წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-22-18 / 242

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2022 17:09

მიღების თარიღი მაისი 25, 2022

შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში - კომისია)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N22-10-645, 18/04/2022) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის გ-22-18/110 გადაწყვეტილების შესაძლო დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N22-10-645, 18/04/2022) თანახმად, კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის Nგ-22-18/110 გადაწყვეტილებით შპს „ტელეიმედს“ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ვინაიდან, შპს  „ტელეიმედს“ არაჯეროვნად/არასრულად ჰქონდა წარმოდგენილი 2021 წლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლის სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმა. კერძოდ, დაფინანსების შესახებ  მონაცემები  სრულად  არ  იყო  ასახული,  რადგანაც  არ  იყო  შევსებული  ველი „ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; განმარტება: რეკლამის ან ტელეშოპინგის დამკვეთის (არა სარეკლამო კომპანია), სპონსორი, შემომწირველი, მომსახურების უშუალოდ გამწევი პირის“ მონაცემები. ხოლო არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. შესაბამისად, შპს „ტელეიმედის“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გახდა მისთვი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „ტელეიმედს“ დაევალა   მონაცემების   კომისიაში   სრულყოფილად   წარმოდგენა   გადაწყვეტილების ჩაბარებიდან    15    კალენდარული    დღის    ვადაში.    კომისიის    გადაწყვეტილება შპს „ტელეიმედს“ ჩაბარდა 2022 წლის 10 მარტს. 2022 წლის 18 აპრილის მონაცემებით კი მაუწყებელს  კვლავ არასრულყოფილად  ჰქონდა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია. ხოლო, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N22-10-731, 03/05/2022) დამატებით ირკვევა, რომ შპს „ტელეიმედს“ 2022 წლის 1-ლი კვარტლის მონაცემები სტატისტიკური გაანგარიშების 1.7 ფორმაში წარმოდგენილი არ აქვს.

შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 5 მაისს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N გ-22-03/1072, 02/05/2022) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  ასევე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათი  (N22-10-731,03/05/2022) შპს „ტელეიმედს“ გაეგზავნა კომისიის წერილით (N გ-22-03/1096, 04/05/2022).

კომისიის მიერ დანიშნული 2022 წლის 5 მაისის, 19 მაისის და 24 მაისის სხდომები გადაიდო და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2022 წლის 25 მაისი, ვინაიდან კომისიის აპარატის აუდიო ვიზუალური მედია მომსახურებების-რეგულირების დეპარტამენტის    სამსახურებრივი  ბარათების (N22-10-755,    05/05/2022; N22-10-859,24/05/2022; N22-10-867, 25/05/2022) თანახმად, შპს „ტელეიმედი“ მოცულობით ინფორმაციას ეტაპობრივად  წარმოადგენდა, ამასთან 2022 წლის 24 მაისს შპს „ტელეიმედმა“ მოითხოვა, ფორმა 1.7-ის კლასიფიკატორში ორგანიზაციების დამატება, რასაც დამატებითი დრო სჭირდებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვის გადადება, რითაც    კომპანიას გაუგრძელდა   1.7 ფორმის შესავსებად განსაზღვრული ვადა. კომისიის დისტანციურად გამართულ 2022 წლის 5, 19, 24 და 25 მაისის სხდომებს ესწრებოდა შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ა. ლაშხი.

კომისიის აპარატის  აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კ. ქორიძემ 2022 წლის 25 მაისის სხდომაზე დაადასტურა, რომ შპს „ტელეიმედს“ ელექტრონული სტატისტიკური 1.7 ფორმა სრულყოფილად აქვს წარმოდგენილი.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.

კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „ტელეიმედს“ განესაზღვრა 15 კალენდარული დღე  ელექტრონული სტატისტიკური    ანგარიშგების  1.7  ფორმის სრულყოფილად შესავსებად.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სახეზე იყო მაუწყებლის სურვილი წარმოედგინა 1.7 ფორმით  განსაზღვრული   ინფორმაცია სრულად,  შპს   „ტელელიმედის“  მიერ წარმოდგენილი  ინფორმაციის  შედეგად,  კომისიამ  რამდენჯერმე   გადადო საკითხის განხილვა, რითაც შპს „ტელეიმედს“ გაუგრძელა დარღვევის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა 2022 წლის 25 მაისამდე.

2022 წლის 25 მაისისთვის შპს „ტელეიმედს“ სრულად აქვს შევსებული ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმა, შესაბამისად, სახეზე არ არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შეწყდეს შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეიმედისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ).

3.   გადაწყვეტილება   ძალაში   შედის  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები