს/კ 406114565) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4299  24.11.2022) შპს„მეტეხი 2014“-ის კუთვნილი საოპერაციო  აქტივის  შპს„მალტისოფტის“ მიერ შეძენაზე (შემდგომში „ტრანზაქცია“) კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა  შეძენაზე  ან  ბაზრის  შესაბამის  სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „მეტეხი 2014“ 2014 წლის 2 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1  ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2   ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

B.F.4   მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერისა1 და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად:

შპს„მეტეხი 2014“-ის ერთპიროვნული პარტნიორი (კომპანიის წილის კომპანიის 100%-ის  მფლობელი) და  დირექტორი  არის  ფიზიკური  პირი  პაატა  გიორგობიანი (პ/ნ01024012164).

შპს„მეტეხი-2014“ და მისი პარტნიორი და დირექტორი პაატა გიორგობიანი სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33  ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „მეტეხი 2014“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას ქალაქ თბილისში, შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან 2021 წელს შეადგინა 382,298.37 ლარი დღგ-ს გარეშე, 2022 წლის იანვრის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით - 279,898.95 ლარი დღგ-ს გარეშე (, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 1,607 აბონენტი.

შპს „მალტისოფტი“ 2019 წლის 21 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2  ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

კომისიის საერთო  სტატისტიკური  ბაზის  მონაცემების  თანახმად შპს„მალტისოფტი“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ქალაქ თბილისში და შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან 2021 წლის განმავლობაში შეადგინა  10,500 ლარი დღგ-ს გარეშე, 2022 წლის იანვრის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით - 10,873 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა მხოლოდ 3 აბონენტი.

მეწარმეთა  და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერისა2 და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად: შპს „მალტისოფტი“-ს (ს/კ 405059289) პარტნიორები არიან კომპანიის წილის 70%-ის მფლობელი ფიზიკური პირი დავით ჯიქია (პ/ნ 01006007528) და კომპანიის წილის 30%-ის მფლობელი ფიზიკური პირი გიორგი ჯანაშია (პ/ნ 01008012787), ხოლო კომპანიის დირექტორია დავით ხაბაზაშვილი (პ/ნ 01029017312).

შპს „მალტისოფტი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის შპს „სერვისბოქსის“ (ს/კ 405113176) წილის 80%-ის მფლობელი, ფიზიკური  პირი დავით ჯიქია ფლობს 80%-იან   წილს   ავტორიზებულ პირ  შპს„მულტინეტ“-ში (ს/კ 405338674) და ასევე არის მისი დირექტორიც, ფიზიკური პირები გიორგი ჯანაშია და დავით ხაბაზიშვილი სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ. თავის  მხრივ,  შპს  „სერვისბოქსი“  და  შპს  „მულტინეტი“  სხვა  ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ. ასევე, შპს „სერვისბოქსი“-ს და შპს „მულტინეტი“-ს სხვა პარტნორები და წარმომადგენლები ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ და არც თვითონ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში ავტორიზებულ პირებს. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად, შპს„მალტისოფტი“, შპს„სერვისბოქსი“ და შპს„მულტინეტი“ ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები არიან.

შპს„სერვისბოქსი“ 2016 წლის 16 დეკემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ის ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას საქართველოს სხვა და სხვა რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში, ასევე თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და ფოთში. შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან 2022 წლის იანვრის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით შეადგინა 394,263 ლარი (დღგ-ს გარეშე), მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების აბონენტების რაოდენობა 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 2,521 აბონენტს. შპს „სერვისბოქსი“ ახორციელებს ასევე ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას თბილისში და ბათუმში, შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან 2022 წლის იანვრის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით შეადგინა 248,168 ლარი (დღგ-ს გარეშე), ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობა 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 482 აბონენტს.

 

შპს „მულტინეტი“  2021 წლის 24 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ის 2022 წლის ოქტომბრის თვიდან ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ქ.თბილისში, შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან 2022 წლის ოქტომბრის თვეში შეადგინა 100 ლარი (დღგ-ს გარეშე), ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით მხოლოდ 1 აბონენტი.

შპს„მეტეხი 2014“-ისა და შპს „მალტისოფტის“ ერთობლივი განცხადების თანახმად (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4299 24.11.2022), შპს „მალტისოფტს“ განზრახული აქვს შეიძინოს შპს „მეტეხი 2014“-ის საოპერაციო აქტივები,  ასევე შპს „მეტეხი 2014“-მა და შპს „მალტისოფტმა“  მოახდინა  ერთობლივი  განცხადების  დაზუსტება დამატებით წარმოდგენილი წერილის საფუძველზე (კომისიაში  რეგისტრაციის Nშ-22-6/4391 30.11.2022), სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ტრანზაქციაში მონაწილე საოპერაციო აქტივები წარმოადგენს შპს „მეტეხი 2014“-ის საოპერაციო აქტივების ნაწილს. ასევე, აღნიშნულია, რომ კომისიის მხრიდან ტრანზაქციაზე  თანხმობის  მიღების  შემთხვევაში შპს„მეტეხი 2014“-ის  აბონენტებისათვის, წყვეტის გარეშე და იგივე პირობებით, მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს შპს „სერვისბოქსი“, ხოლო შპს „მეტეხი 2014“ უზრუნველყოფს საკუთარ აბონენტთა ინფორმირებას მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების თაობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ასევე, დამატებით წარმოდგენილ განცხადებაში დაზუსტებული იყო ისიც, რომ ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში შპს „მალტისოფტსა“ და შპს „სერვისბოქსს“ შორის გაფორმდებოდა საოპერაციო აქტივების იჯარის ხელშეკრულება და რომ შპს „სერვისბოქსი“ აბონენტებს მომსახურებას გაუწევს როგორც იჯარით გაცემული საოპერაციო აქტივების გამოყენებით, ასევე საკუთარი ინფრასტრუქტურითაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე ტრანზაქციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების, მათი ტრანზაქციამდე არსებული და ტრანზაქციის შემდგომ შესაძლო სტრუქტურის ანალიზის საფუძველზე, არ დგინდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთვის აუცილებელი გარემოებები. აქედან გამომდინარე, შპს „მეტეხი 2014“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „მეტეხი 2014“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის ნაწილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27- ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მიეცეს თანხმობა შპს „მეტეხი 2014“-ს მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენაზე;

2.შპს„მეტეხი 2014“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს„მეტეხი 2014“-მა უზრუნველყოს “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

3.ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის    განუხორციელებლობის    შემთხვევაში,    შპს    „მეტეხი    2014“  და შპს„მალტისოფტი“ ვალდებულნი არიან ხელახლა მიმართონ კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.განემარტოთ შპს„მეტეხი 2014“-ს და შპს „მალტისოფტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს„მეტეხი 2014“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს„მალტისოფტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს„მეტეხი 2014“ და შპს „მალტისოფტი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ტრანზაქციის განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

5.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მეტეხი 2014“-ისათვის და შპს „მალტისოფტი“-სათვის გაგზავნა (ო. ვოტ);

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი,დავით აღმაშენებლის ხეივანი., №64), შპს„მეტეხი 2014“-ისათვის და შპს„მალტისოფტი“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ნათია კუკულაძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები