შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 01, 2022 17:44
მიღების თარიღი აგვისტო 25, 2022
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 22-10-1470, 19/08/2022) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 22-10-1470, 19/08/2022) თანახმად, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში.
ასევე, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9, 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 და 2010 წლის 17 სექტემბრის 428/9 გადაწყვეტილებების საფუძველზე, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შესაბამის ბაზრებზე დაეკისრა დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, რის საფუძველზეც შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება კომისიაში უნდა წარმოედგინა არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა.
მოხსენებითი ბარათის თანახმად, გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2021 წლის განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება დღემდე არ არის კომისიაში წარმოდგენილი, სახეზეა 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 22-10-1512, 24/08/2022) დამატებით ირკვევა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ 2022 წლის 22 აგვისტოს კომისიაში წარმოდგენა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3144) „ავტორიზებული პირების ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით გათვალისწინებული 2021 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2022 წლის 25 აგვისტო. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (N გ-22-03/1979, 19/08/2022) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2022 წლის 25 აგვისტოს დისტანციურად გამართულ სხდომაზე გამოცხადდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელი ნ. შარაშენიძე, რომელსაც პოზიცია არ დაუფიქსირებია.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 22-10-1470, 19/08/2022);
2. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ გაგზავნილი კომისიის შეტყობინება (N გ-22-03/1979, 19/08/2022) კომისიის 2022 წლის 25 აგვისტოს სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
4. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-1512, 24/08/2022).
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ 2010 წლის 15 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
2. შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია მიჩნეულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად და დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, კერძოდ:
2.1)„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის 7.3 ქვეპუნქტის თანახმად, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობით: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე; ამავე გადაწყვეტილებლის მე-8 პუნქტის 8.3 ქვეპუნქტის თანახმად, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობით: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე;
2.2) „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილების მე-8 მუხლის 8.4 ქვეპუნქტის თანახმად, გამოყოფილი არხების მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, ამავე გადაწყვეტილების მე-6 და და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობით: ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე; ბ) კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.
2.3) „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტებრის N428/9 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის 8.4 ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით: ა) არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდველი ქმედებები, მათ შორის, საკუთარი საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან კონკრეტული მსურველი პირის დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების სატარიფო შეღვათების სუბსიდირება, სხვა ურთიერთჩართული ოპერატორისათვის მიწოდებული მომსახურების, ან სხვადასხვა მომხმარებელთა ხარჯზე; ბ) აწარმოოს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება, მისი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით, კომისიის მიერ 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით.
მტკიცებულება: კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9, 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 და 2010 წლის 17 სექტემბრის 428/9 გადაწყვეტილებები.
3. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური/მსგავსი დარღვევისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
4. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება კომისიაში უნდა წარმოედგინა არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა; 2022 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ 2021 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში არ იყო წარმოდგენილი;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (N 22-10-1470, 19/08/2022) მოხსენებითი ბარათი.
5. შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ 2022 წლის 22 აგვისტოს კომისიაში წარმოადგინა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3144) „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით გათვალისწინებული 2021 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-1512, 24/08/2022).
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, უნდა მოამზადოს და კომისიაში წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
8. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ 2021 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების, კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ამასთან, კომპანიამ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიაში წარმოადგინა „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით გათვალისწინებული 2021 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა, კომისიამ ასევე, გაითვალისწინა ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და მიიჩნია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ცნობილ უნდა იქნას სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, რითაც დაცული იქნება კანონიერების პრინციპი.
V. სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველიპუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
