“მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2023 12:14
მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2022
“მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდეგში „კომისია“) მიერ 2022 წლის 24 ნოემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N გ-22-23/504 „მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“.
აღნიშნული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვრა 3 (სამი) თვე, საკითხის ზეპირი მოსმენის თარიღად კი 2022 წლის 29 დეკემბერი.
2019 წლის 31 დეკემბერს კომისიის მიერ მიღებულ იქნა Nგ-20-9/156 გადაწყვეტილება “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”. აღნიშნული გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განისაზღვრა 3 (სამი) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი: შპს „მაგთიკომი”, სს „სილქნეტი“ და შპს „ვიონი საქართველო”.
კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: შპს „მაგთიკომი”, სს „სილქნეტი“, შპს „ვიონი საქართველო” - ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) ქსელთან დაშვების უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით:
1. ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება
2. ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება
3. დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება
4. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება
აღნიშნული გადაწყვეტილებისა და მასში კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის N გ-20-19/775 გადაწყვეტილებით შესული ცვლილებების შედეგად კომისიის გ-20-9/156 გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა) უნდა გამოექვეყნებინათ არაუგვიანეს 2020 წლის 27 ნოემბრისა.
მოგვიანებით, 2021 წელს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე უფრო ეფექტური გახდა კომისიის ფუნქციები „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების ნაწილში და ამასთან, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საკუთარ ქსელზე დაშვების მზადყოფნის თაობაზე გაკეთდა განცხადებები, ხოლო დაშვების მსურველი ოპერატორების მხრიდანაც დაკონკრეტდა ინტერესი და გადაიდგა ნაბიჯები მობილურ ქსელზე დაშვების უზრუნველსაყოფად, კომუნიკაციების კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია დაკვირვებოდა პროცესებს და მხარეებს მისცემოდათ შესაძლებლობა ორმხრივად საინტერესო, კომერციულ საწყისებზე ეწარმოებინათ მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ქსელის მფლობელი ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე დაშვების მიზნით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით 2021 წლის 18 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიამ მიიღო N გ-21-19/622 გადაწყვეტილება, რომლითაც კიდევ ერთხელ შევიდა ცვლილება “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა.
ამასთან, კომისიის 2021 წლის 18 ნოემბრის N გ-21-19/622 გადაწყვეტილებით, ვირტუალური ოპერატორის დაშვების შესახებ კომისიის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, ხოლო დამატებითი დრო განისაზღვრა იმისთვის, რომ დაშვების მსურველ ოპერატორებს დაეფიქსირებინათ მიმართვები ქსელის ოპერატორ კომპანიებთან, ეწარმოებინათ მოლაპარაკებები კომერციულ პირობებზე და მსურველ ავტორიზებულ პირებს მისცემოდათ პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. კომისიამ ასევე მიუთითა, რომ დააკვირდებოდა და შეაფასებდა პროცესების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას, რის შემდეგ, მზაობას გამოთქვამდა განეხილა MVNO დაშვების სავალდებულო რეჟიმის, 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილების საჭიროების ხელახალი შეფასება.
2022 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ბაზრის მოთამაშეების საბაზრო წილების გადანაწილება დინამიკაში არსებითად არ შეცვლილა.
2022 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, ყველაზე მეტი აბონენტი ჰყავდა შპს„მაგთიკომს“ - 2,51 მლნ აბონენტი, სს „სილქნეტს“ („ჯეოსელი“) - 1.98 მლნ. აბონენტი, ხოლო შპს „ვიონი საქართველოს“ - 1.45 მლნ. აბონენტი.

სხვა კომპანიების აბონენტების რაოდენობა მთლიანი სააბონენტო ბაზის 0.01%-ზე ნაკლებს შეადგენს, რაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში 2022 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით ჯამში 200-ს არ აღემატება.
2022 წლის 9 თვის მონაცემებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საცალო შემოსავლების მიხედვით ბაზრის ყველაზე დიდი წილი შპს „მაგთიკომს“ (49.1%) ჰქონდა, სს „სილქნეტი“ (შპს „ჯეოსელი“) - 34.5%, ხოლო შპს „ვიონი საქართველოს“ ბაზრის 16.4%-იანი წილი უჭირავს.

სხვა კომპანიების საბაზრო წილი 2019 წელს 0.02%-ს შეადგენდა, ხოლო 2020-2022 წლებში ის 0.001%-ზე ნაკლებია.

საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე (ARPU) 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 21%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 34%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით მობილურ მომსახურებებიდან ერთი აბონენტის მიერ დაგენერირებული შემოსავალი 11.6 ლარს შეადგენს.

ცნობილია, რომ კომისიის 2021 წლის 18 ნოემბრის N გ-21-19/622 გადაწყვეტილების შემდეგ, 2021 წლის ბოლოს 3 დეკემბერს სს „სილქნეტსა“ და შპს „ეკლექტიკს“ შორის გაფორმდა მობილურ ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურების ხელშეკრულება, ხოლო 2022 წლის 1 აგვისტოდან შპს „ეკლექტიკმა“ დაიწყო პრაქტიკურლი საქმიანობა ბრენდული სახელწოდებით „Hallo” და ახორციელებს ბოლო მომხმარებლებისთვის მობილური მომსახურების მიწოდებას და კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონული ფორმების მიხედვით კომპანიის აბონენტების რაოდენობა 2022 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით შეადგენს 85-ს.
რაც შეეხება დაშვების მსურველი სხვა კომპანიების მიერ ქსელის მფლობელ ოპერატორებთან ურთიერთხელსაყრელი პირობით მოლაპარაკებების წარმართვას - კომისიისთვის ცნობილია რომ კომპანიები, რომლებიც 2020 წლიდან ღიად გამოხატავენ ინტერესს მოიპოვონ დაშვება საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების ქსელზე და შეძლონ საქართველოში მომხმარებელს მიაწოდონ მობილური მომსახურებები როგორც მობილურმა ვირტუალურმა ოპერატორებმა, კომისიის ხელთ არსებული ინფორმაციით ამ მომენტამდე დაშვების მოპოვება ვერ ხერხდება.
შესაბამისად, სახეზეა მოცემულობა რომლის მიხედვითაც კომისიის 2021 წლის 18 ნოემბრის N გ-21-19/622 გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები არსებითად არ შეცვლილა.
აღნიშნულთან შესაბამისობაშია, ასევე, ის ახალი მოცემულობა, რომ კომუნიკაციების კომისია მუშაობს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის სრულფასოვანი კვლევისა და ანალიზის (შემდეგში „ჰოლისტიკური კვლევა“) პროექტზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ფიქსირებული ფართოზოლოვანი და მობილური მომსახურებების საცალო და საბითუმო სეგმენტებზე კომპლექსური ანალიზის ჩატარება ევროკომისიის მიერ დადგენილი ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად.
პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება, კერძოდ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების (Facility for the Implementation of the EU-Georgia Association Agreement, შემდგომში „AA Facility“) ფარგლებში. კვლევას განახორციელებენ AA Facility პროექტის მიერ შერჩეული ევროკავშირის ექსპერტები, ევროკომისიასა და ევროპულ მარეგულირებელ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. ექსპერტები კომუნიკაციების კომისიის გუნდთან ერთად უზრუნველყოფენ პროექტის ეკონომიკური, სამართლებრივი და ტექნიკური მიმართულებების განხორციელებას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კვლევის ჩარჩო და საბოლოო შედეგი შეთანხმებული იქნება ევროკომისიის ექსპერტებთან, რისთვისაც კომუნიკაციების კომისიამ უკვე მოიპოვა ევროკავშირის დახმარება ინსტიტუციონალური განვითარების, ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში.
კვლევის ფარგლებში შეფასდება ტელეკომ ბაზარზე არსებული კონკურენცია და შედეგებიდან გამომდინარე, საჭიროებისამებრ კანონმდებლობის შესაბამისად დადგინდება შესაბამისი რეგულირებადი ბაზრები, განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და დაეკისრებათ სპეციფიური ვალდებულებები. კვლევის მიზანია, ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერების გამოვლენა და კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების დადგენა. აღნიშნული, ერთი მხრივ, მრავალფეროვან სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ, მცირე ზომის კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ საქმიანობა და შექმნან ალტერნატიული საკომუნიკაციო შეთავაზებები. ქსელის მფლობელი ოპერატორები კი მეტად აითვისებენ საკუთარი ქსელის შესაძლებლობებს, რითაც დამატებით შემოსავალს მიიღებენ.
კვლევის კომპლექსურობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
მეორე ეტაპზე დადგინდება ფიქსირებული და მობილური მომსახურებების შესაბამის ბაზრებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება ის სპეციფიკური ვალდებულებები, რაც მიიჩნევა თანაზომიერ მექანიზმად ბაზარზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად.
აქვე კომისია კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ხედვას, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნა, როგორც მობილურ ქსელზე ვირტუალური ოპერატორების, ასევე ფიქსირებული მომსახურებების ბაზარზე საბითუმო (ე. წ. „ბითსტრიმ“) დაშვების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, როგორც საცალო მომსახურებების ბაზარზე კონკურენტული გარემოს და ხელმისაწვდომი მომსახურებების შექმნისთვის, ასევე ინოვაციური სერვისებისა და ნიშური სეგმენტების ათვისებისთვის. ასეთი დაშვება თავის მხრივ შესაძლებლობას მისცემს ამ დარგში მოქმედ მცირე და საშუალო კომპანიებს განვითარდნენ ალტერნატიული მომსახურების ოპერატორებად და გაზარდონ სატელეკომუნიკაციო მომსახურებების სეგმენტის პოტენციალი, ხოლო ქვეყანაში მომხმარებლისთვის შეიქმნას მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი შეთავაზებები სატელეკომუნიკაციო სერვისებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ გამოყენებულ იქნას ჰოლისტიკური კვლევის ჩარჩო და ბაზარზე არსებული/შეცვლილი მდგომარეობის გათვალისწინებით კომისიის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილების გადახედვის საჭიროება განისაზღვროს ამ კვლევის ფარგლებში.
კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) აღნიშნული წესის შესაბამისად საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე - 24-ე მუხლებით და ამავე კანონის V თავით გათვალისწინებულ კონკურენციის წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული ბაზრის ანალიზის პროცედურების განხორციელებისას. ამდენად, “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გამართული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომისიამ უნდა გამართოს საჯარო კონსულტაციები, რაც გულისხმობს, რომ კომისიის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა წერილობითი კომენტარების, მოსაზრებების, შენიშვნების, განცხადებების ან/და წინადადებების (შემდგომში - კომენტარების) წარდგენის შესაძლებლობა. დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი კომენტარები კომისიის პასუხებთან ერთად საჯაროდ გამოქვეყნდება ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით.
საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების
წარდგენის ვადად განისაზღვრა 2022 წლის 25 დეკემბერი, ხოლო ზეპირი მოსმენა ჩაინიშნა 2022 წლის 29 დეკემბერს 15:00 საათზე.
საჯარო კონსულტაციების ფარგლებში წარმოდგენილი კომენტარები და კომისიის პასუხები:
2022 წლის 22 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ წერილი, N ED-22/12/22-001 კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4675, 22.12.2022), რომლითაც წარმოადგინა მოსაზრება კომისიის მიერ 2022 წლის 24 ნოემბრის N გ-22-23/504 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნებულ გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით. კომპანია არ ეთანხმება ოფერტის გამოქვეყნების თარიღის ერთი წლით გადავადებას და აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყევტილება არის უკანონო და ის უნდა გაუქმდეს. კომპანიის წერილს თან ერთვის შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიის აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მომზადებული აუდიტორული კომპანიების დასკვნები, კომისიისთვის გამოგზავნილი წერილები და საჯარო განცხადებების ბმულები.
2022 წლის 22 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა სს „სილქნეტის“ წერილიც N11792/01-8 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4675, 22.12.2022). კომპანია მიიჩნევს, რომ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყევტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ ბაზრის ანალიზის პრინციპებთან, ევროკავშირში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან. კომპანიას თავისი პოზიციების გასამყარებლად მითითება აქვს გაკეთებული კომისიაში სხვადასხვა დროს წარმოდგენილ საერთაშორისო კომპანიების დასკვნებზე.
სს „სილქნეტი“ დამატებით აღნიშნავს, რომ 2022 წლის აგვისტოდან მობილურმა ვირტუალურმა ოპერატორმა - შპს „ეკლექტიკმა“ დაიწყო პრაქტიკული საქმიანობა და 4 თვეზე მეტია, რაც უზრუნველყოფს ბოლო მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდებას. კომპანია მიუთითებს, რომ კომისიამ არაერთხელ გასცა ადმინისტრაციული დაპირება, რომ ძალადაკარგულად გამოაცხადებდა 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყევტილებას, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოპერატორი უზრუნველყოფდა MVNO ოპერატორის ქსელზე დაშვებას, მიიჩნევენ, რომ ეს პირობა შესრულდა და შესაბამისად, კომისიამ ძალადაკარგულად უნდა სცნოს აღნიშნული გადაწყვეტილება.
საჯარო კონსულტაციების მიმდინარეობის პროცესში, კომუნიკაციების კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მიეღო ინფორმაცია MVNO დაშვების მსურველი კომპანიების მხრიდან ქსელის ოპერატორებთან მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და სტატუსის შესახებ. ამ მიზნით 2022 წლის 20 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა კომისიის წარმომადგენლებსა და ააიპ „ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს შორის. მოგვიანებით, 2022 წლის 27 დეკემბერს ასოციაციის წარმომადგენლებმა მათ მიერ შეხვედრაზე გაჟღერებული მოსაზრებები წარმოადგინეს წერილობითაც (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4729). ასოციაციის წევრები მიმართავენ კომისიას თხოვნით, ძალაში დარჩეს კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილება, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილების გაუქმებით მოლაპარაკებების მეტ-ნაკლებად დაძრული პროცესები გაჩერდება და კიდევ უფრო გაურკვეველი დროით გადაიდება ქართულ ბაზარზე რეალური MVNO-ს შექმნა, რაც შეზღუდავს საქართველოში სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მომხმარებლებისთვის შეთავაზებების გაუმჯობესებას მომსახურებების პირობების და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების მრავალფეროვნების კუთხით. მათი აზრით სატელეკომუნიკაციების სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოსაყალიბებლად ერთადერთი გზა მობილური ვირტუალური ოპერატორების განვითარებაა, ხოლო კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება MVNO ბაზრის განვითარებაში დროითი და ფინანსური ინვესტიციის ჩადების მამოტივირებელი და ხელისშემწყობი ბერკეტია.
2021 წლის 9 დეკემბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების შესაბამისად, საკონსულტაციო პროცესში წარმოდგენილი კომენტარები და კომისიის პასუხები საჯაროდ გამოქვეყნებულია კომისიის ვებ-გვერდზე.
როგორც უკვე აღინიშნა, ჰოლისტიკური კვლევის ფარგლებში, ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების ეტაპის დასრულება კვლევაში ჩართული ევროპელი ექსპერტებისა და კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ უნდა განისაზღვროს რეგულირებას დაქვემდებარებული საბითუმო ბაზრები, მათ შორის მობილური ქსელის საბითუმო სეგმენტზე დაშვების ბაზრის რეგულირების საჭიროება.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საჯარო კონსულტაციების ეტაპზე კომისიასა და MVNO დაშვების მსურველ კომპანიებს შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ქსელის მფლობელ ზოგიერთ ოპერატორთან მოლაპარაკებების პროცესი დაძრულია, თუმცა კომპანიის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული მოლაპარაკებების წარმატების შესაფასებლად საჭიროა რამდენიმე თვიანი ვადა. ყოველივე აღნიშნული იქნება კომისიის მხრიდან “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის 9/156 გადაწყვეტილების საჭიროების ხელახალი შეფასების წინაპირობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ Nგ-20-9/156 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სპეციფიკური ვალდებულებების ამოქმედება გადავადდეს 2023 წლის 30 ივნისამდე, რათა, ერთი მხრივ, ბაზრის მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა, კომერციულ საწყისებზე დაამყარონ ურთიერთობები და აწარმოონ მოლაპარაკებები მობილურ ქსელზე ვირტუალური ოპერატორების დაშვების მიზნით, ხოლო მეორე მხრივ, კომისიამ შესაბამისი ჰოლისტიკური კვლევის ფარგლებში შეაფასოს, რამდენად შეიცვალა ბაზარზე არსებული მდგომარეობა, 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ და განისაზღვროს არსებობს თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვის საჭიროება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ამავე კოდექსის VII და IX თავების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად,
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების 3.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.1 ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია გამოაქვეყნოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა. მოწვევის ოფერტა უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას: შეთავაზებული ტექნოლოგიების, მომსახურების ტიპების, ქსელური ელემენტების (ქვესისტემების დონეზე) ჩამონათვალს და მათთან დაშვების პირობებს, ნუმერაციის რესურსის გამოყენების პირობებს;“
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“, სს „სილქნეტისთვის“ და შპს „ვიონი საქართველოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
