„სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის (N გ-21-16/545, 30/09/2021) გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ შუამდგომლობის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 31, 2022 16:24
მიღების თარიღი მარტი 22, 2022
„სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის (N გ-21-16/545, 30/09/2021) გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ შუამდგომლობის განხილვის შესახებ
I. საქმის აღწერა
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში: „კომისია“) 2021 წლის 30 სექტემბერს მიიღო N16/545 გადაწყვეტილება „სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით დასაშვებად იქნა ცნობილი სს „სილქნეტის“ (№ შ-21-6/3168, 26.07.2021), შპს „მაგთიკომის“ (№ შ-21-6/3248, 30.07.2021), შპს „ახალი ქსელებისა“ (№ შ-21-6/3306,03.08.2021) და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ (№ შ-21-6/2257, 04.08.2021) საჩივრები შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით დაიწყო საქმის მოკვლევა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე.
2. 2021 წლის 30 სექტემბრის N16/545 გადაწყვეტილება ძალაში შევიდა მისი ვებ- გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან, 2021 წლის 6 ოქტომბრიდან. შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმის მოკვლევის 6 თვიანი ვადა იწურება 2022 წლის 6 აპრილს.
3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2021 წლის 31 დეკემბერს შემოვიდა მოპასუხე ეკონომიკური აგენტის, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/5, თარიღი: 10.01.2022), რომლითაც კომპანიამ დააყენა შუამდგომლობა დაევალოთ მომჩივან ეკონომიკურ აგენტებს წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია: 1. ყველა არაქართულ არხთან გაფორმებული ტრანზიტის ხელშეკრულება, შეთანხმება, მიმოწერა ან/და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც შეეხება ტრანზიტის შესახებ უფლებების, მათ შორის, არაქართულ ტელეარხებთან ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დადების, ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ შეთანხმება. 2. იმ პროდუქტების პაკეტური (სააბონენტო) ღირებულება რომელსაც სთავაზობენ მომხმარებელს.
II. ახსნა-განმარტების სხდომაზე წარმოდგენილი არგუმენტაცია
2022 წლის 18 მარტის ახსნა-განმარტების კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში: „სააგენტო“) წარმომადგენლები: სოფიო მომცელიძე, ირაკლი შაკიაშვილი და მედეა აკოლაშვილი, სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები: კახი ყურაშვილი, თეა ტყეშელაშვილი და ვენერა სუქნიძე, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები: ლევან გიორგაძე, გიორგი გაგნიძე, დავით ძიძიგური და ნიკოლოზ დავითაშვილი, შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი - ანდრია ლაშხი, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელი - ნანა შარაშენიძე, შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელი - ხათუნა ინჯია, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წარმომადგენლები: გიორგი სულაძე და თინათინ მურჯიკნელი, სს „მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენელი - სალომე ჭელიძე, შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელი - დაჩი ბერუჩაშვილი, შპს „ფორმულას“ წარმომადგენელი - ეთერ ქათამაძე და შპს „პოსტვ-ის“ წარმომადგენელი - ნინო ელოშვილი.
შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წარმომადგენელმა, თ. მურჯიკნელმა აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხის განხილვისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პრაქტიკას, რასაც მომჩივანები თავიანთ საქმიანობაში ახორციელებენ. მომჩივანი მხარეები მიიჩნევენ, რომ კონკურენციას უშლიან ხელს იმ ხელშეკრულებით, რომლითაც ქართულმა ტელეარხებმა უფლებები გადასცეს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, მაშინ, როცა მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, იმავე წესით ფორმდება ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებები უცხოურ ტელეკომპანიებთან და მიაჩნიათ, რომ ამ ინფორმაციის ქონა მნიშვნელოვანია და პირდაპირ კავშირში საკითხის გადასაწყვეტად და განსახილველად. მოპასუხეებმა სწორედ ამიტომ მოითხოვეს მომჩივანი ტრანზიტორი მაუწყებლებისგან არაქართულ ტელეარხებთან შეთანხმებები და მიმოწერა ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ. წარმომადგენელმა ასევე განმარტა შუამდგომლობის მეორე ნაწილის - პაკეტური (სააბონენტო) ღირებულების გამოთხოვის მიზეზი, იმ პროდუქტების, რომელსაც სთავაზობენ მომხმარებელს. მან აღნიშნა, რომ გაუგებარია, თუ რატომ აქვს მომჩივან მხარეს პრეტენზია ქართული მაუწყებლების მიერ ერთიანი პაკეტის შეთავაზებაზე, მაშინ როცა თავად სთავაზობენ მომხმარებელს ერთიან პაკეტს.
შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა, ა. ლაშხმა, გაიზიარა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წარმომადგენლის პოზიცია. მან აღნიშნა, რომ მომჩივან მხარეს, დიდი ალბათობით, ზუსტად იდენტური (როგორიც არის შპს „მედია რაითს ჯორჯიასა“ და აღნიშნულ მაუწყებლებს შორის) კონტრაქტები აქვთ გაფორმებული უცხოურ არხებთან. წარმომაგდენლის აზრით, საკითხის რელევანტურობის დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანია მოთხოვნილი ინფორმაციის გაცნობა, საიდანაც ცნობილი გახდება, თუ რატომ მიუთითებენ მომჩივანი მხარეები დარღვევაზე შპს „მედია რაითს ჯორჯიასა“ და ქართულ არხებთან მიმართებით ამგვარი ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობაზე და ეს რატომ არ არის დარღვევა მათ მიერ გაფორმებულ სხვა ხელშეკრულებებში. წარმომადგენლის განცხადებით, პირობები მათთვის ცნობილი არ არის, მაგრამ რამდენიმე არხის ერთ პაკეტად მიწოდება, რასაც მხარე ფასის დადგენას და კარტელის ჩამოყალიბებას უწოდებს, არის ზოგადი პრაქტიკა არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო, მსოფლიო ბაზარზე. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია სჭირდებათ მტკიცებულებებად, მოპასუხე კომპანიების მიერ განხილვის ეტაპზე დასაბუთებული პოზიციის წარმოსადგენად.
შპს „პოსტ ტვ“-ს წარმომადგენელმა, ნ. ელოშვილმა აღნიშნა, რომ ეთანხმება შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლების პოზიციებს და დაამატა, რომ დაყენებული შუამდგომლობით მოთხოვნილი ინფორმაცია რელევანტურია იმისთვის, რომ წარმოჩინდეს, როგორი პრაქტიკაა საზღვარგარეთ, როგორ მუშაობენ მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიები საქართველოში უცხოურ არხებთან მიმართებაში და რამდენად შეიძლება პარალელის გავლება ქართული არხების შემთხვევასთან, ანუ რამდენად განსხვავებულად იქცევიან მოპასუხე მხარეები. წარმომადგენლის განცხადებით, შუამდგომლობით მოთხოვნილი ინფორმაცია დაეხმარება მოპასუხეებს ბაზარზე არსებული საუკეთესო პრაქტიკის განსაზღვრაში.
შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა, ლ. გიორგაძემ, აღნიშნა, რომ ერთი სუბიექტისგან რამდენიმე არხის გაყიდვის პრეცენდენტები არსებობს, ეს სიახლეს არ წარმოადგენს და მისი დადასტურება შუამდგომლობის გარეშეც შეიძლება, მაგრამ ეს დავის საგანთან პირდაპირ კავშირში არ არის, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში სუბიექტი სავალდებულო წესით არ აყენებს პირობას, რომ თუ მაუწყებლობის ტრანზიტორი რამდენიმე არხს არ იყიდის, არცერთ არხს არ გაყიდის. ამ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეების შეთანხმება ამ სახით არის ჩამოყალიბებული, რომელიც ეწინააღმდეგება კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს. მათ შექმნეს ერთიანი პაკეტი, რომლის განცალკევება არ ხდება. ასევე აღნიშნა, რომ თუნდაც კარტელური გარიგების ნიშნები გამოიკვეთოს შუამდგომლობით გამოთხოვილი ხელშეკრულებებიდან, ეს ამ დავის საგანთან კავშირში არ არის, ამიტომაც მისი აზრით შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თ. მურჯიკნელმა და ა. ლაშხმა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის, ლ. გიორგაძის მოსაზრების მოსმენის შემდეგ, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი არგუმენტაცია და აღნიშნეს, რომ არხების ერთობლივად გაყიდვის პრეცედენტის არსებობის შესახებ, ზეპირსიტყვერად ცნობილია და რომ სწორედ არხების ერთობლივად გაყიდვის პრეცედენტის არსებობაში დასარწმუნებლად სურთ ამ ინფორმაციის გამოთხოვა. ამასთან, თ. მურჯიკნელმა აღნიშნა, რომ მომჩივან მხარეს არ მიუმართავს და არ უკითხავს შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“ არხების ცალკეულად გაყიდვის შესახებ. ა. ლაშხმა კიდევ ერთხელ დააზუსტა შუამდგომლობის მიზნობრიობა და აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით ჭეშმარიტების დასადგენად აუცილებელია მისი ყოველმხრივ გამოკვლევა. მისი განცხადებით, ასეთია საერთაშორისო პრაქტიკა და სხვაგვარად შეუძლებელია ამ ტიპის ბიზნესის წარმოება და მიიჩნევს, რომ იმ დოკუმენტებში თუ აღმოჩნდა, რომ სტრუქტურა ისეა გამართული, როგორც მოპასუხეთა შემთხვევაში, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ამ ტიპის ურთიერთობა მაუწყებლებს შორის არის არა კარტელური გარიგება, არამედ სართაშორისო პრაქტიკა;
ხ. ინჯიამ, შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თუ იხილება კონკრეტული კარტელური გარიგება, უნდა შეფასდეს კონკრეტული კარტელური გარიგების შინაარსი და გაირკვეს, არის თუ არა ამ გარიგებაში კარტელის თვისებები. რაც შეეხება სხვა გარიგებასთან მიმართებაში ამ დასკვნების გაკეთებას, მისი აზრით, ეს არ წარმოადგენს მიმდინარე დავის საგანს, თუმცა ეს შედეგის მომტანი იქნებოდა უკვე მიღებული და ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებების პრაქტიკის ანალიზისთვის. რომელიმე სხვა გარიგებასთან მიმართებაში არსებული პრაქტიკის ანალიზი, თუნდაც საერთაშორისო პრაქტიკის, ლოგიკური იქნებოდა კონკრეტულ დავასთან მიმართებაში, მაგრამ კონკრეტულ დავასთან მიმართებაში მსჯელობა იმაზე, სხვა გარიგებებში არის თუ არა კარტელის ნიშნები, ეს ამ დავის ფარგლებს სცდება და სამართლებრივად არასწორია.
გარდა ამისა, შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ზ) პუნქტში (შესაბამისი ბაზარი), არის განმარტება - „ზ) შესაბამისი ბაზარი – საქონლის, ურთიერთჩანაცვლებადი საქონლის ან მომსახურების მიმოქცევის სფერო გარკვეულ ტერიტორიაზე, რომლის საზღვრებიც დგინდება საქონლის/მომსახურების შეძენის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით და შეიძლება მოიცავდეს საქართველოს მთელ ტერიტორიას, საქართველოს ტერიტორიის ნაწილს ან საქართველოს მთელ ტერიტორიას ან მის ნაწილს სხვა ქვეყნის ტერიტორიასთან ან მის ნაწილთან ერთად“. მან განმარტა, რომ საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე, ქართული მაუწყებლების მიერ შექმნილ ბაზარზე და არა უცხოურ ბაზარზე და კონტენტზე, რომელიც არ არის ქართული კონტენტის ჩამნაცვლებელი.
ბოლოს შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, მას არანაირი შემხებლობა არ აქვს მოცემულ დავასთან და არც იმ სამართლებრივ სივრცეში იმყოფებიან, რომ იმსჯელონ, უცხოურ კონტენტთან მიმართებაში არის თუ არა კარტელის ნიშნები კონკრეტულ ხელშეკრულებაში;
თ. ტყეშელაშვილმა, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა გაიზიარა შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ახალი ქსელების“ პოზიციები და დამატებით აღნიშნა, რომ მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიები კომუნიკაციების კომისიაში მაუწყებლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს რეგულარულად წარადგენენ და კომისიას საჭიროების შემთხვევაში მათი გაცნობის შესაძლებლობა აქვს. ასევე, დაამატა, რომ აღნიშნული დავის ფარგლებში აბსოლუტურად არარელევანტურია მოპასუხეების მხრიდან შუამდგომლობით დაყენებული ინფორმაციის მოთხოვნა.
სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი ვ. სუქნიძეც დაეთანხმა მომჩივანი მხარეების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და ასევე, გაიზიარა თ. ტყეშელაშვილის მოსაზრება და დამატებით აღნიშნა, რომ ფასიანი ტრანზიტის შემთხვევაში რამდენს და ვის როგორ უხდის ტრანზიტორი კომპანია არანაირი კავშირი არ აქვს დავის საგანთან. წარმომადგენლის აზრით, ამ შემთხვევაში კომისიამ უნდა შეაფასოს კონკრეტული ხელშეკრულება, რომელიც მომჩივანთა აზრით, ცალსახად შეიცავს კონკურენციის შესახებ არსებული კანონმდებლობის დამრღვევ დებულებას.
ს. მომცელიძემ, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ერთიან პაკეტად არხების გადაცემა არის თუ არა დაშვებული საერთაშორისო პრაქტიკა და ამ მიმართულებით საქმიანობენ თუ არა უცხოური კომპანიები, ეს შეიძლება იყოს ინტერესის საგანი მხოლოდ ბაზრის ფუნქციონირების პრინციპებში გასარკვევად. მას მიაჩნია, რომ დავის საგანს არცერთ შემთხვევაში არ შეცვლის და არც უნდა შეცვალოს უცხოურ არხებთან სავარაუდო კარტელური შეთანხმების არსებობა - არ არარსებობამ. ზოგადი გარემოს გაცნობისთვის და ზოგადად, უცხოეთში არსებული პრაქტიკის შესახებ წარმოდგენის შექმნისთვის, არის თუ არა ეს დაშვებული სტანდარტი, შეიძლება რელევანტური იყოს აღნიშნულ ხელშეკრულებებზე წვდომა და ამ ინფორმაციაზე შესწავლა.
III. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება, ამ კანონით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.
2. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო.
3. „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტო ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით უფლებამოსილია: ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული ოპერაციის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის.
4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია/კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული ოპერაციის შესახებ ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა კომისიის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის.
5. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-15 მუხლის მიხედვით, საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისია იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაგრძელდეს 18 თვემდე. კომისია გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე იღებს გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების შესახებ.
საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელება
„სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის (N გ-21-16/545, 30/09/2021) გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევას საფუძვლად უდევს ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ ეკონომიკურ აგენტებს შორის დავა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე კომისია პირველად ახორციელებს საქმის მოკვლევას. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით საქმე პრეცედენტულია და არაერთი მნიშვნელოვანი შინაარსობრივი სტანდარტის ჩამოყალიბებას საჭიროებს. შემდგომი (ე. წ. ex-post) კონკურენციის სამართლის სფეროში შინაარსობრივი სტანდარტების შემუშავების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და გაანალიზება. გარდა ამისა, მიმდინარე საქმის მოკვლევის პროცესში უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროს იმ ბაზრების მონაცემები, რომლებიც კავშირშია მაუწყებლობის ტრანზიტთან. ამ თვალსაზრისით მოკვლევა საჭიროებს კომისიის რეგულირებას მიკუთვნებული ორივე სფეროს მონაცემების ანალიზს, რაც კიდევ უფრო ზრდის საკითხის კომპლექსურობას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიმდინარე საქმის მოკვლევა ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოს გაწევას საჭიროებს. შესაბამისად, საქმის სრულყოფილი მოკვლევისათვის საკმარისი არ არის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადა.
როგორც აღინიშნა, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“მე-1 5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაგრძელდეს 18 თვემდე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე იღებს გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების შესახებ. დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით კომისია მიიჩნევს, რომ საქმის სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია „სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის (N გ-21-16/545, 30/09/2021) გადაწყვეტილებით დაწყებული საქმის მოკვლევის ვადა გაგრძელდეს 12 თვემდე.
შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ შუამდგომლობა
როგორც აღინიშნა, კომისიაში შემოვიდა მოპასუხე ეკონომიკური აგენტის, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/5, თარიღი: 10.01.2022), რომლითაც კომპანიამ დააყენა შუამდგომლობა დაევალოთ მომჩივან ეკონომიკურ აგენტებს წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია: 1. ყველა არაქართულ არხსა და მათ შორის არსებული ტრანზიტის ხელშეკრულება, შეთანხმება, მიმოწერა ან/და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც შეეხება ტრანზიტის შესახებ უფლებების, მათ შორის, არაქართულ ტელეარხებთან ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დადების, ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ შეთანხმებას. 2. პაკეტური (სააბონენტო) ღირებულება იმ პროდუქტებისა, რომელსაც სთავაზობენ მომხმარებელს.
როგორც აღინიშნა, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია/კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული ოპერაციის შესახებ ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა კომისიის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის.
„სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს„ ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის (N გ-21-16/545, 30/09/2021) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, მიმდინარე საქმის მოკვლევა დაწყებულია შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე.
ამრიგად, შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და ინფორმაციის გამოთხოვისათვის აუცილებელია დასაბუთებული იყოს, რომ ინფორმაცია რელევანტურია შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტის დასადასტურებლად ან გასაქარწყლებლად.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომისია „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე პირველად ახორციელებს საქმის მოკვლევას და შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემდგომი(ე. წ. ex post) კონკურენციის სამართლის სფეროში შინაარსობრივი სტანდარტების, არსებული პრაქტიკის და ბიზნეს მოდელების შესწავლა, იმ მიზნით, რომ კომისიამ სწორად განსაზღვროს და შეაფასოს: თუ რა ძირითად ეკონომიკურ პრინციპებს ემყარება მაუწყებლობის ტრანზიტის მიმწოდებელ კომპანიებსა და მაუწყებლებს შორის ურთიერთობა და რა პირობებშია დაშვებული სტანდარტი ერთიან პაკეტად არხების გადაცემა. ეს დაეხმარება კომისიას მოკვლევის პროცესში სწორად განსაზღვროს შესაბამისი ბაზარი და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრები. აღნიშნული მნიშვნელოვანია კომისიის მხრიდან მოხდეს საკითხის სრულად, ყოველმხრივ შესწავლა და გამოკვლევა, რომ სწორად შეაფასოს ის სამართლებრივ-ეკონომიკური ურთიერთობის ფარგლები, რომელშიც ექცევა აღნიშნული სადავო საკითხი.
კომისიამ განიხილა მხარეთა მიერ 2022 წლის 18 მარტის სხდომაზე წარმოდგენილი არგუმენტაცია და მოსაზრებები, ასევე, შეაფასა კომისიის მიერ მოკვლევის ამ ეტაპისთვის გამოკვეთილი საჭიროებები მხარეების მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაციის თვალსაზრისით.
ა) შუამდგომლობა არაქართულ ტელეარხებთან ფასიანი ტრანზიტის შესახებ დოკუმენტაციის გამოთხოვის ნაწილში
როგორც აღინიშნა, შპს „მედია რაითს ჯორჯია“ ითხოვს დაევალოთ მომჩივან ეკონომიკურ აგენტებს წარმოადგინონ ყველა არაქართული არხსა და მათ შორის არსებული ტრანზიტის ხელშეკრულება, შეთანხმება, მიმოწერა ან/და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც შეეხება ტრანზიტის შესახებ უფლებების, მათ შორის, არაქართულ ტელეარხებთან ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დადების, ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ შეთანხმებას. კომისიამ მხარეთა მიერ 2022 წლის 18მარტის სხდომაზე წარმოდგენილ არგუმენტაციასთან და მოსაზრებებთან ერთად, შეაფასა კომისიის მიერ საქმის მოკვლევის ამ ეტაპისთვის გამოკვეთილი საჭიროებები მხარეების მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაციის თვალსაზრისით. შედეგად, გამოიკვეთა, რომ დავის ფარგლებში უნდა იქნას მოკვლეული მაუწყებლებსა და მაუწყებლობის ტრანზიტორ კომპანიებს შორის ურთიერთობის ეკონომიკურ-სამართლებრივი მოდელები. ამასთან, დავაში მონაწილე ეკონომიკური სუბიექტების სახელშეკრულებო პირობებით გათვალისწინებული თანამშრომლობის პრინციპები სხვა ქვეყნების მაუწყებლებთან, მათ შორის მაუწყებლობის ტრანზიტის უფლებების ერთობლივად გადაცემის და ფასწარმოქმნის ნაწილში, შესაძლოა უკავშირდებოდეს სწორედ ზემოთ მოყვანილი ეკონომიკურ-სამართლებრივი მოდელების შესწავლას და დადგენას. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების შესწავლა მნიშვნელოვანია მიმდინარე საქმის მოკვლევისას მისი უფლებამოსილების შესრულებისათვის.
ამასთან, კომისია იზიარებს მომჩივანი ეკონომიკური აგენტების წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მომჩივან ეკონომიკურ აგენტების არაქართული არხების ტრანზიტთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, მათ შორის, თუნდაც მათი კონკურენციის საწინააღმდეგო ხასიათი არ არის და ვერ გახდება მიმდინარე საქმის მოკვლევის ობიექტი. ამ ხელშეკრულებებში რაიმე შესაძლო კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილი იქნება დაიწყოს ცალკე წარმოება/მოკვლევა შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. უფრო მეტიც, აღნიშნულ ხელშეკრულებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის აღმოჩენა თავისთავად ვერ გახდება მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მიერ ჩადენილი შესაძლო სამართალდარღვევის გამომრიცხველი.
კომისია, ასევე, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლის დასახელებული არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე მოკვლევა შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე, ქართული მაუწყებლების მიერ შექმნილ ბაზარს და უცხოური ბაზარი და კონტენტი არ უნდა იქნას განხილული ქართული კონტენტის ჩამნაცვლებლად.
კომისია მიიჩნევს, რომ წინამდებარე მოკვლევის ფარგლებში უნდა მოხდეს ბაზრის ყოველმხრივ შესწავლა, მათ შორის, დადგინდეს შესაბამისი ბაზარი და ურთიერთჩანაცვლებადი საქონელი და მომსახურება. კომისია მიიჩნევს, რომ ქართული და უცხო ქვეყნის სატელევიზიო არხების საქართველოში მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებები, შესაძლოა, სხვადასხვა ბაზარს მიეკუთვნებოდეს, თუმცა, ამ ბაზრებზე არსებული მსგავსი სამართლებრივი და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მათი ყოველმხრივ შესწავლა და გაანალიზება, მათ შორის, თანამშრომლობის პრინციპების მაუწყებლობის ტრანზიტის უფლებების ერთობლივად გადაცემის და ფასწარმოქმნის ნაწილში, რომელსაც უკავშირდება მიმდინარე დავა მაუწყებლების მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის შესახებ.
ბ) შუამდგომლობა მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების პაკეტური (სააბონენტო) ღირებულების გამოთხოვის ნაწილში
შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/5, თარიღი:10.01.2022) ასევე დააყენა შუამდგომლობა მეორე საკითხზე: დაევალოთ მომჩივან ეკონომიკურ აგენტებს წარმოადგინონ პაკეტური (სააბონენტო) ღირებულება იმ პროდუქტებისა, რომელსაც სთავაზობენ მომხმარებელს.
მხარეთა მიერ ახსნა-განმარტების სხდომაზე წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიუთითებს, რომ მიმდინარე დავის გადასაწყვეტად აუცილებელია შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ შუამდგომლობაში მითითებული მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების პაკეტური (სააბონენტო) ღირებულების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა. მოპასუხე ეკონომიკური აგენტებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება იქნას განხილული ანალოგიად მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ საბოლოო აბონენტებისთვის და ქართული მაუწყებლების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის ერთიანი პაკეტის შეთავაზება. ამასთან, კომისიის მხრიდანაც კვლევის ამ ეტაპისთვის არ არის გამოკვეთილი თუ რა მონაცემები გახდება კვლევისთვის საჭირო, თუმცა კომისია მიიჩნევს, რომ საქმის მოკვლევის ფარგლებში შესაბამისი ბაზრის ანალიზის პროცესში შესაძლოა გამოიკვეთოს ამ ინფორმაციის საჭიროება. ასეთ შემთხვევაში კომისია მიმართავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ხსენებული ინფორმაციის მოსაპოვებლად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ შუამდგომლობა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-18 მუხლის, 31-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-6 და მე-15 მუხლების გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. „სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტივის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის (N გ-21-16/545, 30/09/2021) გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევის ვადა გაგრძელდეს 12 თვემდე.
2. დაკმაყოფილდეს მოპასუხე ეკონომიკური აგენტის შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ შუამდგომლობა (Nშ-22-6/5, 10.01.2022) მომჩივანი ეკონომიკური აგენტებისაგან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ყველა არაქართულ არხსა და მათ შორის არსებულ ტრანზიტის ხელშეკრულებას, შეთანხმებას, მიმოწერას ან/და ნებისმიერ სხვა დოკუმენტს მაუწყებლობის ტრანზიტის შესახებ უფლებების, მათ შორის, არაქართულ ტელეარხებთან ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დადების, ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ შეთანხმების თაობაზე.
3. არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე ეკონომიკური აგენტის შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ შუამდგომლობა (Nშ-22-6/5, 10.01.2022) მომჩივანი ეკონომიკური აგენტებისაგან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მომჩივანი ეკონომიკური აგენტების მაუწყებლობის ტრანზიტის სამომხმარებლო პროდუქტების პაკეტურ (სააბონენტო) ღირებულებას.
4. დაევალოთ მომჩივან ეკონომიკურ აგენტებს 2022 წლის 22 აპრილის ჩათვლით წარმოადგინონ ყველა არაქართულ არხსა და მათ შორის არსებული მაუწყებლობის ტრანზიტის ხელშეკრულება სრულად, აგრეთვე შეთანხმება, მიმოწერა ან/და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება არაქართული არხების მაუწყებლობის ტრანზიტს;
5. განემარტოთ მომჩივან ეკონომიკურ აგენტებს, რომ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) დადგენილ ვადაში მიუწოდებლობამ, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება.
6. გადაწყვეტილება ძალაშია მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადების მომენტიდან.
7. გადაწყვეტილება (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4, პუნქტებისა) ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
8. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
