წვდომის მენიუ

ფიზიკური პირების გიგა გუდაძისა და ბესარიონ წულაიას საჩივრის დაკმაყოფილებისა და სს „მედია ჰოლდინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: გ-22-16 / 431

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2022 11:59

მიღების თარიღი ოქტომბერი 06, 2022

ფიზიკური პირების გიგა გუდაძისა და ბესარიონ წულაიას საჩივრის დაკმაყოფილებისა და სს „მედია ჰოლდინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-9/3283; 30.08.2022) მიმართეს ფიზიკურმა პირებმა გიგა გუდაძემ და ბესარიონ წულაიამ, სს ,,მედია ჰოლდინგის“ (სამაუწყებლო არხი „რუსთავი 2”) მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის (სერიალის) დროითი შეზღუდვის შესაბამისად განთავსების წესის დარღვევის გამო.

საჩივრის თანახმად, სს „მედია ჰოლდინდი (სამაუწყებლო არხი „რუსთავი 2“) ყოველდღიურად ახდენს მაუწყებლობის კანონის 56-ე მუხლის დარღვევას, რადგან პირველი   აგვისტოდან დაწყებული საღამოს 22 საათზე გადაიცემა სერიალი „ფარული ვნება“ (Verdades Secretas) ასაკობრივი კატეგორიით „15“, როდესაც ამ კატეგორიით ფილმების დემონსტრირება უნდა ხდებოდეს მხოლოდ 23 საათიდან. ამასთან, საჩივრის თანახმად, ფილმს არასწორად აქვს მინიჭებული კატეგორია „15“, რადგან ყოველ სერიაში ხდება ისეთი მასალის დემონსტრირება, რომელიც 18 წლამდე კატეგორიისთვის შეზღუდულია, კერძოდ: 1) სექსუალურ სცენებში მონაწილეობენ პერსონაჟები Angel და Giovanna, რომლებიც არასრულწლოვნები არიან; 2) პირველი და 2 აგვისტოს, 21 და 22 აგვისტოს ეპიზოდები მოიცავდა ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან; 3) პირველი აგვისტოს ეპიზოდი შეიცავდა ისეთ სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისათვის იოლია, კერძოდ,  ნარკოტიკის  გამოყენებას  სექსუალური  აქტის  იძულების მიზნით.  საჩივრის ავტორები მოითხოვენ,  დაჯარიმდეს სს „მედია ჰოლდინგი“, დაუყოვნებლივ შეიცვალოს სერიალის დემონსტრირების დრო და გადატანილ იქნეს 24:00 საათზე.

კომისიამ 2022 წლის 8 სექტემბრის Nგ-22-16 / 398  გადაწყვეტილებით წარმოებაში მიიღო სს „მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების გ.გუდაძისა და ბ.წულაიას საჩივარი და ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 22 სექტემბერი.

2022 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადდნენ საჩივრის ავტორები, შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გადაიდო 2022 წლის 29 სექტემბრისთვის.

2022  წლის  29  სექტემბრის  სხდომაზე  გამოცხადდა  საჩივრის  ავტორი  ბ.წულაია  და  სს „მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენელი ა. ბურდილაძე. ბ.წულაიამ მხარი დაუჭირა კომისიაში წარდგენილ საჩივარს და მოითხოვა სს „მედია ჰოლდინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და სერიალის „ფარული ვნება“ 24:00 საათზე განთავსება. სს „მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა ა. ბურდილაძემ განაცხადა, რომ კომპანია მუდმივად აკონტროლებს ეთერში განთავსებულ კონტენტს, რათა არ მოხდეს კანონდარღვევა, თუმცა ამ შემთხვევაში, მისი განმარტებით, შესაძლოა მცირე გადაცდომას ჰქონდა ადგილი. ა.ბურდილაძემ ასევე აღნიშნა, რომ საჩივრის წარდგენის შემდეგ, სერიალი „ფარული ვნება“ გადატანილია 23:00 საათის შემდეგ.

კომისიამ გადაწყვეტილება აღნიშნული დავის ფარგლებში მიიღო 2022 წლის 6 ოქტომბრის სხდომაზე.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.  ფიზიკური  პირების  გიგა  გუდაძისა  და  ბესარიონ  წულაიას  საჩივარი  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-9/3283; 30.08.2022);

2.  კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური  მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი ( N 22-10-1649; 21/09/2022);

3. მონაცემები  სს  ,,მედია ჰოლდინგის“  შესახებ  მეწარმეთა  და  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან  და კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

4. სს ,,მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენლის, ა. ბურდილაძის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება;

5. საჩივრის ავტორის ბ. წულაიას მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა- განმარტება.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. სს „მედია ჰოლდინგი“  წარმოადგენს კომისიის მიერ  მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს;

მტკიცებულება: სს „მედია ჰოლდინგის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ  პირთა  უწყებრივი რეესტრიდან და  მეწარმეთა  და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან.

2. კომისიის   აპარატის   აუდიოვიზუალური   მედია   მომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტის მიერ სს ,,მედია ჰოლდინგის“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის განხორციელების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ა) სერიალის „ფარული ვნება“ 1 აგვისტოს , 22:17 საათზე განთავსებული ეპიზოდი მოიცავდა სქესობრივი აქტისა და სექსუალური სცენის გრაფიკულ გამოსახულებას, აგრეთვე სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში. სექსუალური სცენებია აგრეთვე განთავსებული 1 აგვისტოს ეპიზოდში 23:54 საათზე. ხოლო ამავე ეპიზოდში 23:56 საათზე პროგრამა მოიცავს კადრებს სადაც ნარკოტიკული საშუალების გამოყენება ხდება სექსუალური აქტის იძულების მიზნით, აგრეთვე ნაჩვენებია სექსუალური აქტის გრაფიკული გამოსახულება, სადაც არასრულწლოვნები მონაწილეობენ. 2 აგვისტოს მაუწყებლის ეთერში 22:29 საათზე განთავსებული ეპიზოდი, მოიცავს ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან და მის მოხმარებასთან.

21 აგვისტოს 22:37 საათზე განთავსებული ეპიზოდი მოიცავს აგრეთვე სექსუალურ კონტექსტში სიშიშვლის ამსახველ სცენებს. ამავე ეპიზოდში 22:39 საათზე გამოყენებულია ნარკოტიკული     საშუალების    მოხმარებასთან    დაკავშირებული    ტერმინოლოგია.    22 აგვისტოს ეპიზოდში კი, 22:11 საათზე განთავსებულია ეპიზოდი, რომელიც მოიცავს ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან და მის მოხმარებასთან.

მტკიცებულება:  კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია  მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი ( N 22-10-1649; 21/09/2022).

3.   სს „მედია ჰოლდინგის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის.

მტკიცებულება: სს  „მედია ჰოლდინგის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები  ამ   პროგრამების კატეგორიების  დადგენის  მიზნით  და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით, ხოლო მე-11 პუნქტის თანახმად,  მაუწყებლობის  საშუალებით  გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს,  აგრეთვე  ინტერნეტსივრცეში  და  ჩაწერილი  ფილმისა  და თამაშის    ინფორმაციის  პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად,  მაუწყებლობის სფეროში კომისიის  ფუნქციებია საავტორო და  მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის  შესახებ  საკანონმდებლო  აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა  და კონტროლი, ხოლო  „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის  მოთხოვნების  შესრულებაზე  ზედამხედველობა  და  კონტროლი;  ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი  არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი, ხოლო „ტ2“ ქვეპუნქტის თანახმად, ტელემაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო  ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური  პროდუქციის  გადაცემას  ისე,  რომ  სამაუწყებლო  ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია.

4.   ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის   თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5.  ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  53-ე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლები  ვალდებული  არიან, ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო  კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების  დასახელებისა  და  მოკლე ანოტაციის მითითებით; მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების, კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით.

6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561  მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები  სამაუწყებლო  ბადეში    განათავსოს ამ  მუხლით დადგენილი  დროითი    შეზღუდვების შესაბამისად, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი   ვალდებულია   სამაუწყებლო  ბადე დაგეგმოს შემდეგი   შეზღუდვების გათვალისწინებით:  ა)  18  წლამდე   არასრულწლოვნისთვის   შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს   6   საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო   ბადეში   არ   განათავსოს 6   საათიდან 21   საათამდე;   დ)   7   წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე.

7.    ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  562    მუხლის  პირველი  პუნქტის თანახმად, 18   წლამდე   არასრულწლოვნისთვის   შეუფერებლად   მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის  გრაფიკულ გამოსახულებას; ბ)  ისეთი სექსუალური ურთიერთობის      ამსახველ      სცენას,      რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება; გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია; დ)  ძალადობის     ამსახველ   სცენას  ახლო ხედით (გარდა  შემეცნებით- საგანმანათლებლო, ისტორიული,  ფანტასტიკური  ან  კომედიური     ჟანრის პროგრამისა);  ე) ნარკოტიკული საშუალების    მოხმარების  სცენას,    მისი    დამზადების ან მოხმარების  წესის   ახსნა-განმარტებას   და   მოხმარების  გამართლებას   ან მოწონებას; ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ზ) ნარკოტიკის, საინექციო    ხელსაწყოს,    ნარკოტიკული    ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას; თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას; ი)  იოლად ხელმისაწვდომი  საყოფაცხოვრებო  იარაღის  (დანა,  ნაჯახი  და  სხვა)  ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის   გამოყენების   ამსახველ   სცენას;  კ) აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ   თამაშობაში   მონაწილეობის  პროპაგანდას მოგების   მარტივად   მიღების შთაბეჭდილების   შექმნით;   ლ)   ინფორმაციას,  რომელიც  დანაშაულებრივ   ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს; მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ     მასალას.     ამავე     მუხლის     მე-2     პუნქტის     თანახმად, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად  მიიჩნევა   პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის პირველი  პუნქტით   განსაზღვრულ   სცენას   ან   სიუჟეტს;   ბ)   სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ    სცენას    ან    მის    გრაფიკულ გამოსახულებას; გ)    შეურაცხმყოფელ    ლექსიკას,  გარდა იმ შემთხვევისა,  როდესაც  ეს  კონტექსტით გამართლებულია;   დ)   ტერმინოლოგიას,  რომელიც  დაკავშირებულია   ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან. ამავე მუხლის მე-3    პუნქტის თანახმად,   12 წლამდე   არასრულწლოვნისთვის    შეუფერებლად     მიიჩნევა    პროგრამა  (ანონსი), რომელიც  შეიცავს:  ა)  ამ  მუხლის  მე-2  პუნქტით  განსაზღვრულ  სცენას  ან სიუჟეტს;  ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას,  ხოლო  მე-4 პუნქტის თანახმად, 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს ამ მუხლის   მე-3   პუნქტით   განსაზღვრულ   სცენას   ან   სიუჟეტს,   აგრეთვე   მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს.

8.  ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  70-ე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან  შესაბამისობა,   ხოლო მე-2      პუნქტის      თანახმად,      მაუწყებლის    საქმიანობის    საქართველოს კანონმდებლობასთან  შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ  მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

9.   ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561   ან 562   მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია  ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი.

10. ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია  უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა   ან   პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ  კანონის 561 და 562  მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია  მაუწყებელს დააკისროს  ჯარიმა  და  შესაბამისი  დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა,  დარღვევის ხასიათიდან    გამომდინარე, შესაძლებელია.

11. ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  72-ე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, ამ  კანონის 71-ე  მუხლით  გათვალისწინებულ    შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის   მიზნით   და  განათავსოს   ეს პროგრამები   სამაუწყებლო   ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად „მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია“. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია, როგორც მაუწყებლის ვალდებულება მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანის დაცვის შესახებ, ისე პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები. კერძოდ, აღნიშნული კანონის 561 მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა. მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. მაუწყებელს ეკრძალება  ისეთი  პროგრამის  გადაცემა  ან  პროგრამაში  ისეთი  მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას. მაუწყებელი ვალდებულია  პროგრამათა  კატეგორიების  დადგენის  მიზნით  გამოიყენოს  ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი  შეზღუდვების  შესაბამისად. მაუწყებელი  ვალდებულია  სამაუწყებლო  ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების  გათვალისწინებით: „ა)   18  წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო   ბადეში   არ   განათავსოს   6   საათიდან   23   საათამდე;   გ)   12   წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე. ამასთან, თუ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, სამაუწყებლო ბადეში ასეთი პროგრამა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სათანადო და მკაფიო გაფრთხილებით, რომ იგი შესაბამისი ასაკის არასრულწლოვნისთვის    შეუფერებელ    მასალას    შეიცავს.    გაფრთხილება    მოიცავს სპეციალურ  ვიზუალურ  ნიშანდებას  მასალის  გადაცემისას  განუწყვეტლად,  აგრეთვე ტექსტურ  და ვერბალურ  გაფრთხილებას  წინასწარ,  მასალის  გადაცემამდე.  ფასიანი სამაუწყებლო  არხი უფლებამოსილია  არასრულწლოვნისთვის  შეუფერებელი  პროგრამა სამაუწყებლო  ბადეში  განათავსოს   დღის   ნებისმიერ   მონაკვეთში,   თუ   მოქმედებს სავალდებულო PIN- კოდით დაცული სისტემა ან სხვა დამბლოკავი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამის მხოლოდ უფლებამოსილი   სრულწლოვანი აბონენტისთვის ხელმისაწვდომობას. ამ   მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. ხოლო ამავე კანონის 562 მუხლით, დადგენილია პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში ფიზიკურ პირთა საჩივრის საფუძველზე, შესწავლილი იქნა საჩივარში მითითებულ თარიღებში განთავსებული სერიალის „ფარული ვნება“ სერიები.   კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ იქნა სს „მედია ჰოლდინგის“ (სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის)   მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების კანონმდებლობით აკრძალულ დროსა და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსების გამო.   ამავე კანონის 561  ან 562  მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტის N22-10-1649 21/09/2022 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ირკვევა, რომ   1 აგვისტოს, 22:17 საათზე განთავსებული ეპიზოდი მოიცავდა სქესობრივი აქტისა და სექსუალური სცენის გრაფიკულ გამოსახულებას, აგრეთვე სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში. სექსუალური სცენებია აგრეთვე განთავსებული 1 აგვისტოს ეპიზოდში 23:54 საათზე. ხოლო ამავე ეპიზოდში 23:56 საათზე პროგრამა მოიცავს კადრებს სადაც ნარკოტიკული საშუალების გამოყენება ხდება სექსუალური აქტის იძულების მიზნით, აგრეთვე ნაჩვენებია სექსუალური აქტის გრაფიკული გამოსახულება, სადაც არასრულწლოვნები მონაწილეობენ. 2 აგვისტოს მაუწყებლის ეთერში 22:29 საათზე განთავსებული ეპიზოდი, მოიცავს ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან და მის მოხმარებასთან.

21 აგვისტოს 22:37 საათზე განთავსებული ეპიზოდი მოიცავს აგრეთვე სექსუალურ კონტექსტში სიშიშვლის ამსახველ სცენებს. ამავე ეპიზოდში 22:39 საათზე გამოყენებულია ნარკოტიკული საშუალების    მოხმარებასთან    დაკავშირებული    ტერმინოლოგია.   22 აგვისტოს ეპიზოდში კი, 22:11 საათზე განთავსებულია ეპიზოდი, რომელიც მოიცავს ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან და მის მოხმარებასთან.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ისეთი პროგრამით შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა, რომელიც ბავშვის ასაკს არ შეესაბამება და აფერხებს მის განვითარებას, აგრეთვე ბავშვის დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებას. ამავე კანონის 561-ე მუხლის 1-ლი პუნქტით მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ამავე მუხლით დადგენილია მაუწყებლის პროგრამული შეზღუდვები და კატეგორიები, რომელთა პროგრამისათვის მინიჭების შემდეგ სავალდებულოა პროგრამის კანონით დადგენილი წყალგამყოფის შემდეგ განთავსება.

კერძოდ, 561 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუსაბამო პროგრამები 24:00 საათის შემდეგ უნდა განთავსდეს, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ 15 წლამდე არასრულწლოვანისათვის შეუფერებელი პროგრამის მაუწყებლის ეთერში განთავსება 23:00 საათიდანაა დაშვებული.

„მაუწყებლობის შესახებ: კანონის 562 მუხლი მოიცავს დეტალურ კრიტერიუმებს, რომლებიც  პროგრამის  გარკვეული  ასაკობრივი  კატეგორიისათვის  შესაბამისობას აფასებენ. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 18 წლამდე პირთათვის შეუსაბამოა პროგრამა, თუ ის შეიცავს სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველი სცენა, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს, აგრეთვე წარმოადგენს პროგრამის 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუსაბამოდ მიჩნევის საფუძველს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამა 15 წლამდე არასრულწლოვანისათვის შეუფერებელია, თუ ის შეიცავს სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას. ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი 15 წლამდე არასრულწლოვანთათვის პროგრამის შეუსაბამოდ მიჩნევის საფუძველია პროგრამაში ისეთი ტერმინოლოგიის გამოყენება, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან.

მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, კომისიას მიაჩნია, რომ სს „მედია ჰოლდინგის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 53-ე მუხლის პირველი პუნქტი, 561   მუხლის მე-4 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტები, 562 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, 562 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, რაც მაუწყებლისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას არ აქვს დისკრეციული უფლებამოსილება მაუწყებელს არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროითი შეზღუდვებისა და ამ პროგრამებისთვის შესაბამისი კატეგორიისა და აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭების წესის დარღვევისთვის მაუწყებელს მისცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში  კომისიას აქვს დისკრეციული უფლებამოსილება განსაზღვროს მაუწყებლებისთვის  დასაკისრებელი     ჯარიმის     ოდენობა,     საქმის     გარემოებათა სრულყოფილად შეფასების საფუძველზე, სათანადო დასაბუთებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთანავე, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი.

შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, სს „მედია ჰოლდინგის“ მიმართ გამოყენებულ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალური ოდენობა, 2500 ლარი. ამასთან, კომპანიას სამართალდარღვევის სრულად აღმოფხვრის მიზნით უნდა დაევალოს უზრუნველყოს  სერიალი  „ფარული  ვნების“  ეთერში განთავსება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნიშანდებებისა და ამ ნიშანდებების შესაბამისი დროითი შეზღუდვების გათვალისწინებით.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“  ქვეპუნქტის,  561   მუხლის მე-4 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 562 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,  562  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს სს ,,მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ, გიგა გუდაძისა და ბესარიონ წულაიას  საჩივარი,    მაუწყებლის    მიერ    არასრულწლოვნებისთვის    შეუფერებელი პროგრამის განთავსების წესის დარღვევასთან დაკავშირებით;

2. სს ,,მედია ჰოლდინგს“  დაეკისროს  ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451    მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 561   მუხლის მე-4 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტების, 562 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების,  562 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

3. სს ,,მედია ჰოლდინგს“ დაევალოს სერიალი „ფარული ვნების“ ეთერში განთავსებისას დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნიშანდებისა და დროითი შეზღუდვების მოთხოვნები;

4. სს „მედია ჰოლდინგმა“ უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების  მიხედვით:

ხაზინის  ერთიანი  ანგარიში,  ანგარიშის  ნომერი  - 200122900;

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  302003251;

ბ) გადახდის  დამდასტურებელი   დოკუმენტის,  გადახდიდან 3  დღის ვადაში კომისიაში  წარმოდგენა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

6.   დაევალოს  კომისიის  აპარატის  სამართლებრივ  დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი)  სს „მედია ჰოლდინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის  ჩაბარებიდან  ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური  მედია  მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები