შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2022 17:01
მიღების თარიღი თებერვალი 24, 2022
შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (N22-10-191, 02.02.2022; N22-10-268, 15.02.2022) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაძლო დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N22-10-191, 02.02.2022) აღნიშნულია, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირებს, ევალებათ კომისიაში ელექტრონული ანგარიშგების ფორმების შევსება/წარმოდგენა. კომისიის 2020 წლის 30 აპრილის N20-19/426 გადაწყვეტილების შესაბამისად, ცვლილება შევიდა კომისიის ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში, რომლის წარმოდგენის ვალდებულებაც აქვთ მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირებს. აღნიშნული ფორმა წარმოადგენს დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნით შექმნილ ფორმას და მასში მაუწყებლები უთითებენ დაფინანსების წყაროებს, შესაბამისი თანხების მითითებით. კომისიის მიერ დადგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები მაუწყებლების მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებით (საქმე N-ბს-532(კ-20) კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვათ მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლებისთვის კომისიის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების შევსება სავალდებულოა. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 1.7-ის ფორმის შევსება/წარმოდგენაზე მაუწყებლების მხრიდან უამრავი პრობლემა და დაბრკოლება იქნა წამოჭრილი. გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, მაუწყებლებს ასევე გაეგზავნათ წერილი (2021 წლის ივნისის N გ-21-05/1833; N გ-21-05/1770) და შეტყობინება სისტემიდან. მაუწყებლებთან შეთანხმებით შეჯერდა ამ მონაცემების გამოქვეყნების ფორმატიც. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარდა დამატებითი სამუშაო შეხვედრები მაუწყებლების ნაწილთან, სადაც განხილულ იქნა მათ მიერ დასახელებული შემაფერხებელი გარემოებები. მიუხედავად კომისიის დიდი ძალისხმევისა, დღეის მდგომარეობით მაუწყებლების დიდ ნაწილს არაჯეროვნად აქვს წარმოდგენილი 1.7 ფორმით განსაზღვრული ინფორმაცია, ხოლო ნაწილს საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი, რაც აფერხებს კომისიის ეფექტურ საქმიანობას და კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას. შესაბამისად, კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი ითხოვს რეაგირების განხორციელებას. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (N22-10-268,15.02.02.2022) დაზუსტდა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც 2022 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდათ წარმოდგენილი ან/და არასრულად ჰქონდათ შევსებული 1.7 ფორმა.
შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 24 თებერვალს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2022 წლის 24 თებერვალს კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის დირექტორი ვ. მეძმარიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიის ბუღალტერი კოვიდით არის ავად და ითხოვა 10 დღე სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმის კომისიაში წარმოსადგენად.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (N22-10-191, 02.02.2022; N22-10-191, 02.02.2022) თანდართული დოკუმენტაციით.
2. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის დირექტორის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის შესახებ.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“ წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს (ავტორიზაციის თარიღი: 06.10.2014; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა).
2. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით მაუწყებლებს დაევალათ ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
3. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“ -ს გადაწყვეტილების მიღების დროს კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2021 წლის მე-3 და მე-4 კვარტლების ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმა.
3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“ -ის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველო კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია, ხოლო მე-3 პუნქტის „ვ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება. სამართლებრივი აქტების მიღება.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის 42 პუნქტის შესაბამისად, კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა.
6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათადა ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ- ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები. კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია
კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ. ამასთან, მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით მაუწყებლებს დაევალათ ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის მე-3 და მე-4 კვარტლების ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმის კომისიაში წარმოუდგენლობით, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება, რაც კომპანიის სანქცირების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ შპს,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, უნდა განესაზღვროს 15 კალენდარული დღე 2021 წლის მე-3 და მე-4 კვარტლების ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმის კომისიაში წარმოსადგენად.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 42 პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“ -ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.
2. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-მა უზრუნველყოს 2021 წლის მე-3 და მე-4 კვარტლების ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების 1.7 ფორმის კომისიაში წარმოდგენა წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღეში.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“ -ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ისთვის ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
