შპს „ატას“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 15, 2022 11:30
მიღების თარიღი თებერვალი 10, 2022
შპს „ატას“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ატამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/69, 11.01.2022) ავტორიზაციის შეჩერების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ატა“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას ითხოვს თავად ავტორიზებული პირი. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება.
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილებების თაობაზე ატყობინებს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე.
კომისია აღნიშნავს, რომ სტატისტიკური მონაცემების თანახმად 2021 წლის ნოემბრის თვეში შპს „ატას“ სახელზე ფიქსირდება 574 აქტიური აბონენტი, ასევე კომპანიას 2021 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 60.72 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ატას“ 2022 წლის 17 იანვარს გაეგზავნა წერილი (Nგ-21-03/76) ელექტრონულ მისამართზე და განესაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა აბონენტების (სულ 574) გაფრთხილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენისათვის და რეგულირების საფასურის დავალიანების გადასახდელად. კომპანიას ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია და დავალიანება არ დაუფარავს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „ატას“ (ს/კ231289977) კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/69, 11.01.2022);
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ატასთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ატასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „ატასთვის“ ჩაბარებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
