სს „თელასისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2022 15:06
მიღების თარიღი მარტი 10, 2022
სს „თელასისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „თელასმა“ (რეგისტრირებული დიდუბის რ-ის სასამართლოს მიერ, რეგ. N 2/5-86, 14/05/1995; ს.კ.№ 202052580) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-7/713, 17.02.22) 2021 წლის 5 მარტის № გ-21-13/108 გადაწყვეტილების შესაბამისი სიხშირული რესურსის (ქ. თბილისში ორი სიხშირული წყვილი) მინიჭების მოთხოვნით. სიხშირული წყვილები გათვალისწინებულია შიდა მოხმარების რადიოსარელეო ხაზის სადგურების ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სს „თელასის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი წინასწარ იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც სიხშირული რესურსის ერთი წლის ვადით - 2022 წლის 5 მარტიდან 2023 წლის 5 მარტამდე (2022 წლის 21 თებერვლის №22-10-301 სამსახურებრივი ბარათი) მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 1,287.4 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 21 თებერვალს სს „თელასს“ გაეგზავნა წერილი №გ-22-03/403, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 1,287.4 ლარი და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოედგინა 2022 წლის 24 თებერვლამდე. სს „თელასმა“ 2022 წლის 1 მარტს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 1,287.4 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან სს „თელასი“ კომისიის 2021 წლის 5 მარტის №გ-21-13/108 გადაწყვეტილებით მინიჭებულ სიხშირულ რესურსს ფლობდა 2022 წლის 5 მარტამდე და აღნიშნული რესურსის ხელახლა მინიჭებას ითხოვდა ახალი ვადით, ასევე ვინაიდან 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ კომისიის სხდომა გაიმართა 10 მარტს კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული რესურსის მინიჭება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 2022 წლის 5 მარტიდან, ერთი წლის ვადით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ 71 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს „თელასს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 2700 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, ერთი წლის ვადით - 2022 წლის 5 მარტიდან 2023 წლის 5 მარტამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. სს „თელასის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
4. დაევალოს სს „თელასს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სს „თელასისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ქ. სულიაშვილი) სს „თელასისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);
ბ) გადაწყვეტილების სს „თელასისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების სს „თელასისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
