წვდომის მენიუ

შპს „კორპორაცია რედნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2022 16:53

მიღების თარიღი იანვარი 27, 2022

შპს „კორპორაცია რედნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (31.12.2021 N21-10-2449) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კორპორაცია რედნეტის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ)   ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაძლო დარღვევის გამო. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „კორპორაცია რედნეტს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2021 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა) და  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

შპს „კორპორაცია რედნეტის“ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2022 წლის 27 იანვარი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა შპს  „კორპორაცია რედნეტს“  და მოწვეულ  იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის   მისაღებად.   მას,  ასევე,  განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით  გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

2022 წლის 27 იანვრის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „კორპორაცია რედნეტი“, თუმცა კომპანიას     შეტყობინება    ჩაბარდა    მის    მიერ    კომისიისთვის    მიწოდებულ ელექტრონულ მისამართზე, შესაბამისად კომისიამ შეასრულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და უფლებამოსილია   საკითხი   განიხილოს   შპს „კორპორაცია რედნეტის“ დაუსწრებლად.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.    კომისიის  ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის  მოხსენებითი  ბარათი (31.12.2021 N21-10-2449) თანდართული დოკუმენტაციით;

2. კომისიის შეტყობინება გაგზავნილი შპს „კორპორაცია რედნეტისთვის“ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

3.  კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N22-10-131 27/01/2022) თანდართული დოკუმენტაციით;

4.   ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „კორპორაცია რედნეტის“ შესახებ.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.  შპს  „კორპორაცია  რედნეტი“  წარმოადგენს  ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებულ პირს;

2. შპს „კორპორაცია რედნეტი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.     „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის    2011   წლის   25   მარტის N144/22 გადაწყვეტილების    ნაწილობრივ   ძალადაკარგულად   ცნობისა  და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.  შპს „კორპორაცია რედნეტს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2021 წლის წლის სექტემბრის, ოქტომბრის,  ნოემბრის  თვეების   რეგულირების  ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა) და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;

5. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (N22-10-131 27/01/2022) თანახმად, შპს „კორპორაცია რედნეტს“ 2022 წლის 27 იანვრისთვის შევსებული აქვს კომისიის რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;

6.  შპს   „კორპორაცია   რედნეტის“   მიმართ     ბოლო  ერთი  წლის   განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული  პასუხისმგებლობა  -  გაფრთხილება  იქნა  გამოყენებული  კომისიის 2021 წლის 16 სექტემბრის Nგ-21-18/519 გადაწყვეტილებით, მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში ავტორიზებული პირები    და    მაუწყებლობის    სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით (დანართი №1)  ელექტრონულად,    კომისიის   საერთო სტატისტიკური    ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა    1.9-ის    (რეგულირების    საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების  ნაწილობრივ  ძალადაკარგულად  გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული   პირის   მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  საქართველოს კანონმდებლობის,  მათ შორის,  კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა   და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობით, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობით შპს „კორპორაცია რედნეტის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011  წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების, კერძოდ ჯარიმის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)    ნებაყოფლობით, კომისიამ ასევე, გაითვალისწინა ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და მიიჩნია, რომ შპს „კორპორაცია რედნეტი“ ცნობილი უნდა იქნას სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, რითაც დაცული იქნება  კანონიერების პრინციპი.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13  და  მე-14  პუნქტების,   „რეგულირების  საფასურის  განსაზღვრისა  და გადახდის წესების   შესახებ“   კომისიის   2005   წლის   28   ოქტომბრის   №12   დადგენილებისა   და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შპს „კორპორაცია რედნეტი“ ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა  და გადახდის  წესის შესახებ“   კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.   შპს „კორპორაცია რედნეტი“  გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

3.   დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ო.ვოტ)  აღნიშნული  გადაწყვეტილების შპს „კორპორაცია რედნეტისთვის“ გაგზავნა და   კომისიის   ოფიციალურ   ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „კორპორაცია რედნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „კორპორაცია რედნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  №64) შპს „კორპორაცია რედნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდა  მე-3  პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე  წევრი

ივანე მახარაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები