“საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2023 16:31
მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2022
“საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) 2022 წლის 24 ნოემბრის გ-22-23/505 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 29 დეკემბერი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა: ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა.
საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის, კერძოდ, ადგილობრივი ურთიერთჩართვის ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფის დადგენის ძირითადი საფუძველი იყო საქართველოში ავტორიზებული პირების უცხოეთის ქვეყნების კომპანიებთან ანგარიშსწორებისას წარმოშობილი უარყოფითი სავალუტო ბალანსის მაქსიმალური შემცირება, ის უზრუნველყოფს უცხოური კომპანიებისგან ავტორიზებული პირების მიერ მიღებულ მაღალ სავალუტო შემოსავლებს, მიუხედავად იმისა, რომ, ბოლო წლების განმავლობაში კვლავ გრძელდება შემომავალი საერთაშორისო ზარების ტრაფიკის შემცირების ტენდენცია, რაც გამოწვეულია ხმოვანი საერთაშორისო ტრაფიკის მომსახურების ტრადიციული ტექნოლოგიების ჩანაცვლებით ისეთი ალტერნატიული მომსახურებებით, როგორიცაა „Messenger”, „Viber“, „WhatsApp“ და ა.შ., აღნიშნული ტენდენცია გლობალურ საქართველო არ ხასიათდება, შესაბამისად მცირდება როგორც საქართველოში შემომავალი ასევე საქართველოდან გამავალი საერთაშორისო ზარის ტრაფიკის მოცულობა, თუმცა აღნიშნული რეგულაციის შედეგად ავტორიზებული პირების შემოსავლები ტრაფიკთან შესაბამისობაში გაიზარდა, რამაც თავის მხრივ უცხოურ კომპანიებთან ანგარიშსწორების დისბალანსი შეამცირა.

ამასთანავე, საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ თანახმად, 2015 წლის იანვრის თვიდან იბეგრება აქციზის გადასახადით ზარის ხანგრძლივობის მიხედვით, კერძოდ მობილურ ქსელში ზარის დასრულება წუთზე 15 თეთრი, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 8 თეთრი, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო ზარების მომსახურებაზე სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის გადასახადის შენატანებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ზარების დასრულების საბითუმო ბაზარზე დაწესებული ტარიფები გავლენას არ ახდენს ადგილობრივი მომხმარებლებისთვის დაწესებულ საერთაშორისო საცალო სატელეფონო მომსახურების ტარიფებზე, ის გავლენას ახდენს მხოლოდ ზარის წამომწყები ქვეყნის საცალო ტარიფებზე. საქართველოში მოძრავი ან/და ფიქსირებული ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ აბონენტისთვის შეთავაზებული საერთაშორისო ზარის საცალო ტარიფები დამოკიდებულია საქართველოდან გამავალი საერთაშორისო ზარის დასრულების ქვეყანაში მოქმედ საბითუმო ტარიფებზე.
კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული რეკომენდაციის თანახმად, საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ დაინერგა საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგისა და ტესტირების სისტემა. ამავე გადაწყვეტილებაში მიცემული რეკომენდაციის თანახმად, ავტორიზებულ პირებს პირდაპირი ურთიერთჩართვები ორგანიზებული აქვთ ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: "TeliaSonera", "Vimpel - Communications", "iBasis", "TATA Communication", "MTT", "Deutsche Telekom", "Rostelecom", "Ventatel", "SmartNet Global Corp", "Telecom Armenia CJSC", "Eser Telekom", "Verizon Communications", "MTS Armenia CJSC", "Orange", "OTEGLOBE", "Azintelecom", "Ukrtelecom", "UCOM LLC" და სხვა. ამასთან ერთად, ავტორიზებული პირების მიერ საანგარიშო პერიოდში კომისიაში წარმოდგენილი საერთაშორისო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია („CDR“) მოიცავს ყველა იმ მონაცემებს, რაც კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით აქვთ კომპანიებს დაკისრებული.
მნიშვნელოვანია, რომ საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა გააგრძელონ დანერგილი ტესტირების სისტემის ეფექტური გამოყენებით საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგი, ასევე უზრუნველყონ ტესტირებით მიღებული მონაცემების კომისიისათვის შეტყობინება, მონაცემების გაცვლა, აღმოჩენილი ნომრების ერთიანი ბაზის შექმნა და ტესტირების შედეგებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების პერიოდულად მოწყობა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ზარების საქართველოში ტერმინაციის დროებითი რეგულაციის შემოღების შემდეგ აღმოფხვრილ იქნა ის წინაპირობები, რაც საფუძვლად დაედო აღნიშნულ რეგულაციას, თუმცა ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით დადგენილი საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის შენარჩუნების წინაპირობები მაინც არსებობს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, კომისიის N240/91 და N428/92 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების ქსელში საქართველოში მოქმედი ავტორიზებული პირების მიერ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე იმოქმედებს კომისიის მიერ მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირება, შესაბამისად, აღნიშნულ ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირები შესაძლოა კვლავ დადგნენ იმ მოცემულობის წინაშე, რომ საქართველოში ზარის დასრულების ტარიფები იქნება მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე ეს არის იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოდან გამავალი ტრაფიკის დიდი ნაწილი მიემართება.
ასევე აღსანიშნავია, რომ კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით დადგენილი რეგულაცია უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი ყველა ავტორიზებული პირისთვის თანაბარ კონკურენტულ პირობებს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტული საბაზრო პირობების არსებობას, შესაბამისად, კომისიის მხრიდან მისი გაუქმების შემთხვევაში უზრუნველყოფილ უნდა იქნას მითითებული პრინციპების დაცვა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილების მოქმედების ვადის გაგრძელებას იმ გონივრული პერიოდით, რომლის განმავლობაში კომისია შეძლებს მოახდინოს მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის გადახედვა იმ კონტექსტში, რომ მოხდეს ზარის დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განსაზღვრა ზარის წამოწყების წერტილთან მიმართებაში. აღნიშნული თავის მხრივ შესაძლებელს გახდის საერთაშორისო ზარის დასრულების ბაზარი გამოვყოთ ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრისგან. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა უნდა გაგრძელდეს 1 წლით, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით დადგენილი საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის პირობების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1 კომისიის 21.05.2010 თარიღის გადაწყვეტილება „მოძრავი და საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“
2 კომისიის 17.09.2010 თარიღის გადაწყვეტილება „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას ცვლილებები და გადაწყვეტილების მე-2 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. დაევალოთ შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,ვიონი საქართველოს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოადგინონ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა მოიცავდეს მხოლოდ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მიწოდების არსებით პირობებს, მათ შორის:
ა) საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები, განზომილების შესაბამის ერთეულებში - ა.შ.შ. დოლარი/წუთი;
ბ) ანგარიშსწორების პირობები“.
„8. გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;“
2. დაევალოთ შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,ვიონი საქართველოს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, დანერგილი ტესტირების სისტემის ეფექტური გამოყენებით საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგი. უზრუნველყონ ტესტირებით მიღებული მონაცემების კომისიისათვის ყოველდღიურად შეტყობინება, მათ შორის, განხორციელებული სატესტო ზარების რაოდენობის შესახებ, მონაცემების გაცვლა, აღმოჩენილი ნომრების ერთიანი ბაზის შექმნა, ტესტირების შედეგებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების პერიოდულად მოწყობა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
