წვდომის მენიუ

შპს „fixgroup“-ის მიმართ სს „სილქნეტის“ განცხადებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-22-16 / 445

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2022 16:19

მიღების თარიღი ოქტომბერი 20, 2022

შპს „fixgroup“-ის მიმართ სს „სილქნეტის“ განცხადებასთან  დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

I. საქმის აღწერა

საქართველოს    კომუნიკაციების    ეროვნულ    კომისიას    (შემდგომში:   „კომისია“)    შპს „fixgroup“-ის  მიმართ  განცხადებით  (04.10.2022  Nშ-22-6/3657)  მიმართა  სს  „სილქნეტმა“. განცხადების ავტორის განმარტებით, სს „სილქნეტსა“ და შპს „fixgroup”-ს შორის 2020 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარებთან წამოწყება/დასრულების) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულებისა და ამავე ხელშეკრულებაზე გაფორმებული ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების მომსახურების დამატებითი შეთანხმებიდან, ასევე 2022 წლის 31 ივლისს, მხარეთა შორის გაფორმებული  „დავალიანების  დაფარვის  შესახებ“  შეთანხმებიდან  გამომდინარე,  შპს „fixgroup”-ს სს „სილქნეტის მიმართ 2022 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება 2022 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეების დავალიანება - 41, 139.54 ლარის ოდენობით.

სს „სილქნეტის“ განცხადების თანახმად, 2022 წლის 31 ივლისს გაფორმებული, დავალიანების დაფარვის შესახებ შეთანხმებით, მხარეები შეთანხმდნენ დავალიანების (2022 წლის მარტი- ივნისის თვეების დავალიანება 58,742.85 ლარი) ეტაპობრივად დაფარვაზე, შედგა დაფარვის გრაფიკი, თუმცა შპს „Fixgroup”-ის მიერ დარღვეული იქნა აღნიშნული შეთანხმება და არსებულ დავალიანებას დაემატა 2022 წლის ივლისის და აგვისტოს თვეების მომსახურების საფასურის დავალიანებაც.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის 23 სექტემბერს სს „სილქნეტმა“ წერილობით მიმართა შპს „fixgroup“-ს და კვლავ განუსაზღვრა დამატებითი ვადა 2022 წლის 28 სექტემბრამდე დავალიანების (2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენდა 81,139.53 ლარს) დაფარვის მიზნით, თუმცა კომპანიის მიერ მიმდინარე წლის 28 სექტემბრის მდგომარეობით დაფარული იქნა დავალიანების მხოლოდ ნაწილი და ამ დროისთვის დავალიანება შეადგენს 41,139.54 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე კომპანია ითხოვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სს „სილქნეტს“ მიეცეს კომისიის თანხმობა შეაჩეროს შპს „fixgroup“-თან ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების მომსახურება ამ უკანასკნელის მიერ სს „სილქნეტის“ მიმართ არსებული დავალიანების სრულად დაფარვამდე.

შპს „fixgroup“-ის მიმართ სს „სილქნეტის“ განცხადებასთან (04.10.2022 Nშ-22-6/3657) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2022 წლის 20 ოქტომბერს, 15:00 საათზე.

2020 წლის 20 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი ნ. ნიჟარაძე და შპს „fixgroup“-ის წარმომადგენელი ლ.მესხიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ მისი ინფორმაციით შპს „Fixgroup“-ის მიერ სს „სილქნეტში“ ბოლო პერიოდში გადარიცხულია 65 000 ლარი და შესაბამისი საგადახდო დავალებები გადაგზავნილია კომპანიაში. აღნიშნულს არ დაეთანხმა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი ნ.ნიჟარაძე და აღნიშნა, რომ კომისიისთვის მომართვის დღისთვის შპს „Fixgroup“-ის დავალიანება შეადგენდა 41,139.54 ლარს. მისი განმარტებით, დავალიანების ნაწილი დაფარა მხარემ, მაგრამ მიმდინარე თარიღისთვის დავალიანება კვლავ ერიცხება. გარდა ამისა, კომპანიას გადასახდელი აქვს 2022 წლის სექტემბრის თვის თანხა, თუმცა სექტემბრის თვეზე  ამ ეტაპზე არ დავობს სს „სილქნეტი“, ვინაიდან გადახდის ბოლო ვადა არის 2022 წლის 25 ოქტომბერი და ეს თანხა შეადგენს 18,776.05 ლარს. თუ კომისიაში საკითხის არსებითი განხილვის დღისთვის მხარის მიერ არ იქნება გადახდილი სექტემბრის თვის დავალიანება, ეს თანხაც დაემატება არსებულ დავალიანებას.

II. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის  თანახმად,  კომისიის ძირითად  ფუნქციებს მიეკუთვნება ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის  განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2  და  მე-3 წინადადებების მიხედვით დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად იყენებს ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებს სურთ ურთიერთობა ამ კანონით მოაწესრიგონ.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირებს შორის დავის თაობაზე წარდგენილი განცხადება მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, კომისიის  სხდომაზე.  მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად  მათ მოთხოვნებს  ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, საქმის გარემოებათა გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,  განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს  მოსამზადებელ სხდომას. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ   სხდომაზე   კომისია   იღებს   გადაწყვეტილებას   დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას საჩივრის/განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მაუწყებლებს, მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში – საჩივრის/განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ არსებობს დავის არსებითი განხილვის წინაპირობები, მოსამზადებელი სხდომა შეიძლება გადაიზარდოს დავის არსებითი განხილვის სხდომაში.

ამრიგად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია, განიხილოს ავტორიზებულ პირებს შორის დავა, რომელიც უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას.  კომისიის  უწყებრივი  რეესტრის  მიხედვით,  სს  „სილქნეტი“  და  შპს „fixgroup“ განეკუთვნებიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს, რამდენად უკავშირდება საჩივარში დაყენებული მოთხოვნა კომისიის მიერ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციის განხორციელებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარის უფლებამოსილებას, მხოლოდ ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით. ამრიგად, კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორისთვის ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედი ურთიერთჩართვის თაობაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა.

როგორც აღინიშნა, სს „სილქნეტი“ ითხოვს კომისიის თანხმობას შპს „fixgroup“-თან ურთიერთჩართვის  შეჩერების   თაობაზე.   შესაბამისად,   კომისია   მიიჩნევს,   რომ   სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვა მიეკუთვნება კომისიის კომპეტენციას და იგი მიღებული უნდა იქნეს განსახილველად. ამასთან, უნდა დაინიშნოს დავის განხილვის დღე - 2022 წლის 3 ნოემბერი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოსამზადებელ სხდომაზე, მხარეთა მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების თანახმად,  დავალიანების ოდენობა არის სადაო, კომისია განუსაზღვრავს ვადას მხარეებს გადახდილი/გადასახდელი თანხის შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოსადგენად.

III.      სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს  კანონის  11-ე  მუხლის  მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის,   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისისის  №1   დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „fixgroup“-ის მიმართ სს „სილქნეტის“ განცხადება (04.10.2022 Nშ-22-6/3657) მიღებულ იქნეს განსახილველად.

2.  სს  „სილქნეტსა“  და  შპს  „fixgroup“-ს  შორის  დავის  განხილვა დაინიშნოს 2022 წლის 3 ნოემბერს, 15:00 საათზე.

3. სს „სილქნეტსა“ და შპს  „fixgroup“-ს  დაევალოთ 2022 წლის 28 ოქტომბრამდე წარმოადგინონ კომისიაში ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები სს „სილქნეტის“ მიმართ  შპს  „fixgroup“-ის  მიმდინარე დავალიანების შესახებ.

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. გადაწყვეტილების  შესრულებაზე   კონტროლი  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები