წვდომის მენიუ

ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ სათემო მაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-22-2 / 316

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 19, 2022 15:53

მიღების თარიღი ივლისი 14, 2022

ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ სათემო მაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა ააიპ„საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/2024, 24.05.2022), მისი კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო- ივერია“ ითხოვს ქ. მესტიაში, ქ. ლენტეხში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ტყიბულში, ქ. სტეფანწმინდაში, ქ. ხულოში და ქ. ბათუმში კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსის კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირეებით შეცვლას. როგორც წერილშია აღნიშნული რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა საკუთარ ავტომობილებში ვერ ახერხებს რადიოსიგნალის მიღებას, ვინაიდან უცხოურ ავტომანქანებში რადიოსიგნალის მიღება ხდება კენტი რიცხვით დაბოლოებულ სიხშირეებზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია“ ფლობს სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1, 2016 წლის 4 ოქტომბრის №664/5, 2017 წლის 28 სექტემბრის №654/2 და 2018 წლის 31 მაისის №332/2 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ენა: ქართული, რუსული;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 4 მარტამდე;

ე) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო  ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული  მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

  

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის    დაკიდების   სიმაღლის   შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№შ-22-10/1093, 27/06/2022)თანახმად რადიომონიტორინგის შედეგებისა და თეორიული გათვლების საფუძველზე, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის და მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმარებული სამაუწყებლო სიხშირული რესურსის თავსებადობის შენარჩუნებას, ააიპ„საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირეების მნიშვნელობების გაკენტება შესაძლებელია ქვემოთ მითითებული ჩამონათვალის მიხედვით:

1. გორი - 105.4მჰც შესაძლებელია შეიცვალოს 105.3 მჰც-ით;

2. ლენტეხი - 105.4მჰც შესაძლებელია შეიცვალოს 105.5 მჰც-ით,

3. მესტია - 105.4მჰც შესაძლებელია შეიცვალოს 105.3 მჰც-ით,

4. ტყიბული - 90.4მჰც შესაძლებელია შეიცვალოს 90.3 მჰც-ით,

5. სტეფანწმინდა - 105.4მჰც შესაძლებელია შეიცვალოს 05.3 მჰც-ით;

6. ხულო - 105.4მჰც შესაძლებელია შეიცვალოს 105.3 მჰც-ით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 4 ივლისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/2514), ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიამ“ თანხმობა განაცხადა კომისიის მიერ შეთავაზებულ ექვს ქალაქში სიხშირეების შეცვლაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის   ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს  რადიო-ივერიის“  სათემო  რადიომაუწყებლობის№B182 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო- ივერიას“ სათემო მაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2022 წლის 18 აგვისტოს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ„საქართველოს საპატრიარქოს  რადიო-ივერიასთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე          თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები