წვდომის მენიუ

შპს „სტარვიზიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 3

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2022 10:54

მიღების თარიღი იანვარი 13, 2022

შპს „სტარვიზიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.    საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-2414; 28/12/2021) თანახმად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტარვიზიასათვის“ (ს/კ 245584611) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-2414; 28/12/2021) თანახმად, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შემოწმდა შპს „სტარვიზიას“ სამაუწყებლო ბადე. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 20 – 23 ნოემბრის პერიოდში ეთერში განთავსდა მხატვრული ფილმები: „ჯეინ ოსტინის მოყვარულთა კლუბი“ და „ცხოვრების გაელვება“. აღნიშნულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციაზე მაუწყებელს შესაბამისი უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვს კომისიაში წარმოდგენილი. 2021 წლის 20 დეკემბრის წერილით კომისიამ მიმართა შპს „სტარვიზიას“ და მოსთხოვა 3 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. 2021 წლის 27 დეკემბერს მაუწყებლისგან კომისიაში შემოვიდა საპასუხო წერილი, რომელშიც საუბარი იყო, რომ ფილმები ეთერში ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიცა. კერძოდ, თანამშრომლები აღარ მუშაობდნენ მაუწყებელში და მათ მიერ ჩაშვებული კონტენტის ხელშეკრულებებს ვადა გაუვიდა. დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „სტარვიზიას“ მიერ შესაბამისი უფლებების მოპოვების გარეშე ფილმების ეთერში განთავსებით, დაირღვა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

შპს „სტარვიზიასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა  დაინიშნა  2022  წლის  13  იანვარს,  15:00  საათზე,  რის  თაობაზეც კომპანიას შეტყობინებით ეცნობა. შეტყობინებით, შპს „სტარვიზია“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2022 წლის 13 იანვრის სხდომას ესწრებოდნენ შპს „სტარვიზიის“ წარმომადგენლები კ. ბასილაია და ქ. გოთუა. კ. ბასილაიამ აღნიშნა, რომ ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც წერილობით წარმოადგინეს კომისიაში. მათი თხოვნაა, თუ შესაძლებელია ეპატიოთ დარღვევა, ვინაიდან მას შემდეგ, რაც კომისიის შეტყობინება მიიღეს, მსგავსი დარღვევა აღარ ჩაუდენიათ და არც მომავალში განმეორდება.

II.          კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახუესარებრივი ბარათი (N 21-10-2414;  28/12/2021)  და თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

2.   კომისიის  წერილი  (N გ-21-04/3583, 20/12/2021) შპს „სტარვიზიას“.

3.   შპს „სტარვიზიის“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-7/5619; 27.12.2021) წერილი.

4.   შპს   „სტარვიზიის“   შესახებ   მონაცემები   კომისიის   უწყებრივი   რეესტრიდან   და მეწარმეთა     და    არასამეწარმეო    (არაკომერციულ)    იურიდიულ    პირთა    საჯარო რეესტრიდან.

5.   შპს „სტარვიზიისათვის“ გაგზავნილი  შეტყობინება კომისიის 2021 წლის 13 იანვრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

6. შპს „სტარვიზიის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის სხდომაზე.

III.         კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს „სტარვიზია“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 04/11/2013; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა, მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა).

2.  2021 წლის 20 – 23 ნოემბრის პერიოდში, შპს „სტარვიზიის“ ეთერში განთავსდა მხატვრული ფილმები: „ჯეინ ოსტინის მოყვარულთა კლუბი“ და „ცხოვრების გაელვება“. აღნიშნულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციაზე მაუწყებელს შესაბამისი უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვს კომისიაში წარმოდგენილი.

3.   ბოლო ერთი  წლის  განმავლობაში  შპს „სტარვიზიის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველო კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული       პასუხისმგებლობის     არცერთი     სახე   მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.

IV.         სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი  ორგანოების  შესახებ“  და  „საავტორო  და მომიჯნავე  უფლებების შესახებ“    საქართველოს  კანონები,  სხვა საკანონმდებლო და  კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო    აქტების    შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას   წარმოადგენს   მაუწყებლის  მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

3.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი   კანონმდებლობა,   მათ   შორის,   კომისიის   დადგენილებები   და გადაწყვეტილებები.

4. „ლიტერატურისა  და  მხატვრული  ნაწარმოებების  დაცვის  შესახებ”  ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის   ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.

5. „ლიტერატურული  და  მხატვრული  ნაწარმოებების  დაცვის  შესახებ”  ბერნის კონვენციის 11bis მუხლისა     და     „ისმო-ს     საავტორო     უფლებების     შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით,  თავისი    ნაწარმოებების  საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის   უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით,  ამ  ნორმის გამოყენებისათვის  აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები.

6.   ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).

7.   „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა   ავტორის   განსაკუთრებული,   ექსკლუზიური   უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.

8.   „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.

9.   „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი          პუნქტის     შესაბამისად,     მაუწყებლობის     ორგანიზაციას     ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემისჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია                 მაუწყებლობის    ორგანიზაციის    თანხმობით    და    რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა.

10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2  პუნქტის  შესაბამისად,  პირი  რომელიც  არ  ასრულებს  ამ  კანონის  მოთხოვნებს, ითვლება  საავტორო  და  მომიჯნავე  უფლებების  დამრღვევად,  რაც  ამავე  მუხლის პირველი  პუნქტის  შესაბამისად,  იწვევს     სამოქალაქო,     ადმინისტრაციულ     და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

11. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის,   აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია     მაუწყებელი     წერილობით  გააფრთხილოს. კომისიის  მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია, მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის     გადაწყვეტილება,     აგრეთვე     თუ     მან     ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

12. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილებისშეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში  კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას      დარღვევის    აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ   კანონის    561  და 562   მუხლებით    გათვალისწინებული    ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.

ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  წარმოდგენილი  სამართლებრივი საფუძვლებისა და დასაბუთების გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 20 – 23 ნოემბრის  პერიოდში შპს  „სტარვიზიის“  ეთერში  მხატვრული  ფილმების:  „ჯეინ ოსტინის მოყვარულთა კლუბი“ და „ცხოვრების გაელვება” შესაბამისი ნებართვის გარეშე განთავსებით დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი,  „საავტორო  და  მომიჯნავე  უფლებების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.  აღნიშნული  ქმედება  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის შესაბამისად, კომპანიის სანქცირების საფუძველია. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.

შპს „სტარვიზიას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. შესაბამისად, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V.          სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 451   მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       შპს   „სტარვიზიას“   მიეცეს   წერილობითი   გაფრთხილება   „ლიტერატურული   და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

2.   დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას (ო. ვოტ)  წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სტარვიზიისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3.  დაევალოს   კომისიის   აპარატის   სამართლებრივ   დეპარტამენტს   (თ.   კაველიძე) შპს „სტარვიზიისათვის“    ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის    დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

4.  გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   დამოწმებული ასლის შპს „სტარვიზიისათვის“   ჩაბარების დღიდან.

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი:    ქ.    თბილისი,    დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „სტარვიზიისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6.  კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე დაევალოს   კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე  წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები