შპს „ალტ-ინფოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 22, 2022 13:08
მიღების თარიღი დეკემბერი 15, 2022
შპს „ალტ-ინფოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N22-10-2103,30/11/2022) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს„ალტ ინფოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ განხორციელდა შპს „ალტ ინფოს“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 2022 წლის 14 ნოემბერს, 16:16 საათზე გასულ გადაცემაში -„დღის კომენტარი“ გავიდა ინტერვიუ არასახელმწიფო (რუსულ) ენაზე, სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების გარეშე. ინტერვიუს ჯამურმა ხანგრძლივობამ შეადგინა 1 წუთი და 33 წამი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამას სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე), გადაცემული პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირების ვალდებულება არ არსებობს, თუ თავად პროგრამაში არის უზრუნველყოფილი მიმდევრობითი თარგმანი საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
სამსახურებრივი ბარათის თანახმად, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ინტერვიუს არ ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრები და არ იყო უზრუნველყოფილი მიმდევრობითი თარგმანი. შესაბამისად, კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ადგილი აქვს კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის“ დარღვევას.
შპს „ალტ-ინფოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 15 დეკემბერს, რის შესახებ კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-22-03/2922,12/12/2022) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2022 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი ს.ხურციძე, რომელმაც განაცხადა, რომ აღიარებენ დარღვევის ფაქტს და განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წამყვანმა ინტერვიუს გაშვებამდე მაყურებელს შინაარსი გააცნო, დარღვევას ადგილი მაინც ქონდა, აღნიშნული იყო პერსონალის შეცდომა/ ტექნიკური ხარვეზი. მან დასძინა, რომ შეცდომა გამოსწორებულია და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1.კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (N22-10-2103,30/11/2022) სამსახურებრივი ბარათი თანდართული შემოწმების დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერით;
2.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს„ალტ ინფოს“ შესახებ მონაცემები;
3. შპს „ალტ ინფოს“ წარმომადგენლის ს,ხურციძეს მიერ კომისიის 2022 წლის 15 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა- განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1.შპს „ალტ ინფო“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე-ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა-კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი - 26/11/2020). შესაბამისად, შპს „ალტ ინფო“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;
2.კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „ალტ ინფოს“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 2022 წლის 14 ნოემბერს, 16:16 საათზე გასულ გადაცემაში -„დღის კომენტარი“ გავიდა ინტერვიუ არასახელმწიფო (რუსულ) ენაზე, სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების გარეშე. ინტერვიუს ჯამურმა ხანგრძლივობამ შეადგინა 1 წუთი და 33 წამი. ამასთან, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ინტერვიუს არ ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრები და არ იყო უზრუნველყოფილი მიმდევრობითი თარგმანი;
3.შპს„ალტ ინფოს“ ბოლო ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე ანალოგიური/მსგავსი სამართალდარღვევისთვის.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1.მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
2.,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე;
3.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა სამაუწყებლო ბადეში პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა;
4.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამას სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე), გადაცემული პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
5.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებისვალდებულება არ არსებობს, თუ თავად პროგრამაში არის უზრუნველყოფილი მიმდევრობითი თარგმანი საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ალტ ინფოს“ სამაუწყებლო ეთერში არასახელმწიფო ენაზე განთავსებული გადაცემები არ განეკუთვნებიან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლისებს (უცხოური ენის შემსწავლელი გადაცემა, მუსიკალური ნაწარმოები, ხმოვანი ბილიკის მეშვეობით არასახელმწიფო ენაზე გადაცემული პროგრამა, გადაცემაში უზრუნველყოფილი მიმდევრობითი თარგმანის თანხლებით გადაცემული გადაცემა). შესაბამისად, სამაუწყებლო ბადეში სამაუწყებლო პროგრამის არასახელმწიფო ენაზე, სახელმწიფო ენის სუბტიტრების გარეშე განთავსებით, შპს „ალტ ინფოს“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის პირველი პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტები. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „ალტ ინფოს“ ბოლო ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე ანალოგიური/მსგავსი სამართალდარღვევისთვის, მაუწყებელს უნდა დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71- ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს„ალტ ინფოს“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო;
2.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს„ალტ ინფოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3.დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა (თ.გოშუა);
4.გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ალტ ინფოსთვის“ ჩაბარების დღიდან;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ალტ ინფოსთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
