წვდომის მენიუ

შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ ავთანდილ სუჯაშვილის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე

ნომერი: გ-22-12 / 366

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2022 1:17

მიღების თარიღი აგვისტო 18, 2022

შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ ავთანდილ სუჯაშვილის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-9/2929; 10.08.2022) მიმართა ფიზიკურმა პირმა ა. სუჯაშვილმა შპს ,,ჯი-დი-ეს თივის“ (სამაუწყებლო არხი „GDS”) მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის (ანონსის) დროითი შეზღუდვის შესაბამისად განთავსების წესის დარღვევის გამო.

ა. სუჯაშვილის საჩივრის თანახმად, სამაუწყებლო არხ ,,GDS”-ის ეთერში 2022 წლის 10 ივლისს, 09:42 საათზე, საბავშვო დროს გადიოდა ფილმი ,,პლუტო ნეშის თავგადასავალი“, რომლის სარეკლამო ჭრის დროს განთავსდა საშინელებათა ფილმის ანონსი. ა. სუჯაშვილის განცხადებით, აღნიშნულ სამაუწყებლო არხზე ხშირია მსგავსი შემთხვევები, როცა საბავშვო პროგრამის სარეკლამო ჭრის დროს ხდება არასაბავშვო კონტენტის ანონსის განთავსება. ა. სუჯაშვილი ითხოვს კომისიამ მოახდინოს ამ ფაქტზე რეაგირება და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ჯი-დი-ეს თივის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ ა. სუჯაშვილის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 18 აგვისტოს, რის თაობაზეც შეტყობინებებით (Nგ-22-03/1946; 15.08.2022; Nგ-22-03/1947;15.08.2022) ეცნობა ა. სუჯაშვილს მისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ასევე, შპს ,,ჯი-დი-ეს თივის“, მის მიერ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

2022 წლის 18 აგვისტოს, კომისიის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ წარმომადგენელი ნ. ფაშალიშვილი და საჩივრის ავტორი ა. სუჯაშვილი.

კომისიის სხდომაზე ნ. ფაშალიშვილმა აღნიშნა, რომ საჩივარში არ იყო დაზუსტებული პროგრამა და ანონსი, რის გამოც მათ გაუჭირდათ მისი იდენტიფიცირება, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბლოკში რამდენიმე ანონსი იყო და ამასთან, მისი განმარტებით, დასაზუსტებელი იყო რომელი ფილმის ანონს გულისხმობდა მოდავე მხარე თავის საჩივარში.

კომისიის სხდომაზე ა. სუჯაშვილმა განაცხადა, რომ საჩივარში ფილმის ანონსის განთავსების დრო წუთის და წამის სიზუსტით შესაძლოა არ იყოს მითითებული. მან ასევე, აღნიშნა, რომ გასული შაბათის  ეთერში, ცხრა საათიდან ათის ორმოცდაათ წუთამდე პერიოდში მაუწყებლის ეთერში გავიდა ანიმაციური საბავშვო ფილმი ,,კურდღელი პიტერის თავგადასავალი 2“, რომლის პირველი სარეკლამო ჭრის დროს გავიდა ფილმის ,,თავზე ხელაღებული“ ანონსი, რომელიც MPA-ის რეიტინგით 16 წლამდე ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული,  ხოლო მეორე სარეკლამო ჭრის დროს გავიდა ფილმების ,,გზამკვლევის“ და “Cold Pursuit” ანონსი, რომლებზეც MPA-ის რეიტინგით, ასევე ასაკობრივი შეზღუდვა არის დაწესებული. ა. სუჯაშვილმა დააზუსტა, რომ აღნიშნული ანონსები ეთერში გავიდა ა/წ 13 აგვისტოს. რაც შეეხება საჩივარში მითითებული ფილმის ანონს, ა. სუჯაშვილმა აღნიშნა, რომ ანონსის ეთერში განთავსებიდან დიდი დრო იყო გასული და ფილმის სახელწოდება არ ახსოვდა, მაგრამ, დაადასტურა, რომ ეთერში გავიდა არასაბავშვო ფილმის, კერძოდ, საშინელებათა ფილმის ანონსი. ა. სუჯაშვილმა ასევე, განაცხადა, რომ კომისიაში შემოიტანდა ახალ საჩივარს, რომელშიც მიუთითებდა მაუწყებლის ეთერში კანონდარღვევით ფილმების ანონსების განთავსების თაობაზე.

II. გადაწყვეტლების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით, ხოლო მე-11 ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

2. საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვისთვის    საფრთხის    შემცველი    ინფორმაცია    არის    ძალადობის    ან დანაშაულის წახალისებისკენ    მიმართული    ინფორმაცია,    სექსუალური    შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი;

3.     ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის  ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ   საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე   ზედამხედველობა   და კონტროლი, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ამავე მუხლის კ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს, ხოლო 21 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;

5.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561  მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562  მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად;

6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნტის  თანახმად,  ადმინისტრაციული  წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.

კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ზოგად წესებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი ,,ბავშვის უფლებების კოდექსი“, რომლის მიხედვით ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვას ზედამხედველობს კომისია  (იხ. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლი).   ,,მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროით შეზღუდვებს, ხოლო 562 მუხლი განსაზღვრავს არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების კატეგორიებს.

კომისია აღნიშნავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ა. სუჯაშვილის საჩივარში არ არის დაზუსტებული შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის (ანონსის) დროითი შეზღუდვის შესაბამისად განთავსების წესი კონკრეტულად რომელი ფილმის ანონსის განთავსების დროს დაირღვა და საჩივრის ავტორმა გამოთქვა სურვილი შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“  წინააღმდეგ კომისიაში შემოეტანა ახალი საჩივარი ამ ინფორმაციაზე და სხვა სავარაუდო დარღვევების ზუსტი დროის მითითებით,  კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“  წინააღმდეგ ა. სუჯაშვილის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-9/2929; 10.08.2022) განუხილველად უნდა დარჩეს.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე  მუხლის,  საქართველოს  კანონის  ,,ბავშვის  უფლებათა  კოდექსი“  66-ე  მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 561 მუხლის მე-4 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1. შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ ა. სუჯაშვილის საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.   გადაწყვეტილება ძალაში  შედის გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების    დამოწმებული  ასლის  მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები