წვდომის მენიუ

შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიმართ შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-22-16 / 328

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2022 13:38

მიღების თარიღი ივლისი 28, 2022

შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიმართ შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრის განხილვის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში-კომისია)  შპს,,სერვისბოქსმა“ შპს,,ვიონი საქართველოს“ წინააღმდეგ საჩივრით მიმართა (N შ-22-6/2393;21.06.2022). საჩივარში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 6 მაისს ,,სერვისბოქსმა“ წერილით მიმართა ,,ვიონი საქართველოს“ (იხ. საჩივარზე დანართი 2) და მოითხოვა ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებების დასრულებისთვის ,,ვიონი საქართველოს“ მიერ დადგენილი არადისკრიმინაციული პირობების მიწოდება წერილის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ამავე წერილით ,,სერვისბოქსმა“ ,,ვიონი საქართელოს“ განუმარტა, რომ მათ შორის დადებული 2022 წლის 21 მარტის N82/22 ხელშეკრულების (იხ. საჩივარზე დანართი 1– შპს„სერვისბოქსისა“   და   შპს  „ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 21 მარტის N 82/22მომსახურების ხელშეკრულება) ფარგლებში ,,ვიონი საქართველო“ უკვე უზრუნველყოფს ,,სერვისბოქსს“ ,,A2P“ ტექსტური შეტყობინების ტერმინაციით და შესაბამისად, მოცემული წერილის საფუძველზე ,,სერვისბოქსი“ ითხოვდა არა კვლავ ,,A2P“, არამედ ,,P2P“ ტექსტური შეტყობინების ტერმინაციას. ,,სერვისბოქსის“ 2022 წლის 6 მაისი წერილის პასუხად ,,ვიონი საქართველომ“ 2022 წლის 16 მაისის წერილით მხარეს შეატყობინა, რომ მათ შორის დადებული ხელშეკრულება უკვე ითვალისწინებს ,,P2P“ ტრაფიკსაც და მისი ღირებულება არის 0 ლარი (იხ. საჩივარზე დანართი 3 - შპს „ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 16 მაისის წერილი). „ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 16 მაისის წერილის პასუხად „სერვისბოქსმა“ მხარეს სთხოვა დაეზუსტებინა ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის ნულოვანი ტარიფი ვრცელდებოდა თუ არა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტრანზიტისთვის (იხ. საჩივარზე დანართი 4 - შპს „სერვისბოქსის“ 2022 წლის 16 მაისის წერილი), რასთან დაკავშირებითაც „ვიონი საქართველომ“ თავისი 2022 წლის 17 მაისის წერილით მხარეს განუმარტა, რომ ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის ნულოვანი ტარიფი ეხებოდა მხოლოდ ლოკალურ ტრაფიკს, ხოლო საერთაშორისო ,,P2P“ ტრაფიკის ნაწილში „ვიონი საქართველოს“ ყავს ტენდერის ფარგლებში შერჩეული ერთი პარტნიორი, რომელმაც თვითონ შესთავაზა „ვიონი საქართველოს“ ტარიფები და ინტერესის შემთხვევაში მიაწოდებდა „სერვისბოქსს“ ამ კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციას (იხ. საჩივარზე დანართი 5 - შპს „ვიონი საქართველოს“  2022  წლის 17 მაისის  წერილი).  შესაბამისად,  „ვიონი  საქართველომ“ მოცემული წერილით „სერვისბოქსს“ განუმარტა, რომ მას ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის საერთაშორისო ტრანზიტისთვის თავად არ აქვს დადგენილი შესაბამისი ტარიფები და ინტერესის შემთხვევაში „სერვისბოქსს“ სწორედ ამ კომპანიისთვის უნდა მიემართა, რომ შემდეგ სწორედ აღნიშნული კომპანიის მიერ „ვიონი საქართველოსთვის“ შეთავაზებული ტარიფებით ესარგებლა „ვიონი საქართველოს“ ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის საერთაშორისო ტრანზიტზე.

საჩივრის ავტორის განცხადებით, „სერვისბოქსმა“ 2022 წლის 20 მაისის წერილით კვლავ მიმართა „ვიონი საქართველოს“, აცნობა, რომ კომისიის 2022 წლის 5 მაისის Nგ-22-15/203 გადაწყვეტილებით მიენიჭა ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი შემდეგი ფორმატით: 029-00 (1856), ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე და ითხოვა, რომ „ვიონი საქართველოს“ უზრუნველეყო „სერვისბოქსის“ ურთიერთჩართვა ,,SS7“ სიგნალიზაციით ,,SIGTRAN“ ოქმის და კომისიის მიერ მონიჭებული სასიგნალო კოდის გამოყენებით (იხ. საჩივარზე დანართი 6 - შპს „სერვისბოქსის“ 2022 წლის 20 მაისის წერილი). „სერვისბოქსის“ 2022 წლის 20 მაისის პასუხად „ვიონი საქართველოს“ ერთ-ერთი საკონტაქტო პირმა 2022 წლის 23 მაისის წერილით განმარტა, რომ „სერვისბოქსსა“ და „ვიონი საქართველოს“ შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე უკვე არსებობს ,,SMPP“ტიპის ურთიერთჩართვა,  ხოლო მხარე ითხოვს  ,,SS7“   ტიპის ურთიერთჩართვას და ამავე „ხელშეკრულების“ 4.1.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ,,SS7“ ან/და ,,SMPP“ ტიპის შეერთებებს ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS დასრულების მომსახურებისთვის (იხ. საჩივარზე დანართი 7 - შპს„ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 23 მაისის წერილი და დანართი 1 – შპს „სერვისბოქსისა“ და შპს„ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 21 მარტის N 82/22 მომსახურების ხელშეკრულება).

,,სერვისბოქსი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ მან 2022 წლის 30 მაისის წერილით კვლავ მიმართა „ვიონი საქართველოს“ და შეახსენა, რომ ,,SS7“ ტიპის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ „სერვისბოქსის“ მოთხოვნაზე პასუხი არ ჰქონდა დაბრუნებული (იხ. საჩივარზე დანართი N8 - შპს „სერვისბოქსის“ 2022 წლის 30 მაისის წერილი), რასთან დაკავშირებითაც „ვიონი საქართველოს“ იურიდიული სამსახურის უფროსმა ი. ესართიამ თავის 2022 წლის 1 ივნისის წერილით „სერვისბოქსს“ განუმარტა, რომ „სერვისბოქსი“ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში უკვე სარგებლობს ,,SMPP“ ტიპის ურთიერთჩართვით (იხ. საჩივარზე დანართი 9 - შპს „ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 1 ივნისის წერილი). შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ „სერვისბოქსი“ მხარეთა შორის არსებული და წინამდებარე საჩივრის დანართებით წარმოდგენილი წერილობითი თუ ელექტრონული კორესპონდენციის საფუძველზე „ვიონი საქართველოს“ მიმართავდა თხოვნით, რომ მას „სერვისბოქსისთვის“ უზრუნველეყო ,,A2P“ და ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის ურთიერთჩართვა ,,SS7“ პროტოკოლის ,,SIGTRAN“ ინტერფეისით, „ვიონი საქართველო“ კვლავ მიუთითებდა და მიუთითებს ,,SMPP“ ტიპის ურთიერთჩართვაზე, რომელიც მისი განმარტებით „სერვისბოქსს“ უკვე მიეწოდება, თუმცა არ ითვალისწინებს, რომ ,,SS7“ ტიპის ურთიერთჩართვა, რომელსაც „სერვისბოქსი“ ითხოვს და ,,SMPP“ ტიპის ურთიერთჩართვა, რომელიც „სერვისბოქსს“ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში უკვე მიეწოდება, წარმოადგენს ურთიერთჩართვის უზრუნველყოფას ორი სხვადასხვა და ერთმანეთისგან ტექნიკურად განსხვავებული პროტოკოლით.

საჩივარში აღნიშნულია, რომ ,,ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 1 ივნისის წერილის პასუხად „სერვისბოქსმა“ 2022 წლის 3 ივნისის წერილით კვლავ მიმართა „ვიონი საქართველოს“ და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უფლებებისა და ვალდებულებების ფარგლებში   კვლავ მოითხოვა მოცემული წერილის მიღებიდან „სერვისბოქსის“ დაუყონებლივ დაშვება „ვიონი საქართველოს“ ქსელის შესაბამის  ელემენტებთან  და  მათ  ფუნქციონალურ რესურსებთან  ,,SS7“  პროტოკოლით ,,SIGTRAN“ ინტერფეისის გამოყენებით, რათა სერვისბოქსს უზრუნველეყო შესაბამისი ტექსტური  შეტყობინებების  მომსახურების მიწოდება.  ამავე  წერილით  „სერვისბოქსმა“ „ვიონი საქართველოს“ განუმარტა, რომ თუ იგი არ უზრუნველყოფდა „სერვისბოქსისთვის“ ამავე წერილით მოთხოვნილი ურთიერთჩართვის მიწოდებას, იგი მიმართავდა კომისიას მოცემული პრობლემის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით (საჩივარზე დანართი 10 - შპს„სერვისბოქსის“    2022 წლის 3 ივნისის წერილი). „სერვისბოქსის“    მიერ    „ვიონი საქართველოსთვის“ წინამდებარე საჩივრით გათვალისწინებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, „ვიონი საქართველო“ დღემდე არ უზრუნველყოფს „სერვისბოქსისთვის“ აღნიშნული ურთიერთჩართვის მიწოდებას (იხ. საჩივარზე დანართი 11 - შპს „სერვისბოქსის“ 2022 წლის 9 ივნისის წერილი).

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ავტორიზებული პირის უფლებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს მოსთხოვოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება. „სერვისბოქსმა“ მოცემული მუხლის შესაბამისი ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში „ვიონი საქართველოს“ არაერთხელ მიმართა ურთიერთჩართვის მოთხოვნით. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, „სერვისბოქსმა“ ამ დრომდე ვერ შესძლო მისთვის მოცემული მუხლის შესაბამისი პუნქტით მინიჭებული უფლებით სარგებლობა. კერძოდ, „სერვისბოქსი“ „ვიონი საქართველოს“ მიერ მისთვის კანონით დადგენილ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად, დღემდე ვერ ახდენს „ვიონი საქართველოს“ შესაბამის ელემენტებთან ,,SS7“ პროტოკოლით ,,SIGTRAN“ ინტერფეისით ურთიერთჩართვით სარგებლობას ,,P2P“ და ,,A2P“ ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ „სერვისბოქსი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, ხოლო „ვიონი საქართველო“ წარმოადგენს ქსელის მფლობელ ავტორიზებიულ პირს, მას მოცემული მუხლის მიხედვით აქვს სრული უფლება „ვიონი საქართველოს“ მოსთხოვოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის  მიწოდება  და  მისგან  ასეთი  მომსახურება მიიღოს  შეუფერხებლად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ცხადყოფს, რომ ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის უფლება ურთიერთჩართვის მოთხოვნასთან დაკავშირებით არ არის დაუცველი და მოცემული პუნქტი, სწორედ მისი დაცვის სამართლებრივი ბერკეტია. იგი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს ავალდებულებს, რომ ავტორიზებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში მოახდინოს მისი დაშვება საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად, ურთიერთჩართვის პირდაპირი ან  არაპირდაპირი მიწოდებით.  „ვიონი   საქართველოს“   მიერ   ,,SS7“   პროტოკოლით ,,SIGTRAN“ ინტერფესით „სერვისბოქსისთვის“ ურთიერთჩართვის მიუწოდებლობა წარმოადგენს მოცემული მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას, რაც აფერხებს ,,სერვისბოქსს“, რომ მოახდინოს შესაბამისი ,,P2P“ და ,,A2P“ ტექსტური შეტყობინებების ტერმინაცია „ვიონი საქართველოს“ კუთვნილ ქსელში, ხოლო ,,A2P“ ტიპის ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის ნაწილში, „ვიონი საქართველოს“ მიერ ,,SS7“ პროტოკოლით ,,SIGTRAN“ ინტერფეისის გამოყენებით „სერვისბოქსისთვის“ ურთიერთჩართვის მიუწოდებლობა, აგრეთვე არღვევს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რომელიც მხარეებს ავალდებულებს, რომ მოცემული ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიღების/გაწევის ურთიერთჩართვის წერტილში ერთმანეთთან იქონიონ ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის ,,SMS“ დასრულების მომსახურებისთვის ,,SS7“ ან/და ,,SMPP“ ტიპის შეერთებები. მიუხედავად იმისა, რომ ,,A2P“ ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის მიზნით „ვიონი საქართველო“ ხელშეკრულების ფარგლებში უკვე უზრუნველყოფს „სერვისბოქსს“ ,,SMPP“ პროტოკოლის ურთიერთჩართვით, მოცემული მუხლის ამგვარი ჩანაწერით დგინდება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების მიზნებისთვის ,,SMPP“ და ,,SS7“ პროტოკოლებით ურთიერთჩართვა არ წარმოადგენს ერთმანეთის ალტერნატივას და მხარის მოთხოვნის შემთხვევაში მეორე მხარე ვალდებულია არა მხოლოდ ,,SMPP“ პროტოკოლით, არამედ ,,SS7“ პროტოკოლის გამოყენებითაც უზრუნველყოს მისთვის ურთიერთჩართვის მიწოდება.

საჩივარში აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით აგრეთვე საყურადღებოა ის, რომ კომისიის 2020 წლის 30 მარტის N გ-20-9/385 გადაწყვეტილების საფუძველზე მობილური ქსელით არასტანდარტული სახის (Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ერთ-ერთ ავტორიზებულ პირად განსაზღვრულია „ვიონი საქართველო“, რაც გარდა კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტითა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა, აგრეთვე ავალდებულებს მას, რომ უზრუნველყოს მსურველი ავტორიზებული პირისთვის ზემოაღნიშნულ სეგმენტთან დაკავშირებული ურთიერთჩართვის მიწოდება მოთხოვნილი მახასიათებლებითა და პროტოკოლით.  გათვალისწინებით   იმისა, რომ „ვიონი საქართველომ“,   მიუხედავად „სერვისბოქსის“ არაერთი მოთხოვნისა, არ მოახდინა მისთვის წინამდებარე საჩივრით გათვალისწინებული ურთიერთჩართვის მიწოდება, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ „ვიონი საქართველომ“ დაარღვია როგორც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებული ვალდებულება, აგრეთვე ხელშეკრულების 4.1.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული ვალდებულებები. აღნიშნული კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ავალდებულებს ავტორიზებულ პირებს, რომ მათ მსურველი ავტორიზებული პირებისთვის მოთხოვნილი ურთიერთჩართვა უზრუნველყონ არადისკრიმინაციულად. გათვალისწინებით იმისა, რომ „ვიონი საქართველო“ თავის 2022 წლის 17 მაისის წერილით „სერვისბოქსს“ განუმარტავს, რომ იგი უკვე აწოდებს სხვა კომპანიას ურთიერთჩართვას საერთაშორისო ,,P2P“ ტრაფიკის ნაწილში (იხ. საჩივარზე დანართი 5 - შპს „ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 17 მაისის წერილი), შესაბამისად დგინდება „ვიონი საქართველოს“ მიერ „სერვისბოქსის“ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, ვინაიდან „სერვისბოქსი“დღემდე ვერ სარგებლობს ,,SS7“ პროტოკოლის გამოყენებით ,,SIGTRAN“ ინტერფეისით „ვიონი საქართველოსთან“ ურთიერთჩართვის უფლებით, მათ შორის საერთაშორისო ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის მიზნით.

საჩივარში მითითებულია, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკურენციის რეგულირების მიზნებისთვის კომისიის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს  „სერვისბოქსმა“ ითხოვს:

1.დაეკისროს  შპს  „ვიონი  საქართველოს“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობა შპს„სერვისბოქსისთვის“ ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევისთვის, რაც გათვალისწინებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით.

2. დაევალოს შპს„ვიონი საქართველოს“ შპს „სერვისბოქსისთვის“ ,,SS7“ პროტოკოლით ,,SIGTRAN“ ინტერფეისით ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა ,,P2P“ და ,,A2P“ ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის მიზნით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციულად.

კომისიის 2022 წლის 30 ივნისის Nგ-22-16/292 გადაწყვეტილებით შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივარი შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიმართ განსახილველად იქნა მიღებული იმ ნაწილში, რომელიც ეხება შპს „სერვისბოქსის“ მოთხოვნას: ა) შპს ,,ვიონი საქართველოს“ დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევისთვის. ბ) დაევალოს შპს,,ვიონი საქართველოს“ შპს „სერვისბოქსისთვის“ ,,SS7“ პროტოკოლით ,,SIGTRAN“ ინტერფეისით ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის მიზნით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად.

2022 წლის 11 ივლისს შპს ,,ვიონი საქართველომ“ კომისიაში წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება (შ-22-6/2599), სადაც განმარტავს, რომ შპს ,,ვიონი საქართველოს“ არ დაურღვევია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთჩართვის ვალდებულება, ვინაიდან, შპს ,,ვიონი საქართველოსა“ და შპს ,,სერვისბოქსს“ შორის 2022 წლის 21 მარტიდან უკვე არსებობს  ,,SMPP“ სტანდარტის ურთიერთჩართვა,  რომელიც  საშუალებას  აძლევს  შპს,,სერვისბოქსს“ შეუზღუდავად დაასრულოს შპს,,ვიონი საქართველოს“ ქსელში ,,P2P“ და,,A2P” მოკლე ტექსტური შეტყობინენები. შპს,,ვიონი საქართველო“ აღნიშნავს, რომ ,,SMPP“ სტანდარტის ურთიერთჩართვა უზრუნველყოფს მოკლე ტექსტური შეტყობინენების გადაცემის უფრო მაღალ სიჩქარეს ვიდრე ,,SS7“ ტიპის ინტერფეისით ურთიერთჩართვა. აგრეთვე, ,,SMPP“ შეერთება ხდება ,,SMS Firewall”-თან, რაც ,,SS7“ ტიპის ინტერფეისით ურთიერთჩართვისგან განსხვავებით საშუალებას აძლევთ  აკონტროლონ მოკლე ტექსტური შეტყობინენები ,,P2P“ კატეგორიისაა თუ ,,A2P” კატეგორიისაა, საერთაშორისოა თუ ლოკალური, რომელი ოპერატორისაგანაა გენერირებული აღნიშნული ტრაფიკი, ხომ არ განხორციელდა ,,A” ნომრის ცვლილება და სხვ. ყოველივე აღნიშნული, შპს ,,ვიონი საქართველოს“ აძლევს საშუალებას აკონტროლოს  და შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა, რაც ავტორიზებული პირის კანონისმიერი ვალდებულებაა. შპს ,,ვიონი საქართველო“ განმარტავს, რომ იმ დროს, როდესაც შპს,,ვიონი საქართველოსა“ და შპს,,სერვისბოქსს“ შორის უკვე არსებობს ,,SMPP“ სტანდარტის ურთიერთჩართვა, რაც ამ უკანასკნელს აძლევს საშუალებას შპს ,,ვიონი საქართველოს“ ქსელში დაასრულოს ,,P2P“ და ,,A2P” მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შპს ,,სერვისბოქსის“ დაჟინებული მოთხოვნა, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულებისთვის სჭირდება ,,SS7“ პროტოკოლის ტიპის შეერთება, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, ხომ არ გეგმავს მხარე ,,P2P“ და ,,A2P” მოკლე ტექსტური შეტყობინებების ტრაფიკის მანიპულაციებს და ,,SS7“ პროტოკოლის ტიპის შეერთების მეშვეობით ფროდული ტრაფიკის დასრულებას. შპს ,,ვიონი საქართველო“ განმარტავს, რომ მისი მხრიდან არ ვლინდება არანაირი დისკრიმინაცია, ვინაიდან მხარეებს შორის არსებობს ურთიერთჩართვა, რომელიც შპს ,,სერვისბოქსს“ საშუალებას აძლევს შპს,,ვიონი საქართველოს“ ქსელში დაასრულოს ნებისმიერი ტიპის მოკლე ტექსტური შეტყობინება, ხოლო ურთიერთჩართვის ტიპი, მაშინ, როდესაც მხარეებს შორის უკვე გამართულია და ფუნქციონირებს ურთიერთჩართვა და შპს,,სერვისბოქსს“ აქვს საშუალება მიიღოს ურთიერთჩართვის მომსახურება ყოველგვარი შეზღუდვისა და ზედმეტი დანახარჯების გარეშე, ვერ იქნება მიჩნეული დისკრიმინაციად.

