წვდომის მენიუ

სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 186

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2022 11:15

მიღების თარიღი აპრილი 14, 2022

სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისია   (შემდგომში   „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N22-10-555, 01/04/2022)  საფუძველზე  კომისიაში  დაიწყო  მარტივი  ადმინისტრაციული  წარმოება სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. მოხსენებით ბარათში (N22-10-555, 01/04/2022) აღნიშნულია, რომ სს „საქართველოს რკინიგზას“, როგორც უკვე კომისიისთვის ცნობილია, დაზიანებული აქვს საბილინგო სისტემა და კომისიაში წარმოადგენს სატელეფონო ზარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას (გამავალი, შემომავალი სატელეფონო ზარები) ურთიერთჩართული ოპერატორების საბილინგო სისტემაზე დაყრდნობით. შესაბამისად, ვერ წარმოადგენს შიდა სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციას. 2021 წლის 20 მაისს კომისიამ  განიხილა  საქართველოს  რკინიგზის  საკითხი  (გადაწყვეტილება  Nგ-21-18/303, 20.05.2021) და გადაწყვიტა: 1. სს „საქართველოს რკინიგზა“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345 / 22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო; 2. სს „საქართველოს  რკინიგზა“  გათავისუფლდეს  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობისგან;  3. სს „საქართველოს რკინიგზას“ დაევალოს 2021 წლის ნოემბრის თვიდან განაახლოს კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.

კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N22-10-555, 01/04/2022) თანახმად, სს „საქართველოს რკინიგზა“ 2021 წლის ნოემბრის თვიდან არ ასრულებს კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტითა და კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებებს. კერძოდ, არ წარმოადგენს სატელეფონო ზარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას (CDR), რომელიც უნდა შეიცავდეს  გამავალ, შემომავალ  (საკუთარ  მონაცემებზე  დაყრდნობით)  და  შიდა  სატელეფონო ზარებს. ასევე არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების 3.3 ფორმა (Fixed-onnet-local) საკუთარი ფიქსირებული აბონენტების მიმართულებით განხორციელებული ადგილობრივი სატელეფონო ზარების შესახებ მონაცემები.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2022 წლის 28 თებერვალს კომისიაში შემოვიდა სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/903, 28.02.2022), რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სს „საქართველოს რკინიგზას“ 2009 წლიდან მიენიჭა ავტორიზებული პირის სტატუსი. ავტორიზაცია განახლებულია კომისიის 2019 წლის 15 აგვისტოს Nგ-19-24/478 გადაწყვეტილების საფუძველზე. კანონის შესაბამისად, კომპანიის ფილიალის „ვორდლ ბიზნეს სოლუშენსის“ საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ წარმოებს სატელეფონო ურთიერთჩართვის სტატისტიკური ფორმების შევსება - ბილინგის, გამავალი და შემომავალი ზარების ე.წ. CDR მონაცემებზე დაყრდნობით.

სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წლის 16 აპრილს N1876 წერილით, კომისიას აცნობეს, რომ სატელეფონო სისტემის ანგარიშგების ნაწილი, რომელიც არის Siemens-ის წარმოების და ექსპლუატაციაშია 2006 წლიდან, გამოვიდა მწყობრიდან და მისი აღდგენა ტექნოლოგიურად შეუძლებელია, რაც მწარმოებელმაც დაადასტურა. სს „საქართველოს რკინიგზამ“ საკითხის  დეტალურად    შესწავლის  შემდეგ,  მიიღო გადაწყვეტილება, დანერგოს  ახალი სატელეფონო სისტემა VoIP ტექნოლოგიაზე დაყრდნობით. 2021 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა ტენდერი კავშირგაბმულობის სისტემის შესყიდვაზე, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და უმოკლეს პერიოდში ხელახლა ჩატარდება. აღნიშნულიდან გამომდინარე სს „საქართველოს რკინიგზა“ ითხოვს კომისიამ დართოს ნება, რომ ახალი საბილინგო სისტემაზე გადასვლამდე, შუალედურ პერიოდში, სტატისტიკური ფორმები უზრუნველყონ პარტნიორი ოპერატორების საბილინგო მონაცემების მიხედვით. წერილის თანახმად, ახალი საბილინგო სისტემის დანერგვის დასრულებას დაუყოვნებლივ შეატყობინებენ კომისიას.

სს    „საქართველოს  რკინიგზისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2022 წლის 14 აპრილი, 15 საათი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება (Nგ-22-03/903,12/04/2022) გაეგზავნა სს „საქართველოს რკინიგზას“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე  მუხლებით  გათვალისწინებული მტკიცებულებების  და  შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის  2022  წლის  14  აპრილის  დისტანციურად  გამართულ  სხდომაზე  გამოცხადდნენ  სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები, კერძოდ, სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალის „ვორლდ ბიზნეს სოლუშენსის“ დირექტორი   გ.კაჭარავა და ამავე ფილიალის დირექტორის მოადგილე კომუნიკაციების დარგში დ.ჯახუა, ასევე, სს „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსი ნ.აბელიშვილი და ამავე სამსახურის კონსულტანტი რ.როინიშვილი.

სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა, ფილიალ „ვორლდ ბიზნეს სოლუშენსის“ დირექტორმა გ.კაჭარავამ აღნიშნა, რომ კომპანიის კავშირგაბმულობის სისტემა საკმაოდ მოძველებულია და მის განახლებაზე ზრუნვა დაიწყეს 2020 წლიდან. იყო შესყიდვის ინიცირება. აღნიშნული ტიპის აპარატურის შესყიდვა საჭიროებდა საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას. კომპანიამ დაიწყო პროცესი, გაიგზავნა მოთხოვნა თანხმობის მისაღებად, რაზეც 2020 და 2021 წლის განმავლობაში პასუხი არ მიუღიათ. შესაბამისი თანხმობის არარსებობის გამო დროულად ტენდერის დაწყება ვერ მოხერხდა. 2021 წლის დასაწყისში კომპანიას, მოძველებული სისტემის გამო, დაუფიქსირდა ბილინგის პრობლემა და დაიწყეს უფრო აქტიური მოქმედება. შეატყობინეს კომუნიკაციების კომისიას ამასთან დაკავშირებით და ითხოვეს გარკვეული ვადა ინფორმაციის წარმოსადგენად.  2021 წლის შუა პერიოდში სახელმწიფოსგან წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულება მოიხსნა და დაიწყეს შესყიდვის პროცესი. ჩამოაყალიბეს ბიუჯეტი, ჩაატარეს ბაზრის კვლევა და გაგზავნეს მოთხოვნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში. 2021 წლის ბოლოს გამოცხადდა ტენდერი, რომლის პირველი მცდელობაც გარკვეულ მიზეზთა გამო, ჩავარდა. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციაც აცნობეს კომისიას. შემდეგ გამოცხადდა მეორე ტენდერი, რომელიც მიმდინარე სტატუსშია და ა/წ აპრილის ბოლოს უნდა გაიხსნას და ვარაუდობენ, რომ უკვე მაისის შუა რიცხვებში ხელშეკრულებას გააფორმებენ მომწოდებლებთან. გ.კაჭარავამ ასევე აღნიშნა, რომ ყველა მსხვილ მომწოდებელს აქვს მოწოდების პრობლემა და ვადები არის გახანგრძლივებული. შესაბამისად, ტენდერის ფარგლებში, აპარატურის მოწოდების   საკმაოდ ხანგრძლივი ვადა აქვთ აღებული - 365 დღე. წინააღდეგ შემთხვევაში, შეიძლებოდა აღმოჩენილიყვნენ იმ რისკის წინაშე, რომ აპარატურა ვერ შემოეტანათ დროულად. გ. კაჭარავამ განმარტა, რომ ჯერ ტექნიკა უნდა შემოიტანონ, რომელიც შემდეგ უნდა განათავსონ მთელი საქართველოს მასშტაბით. მოწოდება უფრო მოკლე ვადაში უნდა მოხდეს, თუმცა ძალიან მცირე ვადაში ეს ვერ ხერხდება. სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აპარატურის მოწოდების საკითხი კომპანიაზე არ არის დამოკიდებული. ცდილობდნენ, სხვა სახით მოეხდინათ ინფორმაციის წარმოდგენა. მწარმოებელმა კომპანიამ დაადასტურა წერილობით, რომ იმ აპარატურის, რაც ამჟამად კომპანიას გააჩნია, ინფორმაციის აღდგენა ან ახლით ჩანაცვლება არის შეუძლებელი. შესაბამისად, უწევთ მთელი სისტემის განახლება. შესყიდვის და მოწოდების პროცესი, ბაზრის რეალობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდ ვადებს მოითხოვს.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.  კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N22-10-555, 01/04/2022);

2.   სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/903, 28.02.2022);

3.  კომისიის შეტყობინება (Nგ-22-03/903,12/04/2022) სს „საქართველოს რკინიგზას“ კომისიის 2022 წლის 14 აპრილის სხდომის თაობაზე;

4.    ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან სს „საქართველოს რკინიგზის“ შესახებ;

5.    სს  „საქართველოს  რკინიგზის“  წარმომადგენლის  გ.კაჭარავას  მიერ  კომისიის  2022  წლის  14 აპრილის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.  სს „საქართველოს რკინიგზა“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ  პირს    (ავტორიზაციის    თარიღი:15/02/2010);    2019    წლის    Nგ-19-24/478 გადაწყვეტილებით სს „საქართველოს რკინიგზას“ მიენიჭა ნუმერაციის რესურსი (2000 სააბონენტო ნომერით ქ. თბილისში) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის;

2.    სს „საქართველოს რკინიგზა“    როგორც    ავტორიზებული    პირი,    ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის    დადგენილებები,  აგრეთვე  კომისიის  დადგენილებები  და გადაწყვეტილებები;

3.    „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის    2011   წლის   25   მარტის  N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად  ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალათ ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.    „საქართველოში  საერთაშორისო  ზარების  ტერმინაციის  დროებითი  რეგულაციის  დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345 / 22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის თანახმად, ავტორიზებულმა პირებმა ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უნდა  უზრუნველყონ  სატელეფონო  ზარების  შესახებ   დეტალური  ინფორმაციის („CDR“) კომისიაში წარმოდგენა, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მოიცავდეს: ა) საზღვარგარეთის პარტნიორი ოპერატორების დასახელებას და შესაბამის ტრაფიკს; ბ) როუმინგული ზარის შემთხვევაში წამომწყები აბონენტის მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდს (IMSI);

5.    „სს   „საქართველოს   რკინიგზის“   სამართალდამრღვევად   ცნობისა   და   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/303 გადაწყვეტილებით  დადგენილ  იქნა,  რომ    მწყობრიდან  გამოვიდა  სს  „საქართველოს რკინიგზის“ სატელეფონო სისტემის ანგარიშგების ნაწილი (Siemens-ის წარმოების), რომელიც ექსპლუატაციაში იყო 2003 წლიდან და ვერ ახდენენ აღნიშნული დაზიანების აღდგენას; სს „საქართველოს რკინიგზამ“ მიიღო გადაწყვეტილება დანერგოს ახალი სატელეფონო სისტემა VOIP ტექნოლოგიაზე დაყრდნობით 2021 წლის ოქტომბრამდე; ძველი მონაცემების აღდგენა შეუძლებელია; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სს „საქართველოს რკინიგზა“ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის 3.3 (Fixed-onnet-local - საკუთარი ფიქსირებული აბონენტების მიმართულებით განხორციელებული ადგილობრივი სატელეფონო ზარების შესახებ მონაცემები) წარმოუდგენლობისა და 2021 წლის მარტის და აპრილის თვეების სატელეფონო ზარების შესახებ  დეტალური ინფორმაციის („CDR“) წარმოუდგენლობის გამო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობის ობიექტური მიზეზი არსებობდა, კომისიამ სს „საქართველოს რკინიგზა“ გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. ამასთან, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია სს „საქართველოს რკინიგზას“ მიცემოდა გონივრული  ვადა  ახალი სატელეფონო  სისტემის დანერგვისათვის  და დაავალა  2021 წლის ნოემბრის თვიდან განაახლოს კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

6.    სს „საქართველოს რკინიგზა“ 2021 წლის ნოემბრის თვიდან არ ასრულებს კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტითა და კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებებს, კერძოდ, 2022 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით   და   წინამდებარე   გადაწყვეტილების      მიღების   დღისათვის   სს „საქართველოს რკინიგზას“ 2021 წლის ნოემბრის თვიდან წარმოსადგენი აქვს სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია (CDR), რომელიც უნდა შეიცავდეს გამავალ, შემომავალ (საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით) და შიდა სატელეფონო ზარებს (ავტორიზებულმა პირებმა ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე  კომისიას  უნდა წარუდგინოს  ინფორმაცია).  ასევე, წარმოსადგენი აქვს სტატისტიკური ანგარიშგების 3.3 ფორმა  (Fixed-onnet-local)  საკუთარი ფიქსირებული აბონენტების მიმართულებით განხორციელებული ადგილობრივი სატელეფონო ზარების შესახებ  მონაცემები (ივსება ყოველთვიურად, შესაბამისი პერიოდის    დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა).

7.    სს   „საქართველოს   რკინიგზას“   ბოლო   ერთი   წლის   განმავლობაში   მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე (გაფრთხილება ან/და ჯარიმა) არ დაკისრებია. „სს „საქართველოს რკინიგზის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 20  მაისის  Nგ-21-18  / 303 გადაწყვეტილებით სს „საქართველოს  რკინიგზა“  ცნობილ  ინა სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345 / 22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო და გათავისუფლდა პასუხისმგებლობისაგან.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.     „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-19  მუხლის  მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები,    აგრეთვე,    კომისიის    დადგენილებები    და გადაწყვეტილებები.

2. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა  და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11  თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალათ ამ გადაწყვეტილების  N1  დანართით  განსაზღვრული სტატისტიკური  ანგარიშგების  ფორმების ელექტრონულად შევსება და  კომისიაში   წარმოდგენა  ამ ფორმებში    მითითებული პერიოდულობით;

3.   „საქართველოში  საერთაშორისო  ზარების ტერმინაციის  დროებითი რეგულაციის  დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345 / 22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის თანახმად, ავტორიზებულმა პირებმა ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უნდა უზრუნველყონ სატელეფონო ზარების შესახებ  დეტალური ინფორმაციის („CDR“) კომისიაში  წარმოდგენა,  რომელიც  სხვა მონაცემებთან  ერთად  უნდა  მოიცავდეს:  ა) საზღვარგარეთის პარტნიორი ოპერატორების დასახელებას და შესაბამის ტრაფიკს; ბ) როუმინგული ზარის შემთხვევაში წამომწყები აბონენტის მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდს (IMSI);

4.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის  მიწოდება  ითვლება  ინფორმაციის მიუწოდებლობად;

5. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს  კანონის 45-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობის,  მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან  წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს რკინიგზას“ გაცხადებული ქონდა, რომ 2021 წლის ოქტომბრამდე დანერგავდა ახალ სატელეფონო სისტემას VOIP ტექნოლოგიაზე დაყრდნობით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ძველი მონაცემების აღდგენა შეუძლებელია, კომისიამ დაუშვა გამონაკლისი და მისცა გონივრული ვადა სს „საქართველოს რკინიგზას“ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად და დართო ნება 2021 წლის ნოემბრამდე წარმოედგინა ინფორმაცია დანაკლისით. ამასთან, დაავალა, რომ 2021 წლის ნოემბრის თვიდან (მას შემდეგ რაც სისტემა უკვე დაინერგებოდა, ანუ 2021 წლის ოქტომბრამდე ეს პროცესი უნდა დასრულებულიყო)  განაახლოს კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა,   სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ აღნიშნული ვალდებულება 2021 წლის ნოემბრის თვიდან არ შესრულებულა.

კომისია განმარტავს, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“, როგორც ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამასთან, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ ინფორმაცია ტრაფიკის შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ასევე, ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ 2021 წლის ნოემბრის თვიდან სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის 3.3 (Fixed-onnet-local - საკუთარი ფიქსირებული აბონენტების მიმართულებით განხორციელებული ადგილობრივი სატელეფონო ზარების შესახებ მონაცემები) წარმოუდგენლობით და სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაციის („CDR“) წარმოუდგენლობით ( CDR უნდა შეიცავდეს გამავალ, შემომავალ (საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით) და შიდა სატელეფონო ზარებს) სს „საქართველოს რკინიგზის“  მხრიდან   ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის  დადგენის  თაობაზე“  კომისიის  2017  წლის  16  მაისის  N345/ 22  გადაწყვეტილების დარღვევას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების, საფუძველს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას   ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე იგივე/მსგავს დარღვევისათვის არ დაკისრებია, ის კანონის შესაბამისად წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ სატელეფონო სისტემის ანგარიშგების ნაწილი (Siemens-ის წარმოების) გამოსულია მწყობრიდან იმგვარად, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაციის აღდგენა ტექნიკურად შეუძლებელია, ასევე, კომპანიის წარმომადგენლის კომისიისთვის მიცემული ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სს „საქართველოს რკინიგზას“ მიეცეს ვადა ახალი სატელეფონო სისტემის დანერგვისათვის და დაევალოს 2022 წლის ნოემბრის თვიდან (ნოემბრის თვის მონაცემები კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ ვადამდე უნდა იქნას წარმოდგენილი) განაახლოს კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და  ბ)   ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345 / 22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  სს  „საქართველოს  რკინიგზას“  მიეცეს  გაფრთხილება  „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის  მე-2  პუნქტის  ა)  და  ბ)  ქვეპუნქტის, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345 / 22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.   სს  „საქართველოს  რკინიგზას“  დაევალოს  2022  წლის  ნოემბრის  თვიდან  განაახლოს კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.

3.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ)  აღნიშნული  გადაწყვეტილების  სს „საქართველოს  რკინიგზისთვის“  გაგზავნა  და კომისიის  ოფიციალურ  ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის     ავტორიზებულ     პირთა     უწყებრივ     რეესტრში     შეტანის უზრუნველყოფა;

5.  გადაწყვეტილება  ძალაში შედის მისი დამოწმებული  ასლის სს „საქათველოს რკინიგზისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოთ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე).

ნათია კუკულაძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები