შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2022 15:09
მიღების თარიღი ივლისი 07, 2022
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში-„კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N22-10-1108, 28/06/2022) თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა შპს„ჯი-დი-ეს თი-ვის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 2022 წლის 15 – 18 მაისის პერიოდში ეთერში განთავსდა მხატვრული ფილმები:„მატრიცა-გადატვირთვა“, „რემბო - პირველი სისხლი“ და „სამი მუშკეტერი“. შესაბამისი ხელშეკრულებები წარმოდგენილი არ იყო.
2022 წლის 09 ივნისის წერილით (Nგ-22-04/1429) კომისიამ მიმართა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და მოსთხოვა 3 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. წერილი მაუწყებელს ჩაბარდა 2022 წლის 20 ივნისს და წერილზე პასუხი არ მიგვიღია.
კომისიის აპარატის აუდო-ვიზუალური მედია მომსახურებები რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს„ჯი-დი-ეს თი-ვი“ მიერ შესაბამისი უფლებების მოპოვების გარეშე ფილმების ეთერში განთავსებით, დაირღვა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
შპს„ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 7 ივლისს,15 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-22-03/1642, 01/07/2022) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით (Nგ-22-03/1642, 01/07/2022) მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს„ჯი-დი-ეს თი-ვის“ წარმომადგენელი ა.ლაშხი, რომელმაც განაცხადა, რომ დარღვევა სახეზეა. ტელეკომპანიას აქვს ბაზა, რომელიც დაკავშირებულია პროგრამებთან და უნდა აჩვენოს, რომელ კონტრაქტს აქვს ვადა და რომელს ამოეწურა. ტექნიკური ხარვეზის გამო ეს სამი ფილმი გაეშვა ეთერში შესაბამისი ნებართვის გარეშე. მან დაამატა, რომ სახეზეა დარღვევა, რომელსაც აღიარებენ.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1.კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-1108, 28/06/2022);
2.კომისიის წერილი (Nგ-22-04/1429, 09.07.2022) შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
3.მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ შესახებ;
4.შპს„ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-22-03/1642, 01/07/2022) კომისიის 2022 წლის 7 ივლისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
5.შპს„ჯი-დი-ეს თი-ვის“ წარმომადგენლის ა.ლაშხის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2022 წლის 7 ივლისის სხდომაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1.შპს„ჯი-დი-ეს თი-ვი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირს წამოადგენს. შესაბამისად, იგი, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;
2.2022 წლის 15-18 მაისის პერიოდში შპს„ჯი-დი-ეს თი-ვის“ ეთერში განთავსდა მხატვრული ფილმები: „მატრიცა - გადატვირთვა“, „რემბო - პირველი სისხლი“ და „სამი მუშკეტერი“. აღნიშნულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციაზე მაუწყებელს შესაბამისი უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვს კომისიაში წარმოდგენილი.
3.ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის„ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამავე პუნქტის „ი“ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციაა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმა, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
4.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5.„ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და „საავტორო უფლებების შესახებ“ 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის და ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებების გატარების ვალდებულება.
6.„ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებით, ნება დართონ თავისი ნაწარმოებების ეთერით გადაცემაზე, ან ამ ნაწარმოებების საყოველთაო გაცნობაზე ნიშნების, ხმების ან გამოსახულებების უსადენო გადაცემის ნებისმიერი საშუალებით;
7.„ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების დასახელებულ დებულებებს შეესატყვისება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
8.„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული უფლებაა. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ამავე კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
9.„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
10.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;
11.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ შპს „ჯი- დი-ეს თი-ვის“ მიერ 2022 წლის 15-18 მაისის პერიოდში მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე მხატვრული ფილმების „მატრიცა-გადატვირთვა“, „რემბო-პირველი სისხლის“ და „სამი მუშკეტერის“ განთავსებით დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ამავდროულად, შპს„ჯი-დი-ეს თი-ვის“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. შესაბამისად, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.შპს„ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს„ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს„ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„ჯიდი-ეს თი-ვისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5.დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6.წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
