წვდომის მენიუ

შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 323

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2022 14:52

მიღების თარიღი ივლისი 14, 2022

შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 22-10-1073, 22/06/2022) თანახმად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 22-10-1073; 22/06/2022) თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა შპს „სეზონი ტვ“-ის სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 2022 წლის 4–6 ივნისის პერიოდში ეთერში განთავსდა მხატვრული ფილმები: „ლეონი“ და „გაჩუმდი“. შესაბამისი ხელშეკრულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. 2022 წლის 13 ივნისის წერილით კომისიამ მიმართა შპს „სეზონი ტვ“-ის და მოსთხოვა 3 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. 2022 წლის 21 ივნისს კომისიაში შემოვიდა შპს „სეზონი ტვ“-ის წერილი, სადაც საუბარია, რომ ფილმების ეთერში განთავსება მოხდა შესაბამისი ნებართვების გარეშე. მაუწყებელი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ფილმების ჩვენება შეწყვეტილია და მსგავსი პრეცედენტი აღარ განმეორდება.

შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 14 ივლისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას შეტყობინებით ეცნობა. შეტყობინებით, შპს„სეზონი ტვ“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  98-ე  და  99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2022 წლის 14 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „სეზონი ტვ“-ის წარმომადგენელი, ნ. მჟავანაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ზემოხსენებული ფილმების ჩვენება შეწყვეტილია. ტელეკომპანია ახლახან დაარსდა და კომპეტენტურობის ნაკლებობის ბრალია, რომ გაეშვა ეთერში აღნიშნული ფილმები შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე. მან პირობა მისცა კომისიას, რომ მსგავსი ფაქტები მომავალში აღარ განმეორდება.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-1073, 22/06/2022) თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

2. კომისიის  აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს „სეზონი ტვ“-ისათვის გაგზავნილი წერილი (N გ-22-04/1449;13/06/2022).

3. შპს„სეზონი ტვ“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/2387; 21.06.2022).

4.  შპს„სეზონი ტვ“-ისათის  გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2022 წლის 14 ივლისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

5.  შპს„სეზონი ტვ“-ის წარმომადგენლების ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2022 წლის 14 ივლისის სხდომაზე.

6. შპს„სეზონი ტვ“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს,,სეზონი ტვ“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა. ავტორიზაციის თარიღი: 22.04.2021).

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა შპს „სეზონი ტვ“-ის სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 2022 წლის 4 – 6 ივნისის პერიოდში, შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში შესაბამისი ნებართვის გარეშე განთავსებული იყო შემდეგი მხატვრული ფილმები: „ლეონი“ და „გაჩუმდი“.

3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს„სეზონი ტვ“-ის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს  საარჩევნოკოდექსი“,  ეს  კანონი,  „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

3.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

4. „ლიტერატურისა  და  მხატვრული  ნაწარმოებების  დაცვის  შესახებ”  ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრები მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.

5. „ლიტერატურული  და  მხატვრული  ნაწარმოებების  დაცვის  შესახებ”  ბერნის კონვენციის 11bis მუხლისა და „ისმო-ს  საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების”მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ  გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება   დართონ   სადენებითა   და  კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის     გამოყენებისათვის     აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები.

6. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).

7.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა   ავტორის   განსაკუთრებული,   ექსკლუზიური  უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.

8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემისჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა.

10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2  პუნქტის  შესაბამისად,  პირი  რომელიც  არ  ასრულებს  ამ  კანონის მოთხოვნებს, ითვლება  საავტორო  და  მომიჯნავე  უფლებების  დამრღვევად,  რაც  ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო,  ადმინისტრაციულ   და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

11. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია  მაუწყებელი წერილობით  გააფრთხილოს.  კომისიის    მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია, მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის  გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

12. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში,აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის  აღმოფხვრისთვის ანპრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ   კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძვლებისა და დასაბუთების  გათვალისწინებით,  კომისია  აღნიშნავს,  რომ  2022  წლის  4–6 ივნისს,  შპს„სეზონი ტვ“-ის სამაუწყებლო ბადეში, საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე მხატრული ფილმების: „ლეონი“ და „გაჩუმდი“ განთავსებით დარღვეულ იქნა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მუხლები  და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპანიის სანქცირების საფუძველია. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.

კომისია აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სეზონი ტვ“-ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 451   მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს  „სეზონი  ტვ“-ის  მიეცეს  წერილობითი  გაფრთხილება  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე  გადაწყვეტილების შპს„სეზონი ტვ“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის      ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3.   გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის  შპს„სეზონი ტვ“-ისთვის ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. კონტროლი  აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

 

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე                      თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე                 წევრი

ნათია კუკულაძე                    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები