წვდომის მენიუ

შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-22-18 / 244

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2022 17:17

მიღების თარიღი მაისი 24, 2022

შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში - კომისია)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N22-10-697, 28.04.2022) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N22-10-697, 28.04.2022;) აღნიშნულია, რომ 2022 წლის 24 თებერვალს კომუნიკაციების კომისიამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა შპს „მთავარ არხს“. კომისიის გადაწყვეტილების (24.02.2022 Nგ-22-18/102) თანახმად, მაუწყებელს არაჯეროვნად/არასრულად ჰქონდა წარმოდგენილი 2021 წლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლის სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმა. კერძოდ, დაფინანსების შესახებ მონაცემები სრულად არ იყო ასახული, რადგანაც არ იყო შევსებული ველი „ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; განმარტება: რეკლამის ან ტელეშოპინგის დამკვეთის (არა სარეკლამო კომპანია), სპონსორი, შემომწირველი, მომსახურების უშუალოდ გამწევი პირის“ მონაცემები. ხოლო არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. რადგანაც კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა   მაუწყებელს   დაევალათ   გადაწყვეტილების დანართი N1-ით   განსაზღვრული სტატისტიკური   ანგარიშგების   ფორმების   შევსება   და  კომისიაში წარმოდგენა ამავე გადაწყვეტილების დადგენილი პერიოდულობით, შპს „მთავარი არხის“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გახდა მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. ამასთან, შპს   „მთავარ არხს“ დაევალა მონაცემების კომისიაში სრულყოფილად წარმოდგენა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. კომისიის გადაწყვეტილება შპს „მთავარ არხს“ ჩაბარდა 2022 წლის 9 მარტს. 2022 წლის 27 აპრილის მონაცემებით, მაუწყებელს კვლავ არასრულყოფილად ჰქონდა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია.

შპს „მთავარი არხისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 5 მაისს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა წერილობითიშეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.  მას,  ასევე, განემარტა საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის 98–ე  და  99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

შპს „მთავარი არხის“ 2022 წლის 5 მაისის Nშ-22/1834 წერილის თანახმად, კომისიას ეცნობა, რომ შპს „მთავარ არხს“ შევსებული აქვს 1.7. ფორმა სრულად, გარდა სარეკლამო სააგენტოს შპს „მაგი მედიას“ დამკვეთების თაობაზე ინფორმაციისა, ვინაიდან აღნიშნული სარეკლამო სააგენტო არ აწვდის აღნიშნულ ინფორმაციას. აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით,  კომისიის სხდომა გადაიდო 2022 წლის 19 მაისისთვის.

2022 წლის 19 მაისის სხდომაზე შპს „მთავარის არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა გადაიდო 2022 წლის 24 მაისის სხდომისთვის, ვინაიდან კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული   ინფორმაციის   თანახმად,   შპს „მთავარმა არხმა“ 1.7 ფორმის ფარგლებში წარმოადგინა ინფორმაცია, რასაც ესაჭიროებოდა დამატებითი  შესწავლა.

2022 წლის 24 მაისის კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათის  (N22-10-858)  თანახმად,  შპს „მთავარის არხის“ მიერ სრულყოფილად არის შევსებული ელექტრონული სტატისიკური ანგარიშგების 1.7. ფორმა.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.

კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის Nგ-22-18/102 გადაწყვეტილებით, შპს „მთავარ არხს“ განესაზღვრა 15 კალენდარული დღე ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმის სრულყოფილად შესავსებად.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სახეზე იყო მაუწყებლის სურვილი წარმოედგინა 1.7 ფორმით  განსაზღვრული ინფორმაცია სრულად,  შპს  „მთავარი არხის“  მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შედეგად, კომისიამ ორჯერ გადადო საკითხის განხილვა 2022 წლის 19 მაისს და 2022 წლის 24 მაისს, რითაც შპს „მთავარ არხს“ გაუგრძელდა დარღვევის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა 2022 წლის 24 მაისამდე.

2022 წლის 24 მაისისთვის შპს „მთავარ არხს“ სრულად აქვს შევსებული ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმა, შესაბამისად, სახეზე არ არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „მთავარი არხისათვის“  დაუყოვნებლივ  გაგზავნა და  კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ).

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მთავარი არხისათვის“ ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს  „მთავარი არხისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები