ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2022 13:28
მიღების თარიღი მარტი 10, 2022
ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისსამსახურებრივი ბარათების (N22-10-191, 02.02.2022; N22-10-268, 15.02.2022) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N22-10-191, 02.02.2022) აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლებს ევალებათ კომისიაში ელექტრონული ანგარიშგების ფორმების შევსება/წარმოდგენა. კომისიის 2020 წლის 30 აპრილის N#20-19/426 გადაწყვეტილების შესაბამისად ცვლილება შევიდა კომისიის ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში. აღნიშნული ფორმა წარმოადგენს დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნით შექმნილ ფორმას და მასში მაუწყებლები უთითებენ დაფინანსების წყაროებს, შესაბამისი თანხების მითითებით.
კომისიის მიერ დადგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები მაუწყებელთა ჯგუფის მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებით (საქმე N-ბს-532(კ-20) კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვათ მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლებისთვის კომისიის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების შევსება სავალდებულოა.
სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 1.7-ის ფორმის შევსება/წარმოდგენაზე მაუწყებლების მხრიდან უამრავი პრობლემა და დაბრკოლება იქნა წამოჭრილი. გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, მაუწყებლებს ასევე გაეგზავნათ წერილი (2021 წლის ივნისის N გ-21-05/1833; Nგ-21-05/1770) და შეტყობინება სისტემიდან. მაუწყებლებთან შეთანხმებით შეჯერდა ამ მონაცემების გამოქვეყნების ფორმატიც. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარდა დამატებითი სამუშაო შეხვედრები მაუწყებლების ნაწილთან, სადაც განხილულ იქნა მათ მიერ დასახელებული შემაფერხებელი გარემოებები. მიუხედავად კომისიის დიდი ძალისხმევისა, დღეის მდგომარეობით მაუწყებლების დიდ ნაწილს, მათ შორის ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“ არაჯეროვნად აქვს შევსებული 1.7 ფორმით განსაზღვრული ინფორმაცია, კერძოდ, დაფინანსების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არის ასახული (შევსებულ ფორმაში არ ფიქსირდება ფიზიკური/იურიდიული პირის სახელი (რეკლამის ან ტელეშოპინგის დამკვეთის (არა სარეკლამო კომპანია), სპონსორი, შემომწირველი, მომსახურების უშუალოდ გამწევი პირის მონაცემები). შესაბამისად, ჩასაშლელია მესამე და მეოთხე კვარტალი. ხოლო, მაუწყებელთა ნაწილს საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი, 1.7 ფორმით განსაზღვრული ინფორმაცია, რაც აფერხებს კომისიის ეფექტურ საქმიანობას და კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას.
კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (N22-10-268, 15.02.2022) წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული ინფორმაცია ექსელის ფაილის სახით სადაც პირველ გვერდზე ჩამოთვლილია პირები, რომლებსაც არ აქვთ 1.7 ფორმა წარმოდგენილი, ხოლო მეორე გვერდზე წარმოდგენილია პირები, რომელთაც არაჯეროვნად აქვთ ინფორმაცია ასახული 1.7 ფორმაში.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლებს, ევალებათ კომისიაში ელექტრონული ანგარიშგების ფორმების შევსება/წარმოდგენა. კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი ყველა პირისა და ასევე ყველა მაუწყებლის მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო 2013 წლის ივლისში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომლის ერთ-ერთ მიზანსაც წარმოადგენდა მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ამ ინფორმაციის საჯაროობა, რათა საზოგადოებას, არასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონოდა დეტალური ინფორმაცია მედიის დაფინანსების წყაროებისა და ოდენობების შესახებ. აღნიშნული ფორმა წარმოადგენს დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნით შექმნილ ფორმას და მასში მაუწყებლები უთითებენ დაფინანსების წყაროებს, შესაბამისი თანხების მითითებით. კომისიის მიერ დადგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები მაუწყებლების მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებით (საქმე N-ბს-532(კ-20) კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვათ მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლებისთვის კომისიის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების შევსება სავალდებულოა. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით (N გ-20-19/426, 30/04/2020) ახლებურად ჩამოყალიბდა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7. კერძოდ, დაზუსტდა, ფორმის კვარტალურად, შესაბამისი თვეების ჭრილში შევსების ნაწილი, ასევე, ფორმაში ველი „სეგმენტი“ შეიცვალა ველით - „გაწეული დაფინანსების ოდენობა“. შედეგად, მაუწყებლებს ევალებათ დაფინანსების შესახებ ზუსტი მონაცემების ასახვა კვარტალურად, შესაბამისი კვარტალის თვეებისთვის ცალ-ცალკე.
ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 24 თებერვალს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-22-03/385, 18/02/2022) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2022 წლის 21 თებერვალს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/763, 21.02.22) კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 1,5 და 1,7 კატეგორიებში კომპანიას აქვს შეუსაბამობა თანხებში და არა შევსების დანაკლისი, რომელიც მოხდა მხოლოდ იმის გამო რომ დონორ ორგანიზაციების ჩამონათვალში ვერ მოხვდა დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) https://www.ned.org/ ამერიკული დონორი ორგანიზაციის ასახვა გრანტის დამფინასებელთა სიაში. რადიოს მენეჯმენტმა არაერთხელ მოიწერა ამ ორგანიზაციის დამატების მოთხოვნით. თუმცა დღემდე ორგანიზაცია არ იძებნება სიაში. კომისიის თანამშრომლებთან სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად დადგინდა რომ, დემოკრატიის ეროვნული ფონდის ე.წ. საიდენტიფიკაციო ნომრის მოპოვება გვესაჭიროება, რომ კომისიის შესაბამისმა სტურქტურამ შეიყვანოს სიაში. წერილის თანახმად, კომპანიამ გადახედა დონორ ორგანიზაციასთან გაფორმებულ კონტრაქტს და მათ მიერ ვერ მოიძებნა რაიმე მსგავსი რეგისტრაციის ნომერი. წერილში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია აპირებს მიწეროს დონორ ორგანიზაციის წარმომადგენლებს და სთხოვოს არსებობის შემთხვევაში მათი კანონმდებლობიდან გამომდინარე საინდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა, რომელიც ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ მიერ სამომავლოდ იქნება შეტანილი კომისიის მიერ შემუშავებულ დონორი ორგანიზაციების სიაში.
კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დისტანციურად გამართულ სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ წარმომადგენელი კ.მამედოვა, რომელმაც განაცხადა, რომ თვეების განმავლობაში ითხოვდნენ ზემოაღნიშნული ორგანიზაციის დამატებას და მათთვის არ იყო ცნობილი, რომ საიდენტიფიკაციო კოდი მაუწყებლის მოსაძიებელი იყო. ამიტომ მიმართეს აღნიშნულ პირს და გუშინ საღამოს საათებში, მიიღეს გარკვეული კოდი. მათ არ აქვთ საიდენტიფიკაციო კოდები ისეთი სახით, როგორც საქართველოშია, აქვთ გადასახადის გადამხდელის კოდი. ასევე გუშინ მიიღეს წერილი, რომ კომპანია, რომლებთანაც ტელეკომპანია თანამშრომლობს და რომლის შესახებაც ინფორმაცია იყო ჩასაშლელი. ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. კ. მამედოვა ასევე განმარტავს, რომ ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ თვლიდა, რომ სწორად ავსებდა ფორმას. მან ასევე აღნიშნა, რომ შუალედში არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ არასწორად მოქმედებდნენ. არაფერს აპროტესტებენ, პირიქით, გამჭვირვალობის მომხრე არიან. გუშინვე მიმართეს სარეკლამო კომპანიას, თხოვეს მონაცემების მიწოდება, და უახლოეს დღეებში შესწორებას შეიტანენ.
საკითხის დამატებითი მოკვლევის მიზნით კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2022 წლის 10 მარტს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ წარმომადგენელს სხდომაზევე ეცნობა. კომისიის 2022 წლის10 მარტის სხდომაზე გამოცხადდა კ.მამედოვა, რომელსაც დამატებით ახსნა-განმარტება არ გაუკეთები. ხოლო, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებები რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N22-10-421, 10/03/2022) თანახმად, ირკვევა, რომ 2022 წლის 10 მარტის მდგომარეობით ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ მიერ სრულად იქნა შევსებული ფორმა 1.7.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-191, 02.02.2022).
2. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-268; 15/02/2022) თანდართული დოკუმენტაციით.
3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება;
4. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (გ-22-03/385, 18/02/2022) კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
5. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ შესახებ.
6. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/763, 21.02.22);
7. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ წარმომადგენლის კ.მამედოვას ახსნა- განმარტება მიცემული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის სხდომაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ წარმოადგენს რადიომაუწყებელს (რადიომაუწყებლობის B190 ლიცენზია).
2. კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალათ გადაწყვეტილების დანართი N1- ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამავე გადაწყვეტილების დადგენილი პერიოდულობით.
3. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისთვის, ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“ არაჯეროვნად/არასრულად ქონდა წარმოდგენილი 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტლის სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმა, დაფინანსების შესახებ მონაცემები სრულად არ იყო ასახული, კერძოდ, არ იყო შევსებული ველი „ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; განმარტება: რეკლამის ან ტელეშოფინგის დამკვეთის (არა სარეკლამო კომპანია), სპონსორი, შემომწირველი, მომსახურების უშუალოდ გამწევი პირის“ მონაცემები. არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
4. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“ აღმოფხვრილი აქვს დარღვევა და სრულყოფილად აქვს წარმოდგენილი კომისიაში სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმა;
5. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველო კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია, ხოლო მე-3 პუნქტის „ვ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენსმაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება. სამართლებრივი აქტების მიღება.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართვლოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები.
5. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები და დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის 42 პუნქტის შესაბამისად, კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა.
7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ- ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები. კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ. ამასთან, მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით მაუწყებლებს დაევალათ ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით დამტკიცებული კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება სავალდებულოა ყველა მაუწყებლისთვის, მათ შორის, ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“. კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში კომისიის Nგ-20-19/426 (30.04.2020) გადაწყვეტილებით განხორციელებული ცვლილების თანახმად, მაუწყებლებს დაევალათ 1.7. ფორმაში დაფინანსების შესახებ ზუსტი მონაცემების ასახვა კვარტალურად. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ მიერ კი არაჯეროვნად/არასრულად იყო შევსებული 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტლის სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმა, დაფინანსების შესახებ მონაცემები სრულად არ იყო ასახული, კერძოდ, არ იყო შევსებული ველი „ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; განმარტება: რეკლამის ან ტელეშოფინგის დამკვეთის (არა სარეკლამო კომპანია), სპონსორი, შემომწირველი, მომსახურების უშუალოდ გამწევი პირი“-ს მონაცემები. არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, შესაბამისად, კომპანიის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება, რაც კომპანიის სანქცირების საფუძველია.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებული იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კომისიაში სრულყოფილად არის წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმა, კომისიამ ასევე, გაითვალისწინა ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი და მიიჩნია, რომ ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ ცნობილი უნდა იქნას სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.
2. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ.შოვნაძე).
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
