შპს „სფერო ნიუსისთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2022 16:16
მიღების თარიღი ივლისი 28, 2022
შპს „სფერო ნიუსისთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სფერო ნიუსმა“ (ს/ნ 402210843) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/2668, 15.07.2022) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „სფერო ნიუსი“ ითხოვდა მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;
ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;
თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - ავტორიზაციის მიღებიდან 3 თვე;
როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „Sfero TV“.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სფერო ნიუსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. კომპანიის განცხადება;
2. შპს „სფერო ნიუსის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და სადამფუძნებლო შეთანხმება;
3. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;
4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
5. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
6. აუდიტორული კომპანიის საშემფასებლო ანგარიში სს „სფერო ინვესტის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ;
7. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 15 ივლისს შპს „სფერო ნიუსის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:
ა) აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული ცნობა შპს „სფერო ნიუსის“ განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
ბ)აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული ცნობა შპს „სფერო ნიუსის“ აქტივებისა და პასივების შესახებ;
გ) დამადასტურებელი დოკუმენტაცია იმისა რომ სს „სფერო ინვესტის“ (ს/ნ 405401355) ბენეფიციარი მესაკუთრეა გიორგი მურუსიძე (პ/ნ 01024083736).
კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-21-03/1763, 20.07.2022წ.). გაგზავნილი წერილი კომპანიას ჩაბარდა - 2022 წლის 20 ივლისს. შპს „სფერო ნიუსს“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოედგინა 2022 წლის 27 ივლისის ჩათვლით. კომპანიას ინფორმაცია კომისიაში მითითებულ ვადაში არ წარმოუდგენია.
კომისიის 2022 წლის 28 ივლისის სხდომაზე აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს „სფერო ნიუსს“ (ს/ნ 402210843) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო;
2. განემარტოს შპს „სფერო ნიუსს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სფერო ნიუსისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „სფერო ნიუსისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „სფერო ნიუსისთვის“ ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
