წვდომის მენიუ

შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 86

გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2022 15:33

მიღების თარიღი თებერვალი 24, 2022

შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის N გ-21-18/568 გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“  (ს/კ: 202239737) მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/293 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ დაევალა შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N22-10-282; 17.02.2022) ირკვევა, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ სამართალდარღვევის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის Nგ-21-18/568   გადაწყვეტილება კომისიის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართიდან   - post@comcom.ge კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართებზე(tamar.kalandade@gtr.ge; contact@grt.ge ) გაეგზავნა და ჩაბარდა 2021 წლის 22 ოქტომბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის Nგ-21-18/568 გადაწყვეტილების შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით და კომისიის სხდომა დაინიშნა 2022 წლის 24 თებერვალს, რის თაობაზეც კომისიის შეტყობინებით (N გ-22-03/386; 18.02.2022) ეცნობა შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“.

კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის სხდომას ესწრებოდა შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენელი ე. მებონია.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები 

1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N22-10-282; 17.02.2022);

2. შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე” კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის Nგ-21-18/568 გადაწყვეტილება და მისი შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. ,,შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/293 გადაწყვეტილება;

4. შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან;

5.  შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III. ფაქტობრივი გარემოებები

1.    შპს  ,,რკინიგზის   ტელეკომი“ (ს/კ 202239737)  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;

2. შპს „რკინიგზის ტელეკომი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ წილის 100 პროცენტის მფლობელია ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“   1586140   /ვირჯინიის   კუნძულები   (ბრიტ.),   ხოლო   ,,ნოვასტარ   კომერს ლიმიტედ“-ის წილის 100 პროცენტის მფლობელია შპს ,,კავკასუს ონლაინი“;

4. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის მფლობელებია: უცხოური საწარმო International Online Networks LLC, 1502554 /ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) წილის 63,8 პროცენტის მფლობელი და ნელგადო ლიმითედი, 1565890/ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) წილის 36.2 პროცენტის მფლობელი; შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული კომპანიათა მონაცემების შესახებ სერთიფიკატებით დგინდება, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის 63,8 პროცენტის მფლობელის უცხოური საწარმო International Online Networks LLC-ის წილის 100 პროცენტის მფლობელია კომპანია ,,ნელგადო ლიმითედი“;

5.  კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ განისაზღვრა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე. ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, შპს ,,კავკასუს ონლაინს“, როგორც  საბაზრო  ძალაუფლების  მქონე  ავტორიზებულ  პირს,  დაეკისრა  ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

6. „გამოყოფილი   არხებით  საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე   კონკურენციის   კვლევისა   და   ანალიზის   შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018   წლის 6   დეკემბრის N  671/9 გადაწყვეტილებით,  შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“  განისაზღვრა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან დაშვების  საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე,  ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მიმართულებებზე. აღნიშნული   გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“, როგორც  საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დაეკისრა ინფორმაციის  გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ქსელის  შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის  ვალდებულება, დანახარჯებისა   და შემოსავლების განცალკევებულად  აღრიცხვის ვალდებულება   და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება;

7. კომისიის წერილით (N16/2567-18, 27.07.2018) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „რკინიგზის ტელეკომს“ ეცნობათ, რომ კომისიის  მიერ  კანონით განსაზღვრული  ამოცანებისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისთვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისგან მოიპოვონ წინასწარი თანხმობა, შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ. კომისიის წერილით კომპანიებს ეთხოვათ ზემოაღნიშნულის გათვალისწინება საქმიანობაში;

8. 2019 წლის 20 მარტს, კომისიის 2019 წლის 17 იანვრის N14/11 გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს ,,რინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარმა მესაკუთრემ შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ კომისიას წერილობით (Nშ19-6/1143; 20.03.2019) აცნობა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორ კომპანიაში, შპს ,,ნელგადო ლიმითედში“ განხორციელდა ფიზიკურ პირ თემური კობახიძის კუთვნილი 19.5 % წილის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას მიერ შეძენა. შესაბამისად, ,,ნელგადო ლიმითედში“ აქციების 100 % წილის მფლობელი პარტნიორი და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ერთადერთი ბენეფიციარი მესაკუთრე გახდა ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია;

9. კომისიის 2019 წლის 5 აგვისტოს Nგ-19-16/2399 წერილით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ მოეთხოვათ 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინათ ინფორმაცია კომპანიის ყველა პარტნიორის და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების შესახებ, კომპანიის ყველა ბენეფიციარის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარისა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების შესახებ;

10. 2019 წლის 23 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/3521 23.08.2019), რომლის თანახმად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის პარტნიორები არიან: ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედი“ (Novastar Commerce Ltd) შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ კაპიტალში 100% წილის მფლობელი პარტნიორი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის მიხედვით შექმნილი და მოქმედი კომპანია, სარეგისტრაციო ნომრით 1586140. ,,ნოვასტარ კომერს ლიმიტედის“ ერთადერთი დამფუძნებელი არის შპს ,,კავკასუს ონლაინი“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  რეგისტრირებული   კომპანია,   სარეგისტრაციო  ნომრით  211380833.  შპს ,,კავკასუს  ონლაინის“   კაპიტალში  36,2   %   წილის  მფლობელი პარტნიორია კომპანია ,,ნელგადო ლიმითედი“ (Nelgado Ltd) რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო   ნომრით   1565890.   კომპანია   ,,ნელგადო   ლიმითედში“ წილების მფლობელი    პარტნიორები    არიან:    ფიზიკური    პირი   ხვიჩა   მაქაცარია    - საქართველოს მოქალაქე, ,,ნელგადო ლიმითედში“ 32506 აქციის მფლობელი და კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 596511. კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“-ის 100% წილის მფლობელი პარტნიორი არის კომპანია ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 379092. კომპანია ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”-ი კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“-ში წილებს ფლობს ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის (აზერბაიჯანის მოქალაქე) სასარგელოდ ტრასტის საფუძველზე. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ კაპიტალში 63,8% წილის მფლობელი პარტნიორია კომპანია ,,ინთერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ“ (International Online Network), რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1502554, რომლის ერთადერთი აქციონერია ,,ნელგადო ლიმითედი“. შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია, დაახლოებით 51 % წილის მფლობელი (32506 აქცია) და ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი, დაახლოებით 49% წილის მფლობელი (31230 აქცია);

11. შპს „რკინიგზის ტელეკომს“, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაცია შეძენის განხორციელებამდე კომისიაში არ წარმოუდგენია და შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა არ მიუღია, რის გამოც კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/606 გადაწყვეტილებით მას მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 26-ე მუხლის დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში;

12. 2019 წლის 17 ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ ოქტომბარმდე პერიოდში, სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიმართ რამდენჯერმე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. კერძოდ, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/89 გადაწყვეტილებებით მას დაეკისრა ჯარიმები, ხოლო 2020 წლის 19 მარტის Nგ-20-18/346, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/526, 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/646 და 2020 წლის პირველი ოქტომბრის Nგ-20-18/769 გადაწყვეტილებებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

13. შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარმა მესაკუთრემ შპს „კავკასუს ონლაინმა“ 2021 წლის 22 მარტს კომისიაში წარმოადგინა წერილი (Nშ-21-6/1371), რომლითაც ირკვევა, რომ კომპანიამ შეცვალა ბენეფიციარი მესაკუთრეები, კერძოდ, კომპანიის 49% წილის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, ასევე უკანონოდ გასხვისდა შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკური პირის ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი 51% წილი, კომპანია „Weco Investments and Finance S.A“-ს სასარგებლოდ, რომლის ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე, შპს ,,კავკასუს ონლაინის“   2021 წლის 22 მარტის წერილზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, არის ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი. შპს „რკინიგზის ტელეკომს“, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის წილის გასხვისების განზრახვის შესახებ ინფორმაცია წილის გასხვისებამდე კომისიაში არ წარმოუდგენია და წილის სხვა პირის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა არ მიუღია, რის გამოც კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/293 გადაწყვეტილებით, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის  მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ დაევალა შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2021 წლის 20 აგვისტომდე;

14. კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის N გ-21-18/568 გადაწყვეტილებით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“  (ს/კ: 202239737) მიეცა  წერილობითი გაფრთხილება  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/293 გადაწყვეტილების დარღვევის  გამო.  ამავე  გადაწყვეტილებით,  შპს ,,რკინიგზის  ტელეკომს“  დაევალა  შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა, რაც შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიერ არ შესრულდა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის       მე-11 მუხლის პირველი პუნქტის    შესაბამისად,    ელექტრონული    კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და   ლიცენზიის ან/და   ნებართვის მფლობელების  მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი  ძირითადი ფუნქციაა მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების   კვლევისა      და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

3.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად,  კომისიის ერთ-ერთი  ძირითადი  ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;

4.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტის  თანახმად,  ავტორიზებული  პირი  ვალდებულია  სრულად  და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული  ამოცანებისა და  ფუნქციების  შესრულებასთან     დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის,   ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია,   მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა   და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა  რაოდენობის,  ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ33“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულება არის ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები);

6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება;

7.   „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება: ა) ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული  პირის  წილის  ან  აქ[ციების  შეძენა,  რის  შედეგადაც  შემძენი  პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;

8. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  64-ე მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, კომისია ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით, 2026 წლის 1 იანვრამდე შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება ამ კანონით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის წილის ან აქციების ან/და აქტივების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეძენა ან იმ პირთა შერწყმა, რომელთაგან ერთი მაინც არის ამ პუნქტით განსაზღვრული პირი, ხოლო მეორე არ არის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აღნიშნული ოპერაცია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაცია;

9. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ  კომისიას  უნდა  ეცნობოს შერწყმის    ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;

10.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული  (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

11. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   27-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან  შეძენის   გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ   პირს,   საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა);

12. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   43-ე   მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობის, მათ  შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით   განსაზღვრული   მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ   პირთა   მიერ   ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს კანონმდებლობის,   მათ  შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,     ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების    სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

14. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული   წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით  დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება  - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან დასტურდება, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის არ აქვს წარმოდგენილი ჩადენილი სამართალდარღვევის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითაც მის მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის Nგ-21-18/568 გადაწყვეტილება. 2021 წლის 15 ოქტომბერს იმავე სამართალდარღვევის ჩადენისთვის შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ იქნა  წერილობითი  გაფრთხილება. აღნიშნული  კი  წარმოადგენს  შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების საფუძველს.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. ამდენად, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მგავსი გადაცდომა.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ  ორგანოს რომელიმე  საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთანავე, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი.

კომისია აღნიშნავს, რომ ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნიოს ისეთი გარემოებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით (იხ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლი). 

კომისიამ, 2022 წლის 24 თებერვალს შპს ,,კავკასუს ონლაინი“, რომლის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, მე-3 პუნქტი) მიიჩნია სამართალდამრღვევად კომისიის თანხმობის გარეშე წილის გასხვისების თაობაზე სამართალდარღვევის  აღმოუფხვრელობის   გამო,  გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისიმგებლობისგან და  დაავალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა.  შპს ,,კავკასუს   ონლაინის“   მიმართ  საკითხის  განხილვისას  კომისიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მისთვის ჯარიმის დაკისრებამ შესაძლებელია კომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენოს და შეაფერხოს მისი ოპერირება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რაც თავის მხრივ შესაძლებელია ნეგატიურად აისახოს მისი კონტრაჰენტების საქმიანობაზე და მათ მომხმარებლებზე. კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ შემთხვევაშიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იგივე გარემოებები. ამდენად, შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ სამართალდამრღვევად ცნობის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და მისთვის მხოლოდ დარღვევის აღმოფხვრის დავალდებულების შემთხვევაში, დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

კომისია აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციები სფეროში საქმიანობა რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კერძოდ, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით. კომისიის, როგორც აღნიშნულ სფეროში საქმიანობაზე ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებზე და კანონის მოთხოვნების აღსრულების უზრუნველმყოფი ბერკეტი კომისიას გააჩნია უშუალოდ ავტორიზებულ პირებთან მიმართებით, რომლებიც ვალდებული არიან დაიცვან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის გადაწყვეტილებები.

კომისია   აღნიშნავს,   რომ   შპს   ,,კავკასუს   ონლაინს“   და   შპს   ,,რკინიგზის ტელეკომს“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებები  ეკისრებათ   როგორც  ავტორიზებულ პირებს.   კანონმდებლობის დარღვევისთვის თითოეული მათგანი პასუხს აგებს ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად.

შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ მიერ იდენტური სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე კომპანიის მიმართ 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/696, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-2018/89,  2020 წლის 19 მარტის Nგ-20-18/346, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/526 და 2020 წლის  20 აგვისტოს Nგ-20-18/646 გადაწყვეტილებების მიღებისას კომისიამ დაადგინა, რომ კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთის წილის 49%-ის გასხვისების უკანონო ტრანზაქციის შედეგად უკვე დადგა ზიანის მიყენების რეალური საფრთხე, როგორც თავად საქართველოში ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოსთვის, საქართველოში ინტერნეტ მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვის, მომსახურების სატარიფო პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე, საქართველოს რეგიონალური კონკურენტუნარიანობისთვის, საქართველოში რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის კონტექსტში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის ბენეფიციარ მესაკუთრეთა ცვლილების დროს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომსახურების მიწოდების სტრატეგიამ შესაძლებელია განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებმაც შეიძლება არსებითი, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს ქვეყნის სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებისთვის.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  ,,რკინიგზის  ტელეკომის“  ბენეფიციარი  მესაკუთრე  შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი და მისსავე რეგულირების სფეროში დაქვემდებარებული კომპანიაა, რომელიც არის სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე. შპს ,,კავკასუს ონლაინი“ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც პირდაპირი მაგისტრალური ინფრასტრუქტურით აკავშირებს ჯერ საქართველოს, შემდეგ რეგიონის 2 ქვეყანას და სხვა ქვეყნებს ევროპასთან და რომლის ბენეფიციარი   მესაკუთრე   შეიცვალა   კანონმდებლობის   დარღვევით.   შპს   „კავკასუს ონლაინისგან“ გლობალური ინტერნეტის შესყიდვას საქართველოში ახორციელებენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და შემდგომ საცალო ინტერნეტს აწვდიან მომხმარებლებს.

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 49% წილის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, ასევე უკანონოდ გასხვისდა კომპანიის წილის 51 პროცენტი. შპს ,,რკინიგის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის კუთვნილი წილის 100 პროცენტის მფლობელი გახდა ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი, რაც კიდევ უფრო ზრდის მის უფლებამოსილებებს შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარ მესაკუთრე შპს „კავკასუს ონლაინში“ და შესაბამისად, ამჯერად უკვე კომპანიის 100%-ის უკანონოდ შეძენა კიდევ უფრო ზრდის რისკებს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგიონული კონკურენტუნარიანობის შესუსტებისა.

შესაბამისად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ უნდა დაევალოს შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა არაუგვიანეს 2022 წლის 29 აპრილისა.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 25-ე, 26-ე  და 27-ე  მუხლების, 45-ე მუხლის, 64-ე მუხლის 21-ე პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე და 34-ე მუხლების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“ (ს/კ: 202239737)  ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის Nგ-21-18/568 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.   შპს ,,რკინიგზის ტელეკომი“  გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

3. დაევალოს შპს ,,რკინიგზის ტელეკომს“ შპს ,,რკინიგზის ტელეკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა არაუგვიანეს 2022 წლის 29 აპრილისა;

4.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.   წინამდებარე   გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   მისი   დამოწმებული   ასლის   შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:  ქ.  თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)  ამ გადაწყვეტილების შპს ,,რკინიგზის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი 

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები