შპს „სფერო ნიუსის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2022 წლის 11 აგვისტოს №გ-22-1/352 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2022 14:55
მიღების თარიღი ნოემბერი 17, 2022
შპს „სფერო ნიუსის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2022 წლის 11 აგვისტოს №გ-22-1/352 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სფერო ნიუსმა“ (ს/ნ 402210843) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-6/4080, 08/11/2022) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5120, 11/08/2022) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, შპს „სფერო ნიუსი“ ითხოვს მაუწყებლობის დაწყების თარიღის ცვლილებას და მაუწყებლობის დაწყების ვადის 6 თვით გახანგრძლივებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანიას სურს გახდეს როგორც ტექნიკის ასევე კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური კადრების მხრივ აღჭურვილი ტელევიზია, შესაბამისად კადრებისა და ტექნიკის შერჩევისთვის 3 თვიანი ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სფერო ნიუსი“ კომისიის 2022 წლის 11 აგვისტოს №გ-22-1/352 გადაწყვეტილებით ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5120, 11/08/2022), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;
ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;
თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - ავტორიზაციის მიღებიდან 3 თვე;
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიის 2022 წლის 17 ნოემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „სფერო ნიუსის“ წარმომადგენელი. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „სფერო ნიუსის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5120, 11/08/2022) მოდიფიცირება და მაუწყებლობის დაწყების ვადის ცვლილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „სფერო ნიუსის“ (ს/ნ 402210843) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5120, 11/08/2022), შევიდეს ცვლილება კომისიის 2022 წლის 11 აგვისტოს №გ-22-1/352 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2023 წლის 11 მაისამდე“.
2. შპს „სფერო ნიუსი“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სფერო ნიუსისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „სფერო ნიუსისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი