შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2022 13:45
მიღების თარიღი მარტი 31, 2022
შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N22-10-496, 23/03/2022) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში(N22-10-496,23/03/2022) აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამანეტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შეიცვალა შპს„ტელეკომპანია ქართული არხის“ ს/კ404964071დამფუძნებელი, კერძოდ ხათუნა მაცაბერიძემ (29%), ხათუნა მაცაბერიძემ და ირინა გაჩეჩილაძემ ერთობლივი წილი (20%) და ალექსანდრე გალდავამ (51%) სრულად დათმეს ლუკა გალდავას და ირინა გაჩეჩილაძის სასარგებლოდ. შესაბამისად წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: ლუკა გალდავა 80% და ირინა გაჩეჩილაძე 20% (ამონაწერი თან ერთვის). შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ კომისიაში ინფორმაცია დამფუძნებლის ცვლილების თაობაზე არ წარმოუდგენია. შესაბამისად, კომპანიის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს„ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 31 მარტს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს„ტელეკომპანია ქართულ არხს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-22-03/773,28/03/2022). ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ შეტყობინება (Nგ-22-03/773, 28/03/2022) ჩაბარდა 2022 წლის 29 მარტს. კომისიის 2022 წლის 31 მარტის სხდომაზე შპს„ტელეკომპანია ქართული არხის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. ვინაიდან, კომპანიას ჩაბარდა შეტყობინება, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ დაუსწრებლად.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1.კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N22-10-496, 23/03/2022);
2.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი (B21088549, 15/09/2021; B20078383, 16/10/2020; B20074993, 22/09/2020) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია ქართული არის“ შესახებ მონაცემები;
3.შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-22-03/773,28/03/2022) კომისიის 2022 წლის 31 მარტის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დასტური.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1.შპს„ტელეკომპანია ქართული არხი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 15/07/2015);
2.ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შეიცვალა შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ ს/კ404964071 დამფუძნებელი, კერძოდ ხათუნა მაცაბერიძემ (29%), ხათუნა მაცაბერიძემ და ირინა გაჩეჩილაძემ ერთობლივი წილი (20%) და ალექსანდრე გალდავამ (51%) სხვადასხვა პერიოდში სრულად დათმეს ლუკა გალდავასა და ირინა გაჩეჩილაძის სასარგებლოდ. შესაბამისად მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (B21088549, 15/09/2021) შესაბამისად, წილები გადანაწილებულია შემდეგნაირად: შპს„ტელეკომპანია ქართული არხის“ წილის 80%-ს ფლობს ლუკა გალდავა და 20%-ს ირინა გაჩეჩილაძე. ზემოაღნიშნული ინფორმაცია ცვლილების განხორციელებიდან, კანონით განსაზღვრულ 10 დღის ვადაში შპს„ტელეკომპანია ქართულ არხს“ კომისიაში არ წარმოუდგენია;
3.შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1.,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2.,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
3.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
4.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე;
5.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს„ტელეკომპანია ქართული არხის“ მიერ დამფუძნებლის ცვლილების განხორციელებიდან დადგენილ ვადებში ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა)ქვეპუნქტი და 62-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს„ტელეკომპანია ქართული არხის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის და 71-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს„ტელეკომპანია ქართულ არხს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2.უზრუნველყოს შპს„ტელეკომპანია ქართულმა არხმა“ 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენა;
3.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4.დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს„ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
5.გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს„ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
7.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
