შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 09, 2022 12:03
მიღების თარიღი თებერვალი 24, 2022
შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის პარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (N22-10-191, 02.02.2022; N22-10-268, 15.02.2022) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N22-10-191, 02.02.2022) აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლებს ევალებათ კომისიაში ელექტრონული ანგარიშგების ფორმების შევსება/წარმოდგენა. კომისიის 2020 წლის 30 აპრილის N#20-19/426 გადაწყვეტილების შესაბამისად ცვლილება შევიდა კომისიის ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში. აღნიშნული ფორმა წარმოადგენს დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნით შექმნილ ფორმას და მასში მაუწყებლები უთითებენ დაფინანსების წყაროებს, შესაბამისი თანხების მითითებით.
კომისიის მიერ დადგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები მაუწყებელთა ჯგუფის მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებით (საქმე N-ბს-532(კ-20) კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვათ მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლებისთვის კომისიის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების შევსება სავალდებულოა.
სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 1.7-ის ფორმის შევსება/წარმოდგენაზე მაუწყებლების მხრიდან უამრავი პრობლემა და დაბრკოლება იქნა წამოჭრილი. გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, მაუწყებლებს ასევე გაეგზავნათ წერილი (2021 წლის ივნისის N გ-21-05/1833; N გ-21-05/1770) და შეტყობინება სისტემიდან. მაუწყებლებთან შეთანხმებით შეჯერდა ამ მონაცემების გამოქვეყნების ფორმატიც. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარდა დამატებითი სამუშაო შეხვედრები მაუწყებლების ნაწილთან, სადაც განხილულ იქნა მათ მიერ დასახელებული შემაფერხებელი გარემოებები. მიუხედავად კომისიის დიდი ძალისხმევისა, დღეის მდგომარეობით მაუწყებლების დიდ ნაწილს, მათ შორის შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ არაჯეროვნად აქვს შევსებული 1.7 ფორმით განსაზღვრული ინფორმაცია, კერძოდ, დაფინანსების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არის ასახული (შევსებულ ფორმაში არ ფიქირდება ფიზიკური/იურიდიული პირის სახელი (რეკლამის ან ტელეშოფინგის დამკვეთის (არა სარეკლამო კომპანია), სპონსორი, შემომწირველი, მომსახურების უშუალოდ გამწევი პირის მონაცემები). შესაბამისად, ჩასაშლელია მესამე და მეოთხე კვარტალი. ხოლო, მაუწყებელთა ნაწილს საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი, 1.7 ფორმით განსაზღვრული ინფორმაცია, რაც აფერხებს კომისიის ეფექტურ საქმიანობას და კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას.
კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (N22-10-268, 15.02.2022) წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული ინფორმაცია ექსელის ფაილის სახით სადაც პირველ გვერდზე ჩამოთვლილია პირები, რომლებსაც არ აქვთ 1.7 ფორმა წარმოდგენილი, ხოლო მეორე გვერდზე წარმოდგენილია პირები, რომელთაც არაჯეროვნად აქვთ ინფორმაცია ასახული 1.7 ფორმაში.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლებს, ევალებათ კომისიაში ელექტრონული ანგარიშგების ფორმების შევსება/წარმოდგენა. კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი ყველა პირისა და ასევე ყველა მაუწყებლის მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო 2013 წლის ივლისში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომლის ერთ-ერთ მიზანსაც წარმოადგენდა მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ამ ინფორმაციის საჯაროობა, რათა საზოგადოებას, არასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონოდა დეტალური ინფორმაცია მედიის დაფინანსების წყაროებისა და ოდენობების შესახებ. აღნიშნული ფორმა წარმოადგენს დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნით შექმნილ ფორმას და მასში მაუწყებლები უთითებენ დაფინანსების წყაროებს, შესაბამისი თანხების მითითებით. კომისიის მიერ დადგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები მაუწყებლების მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებით (საქმე N-ბს-532(კ-20) კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვათ მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლებისთვის კომისიის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების შევსება სავალდებულოა. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით (N გ-20-19/426, 30/04/2020) ახლებურად ჩამოყალიბდა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7. კერძოდ, დაზუსტდა, ფორმის კვარტალურად, შესაბამისი თვეების ჭრილში შევსების ნაწილი, ასევე, ფორმაში ველი „სეგმენტი“ შეიცვალა ველით - „გაწეული დაფინანსების ოდენობა“. შედეგად, მაუწყებლებს ევალებათ დაფინანსების შესახებ ზუსტი მონაცემების ასახვა კვარტალურად, შესაბამისი კვარტალის თვეებისთვის ცალ-ცალკე.
შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 24 თებერვალს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-22-03/377, 18/02/2022) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდა შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ წარმომადგენელი ა.კვანტალიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ფორმა შევსებული და მონაცემებიც ჩაშლილი ჰქონდათ, თუმცა ექსელის ფაილის მიმაგრება ვერ მოხერხდა და ამაში ჰქონდათ სირთულე. როგორც კი კომისიის შეტყობინება მიიღეს, სცადეს კორექტირება, თუმცა ეს ფუნქცია უკვე გათიშულია და არ ეძლევა საშუალება დააკორექტიროს და სრულად შეავსოს მონაცემები.
კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის სხდომაზე კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარბის დეპარტამენტის უფროსმა ქ.რეხვიაშვილმა, განმარტა, რომ როდესაც კორექციის ფუნქციას უხსნიან კომპანიას, ეს გახსნილია 3 დღის განმავლობაში. თუ ამ 3 დღის განმავლობაში კომპანიამ სრულად არ დააკორექტირა მონაცემები და არ დახურა, ფორმა იხურება, რათა დეპარტამენტმა ნახოს, შეავსო თუ არა კომპანიამ მონაცემები.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-191, 02.02.2022).
2. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-268; 15/02/2022) თანდართული დოკუმენტაციით.
3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება;
4. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-22-03/377, 18/02/2022)კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
5. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ წარმომადგენელი ა.კვანტალიანის მიერ კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
6. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის ქ.რეხვიაშვილის მიერ კომისიის 2022 წლის 24 ტებერვლის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
7. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ შესახებ.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „რადიო კომპანია პირველი რდიო წარმოადგენს რადიომაუწყებელს (რადიომაუწყებლობის B46 და B79 ლიცენზიები).
2. კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალათ გადაწყვეტილების დანართი N1- ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამავე გადაწყვეტილების დადგენილი პერიოდულობით.
3. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ არაჯეროვნად/არასრულად აქვს წარმოდგენილი 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტლის სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმა, დაფინანსების შესახებ მონაცემები სრულად არ არის ასახული, კერძოდ, არ არის შევსებული ველი „ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; განმარტება: რეკლამის ან ტელეშოფინგის დამკვეთის (არა სარეკლამო კომპანია), სპონსორი, შემომწირველი, მომსახურების უშუალოდ გამწევი პირის“ მონაცემები. არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად.
4. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველო კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია, ხოლო მე-3 პუნქტის „ვ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება. სამართლებრივი აქტების მიღება.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართვლოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები.
5. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები და დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის 42 პუნქტის შესაბამისად, კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა.
7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ- ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები. კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ. ამასთან, მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით მაუწყებლებს დაევალათ ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით დამტკიცებული კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება სავალდებულოა ყველა მაუწყებლისთვის, მათ შორის, შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“. კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში კომისიის Nგ-20-19/426 (30.04.2020) გადაწყვეტილებით განხორციელებული ცვლილების თანახმად, მაუწყებლებს დაევალათ 1.7. ფორმაში დაფინანსების შესახებ ზუსტი მონაცემების ასახვა კვარტალურად. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ კი არაჯეროვნად/არასრულად არის შევსებული 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტლის სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმა, დაფინანსების შესახებ მონაცემები სრულად არ არის ასახული, კერძოდ, არ არის შევსებული ველი „ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; განმარტება: რეკლამის ან ტელეშოპინგის დამკვეთის (არა სარეკლამო კომპანია), სპონსორი, შემომწირველი, მომსახურების უშუალოდ გამწევი პირი“-ს მონაცემები. არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, შესაბამისად, კომპანიის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება, რაც კომპანიის სანქცირების საფუძველია.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, უნდა განესაზღვროს 15 კალენდარული დღე 2021 წლის ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების სრულად შევსებული 1.7 ფორმის კომისიაში წარმოსადგენად.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.
2. შპს „რადიო კომპანია პირველმა რადიომ“ უზრუნველყოს 2021 წლის ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების სრულად შევსებული 1.7 ფორმის (მესამე და მეოთხე კვარტალი) კომისიაში წარმოდგენა წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ).
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
