სს „მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ გ. ყიფიანის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2022 11:28
მიღების თარიღი აგვისტო 25, 2022
სს „მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ გ. ყიფიანის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ე.მიროტაძემ (კომისიაში რეგისტრაციის N22-10-1370, 04/08/2022). აღნიშნული წერილობითი მიმართვიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი“) საჩივრით (Nშ-22-9/2856, 04.08.2022) მიმართა ფიზიკურმა პირმა გ. ყიფიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (სს „მედია ჰოლდინგ“) მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.
გ. ყიფიანის საჩივრის (შ-22-9/2856 04.08.22) თანახმად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოველდღიურად ახდენს მაუწყებლობის კანონის 56 მუხლის დარღვევას, რადგან 1 აგვისტოდან საღამოს 22 საათზე გადაიცემა სერიალი „ფარული ვნება“ (Verdades Secretas) ასაკობრივი კატეგორიით „15“, როდესაც ამ კატეგორიით ფილმების დემონსტრირება უნდა ხდებოდეს მხოლოდ 23 საათიდან. ამასთან ერთად ფილმს არასწორად აქვს მინიჭებული კატეგორია, რადგან ყოველ სერიალში ხდება ისეთი მასალის დემონსტრირება, რომელიც 18 წლამდე კატეგორიისთვის შეზღუდულია, კერძოდ: 1) სექსუალურ სცენებში მონაწილეობს მთავარი გმირი, რომელიც არასრულწლოვანია; 2) სცენები მოიცავს ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან (1 და 3 აგვისტო); 3) სცენა მოიცავს ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია, კერძოდ, 1 აგვისტოს ეპიზოდში არასრულწლოვანის სურვილის გაუთვალისწინებლად მიაღებინეს ნარკოტიკული საშუალება. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანია ხშირად ახდენს სერიალების განთავსებას ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინების გარეშე, კერძოდ, ეს სერიალი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ითვლება მხოლოდ ზრდასრული მაყურებლისთვის განკუთვნილად (https://www.imdb.com/title/tt4773278/parentalguide?ref_=tt_stry_pg). ამდენად აშკარაა, რომ არხის ადმინისტრაცია ცდილობს შეუქმნას ილუზია მაყურებელს, თითქოს ითვალისწინებს მაუწყებლობის კანონს.
გ. ყიფიანს საჩივრის (შ-22-9/2856 04.08.22) თანახმად, მოთხოვნილი აქვს: 1. დაუყოვნებლივ შეიცვალოს სერიალის დემონსტრირების დრო და გადატანილ იქნეს 24 საათზე. 2. ტელეკომპანია დაჯარიმდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მრავლობითი დარღვევების გამო.
კომისიამ 2022 წლის 8 აგვისტოს წერილით (N გ-22-03/1902,08/08/2022) მიმართა გ.ყიფიანს. კომისიის წერილით გ. ყიფიანს, განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54- ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ.ყიფიანს, კომისიის წერილით (Nგ-22-03/1902, 08/08/2022) ეთხოვა, 5 სამუშაო დღის ვადაში, კომისიაში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: 1. არასრულწლოვანი შვილის დაბადების მოწმობის ასლი ან დოკუმენტის ფოტო; 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან დოკუმენტის ფოტო, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განმცხადებლის იდენტიფიცირების მიზნით.
ამავე წერილით გ. ყიფიანს განემარტა, რომ განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე, ხოლო ზემოაღნიშნული დოკუმენტების კომისიაში წარმოუდგენლობა გამოიწვევს განცხადების განუხილველად დატოვებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
კომისიის წერილი (N გ-22-03/1902,08/08/2022) გ.ყიფიანს ჩაბარდა 2022 წლის 11 აგვისტოს. გ.ყიფიანს, კომისიის ზემოაღნიშნული წერილით გამოთხოვილი დოკუმენტაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.
სს „მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ გ. ყიფიანის საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2022 წლის 25 აგვისტოს, რის თაობაზეც შეტყობინებებით (Nგ-22-03/2002, 22/08/2022 და N გ-22-03/2001, 22/08/2022) ეცნობათ ფიზიკურ პირ გ. ყიფიანს და სს „მედია ჰოლდინგს“.
კომისიის 2022 წლის 25 აგვისტოს დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ გ. ყიფიანი და სს „მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენელი ს.ჭელიძე.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით, ხოლო მე-11 ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
2. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია არის ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი;
3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის კ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52- ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს, ხოლო 21 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;
6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად;
7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.
9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება;
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის თანახმად, თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა.
11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ გ. ყიფიანი ასაჩივრებს მაუწყებლის, კერძოდ, „რუსთავი 2“-ის (სს „მედია ჰოლდინგის“) მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის (სერიალის) ეთერში განთავსებას და მაუწყებლის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამაუწყებლო ბადის დაგეგმვის შეზღუდვების დარღვევას და ითხოვს მაუწყებლის სანქცირებას.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს არასრულწლოვანი პირის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.
კომისიამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უპირველეს ყოვლისა უნდა განსაზღვროს წარმოადგენს თუ არა საჩივრის ავტორი დაინტერესებულ პირს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ წერილობით მიმართა გ.ყიფიანს და გამოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია (1. არასრულწლოვანი შვილის დაბადების მოწმობის ასლი ან დოკუმენტის ფოტო; 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან დოკუმენტის ფოტო), რისთვისაც განუსაზღვრა 5 სამუშაო დღე. ამასთან, განუმარტა ზემოაღნიშნული დოკუმენტების კომისიაში წარმოუდგენლობის შედეგები (იხ. კომისიის წერილი Nგ-22-03/1902,08/08/2022). კომისიის წერილი გ. ყიფიანს ჩაბარდა 2022 წლის 11 აგვისტოს. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ფიზიკურ პირ გიორგი ყიფიანს კომისიაში არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ ის წარმოადგენს დაინტერესებულ პირს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ განუხილველად უნდა დარჩეს გ. ყიფიანის საჩივარი სს „მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის, 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 83-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილების, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის, 66-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 561 მუხლის მე-4 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სს „მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ გიორგი ყიფიანის საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
