წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 489

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2022 14:59

მიღების თარიღი ნოემბერი 17, 2022

შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.   საქმის აღწერა

საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისია   (შემდგომში   „კომისია“)   აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N22-10-1958, 10/11/2022) თანდართული ვიდეო მასალით, ირკვევა, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი სპონსორობის წესებისა, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების, ტელეშოპინგის განთავსების და რეკლამის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით.

ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად ირკვევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  „ტელეიმედის“  ეთერში  განთავსებულია  გადაცემა  „იმედის  დილა“,  2022 წლის 17 ოქტომბერს 07:42 საათზე გადაცემის წამყვანები სტუდიაში განთავსებულ პროდუქტებზე საუბრობენ. კერძოდ, ჯერ საუბარია კომპანია “მანნას” ახალ ჩაიზე, რომელსაც დეტოქს თვისებები აქვს. გადაცემის წამყვანი ამბობს: “დავლიოთ „მანნას“ ჩაი და ძალიან მალე უკვე ვიგრძნობთ ჩვენ შედეგს.” რეკლამის შემდეგ, ამავე გადაცემაში 08:16 საათზე, გადაცემის წამყვანები თითქმის, 1.5 წუთს უთმობენ განთავსებულ პროდუქტებზე საუბარს. კერძოდ, წამყვანს ხელში უკავია პროდუქტი, როდესაც ამბობს: “დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ტკბილად და გემრიელად, ვინაიდან „მანნას“ ჩაი ამშვენებს სტუდიას. მორჩება გადაცემა და ჩვენ ამას მივირთმევთ, მანამდე კი თქვენ გაგიწევთ რა თქმა უნდა რეკომენდაციას, იმიტომ რომ პრემიუმ ხარისხის 100%-ით ნატურალური ქართული პროდუქტი არის ეს და სიამაყით წარმოგიდგენთ მას… ეს ჯერ არ დამილევია, ასე რომ ძალიან მალე დავაგემოვნებთ ამას, დანარჩენზე კი რა თქმა უნდა სულით და გულით ვუწევთ რეკომენდაციას”.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ17 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის  (საქონლის/მომსახურების)  განთავსება  (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება,    რაც    გამოიხატება    პროგრამაში    ამ    პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით  ან/და   მომსახურებასა   და სასაქონლო ნიშანზე მითითებით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691  მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.

სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა წერილი, სადაც კომისიამ 3 სამუშაო დღის ვადაში მოითხოვა კომპანიისგან ინფორმაცია თუ რა სტატუსით მოხდა აღნიშნული სიუჟეტის განთავსება, (ეს წარმოადგენდა კომერციულ რეკლამას, პროდუქტის განთავსებას თუ ტელეშოპინგს), ასევე მოითხოვა იმ ხელშეკრულების წარმოდგენა, რომლის საფუძველზეც მოხდა ზემოაღნიშნული კომერციული კომუნიკაციის განთავსება ეთერში, რის პასუხადაც კომპანიამ 2022 წლის 7 ნოემბერს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის შ-22-6/4064;) უპასუხა კომისიას, რომ აღნიშნული სიუჟეტი ეთერით გადაიცა შპს „ტელეიმედსა“ და კომპანია შპს "ემ ეს ჯის" შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისი დანართის საფუძველზე შპს "ტელეიმედმა" იკისრა ვალდებულება გაეწია დამკვეთის კლიენტის, შპს "მანნასთვის"  პროდუქტის განთავსების სარეკლამო მომსახურება.

ზემოაღნიშნული სიუჟეტების შესწავლის საფუძველზე კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური  მედია  მომსახურებების  რეგულირების     დეპარტამენტს  მიაჩნია,  რომ  შპს „ტელეიმედის“ მიერ აღნიშნული სიუჟეტის მსვლელობისას განხორციელდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესების დარღვევა, კერძოდ: პროდუქტის განთავსება ისე მოხდა, რომ მან გავლენა მოახდინა პროგრამის შინაარსზე და პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა მიენიჭა.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N22-10-1958, 10/11/2022) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში   დაიწყო   მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 17 ნოემბერს, რის თაობაზეც შპს „ტელეიმედს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-22-03/2651, 14/11/2022) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ პროდუქტზე გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭების გარდა, ადგილი ჰქონდა პროგრამის შინაარსზე გავლენის მოხდენასაც.  გადაცემის ეს ნაწილი სრულად მიეძღვნა კომპანია „მანნას“, მისი პროდუქტებისა და მისი სასაქონლო ნიშნის რეკლამირებას, გადაცემის შინაარსი მორგებული და აწყობილი იყო იმ კომპანიაზე, რომლის პროდუქტის განთავსებასაც ჰქონდა ადგილი პროგრამაში. აქცენტი გაკეთდა „მანნას“ ახალ პროდუქტზე - „დეტოქს ჩაი“-ზე, პროდუქტის თვისობრივ მახასიათებლებზე და შემადგენლობაზე, დადებით თვისებებზე, გადაცემაში ასევე გაჟღერდა ფრაზა „შეშუპებას ხსნის როგორც ვიცით დეტოქს ჩაი. შეშუპებასაც ხსნის ნამდვილად, რაც ძალიან კარგია არა მარტო გარეგნული, არამედ შინაგანი ჯანმრთელობისთვისაც...“.

კომისიის  2022  წლის 17  ნოემბრის სხდომაზე  გამოცხადდა  შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ა.ლაშხი, რომელმაც აღნიშნა, რომ არ აღიარებს დარღვევას და აღნიშნა, რომ კანონში ჩამოთვლილიდან გამომდინარე, მისი განმარტებით, არც პირდაპირი მოწოდება იყო, არც გადაჭარბებული მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული პროდუქტს. მისი აზრით, პრაქტიკა არის მკაცრი და კარგი იქნება, კომუნიკაციების კომისიას საბაზრო ეკონომიკაზე მორგებული პრაქტიკა ჰქონდეს. ისედაც ფართო ცნებაა „გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება“. მან ასევე აღნიშნა, რომ   ცნობილია მისთვის მარეგულირებელი კომისიის პრაქტიკა. ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, დარღვევა იყო, თუმცა ისურვებდა, რომ პრაქტიკა უფრო ლმობიერი იყოს.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური  მედია  მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-1958, 10/11/2022) თანდართული მასალით    (ვიდეო  ჩანაწერი;  შპს  „ტელეიმედის“  წერილი  თანდართული  მასალით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4064, 7.11.2022);

2.   შპს „ტელეიმედისთვის“ გაგზავნილი კომისიის წერილი (N გ-22-04/2569, 01/11/2022);

3.  მეწარმეთა  და   არასამეწარმეო    (არაკომერციული)  იურიდიული   პირების რეესტრიდან  და    კომისიის    ავტორიზებულ    პირთა    უწყებრივი    რეესტრიდან    შპს „ტელეიმედის“ შესახებ მონაცემები;

4.   შპს  „ტელეიმედისთვის“  გაგზავნილი  კომისიის  შეტყობინება (N  გ-22-03/2651, 14/11/2022) კომისიის 2022 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

5.   შპს „ტელეიმედის“   წარმომადგენლის ა.ლაშხის   ახსნა-განმარტებები   გაკეთებული კომისიის 2022 წლის  17 ნოემბრის სხდომაზე.

III.      კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.     შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი; 15/07/2015);

2.  შპს „ტელეიმედის“ მონიტორინგი, სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ პროგრამებში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, განხორციელდა 2022 წლის 17 ოქტომბერს;

3.   განხორციელებული მონიტორინგისა და ვიდეო მასალის შესწავლის შედეგად ირკვევა შემდეგი:

3.1. შპს  „ტელეიმედის“  ეთერში  განთავსებულია  გადაცემა  „იმედის  დილა“,  2022 წლის 17 ოქტომბერს 07:42 საათზე გადაცემის წამყვანები სტუდიაში განთავსებულ პროდუქტებზე საუბრობენ. კერძოდ, ჯერ საუბარია კომპანია “მანნას” ახალ ჩაიზე, რომელსაც დეტოქს თვისებები აქვს. გადაცემის წამყვანი ამბობს: “დავლიოთ „მანნას“ ჩაი და ძალიან მალე უკვე ვიგრძნობთ ჩვენ შედეგს.” რეკლამის შემდეგ, ამავე გადაცემაში 08:16 საათზე, გადაცემის წამყვანები თითქმის, 1.5 წუთს უთმობენ განთავსებულ პროდუქტებზე საუბარს. კერძოდ, წამყვანს ხელში უკავია პროდუქტი, როდესაც ამბობს: “დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ტკბილად და გემრიელად, ვინაიდან „მანნას“ ჩაი ამშვენებს სტუდიას. მორჩება გადაცემა და ჩვენ ამას მივირთმევთ, მანამდე კი თქვენ გაგიწევთ რა თქმა უნდა რეკომენდაციას, იმიტომ რომ პრემიუმ ხარისხის 100%-ით ნატურალური ქართული პროდუქტი არის ეს და სიამაყით წარმოგიდგენთ მას… ეს ჯერ არ დამილევია, ასე რომ ძალიან მალე დავაგემოვნებთ ამას, დანარჩენზე კი რა თქმა უნდა სულით და გულით ვუწევთ რეკომენდაციას”;

3.2. შპს   „ტელეიმედის“  გადაცემაში 2022 წლის 17 ოქტომბერს პროდუქტს  ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა. ამასთან, პროგრამაში პროდუქტის განთავსება ისე ხდება, რომ ის გავლენას ახდენს  პროგრამის  შინაარსზე. კერძოდ, გადაცემის ეს ნაწილი სრულად მიეძღვნა კომპანია „მანნას“, მისი პროდუქტებისა და მისი სასაქონლო ნიშნის რეკლამირებას, გადაცემის შინაარსი მორგებული და აწყობილი იყო იმ კომპანიაზე, რომლის პროდუქტის განთავსებასაც ჰქონდა ადგილი პროგრამაში. აქცენტი გაკეთდა „მანნას“ ახალ პროდუქტზე - „დეტოქს ჩაი“-ზე, პროდუქტის თვისობრივ მახასიათებლებზე და შემადგენლობაზე, დადებით თვისებებზე, გადაცემაში ასევე გაჟღერდა მაგ. შემდეგი ფრაზა: „შეშუპებას ხსნის როგორც ვიცით დეტოქს ჩაი. შეშუპებასაც ხსნის ნამდვილად, რაც ძალიან კარგია არა მარტო გარეგნული, არამედ შინაგანი ჯანმრთელობისთვისაც...“.

4. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ტელეიმედის“ მიმართ იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის    ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის    სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი    ვალდებულია    უზრუნველყოს    მის    მიერ    გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის    პირობებთან    შესაბამისობა, ხოლო       მე-2   პუნქტის თანახმად,  მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ    კომისია,    გარდა  საგადასახადო    და    სამართალდამცავი ორგანოების      მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში  განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

2.   „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის      მე-5   მუხლის   მე-3   პუნქტის   ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული  ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი;

4.   ,,მაუწყებლობის    შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის    მე-10    პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული      საქმიანობის      მათთან შესაბამისობა;

5.  „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   ჰ17 ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;

6.   „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს  კანონის  691 მუხლის  პირველი  პუნქტის  ა) ქვეპუნქტის  თანახმად,  აკრძალულია  პროგრამაში   პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი განთავსდება: მხატვრულ  ფილმში,  ტელეფილმში,  სერიალში,  ფილმის  (გარდა  დოკუმენტური ფილმისა) სერიაში, სპორტულ პროგრამასა და გასართობ გადაცემაში (გარდა საბავშვო პროგრამისა), ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში   პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის  სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს;

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეიმედი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

კომისიას არაერთ გადაწყვეტილებაში   (მაგ.: „შპს ,,კომპანია მედიასტრიმი“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 10 მარტის N161/18 გადაწყვეტილება; „შპს „სამაუწყებლო კომპანია  რუსთავი  2“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 4 აპრილის N219/18 გადაწყვეტილებაში) აქვს ყურადღება გამახვილებული ევროპული ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე  პროდუქტის (საქონელი/მომსახურება) განთავსების   (Product Placement) წესების დარღვევასთან დაკავშირებით.  კერძოდ,  გაერთიანებული  სამეფოს  მარეგულირებელმა  ორგანომ (Ofcom) 2015 წლის 1 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაში (Brit Asia TV Music Awards) აღნიშნა, რომ AVMS დირექტივის მოთხოვნაა, რომ სამაუწყებლო პროგრამა, რომელიც შეიცავს ე.წ. „Product Placement”-ს,  არ უნდა შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას და მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოს.  მარეგულირებელი  ორგანო მიუთითებს AVMS დირექტივასა და თავად Ofcom-ის მიერ მიღებულ    „სამაუწყებლო პროგრამაში სარეკლამო მითითებების სახელმძღვანელო წესებზე“ (Guidence Notes; Section Nine: Commercial references in television programming) და აღნიშნავს, რომ პროდუქტის/მომსახურების და სასაქონლე ნიშნისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება განხილულ უნდა იქნას იმ სამაუწყებლო პროგრამის სარედაქციო შინაარსთან მიმართებით, სადაც ხდება მისი განთავსება. პროგრამაში განთავსებული პროდუქტი/მომსახურება გავლენას არ უნდა ახდენდეს პროგრამის შინაარსზე და თავად პროგრამა არ უნდა იყოს შექმნილი მასში განთავსებული პროდუქტის/მომსახურებისთვის. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მარეგულირებელი ორგანო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში   ადგილი   ჰქონდა   პროგრამის წამყვანის    მიერ სარეკლამო    ე.წ. „ბრენდული“ შეტყობინებების გავრცელებას და მოწოდებებს კონკრეტული ქმედებისკენ. შესაბამისად „Ofcom”-მა მაუწყებლის ქმედება დააკვალიფიცირა როგორც პროგრამაში პროდუქტის/მომსახურების და სასაქონლე  ნიშნის განთავსებისას სარეკლამო   შეტყობინებების  გავრცელება,  რაც მიზნად  ისახავდა რეკლამირებას და არ იყო გამართლებული სარედაქციო შინაარსით.

ასევე, საფრანგეთის მარეგულირებელმა ორგანომ ტელევიზიით გადაცემულ სერიალში -,,Nos chers voisins“ კარებების მონტაჟის სცენა (სადაც ჩანდა რეალური კომპანიის დასახელება; მუშას ამ კომპანიის სამუშაო ტანისამოსი ეცვა) მიიჩნია პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებად; ასევე აღნიშნა, რომ მან გავლენა მოახდინა პროგრამის შინაარსზე, ვინაიდან სიუჟეტი დაწერილი იყო განთავსებული პროდუქციისთვის.

გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ, გადაცემაში - ,,Dschungelcamp“ განთავსებული შოკოლადი -,,Pickup“-ის განთავსება მიიჩნია გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებად ვიზუალური და აუდიო აქცენტირების გამო და ასევე იმის გამო, რომ პროდუქტს ხშირად ახსენებდნენ თამაშის მონაწილეები საუბარში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს   „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებულ   გადაცემა  „იმედის  დილაში“, 2022  წლის  17  ოქტომბერს განთავსებულ პროდუქციას ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და გავლენას ახდენს პროგრამის შინაარსზე. გადაცემის ეს ნაწილი სრულად მიეძღვნა კომპანია „მანნას“, მისი პროდუქტებისა და მისი სასაქონლო ნიშნის რეკლამირებას, გადაცემის შინაარსი მორგებული და აწყობილი იყო იმ კომპანიაზე, რომლის პროდუქტის განთავსებასაც ჰქონდა ადგილი პროგრამაში. აქცენტი გაკეთდა „მანნას“ ახალ პროდუქტზე - „დეტოქს ჩაი“-ზე, პროდუქტის თვისობრივ მახასიათებლებზე და შემადგენლობაზე, დადებით თვისებებზე, ამასთან, არაერთი ფრაზით პროდუქტს მიენიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა. (იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მე-3 პუნქტი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტელეიმედის“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტები, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ტელეიმედის“ მიერ ადგილი არ ქონია ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების  შემთხვევას, შპს „ტელეიმედი“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

V.        სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების,    70-ე  მუხლის  1-ლი  და  მე-2  პუნქტებისა  და  71-ე  მუხლის  1-ლი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შპს   „ტელეიმედს“   მიეცეს   გაფრთხილება   „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს კანონის 691  მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს     კომისიის     აპარატის     ადმინისტრაციას     (ო.ვოტ)     წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეიმედისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.   დაევალოს    კომისიის    აპარატის    სამართლებრივ    დეპარტამენტს    (თ.    გოშუა)  შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ.ქორიძე).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები