წვდომის მენიუ

შპს „დათაჰაუს გლობალის” სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 245

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 14, 2022 12:49

მიღების თარიღი ივნისი 02, 2022

შპს „დათაჰაუს გლობალის” სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I.    აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათიდან (N22-10-661, 20/04/2022) ირკვევა, რომ შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2022 წლის 24 მარტის გ-22-18/148 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად,  შპს  „დათაჰაუს  გლობალს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ხოლო, ამავე გადაწყვეტილების მე-2   და მე-3 პუნქტების თანახმად, შპს „დათაჰაუს გლობალს“ დაევალა 2021 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2022 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში და   2021 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2022 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში.

მოხსენებითი  ბარათის  (N22-10-661,  20/04/2022)   თანახმად,  შპს  „დათაჰაუს  გლობალს”-ს  (ს/კ 402129344) არ შეუსრულებია გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ მითითებულ ვადაში არ წარმოუდგენია 2021 წლის ნოემბრის, დეკემბრის, ასევე 2022 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა და 2021 წლის ნოემბრის, დეკემბრის, ასევე 2022 წლის იანვრის და თებერვლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

ასევე, კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან (N22-10-706, 29/04/2022) დამატებით ირკვევა, რომ შპს „დათაჰაუს გლობალს“ (ს/კ 402129344) ასევე არ წარმოუდგენია 2022 წლის მარტის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა (1.9. ფორმა) და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 24 მარტის გ-22-18/148 გადაწყვეტილება კომპანიას ჩაბარდა 2022 წლის 4 აპრილს.

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების (N22-10-661, 20/04/2022 და N22-10-706, 29/04/2022) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 5 მაისს, 15:00  საათზე,  რის  შესახებ  კომპანიას  გაეგზავნა  წერილობითი  შეტყობინება  (Nგ-22-03/1070, 02/05/2022) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2022 წლის 5 მაისს დისტანციურად გამართულ სხდომაზე გამოცხადდა შპს „დათაჰაუს გლობალის“ დირექტორი ა. აღაიაროვი და წარმომადგენელი თ. გარიბოვა. შპს „დათაჰაუს გლობალის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ცნობილია, რომ შეცდომა დაუშვეს, მაგრამ თავის დროზე მათ არ იცოდნენ, რომ შესავსები ჰქონდათ ფორმები. ახლა ცდილობენ მონაცემები სრულად შეიყვანონ. ნაწილობრივ ფორმების შევსება დაასრულეს, მაგრამ ფორმა 1-ზე ჯერ კიდევ მუშაობენ და იმედოვნებენ, რომ ახლო მომავალში დაასრულებენ მუშაობას. წარმომადგენლების განმარტებით, 3-4 თვის განმავლობაში ვერ მოასწრეს ყველა ფორმის შევსება, რადგანაც 2 წლის სამუშაო იყო ჩასატარებელი. ასევე, აღნიშნეს, რომ თუ პროცედურის მიხედვით ჯარიმაა დაწესებული, ამას არ აპროტესტებენ, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში კომპანიას წლიური ბრუნვა 2000 ლარზე მეტი არ ჰქონია და ამიტომ იმედოვნებენ, რომ ჯარიმა იქნება ისეთი ოდენობის, რომლის გადახდის შესაძლებლობა ექნებათ.

კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვის გადადება. შესაბამისად, კომისიის 2022 წლის 5 მაისის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2022 წლის 19 მაისის, 15 საათზე. აღნიშნულს თაობაზე შპს „დათაჰაუს გლობალი“ სხდომაზევე გაფრთხილდა.

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან (N 22-10-821, 19/05/2022) ირკვევა, რომ შპს „დათაჰაუს გლობალ”-მა (ს/კ 402129344) მიმდინარე წლის 18 მაისს წარმოადგინა 2021 წლის ნოემბრის და დეკემბრის, ასევე 2022 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა და ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, გარდა 2021- 2022 წლის 3,1 ფორმისა (ფორმა 3. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით გაწეული საცალო სატელეფონო მომსახურება; ფორმა 3.1. ძირითადი მონაცემები).

კომისიის 2022 წლის 19 მაისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „დათაჰაუს გლობალის“ დირექტორი ა. აღაიაროვი და წარმომადგენელი თ. გარიბოვა. შპს „დათაჰაუს გლობალის“ წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიის მხრიდან არსებული ტექნიკური ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას 2022 წლის 24 მაისისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „დათაჰაუს გლობალის“ მხრიდან არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 3.1-ის შევსება,  კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვის გადადება 2022 წლის 2 ივნისის 15:00 საათისათვის, რის შესახებაც შპს „დათაჰაუს გლობალი“ სხდომაზევე გაფრთხილდა. კომისიის 2022 წლის 2 ივნისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „დათაჰაუს გლობალის“ დირექტორი ა. აღაიაროვი და წარმომადგენელი თ. გარიბოვა, რომლებსაც დამატებითი ახსნა-განმარტება   არ მიუციათ.

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N22-10-935, 01/06/2022) თანახმად, შპს „დათაჰაუს გლობალმა“ (ს/კ 402129344) სრულად წარმოადგინა როგორც 2021 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2022 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების რეგულირების   საფასურის   გაანგარიშების  1.9   ფორმები,   ასევე   სტატისტიკური   ანგარიშგების ფორმები.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.    კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N22-10-661, 20/04/2022);

2.    კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრვი ბარათი (N22-10-706, 29/04/2022);

3.  კომისიის შეტყობინება (Nგ-22-03/1070, 02/05/2022)  გაგზავნილი შპს    „დათაჰაუს გლობალისთვის“ კომისიის 2022 წლის 5 მაისის სხდომის თაობაზე;

4.    კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-679, 26.04.2022);

5.    კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-688, 27/04/2022);

6.    „შპს  „დათაჰაუს  გლობალისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 24 მარტის გ-22-18/148 გადაწყვეტილება და მისის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

7.    ამონაწერი   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „დათაჰაუს გლობალის“ შესახებ;

8.    კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-821, 19/05/2022);

9.    კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-935, 01/06/2022);

10.  შპს  „დათაჰაუს  გლობალის“  წარმომადგენლების  ახსნა-განმარტება  მიცემული  კომისიის 2022 წლის 5 და 19 მაისის სხდომებზე.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.    შპს   „დათაჰაუს   გლობალი“   წარმოადგენს   ელექტრონული   კომუნიკაციების   სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 12/12/2019);

2.    შპს  „დათაჰაუს  გლობალი“,  როგორც  ავტორიზებული  პირი,  ვალდებულია  შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.    „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები და დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური   ანგარიშგების    ფორმების    ელექტრონულად    შევსება    და    კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.    შპს  „დათაჰაუს  გლობალისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე კომისიის 2022 წლის 24 მარტის გ-22-18/148 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს  „დათაჰაუს  გლობალს“ მიეცა წერილობითი  გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების  და  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ხოლო, ამავე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, შპს „დათაჰაუს გლობალს“ დაევალა 2021 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2022 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში და   შპს „დათაჰაუს გლობალს“ დაევალა 2021 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2022 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში.

5.  შპს „დათაჰაუს გლობალს“ კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2021 წლის   ნოემბრის, დეკემბრის, 2022 წლის იანვრისა, თებერვლის და მარტის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა, ასევე არ ჰქონდა წარმოდგენილი 2021 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2022 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

6. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის შპს „დათაჰაუს გლობალმა“ სრულად წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგებისა და   რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.    „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის  მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2.    „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ- ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ  კომისიას  ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3.    „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.    „საქართველოს   კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების  ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა  და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები და დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების  N1 დანართით   განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით  განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისია    აღნიშნავს,   რომ   რეგულირების   საფასურის   გაანგარიშებისა   და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობით (კომპანიამ წარმოების პროცესში სრულად წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების და რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები) შპს “დათაჰაუს გლობალის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების და „შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 24 მარტის გ-22-18/148 გადაწყვეტილების    დარღვევას,    რაც     „ელექტრონული    კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა  კომისიამ შემამსუბუქებელ  გარემოებად  მიიჩნია  კომპანიის  მიერ  სამართალდარღვევის აღმოფხვრის ფაქტი (სრულად იქნა წარმოდგენილი ფორმები), მისი ფინანსური  მდგომარეობა და მიიჩნია, რომ შპს „დათაჰაუს გლობალი“ ცნობილ  უნდა იქნას სამართალდამრღვევად და განთავისუფლდეს ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობისაგან,  ვინაიდან  კომისიის მიერ ფინანსური სანქციის გამოყენების შემთხვევაში  მცირე ზომის კომპანიას მიადგება დიდი ზიანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “დათაჰაუს გლობალის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    შპს   „დათაჰაუს   გლობალი“   ცნობილ   იქნას   სამართალდამრღვევად   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და „შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 24 მარტის გ-22-18/148 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.    შპს „დათაჰაუს გლობალი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3.  დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული  გადაწყვეტილების შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“    გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „დათაჰაუს გლობალის“  სამართალდამრღვევად  ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.    გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  მისი  დამოწმებული ასლის შპს  „დათაჰაუს გლობალისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.    კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების  შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები