წვდომის მენიუ

შპს „იუაის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-22-20 / 14

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2022 13:00

მიღების თარიღი იანვარი 20, 2022

შპს „იუაის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) 2021 წლის 31 დეკემბერს შემოვიდა   შპს  „იუაის“   განცხადება       (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-21-6/5678,  31.12.2021) თანდართული დოკუმენტაციით (სახელფასო და საკომპენსაციო კვლევის ანგარიში და შედარების ინსტრუმენტი). განცხადებაში შპს „იუაი“ უთითებს, რომ სსიპ „საქართვლოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა“ და შპს „იუაის“ შორის 2021 წლის 7 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, კლიენტმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით შესრულებული 2021 წლის ზოგადი ინდუსტრიის სახელფასო და საკომპენსაციო კვლევის ანგარიში ცნოს კომერციულ საიდუმლოებად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ მიმწოდებელი კვლევის წარმოდგენისას მოითხოვს მის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას. შპს „იუაი“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 2020-2021 წლის ზოგადი ინდუსტრიის სახელფასო და საკომპენსაციო კვლევის ანგარიში არის კომპანიის კომერციული პროდუქტი, რომელიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და დაინტერესებულმა პირებმა გარკვეული პირობების შესაბამისად უნდა შეიძინონ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ითხოვს წარმოდგენილი ინფორმაცია - სახელფასო და საკომპენსაციო კვლევის ანგარიში და შედარების ინსტრუმენტი, გარდა ამ ანგარიშში ხელმისაწვდომი პოზიციების სიისა, კომისიამ სცნოს კომერციულ საიდუმლოებად 5 წლის ვადით და არ გახადოთ იგი ხელმისაწვდომი მესამე პირებისათვის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კომერციული საიდუმლოება განიმარტება, როგორც ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება  უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იუაის“ მიერ (Nშ-21-6/5678, 31.12.2021) განცხადებით და მისი დანართით წარმოდგენილი ინფორმაცია შეეხება შპს „იუაის“ 2020-2021 წლის ზოგადი ინდუსტრიის სახელფასო და საკომპენსაციო კვლევას, რომელთან ერთადაც წარმოდგენილია შედარების ინსტრუმენტი, შესაბამისად,   ანგარიში არის კომპანიის კომერციული პროდუქტი, რომელიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და დაინტერესებულმა პირებმა გარკვეული პირობების შესაბამისად უნდა შეიძინონ. შესაბამისად, სახელფასო და საკომპენსაციო კვლევის ანგარიში და შედარების ინსტრუმენტი არის კომერციული ფასეულობის შემცველი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შპს „იუაის“ შეიძლება შეუქმნას საფრთხე სამომხმარებლო ბაზარზე, შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამასთან, მოცემულ ანგარიშში ხელმისაწვდომი პოზიციების სია არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.

შესაბამისად, 5 წლის ვადით, კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნეს ცნობილი შპს „იუაის“ მიერ 2021 წლის 31 დეკემბრის  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-21-6/5678) განცხადებითა და მისი დანართით წარმოდგენილი სახელფასო და საკომპენსაციო კვლევის ანგარიში და შედარების ინსტრუმენტი, გარდა ამ ანგარიშში ხელმისაწვდომი პოზიციების სიისა.

ყოველივე  ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  272   მუხლის,  31-ე  მუხლის,  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული    კომისიის 2003 წლის 27  ივნისის  №1   დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაკმაყოფილდეს შპს „იუაის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად შპს „იუაის“ მიერ 2021 წლის 31 დეკემბრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/5678, 31.12.2021) წარმოდგენილი ინფორმაცია სახელფასო და საკომპენსაციო კვლევის ანგარიში და შედარების ინსტრუმენტი, გარდა ამ ანგარიშში ხელმისაწვდომი პოზიციების სიისა;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია  შპს „იუაის“ კომერციულ   საიდუმლოებად   ჩაითვალოს 5 წლის ვადით;

3. დაევალოს    კომისიის    აპარატის    ადმინისტრაციას    (ო.ვოტ),    აღნიშნული    გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „იუაისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

6.  გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს  ქ.   თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების    კომისიის   ოფიციალურ   ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ნათია კუკულაძე  წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები