წვდომის მენიუ

შპს „დათაჰაუს გლობალისთვის “ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 148

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2022 10:56

მიღების თარიღი მარტი 24, 2022

შპს „დათაჰაუს გლობალისთვის “ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან (N22-10-415, 09/03/2022) ირკვევა, რომ შპს „დათაჰაუს გლობალს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2021 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2022 წლის იანვრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა, ასევე არ წარმოუდგენია 2021 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2022 წლის იანვრის თვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის (N22-10-415, 09/03/2022)   საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 24 მარტს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N გ-21-03/735, 21/03/2022) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან (N 22-10-504, 24/03/2022) დამატებით ირკვევა, რომ 2022 წლის 24 მარტის მდგომარეობით შპს „დათაჰაუს გლობალს“ კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი 2021 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2022 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა და ასევე 2021 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2022 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისიის 2022 წლის 24 მარტის დისტანციურად გამართულ სხდომაზე გამოცხადდა შპს „დათაჰაუს გლობალის“ დირექტორი ა. აღაიაროვი და წარმომადგენელი თ. გარიბოვა. შპს „დათაჰაუს გლობალის“ დირექტორმა აღნიშნა, რომ თანამშრომელი, რომელიც ფორმების შევსებაზე იყო პასუხისმგებელი, აღარ მუშაობს კომპანიაში. სამწუხაროდ, თავად არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ფორმების შევსება იყო საჭირო. როდესაც ეს გაიგო, იყო უკვე გვიანი და ვერ მოასწრო არქივიდან მონაცემების გადატანა. 2020 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ყველაფერი რაც არქივში იყო, უკვე მოაწესრიგეს. ყველა ფორმის შესავსებად  ერთი  კვირა  დასჭირდებათ  და  თუ  ამ  ვადას  მისცემს კომისია, დაასრულებენ შევსებას.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.  კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრვი ბარათი (N22-10-415, 09/03/2022);

2.   კომისიის    შეტყობინება    (N    გ-21-03/735,    21/03/2022)    გაგზავნილი    შპს    „დათაჰაუს გლობალისთვის“ კომისიის 2022 წლის 24 მარტის სხდომის თაობაზე;

3.   კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-504, 24/03/2022);

4.  ამონაწერი   მეწარმეთა და არასამეწარმეო   (არაკომერციული)   იურიდიული   პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „დათაჰაუს გლობალის“ შესახებ;

5.    შპს  „დათაჰაუს  გლობალის“  დირექტორი  ა.  აღაიაროვის  ახსნა-განმარტება  მიცემული კომისიის 2022 წლის 24 მარტის სხდომაზე.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.  შპს „დათაჰაუს გლობალი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 12/12/2019);

2.  შპს  „დათაჰაუს  გლობალი“,  როგორც  ავტორიზებული  პირი,  ვალდებულია  შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.   „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები და დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური   ანგარიშგების    ფორმების    ელექტრონულად    შევსება    და    კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.  წინამდებარე  გადაწყვეტილების მიღების  დროისათვის შპს   „დათაჰაუს გლობალს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2021 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2022 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა, ასევე არ წარმოუდგენია 2021 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2022 წლის   იანვრისა და თებერვლის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

5. შპს „დათაჰაუს გლობალის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის  მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2.   „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ- ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული    ფორმით     წარუდგინონ     კომისიას     ინფორმაცია     გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3.  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.    „საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა კო მისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები და დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური   ანგარიშგების    ფორმების    ელექტრონულად    შევსება    და    კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობითა და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობით შპს “დათაჰაუს გლობალის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ  შპს “დათაჰაუს გლობალის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა,  ის  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში 2021 წლის   ნოემბრის, დეკემბრის, 2022 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმის 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. ასევე, 2021 წლის   ნოემბრის, დეკემბრის, 2022 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    შპს    „დათაჰაუს    გლობალს“    მიეცეს    წერილობითი    გაფრთხილება    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.    შპს „დათაჰაუს გლობალს“ დაევალოს 2021 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2022 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;

3.    შპს  „დათაჰაუს  გლობალს“  დაევალოს  2021  წლის  ნოემბრის,  დეკემბრის,  2022 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;

4.  დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას   (ო.ვოტ)   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ გაგზავნა და  კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ   პირთა  უწყებრივ  რეესტრში  შეტანის უზრუნველყოფა;

6.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი  დამოწმებული ასლის შპს  „დათაჰაუს გლობალისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7.    გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოთ კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) და  კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (თ.მარღანია).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები