შპს „სეზონი ტვ“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 22 აპრილის №გ-21-1/242 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 14, 2022 14:13
მიღების თარიღი ივნისი 09, 2022
შპს „სეზონი ტვ“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 22 აპრილის №გ-21-1/242 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სეზონი ტვ“-იმ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/2196, 02/06/2022) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5114, 22/04/2021) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, შპს „სეზონი ტვ“-ის სურს გავრცელდეს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ გორის მულტიპლექსპლატფორმის და შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსპლატფორმის საშუალებით. ხელმისაწვდომობა ორივე მულტიპლექსპლატფორმით გავრცელებისას იქნება უფასო. კომპანიის მიერ წარმოდეგნილია შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ და შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ წერილები შპს „სეზონი ტვ“-ის სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სეზონი ტვ“ კომისიის 2021 წლის 22 აპრილის №გ-21-1/242 გადაწყვეტილებით ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5114, 22/04/2021), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;
თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: ავტორიზაციის გავლიდან 40 სამუშაო დღე;
კომისის აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათი უნდა იყოს.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისია 2022 წლის 9 ივნისის სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „სეზონი ტვ“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის BR-5114, 22/04/2021) მოდიფიცირება, კერძოდ მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიას უნდა დაემატოს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ გორის მულტიპლექსი და შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსი) და მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად უნდა განისაზღვროს 12 საათი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „სეზონი ტვ“-ის (ს/კ 417897253) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5114, 22/04/2021), შევიდეს ცვლილება კომისიის 2021 წლის 22 აპრილის №გ-21-1/242 გადაწყვეტილებაში და:
ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;“
ბ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტს დაემატოს ვ.ბ) ქვეპუნქტი:
„ვ.ბ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ გორის მულტიპლექსი და შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსი);“
გ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტს დაემატოს ზ.ბ) ქვეპუნქტი:
„ზ.ბ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);“
დ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიებით ვტორიზაციის გავლიდან 40 სამუშაო დღე, ხოლო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით 2022 წლის პირველ ივლისამდე;“
2. შპს „სეზონი ტვ“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
3. დაევალოს კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სეზონი ტვ“-სთვის გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.ccom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „სეზონი ტვ“- სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „სეზონი ტვ“-სთვის ჩაბარებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი