წვდომის მენიუ

შპს „fixgroup“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-22-16 / 490

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2022 15:10

მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2022

შპს „fixgroup“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I. საქმის აღწერა

საქართველოს    კომუნიკაციების    ეროვნულ    კომისიას    (შემდგომში:   „კომისია“)    სს „სილქნეტმა“ მიმართა განცხადებით (04.10.2022 Nშ-22-6/3657) შპს „fixgroup“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.   განცხადების ავტორის განმარტებით, სს   „სილქნეტსა“ და შპს „fixgroup”-ს შორის 2020 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარებთან წამოწყება/დასრულების) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულებისა და ამავე ხელშეკრულებაზე გაფორმებული ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების მომსახურების დამატებითი შეთანხმებიდან, ასევე 2022 წლის 31 ივლისს, მხარეთა შორის გაფორმებული  „დავალიანების  დაფარვის  შესახებ“  შეთანხმებიდან გამომდინარე,  შპს „fixgroup”-ს სს „სილქნეტის მიმართ 2022 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება 2022 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეების დავალიანება - 41, 139.54 ლარის ოდენობით.

სს „სილქნეტის“ განცხადების თანახმად, 2022 წლის 31 ივლისს გაფორმებული, დავალიანების დაფარვის შესახებ შეთანხმებით, მხარეები შეთანხმდნენ დავალიანების (2022 წლის მარტი- ივნისის თვეების დავალიანება 58,742.85 ლარი) ეტაპობრივად დაფარვაზე, შედგა დაფარვის გრაფიკი, თუმცა შპს „Fixgroup”-ის მიერ დარღვეული იქნა აღნიშნული შეთანხმება და არსებულ დავალიანებას დაემატა 2022 წლის ივლისის და აგვისტოს თვეების მომსახურების საფასურის დავალიანებაც.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის 23 სექტემბერს სს „სილქნეტმა“ წერილობით მიმართა შპს „fixgroup“-ს და კვლავ განუსაზღვრა დამატებითი ვადა 2022 წლის 28 სექტემბრამდე დავალიანების (2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენდა 81,139.53 ლარს) დაფარვის მიზნით, თუმცა კომპანიის მიერ მიმდინარე წლის 28 სექტემბრის მდგომარეობით დაფარული იქნა დავალიანების მხოლოდ ნაწილი და ამ დროისთვის დავალიანება შეადგენს 41,139.54 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე  კომპანიამ მოითხოვა  „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სს „სილქნეტს“ მიეცეს კომისიის თანხმობა შეაჩეროს შპს „fixgroup“-თან ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების მომსახურება ამ უკანასკნელის მიერ სს „სილქნეტის“ მიმართ არსებული დავალიანების სრულად დაფარვამდე. სს „სილქნეტის“ 2022 წლის 3 ნოემბრის Nშ-22-6/4021 წერილით დაზუსტდა მიმდინარე დავალიანება და აღნიშნული წერილის თანახმად, 2022 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით შპს „fixgroup“-ის დავალიანებამ სს „სილქნეტის მიმართ შეადგინა 19915.57 ლარი, საიდანაც აგვისტოს თვის დავალიანების ნაწილი იყო 1139.52 ლარს, ხოლო სექტემბრის თვის დავალიანება შეადგენდა 18776.05 ლარს.

2022 წლის 9 ნოემბერს კომისიას წერილობით მომართა (Nშ-22-6/4102) სს „სილქნეტმა“ და აცნობა, რომ შპს „fixgroup“-ის მიერ დაფარული იქნა სს „სილქნეტის“ მიმართ არსებული დავალიანება და იშუამდგომლა სს „სილქნეტის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

კომისიის 2022 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა ნ.ნიჟარაძემ დაადასტურა სს ,,სილქნეტის“ განცხადებაში მითითებული გარემოებები და ითხოვა შპს „fixgroup“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, რასაც დაეთანხმა შპს „fixgroup“-ის დირექტორი ლ.მესხიშვილი.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის   განმახორციელებელ ავტორიზებულ  პირთა     შორის  წარმოშობილი  დავების გადაწყვეტა   თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

2.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,  დაუშვებელია  ელექტრონული  საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ  მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების    მეორე    მხარე  უფლებამოსილია  ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს    მოქმედი  ურთიერთჩართვა    მხოლოდ    კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;

3.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;

4.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,     განმცხადებელი     უფლებამოსილია  უარი  განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

5. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული   კომისიის   საქმიანობის   მარეგულირებელი   წესების“ 451მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება   საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტმა“ უარი განაცხადა თავის განცხადებაზე „fixgroup“- თან  მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „fixgroup“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

III.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს შპს „fixgroup“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე სს „სილქნეტის“  განცხადების   განხილვის  მიზნით  დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ და შპს „fixgroup“-ისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ და შპს „fixgroup“-ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები