წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 386

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 06, 2022 17:12

მიღების თარიღი სექტემბერი 01, 2022

სს „სილქნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (22-10-1471, 19/08/2022) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს “სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, სს „სილქნეტის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (22-10-1471, 19/08/2022) თანახმად, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში.

ასევე, სს „სილქნეტს“ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9, 2015 წლის 29 იანვრის N57/9, 2018 წლის 6 დეკემბრის N 671/9, 2010 წლის 21 მაისის N240/9, 2010 წლის 17 სექტებრის N 428/9, 2019 წლის 31 დეკემბრის N20-9/156, 2019 წლის 30 აპრილის N266/9, 2019 წლის 30 აპრილის N267/9, 2019 წლის 30 აპრილის  N268/9 გადაწყვეტილებების  საფუძველზე,  ამავე გადაწყვეტილებით  განსაზღვრულ შესაბამის ბაზრებზე დაეკისრა დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, რის საფუძველზეც სს „სილქნეტს“ განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება კომისიაში უნდა წარმოედგინა არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა.

მოხსენებითი ბარათის თანახმად, გამომდინარე იქედან, რომ სს ,,სილქნეტის“ 2021 წლის განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება 2022 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით არ არის კომისიაში წარმოდგენილი, სახეზეა 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა.

სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2022 წლის 25 აგვისტო. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-22-03/1981, 19/08/2022) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით სს „სილქნეტს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის   2022   წლის   25   აგვისტოს   დისტანციურად   გამართლ   სხდომაზე   გამოცხადდა   სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი ნ. ნიჟარაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტმა“ კომისიაში 2022 წლის 25 აგვისტოს წარმოადგინა მოცულობითი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3221), რომლის შესწავლის მიზნით კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვის გადადება. შესაბამისად,   2022 წლის 25 აგვისტოს სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2022 წლის პირველ სექტემბერს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე სს „სილქნეტი“ სხდომაზევე გაფრთხილდა.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 22-10-1537, 30/08/2022) ირკვევა, რომ სს “სილქნეტმა” 2022 წლის 25 აგვისტოს კომისიაში წარმოადგინა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3221, 25.08.2022) 2021 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა. ასევე, კომისიის ბაზრის რეგულირების დეპარტამენტმა გადაამოწმა კომისიის მიერ 2022 წლის პირველი მარტის Nგ-22-08/483 წერილით მოთხოვნილი სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებები, კორექტირებები და დამატებითი ცხრილები, მაგალითად, როგორიცაა: ა) კონსოლიდირებული ტენდერის მომხმარებლებისგან მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები; ბ) მობილური ქსელით კორპორატიული  მომხმარებლებისაგან  მიღებული  შემოსავლები  და  გაწეული  დანახარჯები;  გ) „მეტი S+“ „მეტი M“, „მეტი უსასრულო“ და „მეტი უსასრულო+“ საცალო შერეული პაკეტებით მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები ცალ-ცალკე; დ) „14 დღიანი ულიმიტო ინტერნეტი (10 ლარი)“ და „1 დღიანი ულიმიტო ინტერნეტი (3 ლარი)“ საცალო პაკეტებით მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები ცალ-ცალკე; ე) „1 დღიანი ულიმიტო ინტერნეტი (1 ლარი)“ და „5 დღიანი ულიმიტო ინტერნეტი (4 ლარი“ საცალო პაკეტებით მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები ცალ-ცალკე; ვ) ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურების ფიზიკური და იურიდიული პირების შემოსავლები და დანახარჯები ცალ-ცალკე, ასევე, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო მომსახურების ყოველწლიური შემოსავლები და დანახარჯები; ზ) მობილური ქსელით მოკლე ტექსტური შეტყობინებების  მიწოდების  საცალო  და საბითუმო სეგმენტი;  თ) Trunk&Backhaul სეგმენტიდან მიღებული შემოსავლები და გაწეული დანახარჯები.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სს “სილქნეტის” მიერ ზემოთ აღნიშნული წერილით გამოთხოვილი ინფორმაციაც სრულად წარმოდგენილია განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგებაში.

კომისიის 2022 წლის პირველი სექტემბრის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდა სს „სიქლენტის“ წარმომადგენელი ნ. ნიჟარაძე.

II.      კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1.  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (22-10-1471, 19/08/2022);

2.  სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნილი კომისიის შეტყობინება (Nგ-22-03/1981, 19/08/2022) კომისიის 2022 წლის 25 აგვისტოს სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

3.  სს „სილქნეტის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირების რეესტრიდან;

4.    კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო  ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-1537, 30/08/2022).

III.       კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

1.    სს  „სილქნეტი“  2010  წლის  10  მარტიდან  წარმოადგენს  ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2.    სს   „სილქნეტი“   მიჩნეულია   მნიშვნელოვანი   საბაზრო   ძალაუფლების   მქონე   პირად   და დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება შემდეგი გადაწყვეტილებებით:

2.1.) „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის თანახმად, სს „სილქნეტს“, როგორც საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულების ფარგლებში, დამატებით დაევალა კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად მომზადებული აუდიტორის მიერ დამოწმებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიისთვის წარმოდგენა. აღნიშნული ანგარიში კომისიისთვის წარმოდგენილი უნდა იქნას კომისიის მიერ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში. შემოსავლების და ხარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ანგარიშში დეტალიზირებული უნდა იყოს ყველა საბითუმო და საცალო მომსახურება ცალ- ცალკე; შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დამოწმებული უნდა იყოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის N411 დადგენილებით განსაზღვრულ პირთა ნუსხიდან ნებისმიერი აუდიტორული კომპანიის მიერ.

2.2) „ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილების 4.3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული“ ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად მომზადებული აუდიტორის  მიერ  დამოწმებული ყოველწლიური შემოსავლების   და  დანახარჯების განცალკევებული   აღრიცხვის  ანგარიშის კომისიისთვის წარმოდგენა.  აღნიშნული ანგარიში კომისიისთვის წარმოდგენილი უნდა იქნას კომისიის მიერ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური  წესების  შესახებ“ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში. შემოსავლების და ხარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ანგარიშში დეტალიზირებული უნდა იყოს ყველა საბითუმო და საცალომომსახურება ცალ-ცალკე; შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დამოწმებული უნდა იყოს  „საწარმოებისათვის  აუდიტირებული ფინანსური  ანგარიშგების  განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით განსაზღვრულ პირთა ნუსხიდან ნებისმიერი აუდიტორული კომპანიის მიერ;

2.3) „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილების 8.4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოყოფილი არხების მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს,   ამავე გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ შემდეგი სპეციფიკური ვალდებულება: კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა;

2.4.) „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები: აწარმოოს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება, მისი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით, კომისიის მიერ  2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით;

2.5) „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების 8.4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული   საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილებით    განსაზღვრულ,    მნიშვნელოვანი  საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა შემდეგი ვალდებულება: აწარმოოს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება, მისი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით, კომისიის მიერ 2006 წლის 20 აპრილის  N5 დადგენილებით  დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ  ხარჯთაღრიცხვისა  და  დანახარჯების განცალკევებულად  განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით;

2.6) „ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N266/9 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის 3.1 წვეპუნქტის თანახმად, ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ დანახარჯებისა და შემოსავლების  განცალკევებულად  აღრიცხვის  ვალდებულება,  შემდეგი  კონკრეტული პირობით: ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე; ბ) კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა. ანგარიშში განცალკევებული უნდა იყოს ფიზიკური/იურიდიული პირების, ასევე მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო მომსახურების ყოველწლიური შემოსავლები და დანახარჯები.

2.7) „მობილური ქსელით   საცალო ხმოვანი   მომსახურებების   ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების  შესახებ“ კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N267/9 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის 4.1 ქვეპუნქტის თანახმად, ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი კონკრეტული პირობებით: ა) არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე; ბ) კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა;

2.8) „მობილური ქსელით    ინტერნეტ  მომსახურების და  მოკლე ტექსტური შეტყობინებების („SMS“) ბაზრის  შესაბამის   სეგმენტებზე  კონკურენციის  კვლევისა  და  ანალიზის  შედეგების შესახებ“ კომისიის   2019 წლის 30 აპრილის N268/9 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის 4.1 ქვეპუნქტის თანახმად, ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მობილური ქსელით ინტერნეტ საცალო მომსახურების მიწოდების ბაზრის   სეგმენტზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ  პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება,    შემდეგი    კონკრეტული    პირობით:    ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი   ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე; ბ) კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული    აღრიცხვის    ანგარიშის    კომისიაში წარმოდგენა;

2.9) „მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N20-9/156 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის 3.3 ქვეპუნქტის თანახმად, მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე,  ამ  გადაწყვეტილებით  განსაზღვრულ,  მნიშვნელოვანი  საბაზრო  ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისირათ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) ქსელთან დაშვების უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით: დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, მათ შორის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) ქსელთან დაშვების უზრუნველყოფის ფარგლებში კომისიის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიური წესების თანახმად;

მტკიცებულება: კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9; 2015 წლის 29 იანვრის N57/9; 2018 წლის 6 დეკემბრის N 671/9;   2010 წლის 21 მაისის N240/9; 2010 წლის 17 სექტებრის N 428/9;  2019 წლის 30 აპრილის N266/9; 2019 წლის 30 აპრილის N267/9;  2019 წლის 30 აპრილის N268/9 და 9. 2019 წლის 31 დეკემბრის N20-9/156 გადაწყვეტილებები.

3.    სს  „სილქნეტის“  მიმართ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში  ანალოგიური  დარღვევისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის  არცერთი  სახე  მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

4.    სს  „სილქნეტს“  განცალკევებული  აღრიცხვის  აუდირებული  ანგარიშგება  კომისიაში  უნდა წარმოედგინა არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა; 2022 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით სს „სილქნეტის“ მიერ 2021 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში არ იყო წარმოდგენილი;

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (22-10-1471, 19/08/2022) მოხსენებითი ბარათი.

5.    სს “სილქნეტმა” 2022 წლის 25 აგვისტოს კომისიაში წარმოადგინა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3221) „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით გათვალისწინებული 2021 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-1537, 30/08/2022).

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.    ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის   მე-11  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ         კანონით    განსაზღვრული    უფლებამოსილებების    ფარგლებში    ამავე    კანონითა    და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.    ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა  და მათი დარღვევისას  გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3.    ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  43-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობის,  მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა    და  გადაწყვეტილებებით განსაზღვრული  მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4.    ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში    საქართველოს    კანონმდებლობა,    მათ    შორის,    საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

6.    საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2006   წლის   20   აპრილის   №   5 დადგენილების„ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული  აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება,  სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, უნდა მოამზადოს და კომისიაში წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში;

7.   „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45–ე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის,   მათ  შორის, კომისიის დადგენილებებითა  და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

8.   ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების   დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია რომ სს „სილქნეტის“ მიერ 2021 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის, კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული  სანქცირების  საფუძველს  წარმოადგენს.

გამომდინარე  იქიდან,   რომ   სს   „სილქნეტის“ მიმართ   ბოლო   ერთი   წლის   განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ამასთან, კომპანიამ წინამდებარე გადაწყევტილების მიღებამდე კომისიაში წარმოადგინა „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით გათვალისწინებული 2021 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა, კომისიამ ასევე, გაითვალისწინა ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და მიიჩნია, რომ სს „სილქნეტი“ ცნობილ უნდა იქნას სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, რითაც დაცული იქნება კანონიერების პრინციპი.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,

45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    სს   „სილქნეტი“   ცნობილ   იქნას   სამართალდამრღვევად   ,,ელექტრონული   კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო;

2.    სს „სილქნეტი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3.    დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.ვოტ)  აღნიშნული  გადაწყვეტილების  სს „სილქნეტისთვის“    დაუყოვნებლივ    გაგზავნა    და    კომისიის    ოფიციალურ    ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.    დაევალოს  კომისიის  აპარატის  სამართლებრივ  დეპარტამენტს  (თ.  გოშუა)  სს  „სილქნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.    გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.    გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.    კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდამე-4  პუნქტისა)  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი 

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები