შპს ,,სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2022 11:44
მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2022
შპს ,,სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აუდიო- ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N22-10-1956, 10.11.2022) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაძლო დარღვევის გამო. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ განხორციელდა შპს „სეზონი ტვ“-ის სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგად გამოირკვა, რომ 2022 წლის 03 ნოემბერს, 21:00 საათზე, მაუწყებლის ეთერში განთავსებული პროგრამა - „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“ შეიცავდა უხამსობის ნიშნებს. კერძოდ, გადაცემაში მოწვეული სტუმრის მიერ გამოყენებულ იქნა უცენზურო ლექსიკა, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. გადაცემა მიმდინარეობდა პირდაპირ ეთერში და შინაარსობრივად წარმოადგენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას. გადაცემაში გამოყენებული იყო შემდეგი გამონათქვამები: „აქ თურქეთი მოვა და თურქეთთან მაცხოვრებელს მ...ან დ..ის ტ...ი“, „ჰოდა, ჩვენ უმრავლესობას უნდა გავყვეთ თუ ამ ნ....ებს“, „მე ამათი დ..ა მ...ან, ვის ვეუბნებით, არის თუ არა შენი სხეული შენი ნაწილი“. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ გადაცემის წამყვანი არ დგამს ქმედით ნაბიჯს იმისთვის, რომ გააჩეროს სტუმარი ან გაემიჯნოს მის გამონათქვამებს. ერთ შემთხვევაში წამყვანი ამბობს: „ბატონო გრიშა გთხოვთ... დაგვბლოკავენ...“ და შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს გადაცემას და ეღიმება სტუმრის უხამს გამონათქვამებზე. ის ფაქტი, რომ გადაცემის მიმდინარეობისას სამ სხვადასხვა შემთხვევაში მოხდა უხამსი გამონათქვამების გამოყენება, ადასტურებს, რომ წამყვანს არ მიუღია ზომები ამის აღმოსაფხვრელად.
სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უხამსობა განმარტებულია, როგორც ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. ამასთანავე, აკრძალულია უხამსობის შემცველი ისეთი პროგრამისა და რეკლამის განთავსება, რომელიც ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითადი უფლებების შემლახავია. შესაბამისად, საეთერო პროგრამების განთავსების მართლზომიერება უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით: შეიცავს თუ არა პროგრამა ან რეკლამა ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს; აქვს თუ არა პროგრამას ან რეკლამას საზოგადოებრივ პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება; ილახება თუ არა პროგრამის ან რეკლამის განთავსებით ადამიანის ან მოქალაქის ღირსება და ძირითადი უფლებები.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების დეპარტამენტის შეფასებით, შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში განთავსებული გადაცემა შეიცავს ქმედებას (განცხადებას) რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, აღნიშნულ არაეთიკურ ქმედებას (განცხადებას) არ გააჩნია საზოგადოებრივ- პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება და არ შეიძლება იყოს კონტექსტით გამართლებული, რადგან კონტენტის მახასიათებლების გათვალისწინებით შესაძლებელი იყო განცხადებაში მოცემული აზრის, იდეისა თუ ინფორმაციის გადმოცემა არაეთიკური გამონათქვამების გამოყენების გარეშეც. გადაცემაში დაფიქსირებული ქმედება (განცხადება) ლახავს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებას და ძირითად უფლებებს. შესაბამისად, იკვეთება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის ნიშნები.
შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართა 2022 წლის 24 ნოემბერს, რის შესახებ მაუწყებელს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
კომისიის 2022 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სეზონი ტვ“-ის წარმომადგენელი ნ. მჟავანაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ გადაცემაში სტუმრის ჩართვა მოხდა ,,Facebook“-ის ე.წ. ,,მესენჯერის“ საშუალებით. ტელევიზიები იყენებენ სტუმრის ასეთი ფორმატით ჩართვას, თუმცა ის შეიცავს გარკვეულ ხარვეზს, ხშირად სტუმარს არ ესმის წამყვანის ხმა. მან რამდენჯერმე სცადა სტუმრის შეჩერება მოწოდებით ,,გთხოვთ, არ გინდათ, დაგვბლოკავენ...“, ასევე ანიშნებდა ხელებითაც. შპს ,,სეზონი ტვ“-ის წარმომადგენლის განმარტებით, წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს რას იტყვის ადამიანი პირდაპირ ეთერში, მით უფრო მაშინ, როდესაც არიან ექსპანსიური პიროვნებები, რომელთა გაჩერება ძალიან რთულია. ამის გაკეთება სხვებსაც უჭირთ. მან აღნიშნა, რომ ყველანაირად ცდილობენ არ დაუშვან უხამსი ლექსიკა, რითაც სამწუხაროდ სარგებლობენ პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები. პირადად მისთვის მიუღებელია ყოველგვარი უხამსობა და ყოველთვის იკავებს თავს ისეთი რესპოდენტების მოწვევისგან, რომელთა ლექსიკა არის უხამსი, საზოგადოების, ან გარკვეული ჯგუფების მიმართ შეურაცხმყოფელი. მან, ასევე განმარტა, რომ ტელევიზია არის ახალი შექმნილი, მუშაოებს კონფლიქტის ზონაში და სანქციის დაკისრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
კომპანიის წარმომადგენელმა თხოვნით მიმართა კომისიას გადაწყვეტილების მიღებისას გაეთვალისწინებინა ყოველივე აღნიშნული.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-1956, 11.11.2022) თანდართული მასალით (გადაცემის ვიდეოჩანაწერი).