2022 წლის 12 ივლისს შპს ,,ვიონი საქართველომ“ კომისიაში წარმოადგინა დამატებითი წერილობითი ახსნა-განმარტება (შ-22-6/2617), სადაც აღნიშნულია, რომ 2022 წლის მაისის თვეში შპს,,სერვისბოქსის“ მიერ შპს ,,ვიონი საქართველოს“ ქსელში დამისამართებულ იქნა 62841 ერთეული ,,A2P” მოკლე ტექსტური შეტყობინება, ხოლო ივნისის თვეში - 95910 ცალი. ასევე, წარმოადგინა ინფორმაცია იმ ავტორიზებული პირების შესახებ, რომლებმაც 2022 წლის ივნისის თვეში ,,SMPP” შეერთების საშუალებით ,,ვიონი საქართველოს“ ქსელში დაასრულა სტანდარტული ,,P2P”  მოკლე ტექსტური შეტყობინებები: ,,სითი ტელეკომი“ –4498 სმს; ,,სილქნეტი“ – 10373 სმს; ,,ინტელფონი“ – 6789 სმს; ,,ლაგი“ – 39563 სმს; ,,ტელეკომ 1“ – 6500 სმს.

შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრის განხილვა გაიმართა კომისიის 2022 წლის 14 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „სერვისბოქსის“ წარმომადგენლები დ. ჯიქია და გ. სანებლიძე, ასევე შპს ,,ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი. ესართია.

კომისიის სხდომაზე, შპს ,,სერვისბოქსის“ წარმომადგენელმა დ. ჯიქიამ აღნიშნა, რომ შპს,,ვიონი საქართველოს“ „სილქნეტთან“ და „მაგთიკომთან“ აქვს ,,SS7” პროტოკოლის ურთიერთჩართვა და ,,სერვისბოქსი“ დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია, ვინაიდან, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე და პატარა ოპერატორები ერთნაირ პირობებში  უნდა იყვნენ  ურთიერთჩართვის  პროცესში.  შპს  ,,ვიონი საქართველოს“,  სს„სილქნეტის“ და შპს „მაგთიკომის“ გარდა, ,,SS7” პროტოკოლით ურთიერთჩართვა აქვს კომპანია ,,ეარსისტემსთანაც“, ხოლო, მისთვის უცნობია რა პროტოკოლით აქვს ურთიერთჩართვა ,,GMS“-სთან, რომელთანაც ექსკლუზიური ხელშეკრულება აქვს დადებული. თუ შპს ,,ვიონი საქართველო“, როგორც თვითონ აცხადებს, ,,SS7” პროტოკოლის ურთიერთჩართვით ტრაფიკს  ვერ აკონტროლებს, გამოდის, რომ „სილქნეტთან“ და „მაგთიკომთან“, რომლებთანაც წლებია ,,SS7“ პროტოკოლით არიან ჩართულები, უკონტროლო აქვს მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების ტრაფიკი და უშვებს გაურკვეველი ტრაფიკის შესვლას ქსელში. ,,ვიონი საქართველო“ აცხადებს, რომ „სილქნეტმა“ და „მაგთიკომმა“ დაავალდებულეს მე-7 სიგნალიზაციით ჩართვა, შესაბამისად, ჩნდება კითხვა რატომ  დაავალდებულა „სილქნეტმა“ და „მაგთიკომმა“  „ვიონი  საქართველო“    ჩართულიყო  ,,SS7”    პროტოკოლით   თუ ის მოძველებულია და უკონტროლოა? „სილქნეტსა“ და „მაგთიკომს“ სურთ ვერ აკონტროლონ SMS-ები? ,,ვიონი საქართველოს“ არგუმენტი აბსურდულია, მას ისევე უნდა ჰქონდეს კონტროლის   მექანიზმები,   როგორც   სხვა   კომპანიებს.   დ.  ჯიქიამ   განმარტა,   რომ ,,მაგთიკომთან“ და ,,სილქნეტთან“ ჩართული არიან ,,SS7“ სიგნალიზაციით და სურვილი აქვთ შპს,,ვიონი საქართველოსთანაც“ ამ პროტოკოლით ჩართვა, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ,,SMPP” პროტოკოლით ურთიერთჩართვა ვერ უზრუნველყოფს პარტნიორთა მიერ მოთხოვნილ ტექნიკურ მოთხოვნებს, რის გამოც პარტნიორებისგან ისმენს პრეტენზიებს. პარტნიორთა მოთხოვნაა, რომ ,,სერვისბოქსს, ჰქონდეს ,,SS7” პროტოკოლით შეერთება, რომელსაც, ,,SMPP” პროტოკოლით ურთიერთჩართვისგან განსხვავებით, გააჩნია ე.წ. ,,დელივერის“ რეჟიმი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გაირკვეს დასრულდა თუ არა შეტყობინებები, როდის დასრულდა, რამდენად სწორად დასრულდა, აბონენტი ლოკალურ ქსელზეა თუ როუმინგშია  ჩართული  და    აგზავნის  შეტყობინებას  პირდაპირ  როუმინგის  ქვეყანაში.

,,სერვისბოქსისთვის“ ,,SS7” ტიპის პროტოკოლით ურთიერთჩართვა, ასევე მნიშვნელოვანია მონაცემთა გაცვლისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების რაოდენობის დასრულების თვალსაზრისით. დ. ჯიქიამ, ასევე  აღნიშნა, რომ „სერვისბოქსი“ ითხოვდა საერთაშორისო სტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების ტარიფს, მაგრამ ,,ვიონი საქართველომ“ ტარიფის გასაგებად დაამისამართა კომპანია ,,GMS“-თან, სადაც გაარკვიეს, რომ ტარიფი 4 ცენტია. „სერვისბოქსის“ მხრიდან იყო მცდელობა, მიეღო იგივე ტარიფი და პროტოკოლებზე როგორმე შეთანხმდებოდნენ. მცდელობა დღესაც ჰქონდათ, თუმცა მეორე მხრიდან შემხვედრი სურვილი ვერ დაინახეს.

შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა ი. ესართიამ განმარტა, რომ ლოკალური სტანდარტული ტექსტური შეტყობინებების დასრულების ტარიფის შესახებ წერილობით აცნობეს ,,სერვისბოქსს“, ხოლო, საერთაშორისო სტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინების ტარიფთან დაკავშირებით ,,სერვისბოქსის“ წერილში მოთხოვნა არ ყოფილა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ი. ესართიამ განმარტა, რომ „ვიონი საქართველოს“ უცხო ქვეყნის კომპანია ,,GMS“-თან აქვს ,,SMPP“ პროტოკოლით შეერთება,,A2P“ მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების მიზნით. „ვიონი საქართველოს“ ,,GMS“-თან დადებული ხელშეკრულება არ არის ექსკლუზიური და ხელშეკრულებაში ექსკლუზიურობა არ არის გაწერილი. ,,GMS“ არ არის საქართველოში ავტორიზებული პირი და შესაბამისად, დისკრიმინაციას ადგილი ვერ ექნება, ვინაიდან, დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც ერთსა და იმავე მოცემულობაში ერთ პირს სხვა პირობებით აწვდიან მომსახურებას, მეორეს კი სხვა პირობებით. მაგ. შპს ,,ვიონი საქართველოს“ რომ დაეკმაყოფილებინა ,,SMPP“ შეერთების საშუალების არმქონე კომპანიის მოთხოვნა ,,SS7“ ინტერფეისით შეერთების თაობაზე, შემდეგ მოემართა „სერვისბოქსს“, რომელსაც არ ექნებოდა ,,SMPP“ შეერთების საშუალება და ეთხოვა ,,SS7“-ით შეერთება და „ვიონი საქართველოს“ მისთვის უარი ეთქვა, ეს იქნებოდა დისკრიმინაცია. ი.ესართიამ განმარტა, რომ ,,ვიონი საქართველოსა“ და ,,სერვისბოქსს“ შორის არსებობს ,,SMPP“ ტიპის შეერთების ურთიერთჩართვა და სრულდება ,,A2P” არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებები. „ვიონი საქართველოს“, შპს ,,მაგთიკომისა“ და სს ,,სილქნეტის“ გარდა, ყველა პატარა კომპანიასთან აქვს ,,SMPP“ პროტოკოლით ურთიერთჩართვა მოკლე ტექსტურ  შეტყობინებების დასრულების მიზნით, ვინაიდან, ,,SMPP“ პროტოკოლი ,,Firewall”ზეა შეერთებული და „ვიონი საქართველოს“ აქვს საშუალება აკონტროლოს ე.წ. ,,სპამი“, ,,ფროდი“, ხომ არ არის შეცვლილი „ა“ ნომერი და ა.შ., რისი საშუალებაც ,,SS7” პროტოკოლით ურთიერთჩართვის დროს მას არ აქვს. მან წარმოდგენილი აქვს თუ რომელინ კომპანია რამდენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ასრულებს ამ ტექნოლოგიით და მათ ამ ტექნოლოგიასთან მიმართ პრობლემა არ აქვთ. სს „სილქნეტთან“ და შპს „მაგთიკომთან“ „ვიონი საქართველოს აქვს ,,SS7“ პროტოკოლით ურთიერთჩართვა, ვინაიდან აღნიშნული კომპანიები არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და მათი ოფერტის მოთხოვნაა ,,SS7“ ტიპის შეერთებით ურთიერთჩართვა, შესაბამისად, მათთან დაერთების მიზნით „ვიონი საქართველო“ ვალდებულია შეასრულოს მათი ოფერტის მოთხოვნა.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივარი (N შ-22-6/2393; 21.06.2022).

2. შპს „სერვისბოქსის“ 2022 წლის 6 მაისის წერილი.

3. შპს „ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 16 მაისის წერილი.

4. შპს „სერვისბოქსის“ 2022 წლის 16 მაისის წერილი.

5. შპს „ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 17 მაისის წერილი.

6. შპს „სერვისბოქსის“ 2022 წლის 20 მაისის წერილი.

7. შპს „ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 1 ივნისის წერილი.

8. შპს „სერვისბოქსის 2022 წლის 3 ივნისის წერილი.

9. შპს „სერვისბოქსის“ 2022 წლის 9 ივნისის წერილი.

10. შპს „სერვისბოქსისა“ და შპს „ვიონი საქართველოს“ შორის დადებული 2022 წლის 21 მარტის N82/22 მომსახურების ხელშეკრულება.

11. შპს ,,ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 11 ივლისის წერილი (შ-22-6/2599).

12. შპს ,,ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 12 ივლისის წერილი (შ-22-6/2617).

13. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (N22-10-1210, 14.07.2022; N22-10-1313, 24.07.2022).

14. სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-1229, 13.07.2022).

15. შპს,,ეარსისტემსის“ წერილი (შ-22-6/2670,18.07.2022). შპს ,,ვიონი საქართელოსა“ და შპს,,ეარსისტემსს“ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება (N204/20 15.06.2020).

16. კომისიის სხდომაზე შპს,,სერვისბოქსის“ და შპს,,ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.

17. შპს„სერვისბოქსის“, შპს,,ვიონი საქართველოს“, შპს,,მაგთიკომის“ და სს,,სილქნეტის“ შესახებ ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს„ვიონი საქართველო“ 2010 წლის 12 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია ასევე გავლილი აქვს:  B.M.1 მოძრავი  საკომუნიკაციო  სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით მომსახურება. ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება. B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფატექსტური შეტყობინების მომსახურება მულტიმედიური მომსახურება. ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა) მოძრავი ინტერნეტ მომსახურება.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეეტრიდან

2. შპს „სერვისბოქსი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც, ავტორიზაცია ასევე გავლილი  აქვს:  BM1  მოძრავი  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული მომსახურება. B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა - ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება მციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეეტრიდან

3. შპს „მაგთიკომი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია ასევე გავლილი აქვს:

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება: ადგილობრივი და   მოძრავი  საკომუნიკაციო სისტემების   აბონენტებთან   სატელეფონო   (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება.

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების  გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა: ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება.

მტკიცებულება:  ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან

4. სს  ”სილქნეტი”  წარმოადგენს  ავტორიზებულ  პირს,  რომელსაც ავტორიზაცია ასევე გავლილი აქვს:

B.M.1  მოძრავი  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი)  კავშირით მომსახურება: ადგილობრივი   და   მოძრავი  საკომუნიკაციო სისტემების  აბონენტებთან სატელეფონი (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება.

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა: ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეეტრიდან

5. 2022 წლის 6 მაისს „სერვისბოქსმა“ წერილობით მიმართა „ვიონი საქართველოს“  და მოითხოვა ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებების დასრულებისთვის „ვიონი საქართველოს“ მიერ დადგენილი არადისკრიმინაციული პირობების მიწოდება 5 სამუშაო დღის ვადაში. ამავე წერილში „სერვისბოქსი“ აღნიშნავს, რომ 2022 წლის 21 მარტის N82/22 მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში „ვიონი საქართველო“ უკვე უზრუნველყოფს „სერვისბოქსს“,,A2P“ ტექსტური შეტყობინებების დასრულებით და  „სერვისბოქსი“  ითხოვდა  ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებების დასრულებას.

მტკიცებულება: შპს „სერვისბოქსის“ 2022 წლის 6 მაისის წერილი.

6. „სერვისბოქსის“ 2022 წლის 6 მაისის წერილის პასუხად „ვიონი საქართველომ“ 2022 წლის 16 მაისის წერილით ,,სერვისბოქსს“ შეატყობინა, რომ მათ    შორის დადებული ხელშეკრულება უკვე ითვალისწინებს ,,P2P“ ტრაფიკსაც, რომლის დასრულების ღირებულება არის 0 ლარი, ხოლო 2022 წლის 17 მაისის წერილით დაუზუსტა, რომ ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებების დასრულების ნულოვანი ტარიფი ეხებოდა მხოლოდ ლოკალურ ტრაფიკს, ხოლო საერთაშორისო ,,P2P“ ტრაფიკის ნაწილში „ვიონი საქართველოს“ ჰყავს ტენდერის ფარგლებში შერჩეული პარტნიორი, რომელმაც თვითონ შესთავაზა „ვიონი საქართველოს“ ტარიფები და ინტერესის შემთხვევაში  „სერვისბოქსს“ მიაწოდებდა ამ კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციას.

მტკიცებულება: შპს„ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 6 მაისის წერილი.  შპს„სერვისბოქსის“ 2022 წლის 16 მაისის წერილი. შპს ,,ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 17 მაისის წერილი.

7. „სერვისბოქსმა“ 2022 წლის 20 მაისის წერილით კვლავ მიმართა „ვიონი საქართველოს“ და აცნობა, რომ კომისიის 2022 წლის 5 მაისის N გ-22-15/203 გადაწყვეტილების საფუძველზე მას მიენიჭა ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი შემდეგი ფორმატით: 029-00 (1856), ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე და მოითხოვა, რომ „ვიონი საქართველოს“ უზრუნველეყო „სერვისბოქსის“ ურთიერთჩართვა ,,SS7“ სიგნალიზაციით ,,SIGTRAN“ ოქმის და კომისიის მიერ მონიჭებული სასიგნალო კოდის გამოყენებით. აღნიშნული წერილის პასუხად, „ვიონი საქართველომ“ 2022 წლის 1 ივნისის წერილით ,,სერვისბოქსს“ აცნობა, რომ     მათ შორის უკვე არსებობს მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულებისთვის ,,SMPP“ ტიპის შეერთება და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ,,სერვისბოქსი“ სარგებლობს მოკლე ტექსტური შეტყობინებების ურთიერთჩართვის მომსახურებით.

მტკიცებულება:  შპს„სერვისბოქსის“   2022  წლის 20   მაისის   წერილი.   შპს  „ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 1 ივნისის წერილი.

8. „სერვისბოქსმა“ 2022 წლის 3 ივნისის წერილით კვლავ მიმართა „ვიონი საქართველოს“ და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი   პუნქტის    „ა“    ქვეპუნქტისა    და    მე-3    პუნქტის    საფუძველზე მოითხოვა „სერვისბოქსის“ დაუყოვნებლივ დაშვება „ვიონი საქართველოს“ ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ ფუნქციონალურ რესურსებთან ,,SS7“ პროტოკოლით ,,SIGTRAN“ ინტერფეისის გამოყენებით, რათა ,,სერვისბოქსს“ უზრუნველეყო შესაბამისი ტექსტური შეტყობინებების მომსახურების მიწოდება. ამასთან, აცნობა, რომ თუ არ უზრუნველყოფდა „სერვისბოქსისთვის“ აღნიშნული პროტოკოლით ურთიერთჩართვის მიწოდებას, იგი მიმართავდა კომისიას მოცემული პრობლემის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.

მტკიცებულება:  შპს „სერვისბოქსის“ 2022 წლის 3 ივნისის წერილი.

9. შპს ,,სერვისბოქსს“ ,,SS7” ინტერფეისით ურთიერთჩართვაზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების მიზნით შპს ,,ვიონი საქართველო“ უარს ეუბნება იმ მიზეზით, რომ ,,SS7” ტიპის შეერთების ურთიერთჩართვით შპს,,ვიონი საქართველო“ ვერ ახორციელებს მოკლე ტესტური შეტყობინენების კონტროლს და  მოკლებულია საშუალებას შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა.

მტკიცებულება: შპს,,ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 11 ივლისის წერილი. შპს,,ვიონი საქართველოს“ მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

10. შპს„სერვისბოქსისა“  და  შპს„ვიონი  საქართველოს“  2022  წლის  21  მარტის N82/22მომსახურების  შესახებ  ხელშეკრულების  4.1.1  პუნქტის  ,,ბ“  ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულნი არიან მომსახურების მიღების/გაწევის მიზნით ურთიერთჩართვის წერტილში იქონიონ ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის ,,A2P” მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების მომსახურებისთვის ,,SS7” ან/და ,,SMPP” ტიპის შეერთებები.

მტკიცებულება: შპს ,,ვიონი საქართველოსა“ და შპს „სერვისბოქსს“ შორის დადებული 2022 წლის 21 მარტის N82/22 მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

11. შპს,,ვიონი საქართველო“ შპს ,,მაგთიკომთან“ და სს ,,სილქნეტთან“ სტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების - ,,P2P“ დასრულებას ახორციელებს ,,SS7“ ინტერფეისით შეერთებული ურთიერთჩართვით.

მტკიცებულება: შპს ,,ვიონი საქართველოს“ წერილები (შ-22-6/2599, 11.07.2022; შ-22-6/2617,12.07.2022). შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტებები.

12. შპს,,ეარსისტემსი“ შპს,,ვიონი საქართველოს“ ქსელში ასრულებს არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს - ,,A2P” ,,SMPP” ტიპის შეერთების ურთიერთჩართვით. შპს „ვიონი საქართველოს“ და შპს ,,ეარსისტემსს“ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულნი არიან მომსახურების მიღების/გაწევის მიზნით ურთიერთჩართვის წერტილში იქონიონ ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის ,,A2P” მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების მომსახურებისთვის ,,SS7” ან/და ,,SMPP” ტიპის შეერთებები.

მტკიცებულება: შპს,,ეარსისტემსის“ წერილი (შ-22-6/2670, 18.07.2022). შპს,,ვიონი საქართველოსა“ და შპს ,,ეარსისტემსს“ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება (N204/20 15.06.2020).

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანებია ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

4.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული  საკომუნიკაციო  ქსელის  ოპერატორებს  შორის  მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით.

6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, კომისიის სხდომაზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირველი პუნქტით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, საქმის გარემოებათა გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეებმა უნდა დაამტკიცონ ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც ამყარებენ საკუთარ მოთხოვნებს, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, კომისია აფასებს მტკიცებულებებს, რაც ემყარება მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის   42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავა არსებითად წყდება კომისიის გადაწყვეტილებით.

9. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების    სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,სერვისბოქსის“ მოთხოვნა უკავშირდება ავტორიზებული პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. შესაბამისად, განსახილველი დავის სამართლებრივი შედეგი, შესაძლოა, იყოს ავტორიზებული პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა და მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება. ავტორიზებული პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სტანდარტი, მათ შორის, პასუხისმგებლობის დაკისრების მტკიცებულებითი სტანდარტი საკმაოდ მაღალია. ავტორიზებულ პირს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებები. დაუშვებელია პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება მარტოოდენ მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,   დავა  განიხილება  შეჯიბრებითობის   პრინციპის  საფუძველზე, კომისიის სხდომაზე.  მხარეები სარგებლობენ თანაბარი  უფლებებითა  და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ   მოთხოვნებს ან   რომელი  მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი - შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, საქმის გარემოებათა  გასარკვევად   საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეებმა უნდა დაამტკიცონ ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც ამყარებენ საკუთარ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, კომისია აფასებს მტკიცებულებებს, რაც ემყარება მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში კომისიამ უნდა შეაფასოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი, აგრეთვე მის მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებები და შეგროვებული ფაქტობრივი  გარემოებები, რათა დაადგინოს, რამდენად დამაჯერებლად და უტყუარად ადასტურებენ ისინი შესაბამისი  ავტორიზებული    პირის    მიერ სამართალდარღვევის ჩადენას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე  ორიენტირებული  ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ29“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვა განმარტებულია როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით.

ურთიერთჩართვის მთავარი მიზანი არის ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, ხოლო ეს დაკავშირება  უნდა განხორციელდეს ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით (იხ. კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის Nგ-20-16/893 გადაწყვეტილება).

მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა/მიღება წარმოადგენს მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურების სახეობას.  ტრადიციული  მოკლე ტექსტური შეტყობინება წარმოადგენს ორ აბონენტს შორის შეტყობინებას, რომლის გაგზავნაც შესაძლებელია A ნომრიდან B ნომერზე (ე.წ. P2P). რაც შეეხება მარკეტინგული, კომერციული, სარეკლამო, ინფორმაციული ან სხვა დანიშნულების მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომლებსაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ერთი ოპერატორი აპლიკაციის მეშვეობით (A ნომრით, ან მის გარეშე, ე.წ. A2P), დიდი (მასობრივი) რაოდენობით გზავნის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა ოპერატორის ან საკუთარ აბონენტებთან (ე.წ.  Bulk    SMS),  ამგვარი შეტყობინებები  წარმოადგენს განსხვავებულ, არასტანდარტული სახის  SMS მომსახურებას.  მოკლე ტექსტური შეტყობინებების საკუთარ ქსელში დასრულების მომსახურების მიწოდება წარმოადგენს ურთიერთჩართვის განუყოფელ ნაწილს, რომლის  შეწყვეტაც დაუშვებელია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად (იხ. კომისიის 2019 წლის 6 ივნისის Nგ-19-16/355 გადაწყვეტილება).

ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე  ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი  და არადისკრიმინაციული დაშვებით ურთიერთჩართვა (იხ. კომისიის 2021 წლის 18 თებერვლის Nგ-21-16/87 გადაწყვეტილება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ავტორიზებული პირებისთვის უზრუნველყოფილია ურთიერთჩართვის უფლებით თანასწორად სარგებლობა.

შპს ,,სერვისბოქსი“, ისევე, როგორც შპს,,მაგთიკომი“ და სს ,,სილქნეტი“, წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ   პირს.   შპს ,,სერვისბოქსს“,  ისევე,   როგორც   შპს ,,მაგთიკომს“  და   სს,,სილქნეტს“, ავტორიზაცია გავლილი აქვს მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფაზე, მათ შორის ტექსტური შეტყობინების მომსახურებაზე. შესაბამისად, საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნულ კომპანიებს გააჩნიათ თანაბარი    ინტერესი ისარგებლონ შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით.

შპს ,,ვიონი  საქართველო“  სტანდარტული  მოკლე  ტექსტური  შეტყობინებების (,P2P“) დასრულების მიზნით შპს,,მაგთიკომთან“ და სს,,სილქნეტთან“ ურთიერთჩართულია ,,SS7“ ინტერფეისით. შპს,,სერვისბოქსი“ შპს,,ვიონი  საქართველოსგან“ ითხოვს ანალოგიური ტიპის ინტერფეისით ურთიერთჩართვას ანალოგიური მომსახურების - სტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების (,,P2P“) დასრულების მიზნით, რაზედაც, შპს ,,მაგთიკომისაგან“ და სს ,,სილქნეტისგან“ განსხვავებით, ეთქვა უარი.

შპს,,ვიონი საქართველო“ შპს,,სერვისბოქსს“ ,,SS7” ინტერფეისით ურთიერთჩართვაზე სტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულებისათვის უარს ეუბნება იმ მიზეზით, რომ შპს ,,ვიონი საქართველო“ ,,SS7” ინტერფეისით ურთიერთჩართვისას ვერ ახორციელებს  მოკლე  ტესტური  შეტყობინებების  კონტროლს  და  მოკლებულია საშუალებას შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა, თუმცა აღნიშნული განმარტება ხელს არ უშლის განსხვავებული მიდგომა ჰქონდეს შპს ,,მაგთიკომთან“ და სს,,სილქნეტთან“    მიმართებით,     რომლებთანაც სტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულებისათვის ურთიერთჩართვას ახორციელებს ,,SS7“ ტიპის შეერთებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სერვისბოქსი“ აცხადებს, რომ შპს ,,ვიონი საქართველოს“ მხრიდან მის მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას, ვინაიდან, სხვა ავტორიზებული პირების მსგავსად ვერ სარგებლობს შპს ,,ვიონი საქართველოსთან“ ,,SS7“ ინტერფეისის ურთიერთჩართვით სტანდარტული მოკლე ტესტური შეტყობინებების დასრულების მიზნით.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს,,ვიონი საქართველოს“ არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ სტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების (,,P2P“) დასრულების მიზნით ,,SS7“ ტიპის ,,SIGTRAN“ ინტერფეისით ურთიერთჩართვაზე შპს,,სერვისბოქსისთვის“ უარის თქმა ემსახურება კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო გამოყენებული საშუალება თანაზომიერია ამ მიზნის მისაღწევად.

შპს ,,სევრისბოქსის“ მიმართ განსხვავებული მიდგომის ობიექტური და გონივრული გამართლებისა და    აუცილებლობის        საფუძველს    არ წარმოადგენს    შპს,,ვიონი საქართველოს“ განცხადება იმის შესახებ, რომ ,,SS7” ინტერფეისით ურთიერთჩართვისაგან განსხვავებით, ,,SMPP” ინტერფეისით ურთიერთჩართვა საშუალებას აძლევს აკონტროლოს მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N22-10-1313, 24.07.2022) თანახმად, ,,SMS“ ნაკადის კონტროლისთვის და ოპერატორის ქსელის დაცვისთვის არსებობს სპეციალური სისტემები - ,,SMS Firewall“-ები. ,,SMS-Firewall“-ების  მოდელების ნაწილს ,,SMPP“  შეერთებების    კონტროლის შესაძლებლობებთან ერთად აქვთ   ,,SS7“ შეერთებების კონტროლის  მხარდაჭერაც, რაც,,SMPP“ შეერთებების მსგავსი და გარკვეული თვალსაზრისით უფრო დეტალური კონტროლის და დაცვის შესაძლებლობას იძლევა.   ,,SS7“ ტიპის შეერთებით ,,SMS“-ების მიწოდების გარკვული კონტროლი შეიძლება  განხორციელდეს    უფრო ფართო ფუნქციონალის მქონე „SS7 Firewall“-ებითაც.

ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ვიონი საქართველო“ აცხადებს ,,SS7” ტიპის შეერთების ურთიერთჩართვით ვერ ახორციელებს მოკლე ტესტური შეტყობინენების კონტროლს და მოკლებულია საშუალებას შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა, რაც მისი კანონისმიერი ვალდებულებაა, და ამ მიზეზით უარს ეუბნება შპს,,სერვისბოქსს“  ამ  ტიპის  შეერთებით  ურთიერთჩართვაზე, შპს,,მაგთიკომთან“ და სს,,სილქნეტთან“ სტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულებისათვის ურთიერთჩართვას ახორციელებს ,,SS7“ ტიპის შეერთებით და ავტორიზებულ პირებთან, მათ შორის, შპს ,,სერვისბოქსთან“, დებს ხელშეკრულებებს, რომლებიც ითვალისწინებენ არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინენების დასრულების მომსახურებისთვის ,,SS7” ტიპის შეერთებით ურთიერთჩართვას.

შპს ,,სევრისბოქსის“ მიმართ განსხვავებული მიდგომის ობიექტური და გონივრული გამართლების საფუძველი ვერ გახდება შპს ,,ვიონი საქართველოს“ ვარაუდი იმის შესახებ, რომ ,,იმ დროს, როდესაც შპს ,,ვიონი საქართველოსა“ და შპს ,,სერვისბოქსს“ შორის უკვე არსებობს ,,SMPP“ სტანდარტის ურთიერთჩართვა, რაც ამ უკანასკნელს აძლევს საშუალებას შპს ,,ვიონი საქართველოს“   ქსელში  დაასრულოს ,,P2P“ და ,,A2P” მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შპს,,სერვისბოქსის“ დაჟინებული მოთხოვნა, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულებისთვის სჭირდება ,,SS7“ პროტოკოლის ტიპის შეერთება, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, ხომ არ გეგმავს მხარე  ,,P2P“ და ,,A2P” მოკლე ტექსტური შეტყობინებების ტრაფიკის მანიპულაციებს   და  ,,SS7“  პროტოკოლის   ტიპის შეერთების მეშვეობით ფროდული ტრაფიკის დასრულებას“.

შპს,,სერვისბოქსის“ განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია ,,SS7” ტიპის პროტოკოლით ურთიერთჩართვა მოკლე ტექსტური შეტყობინენების დასრულების მიზნით, ვინაიდან, ,,SMPP” ტიპის შეერთების ურთიერთჩართვით ვერ უზრუნველყოფს პარტნიორთა მიერ მოთხოვნილ ტექნიკურ პირობებს, რის გამოც პარტნიორებისგან ისმენს პრეტენზიებს. პარტნიორთა მოთხოვნაა, რომ ,,სერვისბოქსს“ ჰქონდეს ,,SS7” პროტოკოლით შეერთება, რომელსაც,  ,,SMPP”  პროტოკოლით  ურთიერთჩართვისგან  განსხვავებით,  გააჩნია  ე.წ. ,,delivery“-ის ფუნქცია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გაირკვეს დასრულდა თუ არა შეტყობინებები, როდის დასრულდა, რამდენად სწორად დასრულდა, აბონენტი ლოკალურ ქსელზეა თუ როუმინგშია ჩართული და  აგზავნის შეტყობინებას პირდაპირ როუმინგის ქვეყანაში.  ,,სერვისბოქსისთვის“ ,,SS7” ინტერფეისით ურთიერთჩართვა,  ასევე მნიშვნელოვანია მონაცემთა გაცვლისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების რაოდენობის დასრულების თვალსაზრისით.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N22-10-1313, 24.07.2022) თანახმად, როგორც ,,SSMP“,  ასევე ,,SS7“ შეერთებების ტიპი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს და სრულფასოვნად ერთი მეორეს ვერ ანაცვლებს. შესაბამისად, მათი გამოყენება შეიძლება აუცილებელი იყოს ,,SMS“ შეტყობინებების მიწოდების საქმიანობით დაკავებული კომპანიებისთვის თავისი კლიენტებისთვის საყოველთაოდ აღიარებული მომსახურებების მიწოდებისთვის. ,,SS7“ ტიპის შეერთებით ხორციელდება მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამომგზავნიდან მიმღებამდე პირდაპირი მიწოდება, პროცესის სრული კონტროლით, მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ ინფორმაციის დაუყონებლივ მიღების შესაძლებლობით - გაგზავნილი შეტყობინება მივიდა თუ არა მომხმარებლამდე; შეტყობინება ხომ არ დაიბლოკა; შეტყობინების მიუსვლელობა გამოწვეულია თუ არა ნომრის არააქტიურობის გამო; შეტყობინების დაუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი ხელმეორედ გაგზავნა. შესაძლებელია  ლოკალური/გლობალურ  ტრაფიკის  წყაროს  ზუსტი  დადგენა ,,Global Titles“   იდენტიფიკატორის შესაბამისად, გაირკვეს აბონენტი ჩართულია თუ არა როუმინგში და შეტყობინება გაიგზავნოს პირდაპირ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება აბონენტი. გააჩნია წარმატებულად გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობის უკეთესი კონტროლი და მოკლე ტექსტური შეტყობინების ტრანზიტისას არ საჭიროებს შეტყობინებების შენახვას.

შპს,,ვიონი საქართველოს“ კომისიაში არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნულის უარმყოფელი მტკიცებულებები ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ სტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობნებების - ,,P2P“ დასრულების მიზნით ,,SS7“ ტიპის ,,SIGTRAN“ ინტერფეისით ურთიერთჩართვაზე შპს ,,სერვისბოქსისთვის“ უარის თქმით, შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით ურთიერთჩართვის მიწოდება, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი საქმე კომისიის მიერ განხილული არ ყოფილა, კარგი მმართველობის, განსაზღვრულობისა და თანაზომიერების პრინციპების გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომპანიას არ დაეკისროს პასუხისმგებლობა. შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველო“ ცნობილ უნდა იქნეს სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“  ქვეპუნტისა და მე-3 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 37-ე, 39-ე, მე-40, 41-ე, 42-ე, 43-ე და 45-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. შპს ,,ვიონი საქართველო“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

3. დაევალოს შპს„ვიონი საქართველოს“ შპს „სერვისბოქსისთვის“ ,,SS7“ პროტოკოლით ,,SIGTRAN“ ინტერფეისით ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა სტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების (,,P2P“) დასრულების მიზნით.

4.   დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას(ო.ვოტ)   გადაწყვეტილების  შპს„სერვისბოქსისთვის“ და შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება ძალაში   შედის   გადაწყვეტილების შპს „სერვისბოქსისთვის“ და შპს,,ვიონი საქართველოსთვის“  ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება   გასაჩივრდეს ქ. თბილისის   საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) გადაწყვეტილების შპს   „სერვისბოქსისთვის“ და  შპს,,ვიონი საქართველოსთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

7. კონტროლი გადაწყვეტილების (მე-4 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ აბაშიძე                 წევრი

ეკატერინე იმედაძე            წევრი

ნათია კუკულაძე               წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები