წვდომის მენიუ

შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 104

გამოქვეყნების თარიღი მარტი 07, 2022 17:16

მიღების თარიღი თებერვალი 24, 2022

შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში - კომისია)  აღნიშნავს, რომ კომისიის პარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების  (N22-10-191,  02.02.2022;  N22-10-268, 15.02.2022) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N22-10-191, 02.02.2022;) აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლებს, ევალებათ კომისიაში ელექტრონული ანგარიშგების ფორმების შევსება/წარმოდგენა. კომისიის 2020 წლის 30 აპრილის N20-19/426 გადაწყვეტილების შესაბამისად ცვლილება შევიდა კომისიის ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში. აღნიშნული ფორმა წარმოადგენს დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნით შექმნილ ფორმას და მასში მაუწყებლები უთითებენ დაფინანსების წყაროებს, შესაბამისი თანხების მითითებით.

კომისიის მიერ დადგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები მაუწყებელთა ჯგუფის მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებით (საქმე N-ბს-532(კ-20) კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვათ მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლებისთვის კომისიის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების შევსება სავალდებულოა.

სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ფორმა 1.7-ის შევსება/წარმოდგენაზე მაუწყებლების მხრიდან უამრავი პრობლემა და დაბრკოლება იქნა წამოჭრილი. გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, მაუწყებლებს ასევე გაეგზავნათ წერილი (2021 წლის ივნისის N გ-21-05/1833; N გ-21-05/1770) და შეტყობინება სისტემიდან. მაუწყებლებთან შეთანხმებით შეჯერდა ამ მონაცემების გამოქვეყნების ფორმატიც. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარდა დამატებითი სამუშაო შეხვედრები მაუწყებლების ნაწილთან, სადაც განხილული იქნა მათ მიერ დასახელებული შემაფერხებელი გარემოებები. მიუხედავად კომისიის დიდი ძალისხმევისა, დღეის მდგომარეობით მაუწყებლების დიდ ნაწილს, მათ შორის შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს არაჯეროვნად აქვს წარმოდგენილი 1.7 ფორმით განსაზღვრული ინფორმაცია, კერძოდ, დაფინანსების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არის ასახული (შევსებულ ფორმაში არ ფიქსირდება ფიზიკური/იურიდიული პირის სახელი (რეკლამის ან ტელეშოპინგის დამკვეთის (არა სარეკლამო კომპანია), სპონსორი, შემომწირველი, მომსახურების უშუალოდ გამწევი პირის მონაცემები). შესაბამისად, ჩასაშლელია ოთხივე კვარტალი. მაუწყებელთა ნაწილს კი საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი 1.7 ფორმით განსაზღვრული ინფორმაცია, რაც აფერხებს კომისიის ეფექტურ საქმიანობას და კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას.

კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (N22-10-268, 15.02.2022) წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული ინფორმაცია ექსელის ფაილის სახით, სადაც პირველ გვერდზე ჩამოთვლილია პირები, რომლებსაც არ აქვთ 1.7 ფორმა წარმოდგენილი, ხოლო მეორე გვერდზე წარმოდგენილია პირები, რომელთაც არაჯეროვნად აქვთ ინფორმაცია ასახული 1.7 ფორმაში.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლებს ევალებათ კომისიაში ელექტრონული ანგარიშგების ფორმების შევსება/წარმოდგენა. კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი ყველა პირისა და ასევე ყველა მაუწყებლის მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო 2013 წლის ივლისში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომლის ერთ-ერთ მიზანსაც წარმოადგენდა მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ამ ინფორმაციის საჯაროობა, რათა საზოგადოებას, არასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონოდა დეტალური ინფორმაცია მედიის დაფინანსების წყაროებისა და ოდენობების შესახებ. აღნიშნული ფორმა წარმოადგენს დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნით შექმნილ ფორმას და მასში მაუწყებლები უთითებენ დაფინანსების წყაროებს, შესაბამისი თანხების მითითებით.   კომისიის   მიერ   დადგენილი   სტატისტიკური   ანგარიშგების  ფორმები მაუწყებლების მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებით (საქმე N-ბს-532(კ-20) კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვათ მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლებისთვის კომისიის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების შევსება სავალდებულოა. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით (Nგ-20-19/426, 30/04/2020) ახლებურად ჩამოყალიბდა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7.  კერძოდ, დაზუსტდა, ფორმის კვარტალურად, შესაბამისი თვეების ჭრილში შევსების ნაწილი, ასევე, ფორმაში ველი „სეგმენტი“ შეიცვალა ველით - „გაწეული დაფინანსების ოდენობა“. შედეგად, მაუწყებლებს ევალებათ დაფინანსების შესახებ ზუსტი მონაცემების ასახვა კვარტალურად, შესაბამისი კვარტალის თვეებისთვის ცალ-ცალკე.

შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 24 თებერვალს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის 2022 წლის 24 თებერვალს დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს წარმომადგენელი ნ.თოშხუა, რომელმაც ითხოვა საკითხის გადადება, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა კომისიამ არ დააკმაყოფილა, უსაფუძვლობის გამო.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-191, 02.02.2022).

2. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-268; 15/02/2022) თანდართული დოკუმენტაციით.

3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება.

4. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

5. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენლის მიერ კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.

6. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს შესახებ.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ, ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირს.

2.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალათ გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამავე გადაწყვეტილების დადგენილი პერიოდულობით.

3. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს არაჯეროვნად/არასრულად აქვს წარმოდგენილი 2021 წლის ოთხივე კვარტლის სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმა, დაფინანსების შესახებ მონაცემები  სრულად  არ  არის  ასახული,  კერძოდ, არ  არის  შევსებული  ველი „ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; განმარტება: რეკლამის ან ტელეშოპინგის დამკვეთის (არა   სარეკლამო   კომპანია),   სპონსორი,   შემომწირველი,  მომსახურების უშუალოდ გამწევი პირის“ მონაცემები. არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

4. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველო კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია,  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი  „საქართველოს  საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს  კანონები,  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2.   „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-5   მუხლის   პირველი   პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია, ხოლო მე-3 პუნქტის „ვ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენსმაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზეზედამხედველობა და კონტროლი;  ამ  მოთხოვნათა დარღვევის  შემთხვევაში  შესაბამისი  სანქციების  დაკისრება.  სამართლებრივი  აქტების მიღება.

3.   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული  სხვა  ინფორმაციისა,  გათვალისწინებული    უნდა    იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები.

4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011  წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ  ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები და დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური    ანგარიშგების   ფორმების   ელექტრონულად   შევსება   და   კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

5.   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის 42  პუნქტის შესაბამისად, კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების  ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულობამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა.

6.   ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან  გამოითხოვოს,  ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით    განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული  ინფორმაციის    მიწოდება    ითვლება    ინფორმაციის    მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის   ვადაში,   თუ   კომისიის   მიერ  სხვა   ვადა   არ   არის   განსაზღვრული.   კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.

7.   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა,   მათ   შორის,   კომისიის დადგენილებები  და გადაწყვეტილებები.

8.   „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   71-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის თანახმად,  მაუწყებლის  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  დარღვევის  ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ- ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები. კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ. ამასთან, მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულობამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით მაუწყებლებს დაევალათ ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით დამტკიცებული კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმების  შევსება  სავალდებულოა ყველა მაუწყებლისთვის, მათ შორის შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის. კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში კომისიის Nგ-20-19/426 (30.04.2020) გადაწყვეტილებით განხორციელებული ცვლილების თანახმად, მაუწყებლებს დაევალათ 1.7. ფორმაში დაფინანსების შესახებ ზუსტი მონაცემების ასახვა კვარტალურად. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს მიერ კი არაჯეროვნად/არასრულად არის შევსებული 2021 წლის ოთხივე კვარტლის სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმა, დაფინანსების შესახებ მონაცემები სრულად არ არის ასახული, კერძოდ, არ არის შევსებული ველი „ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; განმარტება: რეკლამის ან ტელეშოპინგის დამკვეთის (არა სარეკლამო კომპანია), სპონსორი, შემომწირველი, მომსახურებისუშუალოდ   გამწევი   პირი“-ს   მონაცემები.   არასწორი   ან   არასრული ინფორმაციის მიწოდება    ითვლება    ინფორმაციის    მიუწოდებლობად, შესაბამისად, კომპანიის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის   მე-4   და მე-5 პუნქტები, 451 მუხლის   მე-10   პუნქტის   ,,ა“   ქვეპუნქტი   და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება, რაც კომპანიის სანქცირების საფუძველია.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, უნდა განესაზღვროს 15 კალენდარული დღე 2021 წლის ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების სრულად შევსებული 1.7 ფორმის კომისიაში წარმოსადგენად.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს  „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ მიეცეს წერილობითი  გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს   კანონის   451     მუხლის   მე-10   პუნქტის   „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   2011 წლის  N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

2. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-მ უზრუნველყოს 2021 წლის (ოთხივე კვარტალი) ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების სრულად შევსებული 1.7 ფორმის კომისიაში წარმოდგენა წინამდებარე   გადაწყვეტილების   ჩაბარებიდან   15 კალენდარული დღის ვადაში.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ).

4.   გადაწყვეტილება ძალაში შედის  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სათვის ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს  „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6.   კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს.

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები