შპს „ტელეკომპანია თბილისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2022 12:51
მიღების თარიღი იანვარი 20, 2022
შპს „ტელეკომპანია თბილისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-2417, 28/12/2021) თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა შპს „ტელეკომპანია თბილისის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 – 20 დეკემბრის პერიოდში ეთერში განთავსდა მხატვრული ფილმები: „მეშვიდე შვილი“, „პროფესიონალი“ და „სან ანდრეასი“. აღნიშნულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციაზე მაუწყებელს შესაბამისი უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვს კომისიაში წარმოდგენილი.
2021 წლის 22 დეკემბრის წერილით (Nგ-21-04/3610. 22/12/2021) კომისიამ მიმართა შპს „ტელეკომპანია თბილისს“ და მოსთხოვა 3 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიოვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
2021 წლის 27 დეკემბერს მაუწყებლისგან კომისიაში შემოვიდა საპასუხო წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5630, 28.12.2021), რომელშიც საუბარი იყო, რომ ფილმების უფლებამფლობელებს ვერ მიაკვლიეს, წუხან, რომ მოხდა გადაცდომა და ამჯერად ეს ფილმები ბადიდან ამოღებულია.
კომისიის აპარატის აუდო-ვიზუალური მედია მომსახურებები რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისის“ მიერ შესაბამისი უფლებების მოპოვების გარეშე ფილმების ეთერში განთავსებით, დაირღვა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
შპს „ტელეკომპანია თბილისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 20 იანვარს, 15 საათზე, რის შესახებაც ორგანიზაციას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით (N გ-22-03/66, 14/01/2022) მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია თბილისის” წარმომადგენელი მ.ბოჭორიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ცდილობენ მოიძიონ უფლებამფლობელი კომპანიის რეკვიზიტები, რათა დაუკავშირდნენ და შეძლონ ფილმების მართლზომიერი განთავსება, რაც ამ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა. კომისიის რამდენიმე თანამშრომელთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია და ითხოვეს დახმარება. ამ ეტაპზე ეს ფილმები ამოღებულია სამაუწყებლო ბადიდან და სამართალდარღვევა აღმოფხვრილია. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ მოცემულობას გაითვალისწინებს კომისია გადაწყვეტილების მიღებისას.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-2417, 28/12/2021);
2. კომისიის წერილი (N გ-21-04/3610. 22/12/2021) შპს „ტელეკომპანია თბილისს“;
3. შპს „ტელეკომპანია თბილისის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5630, 28.12.2021);
4. მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია თბილისის“ შესახებ;
5. შპს „ტელეკომპანია თბილისისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-22-03/66, 14/01/2022) კომისიის 2022 წლის 20 იანვრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
6. შპს „ტელეკომპანია თბილისის“ წარმომადგენლის მ.ბოჭორიშვილის ახსნა- განმარტება მიცემული კომისიის 2022 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ტელეკომპანია თბილისი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირს წამოადგენს. შესაბამისად, იგი, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;
2. 2021 წლის 17 – 20 დეკემბრის პერიოდში ეთერში განთავსდა მხატვრული ფილმები: „მეშვიდე შვილი“, „პროფესიონალი“ და „სან ანდრეასი“. აღნიშნულ აუდიო-ვიზულაურ პროდუქციაზე მაუწყებელს შესაბამისი უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვს კომისიაში წარმოდგენილი.
3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ტელეკომპანია თბილისის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციაა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმა, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და „საავტორო უფლებების შესახებ“ 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის და ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებების გატარების ვალდებულება.
6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებით, ნება დართონ თავისი ნაწარმოებების ეთერით გადაცემაზე, ან ამ ნაწარმოებების საყოველთაო გაცნობაზე ნიშნების, ხმების ან გამოსახულებების უსადენო გადაცემის ნებისმიერი საშუალებით;
7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების დასახელებულ დებულებებს შეესატყვისება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული უფლებაა. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ამავე კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისის“ მიერ 2021 წლის 17-20 დეკემბრის პერიოდში მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე მხატვრული ფილმების „მეშვიდე შვილი“, „პროფესიონალი“ და „სან ანდრეასის“ განთავსებით დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ამავდროულად, შპს „ტელეკომპანია თბილისს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. შესაბამისად, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ტელეკომპანია თბილისს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია თბილისისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ტელეკომპანია თბილისისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია თბილისისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
