ა(ა)იპ„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2022 13:43
მიღების თარიღი ივლისი 14, 2022
ა(ა)იპ„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში-„კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N22-10-1073, 22/06/2022) თანახმად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ-ის „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 22-10-1151, 05/07/2022) თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა ა(ა)იპ-ის„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 2022 წლის 23 – 27 ივნისის პერიოდში, ეთერში განთავსდა მხატვრული ფილმები: „ღიმილის ბიჭები“, „სიყვარული ყველას უნდა“ და „ალადინი“. აღნიშნულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციაზე მაუწყებელს შესაბამისი უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვს კომისიაში წარმოდგენილი. 2022 წლის 1 ივლისის წერილით კომისიამ მიმართა ა(ა)იპ-ის „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და მოსთხოვა 3 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
2022 წლის 4 ივლისს კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ-ის„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/2507), რომელშიც აღნიშნულია, რომ მაუწყებელს არ დაურღვევია ავტორთა უფლებები. წერილში განცხადებულია, რომ მაუწყებელს მიღებული აქვს ზეპირი თანხმობა მის ეთერში გასულ ზოგიერთ ფილმზე. ასევე, აქვთ ზეპირი თანხმობა გიორგი შენგელაიას ფილმებზე და ამ ფილმების გაშვებაზე მის ავტორებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ასევე, ერთ-ერთ ფილმზე, სავარაუდოდ „ალადინზე“, საუბარია, რომ ის ინტერნეტსივრცეშია განთავსებული და მის გაშვებაზე არავის პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამ ფილმის გაშვება იყო მაყურებელთა მოთხოვნა და მაუწყებელი ამ ფილმების ჩვენებით ახდენს ადამიანთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, აწვდის მათ სულიერ საზრდოს.
დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ა(ა)იპ-ის„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიერ შესაბამისი უფლებების მოპოვების გარეშე ფილმების ეთერში განთავსებით, დაირღვა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვინაიდან კანონის მოთხოვნა ცალსახად ითვალისწინებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტზე წერილობითი უფლების მოპოვების აუცილებლობას. რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში განთავსებულ ფილმებს, არ დასტურდება, რომ აღნიშნული ფილმები ვებ-გვერდებზე ლეგალურად არის განთავსებული და მათი ჩვენების უფლების მოპოვება უნდა ხდებოდეს მათი ლეგალური უფლებამფლობელებისგან, ასევე წერილობით.
ა(ა)იპ-ისთვის„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 14 ივლისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა წერილობით შეტყობინებით. შეტყობინებით, ა(ა)იპ„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2022 წლის 14 ივლისის სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი გ. ჟორჟოლიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ კომისიის 2021 წლის 30 დეკემბრის კომისიის გადაწყვეტილება მათ მიერ სასამართლო წესით გასაჩივრებულია და სარჩელი მიღებულია წარმოებაში. ამდენად, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება, მისი აზრით, ხელახლა საკითხის სხდომაზე გამოტანა, არარელევანტურია. წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლი მიუთითებს, თუ როგორი ფორმით ხდება თანხმობის მიღება ავტორისეული პროდუქციის გაშვებაზე და პირდაპირ არის მითითება - წერილობითი ან ზეპირი შეთანხმებით. მათ შემთხვევაში, კინოცენტრის ყოფილმა დირექტორმა, აწ გარდაცვლილმა ალექსანდრე ჟღენტმა და სხვებმა, მათ შორის გიგა ლორთქიფანიძემ, ლეილა აბაშიძემ და სხვებმა ზეპირი თანხმობები მისცეს კომპანიას ჯერ კიდევ 12-13 წლის უკან. კომპანიის შემოწმება, მარეგულირებელი წესების მიხედვით, აუცილებელია განხორციელდეს შესაბამისი ბრძანებით, შესაბამისი პიროვნების მიერ და უნდა შედგეს შესაბამისი სამართლებრივი საბუთი. ასეთი საბუთია თანდართული ოქმები, რომლებშიც იქნებოდა დარღვევის ფიქსაცია, რაც შემდგომ იქცეოდა კომისიის მსჯელობის საგნად. თუმცა, რატომღაც, ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც, შემოიფარგლნენ მხოლოდ და მხოლოდ სამსახურებრივი ბარათით, რომელიც არის ცალმხრივი და რომელსაც კომპანია არ ეთანხმება. კომისიას, ამ შემთხვევაში, შეეძლო შემოწმება ჩაეტარებინა იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რასაც ითვალისწინებს როგორც კომისიის მარეგულირებელი წესები, ისე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე. ამდენად, თხოვნით მიმართა კომისიას, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სრულად იქნება მოქცეული საკანონმდებლო ჩარჩოში.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-1073,22/06/2022) თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ა(ა)იპ-ისთვის„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ გაგზავნილი წერილი (Nგ-22-04/1638; 01/07/2022).
3. ა(ა)იპ-ის„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/2507; 04.07.2022).
4. ა(ა)იპ-ის„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან.
5. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-1211, 12/07/2022).
6. ა(ა)იპ-ის„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2022 წლის 14 ივლისის სხდომაზე.
7. ა(ა)იპ-ისთვის„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2022 წლის 14 ივლისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. ა(ა)იპ„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე-ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი: 16.02.2016).
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 2022 წლის 23 – 27 ივნისის პერიოდში ეთერში განთავსდა მხატვრული ფილმები: „ღიმილის ბიჭები“, „სიყვარული ყველას უნდა“ და „ალადინი“.
3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ა(ა)იპ„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიმართ არსებობს კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №გ-21-18/438 და 2021 წლის 30 დეკემბრის N გ-21-18/725 გადაწყვეტილებები ა(ა)იპ„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
4. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.
5. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის 11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების”მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები.
6. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, საავტორო უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, ნაწარმოების შექმნის შესახებ ხელშეკრულება და სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. პერიოდულ ბეჭდვით გამოცემებში ნაწარმოების გამოყენების სალიცენზიო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირადაც.
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემისჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა.
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტისშესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია, მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.
სამართლებრივი საფუძვლებისა და დასაბუთების გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 23 – 27 ივნისის პერიოდში, ა(ა)იპ-ის „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ სამაუწყებლო ბადეში, განთავსებულ იქნა მხატვრული ფილმები, საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, რითიც დაირღვა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვინაიდან აღნიშნული კანონის 42-ე მუხლის მოთხოვნა ცალსახად ითვალისწინებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტზე წერილობითი უფლების მოპოვების აუცილებლობას. კერძოდ, საავტორო უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, ნაწარმოების შექმნის შესახებ ხელშეკრულება და სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. პერიოდულ ბეჭდვით გამოცემებში ნაწარმოების გამოყენების სალიცენზიო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირადაც. შესაბამისად, კანონი იმპერატიულად განმარტავს, რომ ხელშეკრულება (გარდა პერიოდულ ბეჭდვით გამოცემებში ნაწარმოების გამოყენებისა) უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით, რაც კომპანიის მხრიდან არ განხორციელებულა.
კომისია, მხარის მიერ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საკითხს არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ვალდებულება არსებობს მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 141-ე,142-ე,1441,1443-1445 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია რომელიმე ზემოაღნიშნული მუხლის დარღვევას, არამედ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევას, რა დროსაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ოქმის შედგენის ვალდებულებას.
რაც შეეხება მხარის პოზიციას, დაჯარიმების შესახებ კომისიის 2021 წლის 30 დეკემბრის Nგ-21-18/725 გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით, კომისია აღნიშნავს, რომ მას კავშირი არ აქვს განსახილველ საკითხთან, ვინაიდან განსახილველი საკითხი ეხება, არა კომისიის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ მხარის მიერ სრულიად ახალი, დამოუკიდებელი სამართალდარღვევის ჩადენას და სწორედ აღნიშნული სამართალდარღვევის საკითხი წარმოადგენს კომისიის განხილვის საგანს.
მიუხედავად იმისა, რომ საკითხი არ ეხება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს და კომისიას არ აქვს ვალდებულება იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სცდება კონკრეტული ადმინისტრაციული წარმოების საგანს, კომისია მაინც აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 43-ე მუხლი (რომელიც აღნიშნულ საკითხს არეგულირებს) მიემართება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის აღსრულების წესს და არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯარიმის აღსრულების წესს, რაც პირდაპირ, ექსპლიციტურად არის განსაზღვრული აღნიშნულ მუხლში.
კომისია განმარტავს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტზე სანქციის დაკისრება ხდება, არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, არამედ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. კერძოდ, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომისიის აქტის მოქმედება იქნებოდა შეჩერებული (ავტომატურად ან სასამართლოს მიერ), ეს არ და ვერ შეზღუდავს კომისიის უფლებას განიხილოს პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, თუკი აღნიშნული პირის მიერ ჩადენილია, ახალი, დამოუკიდებელი სამართალდარღვევა.
შესაბამისად, კომპანიის მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, მხატრული ფილმების: „ღიმილის ბიჭები“, „სიყვარული ყველას უნდა“ და „ალადინი“ მაუწყებლის ეთერში განთავსებით, დარღვეულ იქნა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მუხლები და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპანიის სანქცირების საფუძველია.
კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №გ-21-18/438 გადაწყვეტილებით, იდენტური დარღვევისთვის ა(ა)იპ-ის„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიცემული ჰქონდა წერილობითი გაფრთხილება. აღნიშნულის მიუხედავად, წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ ჩადენილ იქნა იდენტური ახალი დარღვევა, შესაბამისად, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ვინაიდან, კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის წლიური შემოსავლის 0.5% არ აღემატებოდა 2500 ლარს, კომისიის 2021 წლის 30 დეკემბრის N გ-21-18/725 გადაწყვეტილებით კომპანიის მიმართ გამოყენებულ იქნა ჯარიმის მინიმალური ოდენობა 2500 ლარი. აღნიშნულის მიუხედავად, დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ კვლავ იქნა ჩადენილი იდენტური დარღვევა, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. კერძოდ, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N 22-10-1211, 12/07/2022) მიხედვით, კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის წლიური შემოსავლის 1% არ აღემატება 5000 ლარს ა(ა)იპ-ის„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმის მინიმალური ოდენობა 5000 ლარი.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის მესამე პუნქტის და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ა(ა)იპ-ის „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, ისმო-ს ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
2. ა(ა)იპ-იმ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და უფლებებისათვის“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი-200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი-TRESGE22; სახაზინო კოდი-30 200 3251; ბ)ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) ამ გადაწყვეტილების ა(ა)იპ„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და უფლებებისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და უფლებებისათვის“ ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ა(ა)იპ„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და უფლებებისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი).
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
