სს „ელემენტს ენტერპრაისისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2022 15:34
მიღების თარიღი მარტი 10, 2022
სს „ელემენტს ენტერპრაისისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N22-10-360, 23/02/2022) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „ელემენტს ენტერპრაისისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N22-10-360, 23/02/2022) ირკვევა, რომ 2022 წლის 14 თებერვალს კომისიაში შემოვიდა სს „ელემენტს ენტერპრაისისის“ ს/კ 434177419 წერილი (N22-6/677), დირექტორის ცვლილების თაობაზე, კერძოდ არკადი მაღალდაძის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა მარინა ვოლკოვა. ზემოაღნიშნული ცვლილება კომპანიაში განხორციელდა 2021 წლის 18 ოქტომბერს, ცვლილების თაობაზე ინფორმაცია კომისიაში კომპანიამ წარმოადგინა დაგვიანებით, 2022 წლის 14 თებერვალს. შესაბამისად კომპანიის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტები.
სს „ელემენტს ენტერპრაისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 10 მარტს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით (Nგ-22-03/533, 04/03/2022). შეტყობინებით, სს „ელემენტს ენტერპრაისის“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიაში 2022 წლის 10 მარტს შემოვიდა სს „ელემენტს ენტერპრაისისის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/1054, 10.03.2022) მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიის 2022 წლის 14 თებერვლის დაგვინებული მომართვის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. კომპანია 2022 წლამდე არ ახორციელებდა საქმიანობას მინიჭებული ავტორიზაციის სფეროში, რის გამოც ფაქტობრივად შეხება არ ქონიათ კომისიასთან გარდა ნულოვანი სტატისტიკური ფორმების წარდგენისა. რამაც გამოიწვია ის რომ მხედველობიდან გამორჩათ ინფრომაციის მოწოდება დირექტორის ცვლილების თაობაზე. ამას ისიც ემატება რომ კომპანიას არ ჰყავს დასაქმებული იურისტი, ხოლო აღმასრულებელმა დირექტორმა კი არ იცის ქართული ენა, რაც ასევე იყო დაგვიანების მიზეზი. განცხადების თანახმად, მნიშნელოვანია რომ კომპანიამ მისივე ინიციატივით მიაწოდა კომისიას ინფორმაცია ცვლილების თაობაზე რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც შენიშნეს, რომ ვალდებულება შესრულებული არ ქონდათ. ამჟამად კომპანიამ დაიწყო საქმიანობა და ჰოსტინგის მომსახურებას აწვდის კლიენტს. ასევე კეთილსინდისიერად იხდის ყველა გადასახადს და მოსაკრებელს. შესაბამისად, განცხადებით მოთხოვნილია, რომ კომპანიას პასუხისმგებლობა არ დაეკისროს, ხოლო თუ კომისია მაინც ჩათვლის რომ აღნიშნულის საჭიროება არსებობს, კომპანია ითხოვს გამოყენებულ იქნას გაფრთხილება.
კომისიის 2022 წლის 10 მარტის დისტანციურად გამართულ სხდომაზე გამოცხადდა სს „ელემენტს ენტერპრაისისის“ წარმომადგენელი გ.ჟუჟუნაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ შემდგომში ეცდებიან, რომ დროულად შეასრულონ ვალდებულება. მისი განმარტებით, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი არ ფლობს ქართულ ენას და როგორც კი შენიშნეს დარღვევა, დაუყოვნებლივ აცნობეს კომისიას.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-360, 23/02/2022);
2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (B20069605, 04/09/2020 და B21104025, 18/10/2021) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან სს „ელემენტს ენტერპრაისისის“ შესახებ მონაცემები;
3. სს „ელემენტს ენტერპრაისისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-22-03/533, 04/03/2022) კომისიის 2022 წლის 10 მარტის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
4. სს „ელემენტს ენტერპრაისისის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/1054, 10.03.2022);
5. სს „ელემენტს ენტერპრაისისის“ წარმომადგენლის გ.ჟუჟუნაშვილის მიერ კომისიის 2022 წლის 10 მარტის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
6. სს „ელემენტს ენტერპრაისისის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2022 წლის 10 მარტის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. სს „ელემენტს ენტერპრაისის“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 09/07/2020). შესაბამისად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.
2. 2022 წლის 14 თებერვალს კომისიაში შემოვიდა სს „ელემენტს ენტერპრაისისის“ ს/კ 434177419 წერილი (N22-6/677), დირექტორის ცვლილების თაობაზე, კერძოდ არკადი მაღალდაძის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა მარინა ვოლკოვა. ზემოაღნიშნული ცვლილება კომპანიაში განხორციელდა 2021 წლის 18 ოქტომბერს, ცვლილების თაობაზე ინფორმაცია კომისიაში კომპანიამ წარმოადგინა დაგვიანებით, 2022 წლის 14 თებერვალს; სს „ელემენტს ენტერპრაისისს“ კომისიისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია დირექტორის ცვლილების თაობაზე, კანონით განსაზღვრულ 7 სამუშაო დღიან ვადაში;
3. სს „ელემენტს ენტერპრაისისის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/დანუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემების, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელის და გვარის ცვლილების შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. შესაბამისად, სს „ელემენტს ენტერპრაისისის“ მიერ დირექტორის ცვლილების რეგისტრაციიდან, კანონით განსაზღვრულ 7 სამუშაო დღიან ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობით დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტები. ზემოაღნიშნული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, სს „ელემენტს ენტერპრაისისი“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სს „ელემენტს ენტერპრაისისს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.შოვნაძე) წინამდებარე გადაწყვეტილების სს „ელემენტს ენტერპრაისისისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) სს „ელემენტს ენტერპრაისისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სს „ელემენტს ენტერპრაისისისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) სს „ელემენტს ენტერპრაისისისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
