სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2022 16:04
მიღების თარიღი მარტი 10, 2022
სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში “კომისია”) 2022 წლის 9 მარტს წარმოდგენილი N6756/05-8 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის შ-22-6/1046) სს ,,სილქნეტმა“ მოითხოვა 2022 წლის 1 მარტს მის მიერ წარმოდგენილი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის შეთავაზებული კომბინირებული შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ნაწილის (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 2022 წლის 2 მარტი, კომისიაში რეგისტრაციის N შ-22-6/943) კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. სს ,,სილქნეტის“ წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ, კომბინირებული შეთავაზებების, სატარიფო გეგმებისა და პაკეტების მიხედვით სს „სილქნეტის“ აბონენტების რაოდენობისა და მიღებულ შემოსავლების შესახებ მონაცემების საჯაროდ დატოვება და გამჟღავნება მესამე პირებისთვის ზიანს მიაყენებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას - კონკურენტი კომპანიებისთვის ცნობილი გახდება კონკრეტული სატარიფო გეგმებისა და პაკეტების მიხედვით „სილქნეტის“ აბონენტების რაოდენობა და მიღებული შემოსავლები.
სს „სილქნეტი“ წერილში ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიის ბიზნეს ინტერესების, გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება და მესამე პირებზე გადაცემა. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია ითხოვს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომერციულ საიდუმლოებად იქნას ნაცნობი სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან კომბინირებული შეთავაზებების, სატარიფო გეგმებისა და პაკეტების მიხედვით სს „სილქნეტის“ აბონენტების რაოდენობისა და მიღებულ შემოსავლების შესახებ მონაცემები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კომერციული საიდუმლოება განიმარტება, როგორც ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს.
გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
კომისიამ შეისწავლა სს „სილქნეტის“ მიერ 2022 წლის 2 მარტს კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის შეთავაზებული კომბინირებული შეთავაზებების შესახებ (კომისიაში რეგისტრაციის N შ-22-6/943) და მიიჩნევს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, კერძოდ კომბინირებული შეთავაზებების, სატარიფო გეგმების და პაკეტების მიხედვით სს „სილქნეტის“ აბონენტების რაოდენობისა და მიღებულ შემოსავლების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ დატოვებამ და მესამე პირებისთვის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. წარმოგენილი ინფორმაციის ჯამური მონაცემები (გარდა აღნიშნული ჭრილებისა) არ წარმოადგენს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას - კომპანია მას რეგულარულად ავსებს კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში და არის ღია. ასევე აღსანიაშნავია, რომ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება სხვა კომპანიების მონაცემებთან ერთად, აგრეგირებული სახით, არ შეიძლება ჩაითვალოს კომპანიისთვის კონკურენტუნარიანობისთვის საფრთხის შემცველ ქმედებად, ვინაიდან აგრეგირების შემთხვევაში კონკრეტული კომპანიის შესახებ მონაცემები მესამე მხარისთვის არ არის იდენტიფიცირებადი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს სს ,,სილქნეტის“ მიერ 2022 წლის 9 მარტს კომისიაში N6756/05-8 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის შ-22-6/1046) წარმოდგენილი მოთხოვნა მის მიერ 2022 წლის 1 მარტს (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 2022 წლის 2 მარტი,) N შ-22-6/943 წერილით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ, კერძოდ, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის შეთავაზებული კომბინირებული შეთავაზებების, სატარიფო გეგმებისა და პაკეტების მიხედვით აბონენტების რაოდენობისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად.
2. სს ,,სილქნეტის“ მიერ 2022 წლის 1 მარტს (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 2022 წლის 2 მარტი) N შ-22-6/943 წერილით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, გარდა ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ჭრილისა, დარჩეს ღიად.
3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მისი გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge)გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
ეკატერინე იმედაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
