სს ,,მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების გიგა გუდაძისა და ბესარიონ წულაიას საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2022 17:33
მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2022
სს ,,მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების გიგა გუდაძისა და ბესარიონ წულაიას საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-9/3283; 30.08.2022) მიმართეს ფიზიკურმა პირებმა გიგა გუდაძემ და ბესარიონ წულაიამ, სს ,,მედია ჰოლდინგის“ (სამაუწყებლო არხი „რუსთავი 2”) მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის (სერიალის) დროითი შეზღუდვის შესაბამისად განთავსების წესის დარღვევის გამო.
საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ,რომნ სს „მედია ჰოლდინდი (სამაუწყებლო არხი „რუსთავი 2“) ყოველდღიურად ახდენს მაუწყებლობის კანონის 56-ე მუხლის დარღვევას, რადგან პირველი აგვისტოდან დაწყებული საღამოს 22 საათზე გადაიცემა სერიალი „ფარული ვნება“ (Verdades Secretas) ასაკობრივი კატეგორიით „15“, როდესაც ამ კატეგორიით ფილმების დემონსტრირება უნდა ხდებოდეს მხოლოდ 23 საათიდან. ამასთან, საჩივრის თანახმად, ფილმს არასწორად აქვს მინიჭებული კატეგორია „15“, რადგან ყოველ სერიაში ხდება ისეთი მასალის დემონსტრირება, რომელიც 18 წლამდე კატეგორიისთვის შეზღუდულია, კერძოდ: 1) სექსუალურ სცენებში მონაწილეობენ პერსონაჟები Angel და Giovanna, რომლებიც არასრულწლოვნები არიან; 2) პირველი და 2 აგვისტოს, 21 და 22 აგვისტოს ეპიზოდები მოიცავდა ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან; 3) პირველი აგვისტოს ეპიზოდი შეიცავდა ისეთ სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისათვის იოლია, კერძოდ, ნარკოტიკის გამოყენებას სექსუალური აქტის იძულების მიზნით. საჩივრის ავტორები მოითხოვენ, დაჯარიმდეს სს „მედია ჰოლდინგი“, დაუყოვნებლივ შეიცვალოს სერიალის დემონსტრირების დრო და გადატანილ იქნეს 24 საათზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების გ.გუდაძისა და ბ.წულაიას საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 8 სექტემბერს, რის თაობაზეც შეტყობინებებით ეცნობათ საჩივრის ავტორებს და ასევე, სს ,,მედია ჰოლდინგს“, მათ მიერ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
2022 წლის 8 სექტემბრის, კომისიის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდა სს „მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენელი ს. ჭელიძე, რომელმაც განაცხადა, რომ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხი კომისიის გადასაწყვეტია და განმარტა, რომ ზემოაღნიშნულ სერიალს მინიჭეული აქვს კატეგორია „+15“. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტები, თუ რის საფუძველზე არ განეკუთვნება სერიალი კატეგორია „+15“ ზონას. მან დამატებით აღნიშნა, რომ ტელეკომპანია გეგმავს აღნიშნული სერიალი 2022 წლის 12 სექტემბრიდან სამაუწყებლო ეთერში განათავსოს 23:00 საათზე.
II. გადაწყვეტლების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით, ხოლო მე-11 ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
2. საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია არის ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი;
3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ამავე მუხლის კ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს, ხოლო 21 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;
5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად;
6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი;
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
კომისია აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირები გ.გუდაძე და ბ.წულაია ასაჩივრებენ სს ,,მედია ჰოლდინგის“ (სამაუწყებლო არხი ,,რუსთავი 2”-ის) მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის (სერიალის) დროითი შეზღუდვის შესაბამისად განთავსების წესის დარღვევას.
კომისიამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა განსაზღვროს წარმოადგენს თუ არა საჩივარში აღნიშნული საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს და წარმოადგენენ თუ არა საჩივრის ავტორები დაინტერესებულ პირებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ზოგად წესებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი ,,ბავშვის უფლებების კოდექსი“, რომლის მიხედვით ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვას ზედამხედველობს კომისია (იხ. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლი). ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროით შეზღუდვებს, ხოლო 562 მუხლი განსაზღვრავს არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების კატეგორიებს.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს არასრულწლოვანი პირის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.
საჩივრის ავტორთა მიერ წარმოდგენილია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შვილების დაბადების მოწმობების საფუძველზე დგინდება, რომ ისინი წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათ აქვს უფლება საჩივრით მიმართონ კომისიას და მოითხოვონ მაუწყებლის მიმართ შესაბამისი ზომების მიღება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სადაო საკითხი შედის კომისიის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების სფეროში. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ სს „მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების გ.გუდაძისა და ბ.წულაიას საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს მიღებული, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2022 წლის 22 სექტემბერს. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს საჩივრის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწლის, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ 66-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 561 მუხლის მე-4 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სს ,,მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების გიგა გუდაძისა და ბესარიონ წულაის საჩივარი მიღებულ იქნას განსახილვლად;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2022 წლის 22 სექტემბერს 15:00 საათზე;
3. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე) დაევალოს გიგა გუდაძისა და ბესარიონ წულაიას საჩივრის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა არაუგვიანეს 2022 წლის 19 სექტემბრისა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge);
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