2. კომისიის სხდომაზე შპს „სეზონი ტვ“-ის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა- განმარტება.
3. შპს „სეზონი ტვ“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,სეზონი ტვ“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა. ავტორიზაციის თარიღი: 22.04.2021). შესაბამისად, შპს ,,სეზონი ტვ“ ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა.
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სეზონი ტვ“-ის შესახებ.
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „სეზონი ტვ“-ის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი, რის შედეგად გამოვლინდა, რომ 2022 წლის 3 ნოემბერს, 21:00 საათზე, მაუწყებლის ეთერში განთავსებულ პროგრამაში - „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“, გადაცემაში მოწვეული სტუმრის მიერ გადაცემის მიმდინარეობისას გამოყენებულ იქნა შემდეგი ფრაზები: „აქ თურქეთი მოვა და თურქეთთან მაცხოვრებელს მო...ან დ..ის ტ...ი“; „ჰოდა, ჩვენ უმრავლესობას უნდა გავყვეთ თუ ამ ნა...ებს“; „მე ამათი დ..ა მო...ან, ვის ვეუბნებით, არის თუ არა შენი სხეული შენი ნაწილი“. სტუმრის მიერ უხამსი ფრაზის გამოყენებისას გადაცემის წამყვანს ეღიმება, მიმართავს თავი შეიკავოს უხამსი ფრაზებისაგან - „ბატონო გრიშა, გთხოვთ... დაგვბლოკავენ...“ და განაგრძობს გადაცემას. გადაცემაში უხამსი ფრაზების რამდენჯერმე გამოყენება ადასტურებს იმას, რომ წამყვანის მიერ არ იყო მიღებული გონივრული და ეფექტური ქმედითი ნაბიჯი უხამსობის აღკვეთისა და პრევენციისთვის.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-1956, 11.11.2022) თანდართული მასალით (გადაცემის ვიდეოჩანაწერი).
3. შპს „სეზონი ტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სეზონი ტვ“-ის შესახებ.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
2. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
3. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება უხამსობას.
4. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.
5. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ12“ ქვეპუნქტის თანახმად, უხამსობა განმარტებულია როგორც ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ- პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება.
6. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მე-2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ - საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1).
7. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი პირველი და მე-2 პუნქტების სიტყვები „ამ კანონის 52-ე, 54 ე, 56-ე ...მუხლებით გათვალისწინებული ნორმების“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ - საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1).
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
9. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით იკრძალება „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ12“ ქვეპუნქტის თანახმად, უხამსობა განმარტებულია, როგორც ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება.
დასახელებული ნორმების სამართლებრივი კონსტრუქციის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის იდენტიფიცირებისათვის პროგრამის განთავსების მართლზომიერება უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით: (ა) შეიცავს თუ არა პროგრამა ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს; (ბ) აქვს თუ არა საზოგადოებაში დამკვიდრებული ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო ქმედებას საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება; (გ) ილახება თუ არა პროგრამის განთავსებით ადამიანის ან მოქალაქის ღირსება და ძირითადი უფლებები.
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, პროგრამის უხამსად მიჩნევის საკითხის გადასაწყვეტად პირველ რიგში დგინდება, შეიცავს თუ არა იგი ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „ზოგადად მორალის (და, შესაბამისად, უხამსობის) დეფინიციის უნივერსალური ცნება არ არსებობს. თავად უხამსობის კანონისმიერი დეფინიციის მიხედვით, ამა თუ იმ გამოხატვის უხამსობად მიჩნევის საკითხს განსაზღვრავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებული ეთიკური ნორმები“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-1278-1298-2011).
აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის იდენტიფიცირებისას ქმედების უხამსობა ფასდება თვალსაზრისობრივად ნეიტრალურად. კერძოდ, ხსენებული დარღვევის დადგენის პროცესში კომისია არ აფასებს პროგრამის არაეთიკური კომპონენტი თვალსაზრისობრივად რა შინაარსის მატარებელია. ამ კონტექსტში კომისიის შეფასების მასშტაბია გადმოცემული თვალსაზრისის - ინფორმაციისა თუ მოსაზრების გადმოცემის არაეთიკური ფორმა უშუალოდ გადმოცემული მოსაზრების შინაარსის შეფასების გარეშე (იხ. კომისიის 2021 წლის 29 ივლისის Nგ-21-18/474, 2021 წლის 15 აპრილის Nგ-21-18/236 და 2021 წლის 28 იანვრის № გ-21-18/22 გადაწყვეტილებები).
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ მაუწყებლის ეთერში განთავსებული პროგრამა - „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“ შეიცავდა უხამსობას, კერძოდ, გადაცემაში გამოყენებულია უცენზურო ლექსიკა, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. კერძოდ, გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: „აქ თურქეთი მოვა და თურქეთთან მაცხოვრებელს მო...ან დ..ის ტ...ი“; „ჰოდა, ჩვენ უმრავლესობას უნდა გავყვეთ თუ ამ ნაბ...ებს“; „მე ამათი დ..ა მო...ან, ვის ვეუბნებით, არის თუ არა შენი სხეული შენი ნაწილი“.
განსახილველ შემთხვევაში აშკარაა, რომ სამაუწყებლო პროგრამაში აღნიშნული შეურაცხმყოფელი და უცენზურო ფრაზების და სიტყვების გამოყენება ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. საზოგადოებაში არ არის მიღებული მაუწყებლის ეთერში გამოყენებული ასეთი ტერმინოლოგიის გამოყენება და ასეთი ფრაზებით ამა თუ იმ პირის ან პირთა ჯგუფის მოხსენიება. შესაბამისად, შპს „სეზონი ტვ“- ის ეთერში განთავსებული მასალა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იკრძალება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება როგორც პირდაპირ, ასევე ჩანაწერის მეშვეობით ეთერში გადაცემულ პროგრამებზე. შესაბამისად, მაუწყებელს აქვს ვალდებულება გაატაროს სათანადო ეფექტური და გონივრული ღონისძიებები, რათა აღიკვეთოს უხამსობის ეთერში გავრცელება, როგორც მაუწყებლის წარმომადგენელის (მაგალითად, წამყვანის), ისე მესამე პირების (მაგალითად, სტუმრების, რესპონდენტების) მიერ. ასეთ გონივრულ ღონისძიებად, მაგ. შეიძლება მიჩნეულ იქნეს პროგრამის პირდაპირ ეთერში გადაცემის შეჩერება ან პროგრამის წამყვანის (ან მაუწყებლის სხვა წარმომადგენლის) ინტერვენცია, რომლის ფარგლებშიც წამყვანი შეაწყვეტინებს მესამე პირს (სტუმარს, რესპოდენტს) უხამსობის გავრცელებას და გაემიჯნება მის შინაარსს. ასეთივე ეფექტურ და გონივრულ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს სათანადო ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერით გასული გადაცემის დაყოვნების შესაძლებლობას (ე.წ. “Broadcast delay”) და მაუწყებელს შესაძლებლობას მისცემს რეალურ დროში ჩაერიოს და ეთერში არ განათავსოს ისეთი პროგრამა, რომელიც არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. (იხ. კომისიის 2021 წლის 12 აგვისტოს N გ-21-16 / 475 გადაწყვეტილება).
განსახილველ შემთხვევაში, გადაცემის წამყვანი არ დგამს ეფექტურ და გონივრულ ქმედით ნაბიჯს იმისთვის, რომ გააჩეროს სტუმარი ან/და გაემიჯნოს მის უხამსს ფრაზებს. უხამსი ფრაზების გამოყენებისას გადაცემის წამყვანს ეღიმება და მიმართავს სტუმარს თავი შეიკავოს უხამსი ფრაზებისაგან - „ბატონო გრიშა, გთხოვთ... დაგვბლოკავენ...“ და განაგრძობს გადაცემას. აღნიშნული არ იყო გონივრული და ეფექტური ზომები უხამსობის აღსაკვეთისა და პრევენციისთვის, რასაც ადასტურებს ის, რომ გადაცემის მიმდინარეობისას რამდენჯერმე მოხდა უხამსი ფრაზების გამოყენება.
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, უხამსობის კვალიფიკაციისას ასევე მნიშვნელოვანია, განისაზღვროს აქვს თუ არა არაეთიკურ ქმედებას საზოგადოებრივ- პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. იმ ეთიკურ ნორმებს, გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება, იგი არ მიიჩნევა უხამსობად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისთვის.
კომისიის პრაქტიკის თანახმად, ამ თვალსაზრისით, უნდა შეფასდეს, აქვს თუ არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება, არა მთლიანად იმ პროგრამას (ან სიუჟეტს), რომელშიც ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო კონტენტია განთავსებული, არამედ - უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა ამგვარი ღირებულება კონკრეტულ ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო ქმედებას (განცხადებას). არაეთიკური ქმედების (განცხადების) ეთერში განთავსებას შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და იყოს კონტექსტით გამართლებული, როდესაც პროგრამის თავისებურების გათვალისწინებით შეუძლებელია შესაბამისი საზოგადოებრივ- პოლიტიკური აზრის, ახალი ამბის, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული მასალის გადაცემა არაეთიკური ქმედების/განცხადების ეთერში განთავსების გარეშე“ (იხ. კომისიის 2021 წლის 29 ივლისის Nგ-21-18/474, 2021 წლის 15 აპრილის Nგ-21-18/236 და 2021 წლის 28 იანვრის № გ-21-18/22 გადაწყვეტილებები). მაგალითად, კომისია კონტექსტით გამართლებულად მიიჩნევს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას მაშინ, როდესაც ეს განპირობებულია პერსონაჟის მახასიათებლებით და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით (იხ. mutatis mutandis კომისიის გადაწყვეტილება „შპს „ფორმულასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ (№გ-20- 18/966, 31.12.2020).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე უნდა შეფასდეს ეთიკის ნორმების საწინააღმდეგო კომპონენტებს - უცენზურო ფრაზებს ჰქონდა თუ არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. კერძოდ, პროგრამის მახასიათებლების გათვალისწინებით არაეთიკური მონაკვეთების გამოყენება იყო თუ არა კონტექსტით გამართლებული და შესაძლებელი იყო თუ არა მასში მოცემული იდეისა თუ ინფორმაციის გადმოცემა არაეთიკური, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენების გარეშე.
კომისია მიიჩნევს, რომ პროგრამაში არანაკლები სიმწვავით შეიძლებოდა მასში გამოხატული ნებისმიერი აზრის გამოთქმა არაეთიკური გამონათქვამების გამოყენების გარეშე, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკის ნორმებთან შეუთავსებელი ქმედებები. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, თუ რა საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერულ ღირებულება აქვს პროგრამის არაეთიკურ ნაწილს ან რატომ შეიძლება ის კონტექსტით გამართლებული ყოფილიყო. შესაბამისად, აღნიშნულ არაეთიკურ ქმედებას (განცხადებას) არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება და არ შეიძლება იყოს კონტექსტით გამართლებული, რადგან კონტენტის მახასიათებლების გათვალისწინებით შესაძლებელი იყო განცხადებაში მოცემული აზრის, იდეისა თუ ინფორმაციის გადმოცემა არაეთიკური ფრაზების გამოყენების გარეშეც.
როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი ირღვევა მაშინ, როდესაც უხამსობის შემცველი პროგრამის გადაცემა იწვევს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შელახვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნულ ნორმაში არ არის დაკონკრეტებული ის უფლება (უფლებები), რომელიც მაუწყებელმა შესაძლოა ხელყოს უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებით, მაგრამ უნდა ვიგულისხმოთ, რომ კანონმდებელი პრაქტიკულად ნებისმიერი ძირითადი უფლების დარღვევის შესაძლებლობას უშვებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-6).
თავის მხრივ, ძირითადი უფლების დარღვევის კონტექსტში მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ კომისიას, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ მარეგულირებელ ორგანოს აკისრია პასუხისმგებლობა, რომ კანონმდებლობის ფარგლებში პოზიტიური ქმედებით, დარღვევაზე ეფექტური რეაგირების გზით უზრუნველყოს მაუწყებლების მიერ ადამიანების და მოქალაქეების ძირითადი უფლებების დარღვევის აღკვეთა და პრევენცია. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონტექსტში უფლებების შელახვის საკითხი ფასდება იმ პრიზმიდან, იწვევს თუ არა კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტზე კომისიის უმოქმედობა ადამიანისა და მოქალაქის ძირითადი უფლების შელახვას (იხ. კომისიის 2021 წლის 29 ივლისის Nგ-21-18/474, 2021 წლის 15 აპრილის Nგ-21-18/236 და 2021 წლის 28 იანვრის № გ-21-18/22 გადაწყვეტილებები).
გარდა ამისა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს პროგრამის განთავსებით გამოწვეული უფლების დარღვევა (ან დარღვევის საფრთხე) და დაუპირისპირდეს იგი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობას. უნდა განისაზღვროს გამოხატვის ფორმის და შინაარსის ღირებულება, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა და ის ზიანი, რომელიც ამ უფლების რეალიზაციამ გამოიწვია (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-6).
კომისიის პრაქტიკის თანახმად, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში უხამსობის განთავსება ეწინააღმდეგება მაუწყებლის აუდიტორიის უფლებებს (იხ. კომისიის 2021 წლის 29 ივლისის Nგ-21-18/474, 2021 წლის 15 აპრილის Nგ-21-18/236 და 2021 წლის 28 იანვრის № გ-21-18/22 გადაწყვეტილებები).
განსახილველ შემთხვევაში უხამსობის შემცველი გამონათქვამები განთავსდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის პროგრამაში. ამ თვალსაზრისით ირღვევა იმ აუდიტორიის უფლებები ვისთვისაც მიუღებელი და განსაკუთრებით შემაწუხებელია უხამსობის შემცველი პროგრამების ნახვა/მოსმენა (იხ. კომისიის 2021 წლის 29 ივლისის Nგ-21-18/474, 2021 წლის 15 აპრილის Nგ-21-18/236 და 2021 წლის 28 იანვრის № გ-21-18/22 გადაწყვეტილებები). მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ უხამსობა გამოიხატა განსაკუთრებულად მძიმე შეურაცხმყოფელი ფორმით. როგორიცა ,,მ...ან დ..ის ტ...ი“, ,,ამ ნაბ...ბს“, „მე ამათი დ..ა მო...ან“, რომლებიც არა მხოლოდ უცენზუროა, არამედ კონკრეტულ პირებს და პირთა ჯგუფს აყენებს შეურაცხყოფას. ამრიგად განსაკუთრებით მაღალია აუდიტორიისთვის მიყენებული ზიანის ხარისხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უხამსობის შემცველი გამონათქვამების სიმწვავისა და აუდიტორიის ინტერესების შელახვის მასშტაბების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ აუდიტორიის უფლებების დაცვის ინტერესი გადაწონის მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში განთავსებული სიუჟეტის კომპონენტები: (ა) ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, (ბ) მათ არ გააჩნიათ საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და (გ) პროგრამის განთავსებით ილახება ადამიანის ან მოქალაქის ღირსება და ძირითადი უფლებები. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ განთავსებული პროგრამა შეიცავს უხამსობას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ ეთერში უხამსობის შემცვლელი პროგრამის განთავსებით დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, რაც კომპანიის სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,სეზონი ტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ უნდა განესაზღვროს წერილობითი გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ დრომდე კომისიას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის მხოლოდ რამდენიმე საქმე აქვს განხილული, რომელთაგან არცერთი არ შეეხება მესამე პირის (სტუმარი, რესპონდენტი) მიერ პირდაპირ ეთერში უხამსობის გამოყენებას. მართალია, კომისიის 2020 წლის 7 დეკემბრის განცხადებით, ასევე დეტალურად განიმარტა მაუწყებლებისთვის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სტანდარტები, თუმცა, საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ასევე, კარგი მმართველობის, განსაზღვრულობისა და თანაზომიერების პრინციპების გათვალისწინებით მიზანშეწონილია მოხდეს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება და მკაფიო, გასაგები სტანდარტების დადგენა. პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში (ისევე როგორც ზოგადად, კომისიის მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას) კომისიის მიზანს წარმოადგენს კომისიის პოზიციის ჩამოყალიბება, სტანდარტების დადგენა და ამ სტანდარტების დარგის მიერ გათავისება და არა მაუწყებლების სანქცირება. მსგავსი შინაარსის საკითხების განხილვისას, შეიძლება, ასევე გათვალისწინებული იყოს ის გარემოებაც, ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია კომისიის ინიციატივით თუ დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე. კომისიას მიაჩნია, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად აღნიშნული გარემოებებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული სამართალდამრღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვისას.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განსახილველ საქმეზე შპს „სეზონი ტვ“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ12“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „სეზონი ტვ“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „სეზონი ტვ“-ისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
5. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
