შპს ბლუ პლანეტ სოფთვეარ სოლუშენსის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2022 16:22
მიღების თარიღი დეკემბერი 08, 2022
შპს ბლუ პლანეტ სოფთვეარ სოლუშენსის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ბლუ პლანეტ სოფთვეარ სოლუშენსმა (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 7 აპრილს; ს.კ. № 445596748) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-7/3962, 31.10.22) ქ. ბათუმში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი № გ-22-03/2609, 08.11.22). კომისია აღნიშნავს, მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს ბლუ პლანეტ სოფთვეარ სოლუშენსის განცხადება (№ შ-22-7/3962,31.10.22) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს ბლუ პლანეტ სოფთვეარ სოლუშენსისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების შპს ბლუ პლანეტ სოფთვეარ სოლუშენსისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
